განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.04.2019
საქმის ნომერი
330310018002500230
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/97-19 02 აპრილი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ------------–--

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება და ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. მ------------–--მ 2018 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე მ------------–--ს სასარგებლოდ 2 845,19 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) და 875,80 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მ-------------–--სთან დადებული 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემის დავალება.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ------------–--ს სასარგებლოდ, 1998-2003 წლების ხელფასის - 1 812,72 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით ანაზღაურება და ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მ------------–--სათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40კვ.მ) საკუთრებაში გადაცემა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დანარჩენ ნაწილში მ------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის №M------------------ წერილის თანახმად, მ------------–--ს, 2017 წლის 14 დეკემბრის №------- განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №-------, გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2017 წლის 19 დეკემბრის №------- წერილები და სახმელეთო ჯარების დ-----–------------–------------------------------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №------- ცნობა. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის თხოვნა.(ს.ფ. 31).

 

2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №----------------- წერილით დგინდება, რომ მ------------–--ს მიმართ, 1998-2003 წლებში ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს (ხელფასი და კვების კომპენსაცია) 2 845,19 დოლარს (ექვივალენტი ლარში), მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 1 032,47 დოლარს (ექვივალენტი ლარში).(ს.ფ. 33-34).

 

2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–---------------------–-----------–---------------------------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- და 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობებით დგინდება, რომ მ------------–--ს მიმართ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში მიუღებელი 20 დღის დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს (წოდ. თან. წელთა ნამ. დან. დან. კვება.) 875,80 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 656,85 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 56,25 ლარს.(ს.ფ. 35, 55).

 

2.4. მოსარჩელე - მ------------–--სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

2.5. მოსარჩელე - მ------------–--მ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და დადგენილი პირობების შესაბამისად გაიარა სამხედრო სამსახური, ხოლო მას, იმავე ხელშეკრულების შესაბამისად საცხოვრებელი ბინა არ გადასცემია.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 101-ე მუხლებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6-7 მუხლებით, „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 65-ე მუხლებით, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6, 37-ე, 1341-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 316-317-ე, 361-ე მუხლებით, ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით”, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით;

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2017 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

4.3. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია, ამდენად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით,4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №----------------- წერილის მიხედვით, მ------------–--ს მიმართ, 1998-2003 წლებში ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს (ხელფასი და კვების კომპენსაცია) 2 845,19 დოლარს (ექვივალენტი ლარში), მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 1 032,47 დოლარს (ექვივალენტი ლარში), ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–---------------------–-----------–---------------------------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- და 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობების მიხედვით, მ------------–--ს მიმართ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში მიუღებელი 20 დღის დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს (წოდ. თან. წელთა ნამ. დან. დან. კვება.) 875,80 ლარს, სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 656,85 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაცია - 56,25 ლარს.

 

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - მ------------–--ს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ,თან,დან,) ანაზღაურება, რაც ჯამში შეადგენს - 1 812,72 დოლარს (ექვივალენტი ლარში). რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - 2008 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს მითითებით, 2008 წლის სახელფასო დავალიანება და 1998-2003 წლების კვების კომპენსაცია (ხელფასის თანხისგან განსხვავებით) არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის სახელფასო დავალიანების და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ------------–--ს შორის 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებასთან, კერძოდ მოსარჩელე - მ------------–--სათვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

5.1. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ანუ 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს კანონმდებლობით და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან.

 

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადაცემას კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში და 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება მას არ შეუსრულებია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის პირობებში, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა მოიაზრებს ნაკისრი ვალდებულების ორივე ნაწილის შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ პირის საკუთრების უფლება გულისხმობს არამარტო ნივთზე აბსოლუტური სანივთო უფლების წარმოშობას, არამედ პირის მიერ ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ფაქტობრივად დაუფლებას, ნივთით (ბინით) მართლზომიერად სარგებლობას. შესაბამისად მოპასუხეს, თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ყველა ელემენტის შეუსრულებლობისთვის და ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ------------–-- არ უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით, გავლენას ვერ მოახდენს საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე, რადგან კანონი არ ითვალისწინებს მოვალის მიერ ერთი ვალდებულების დარღვევის გამო იმავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.

 

5.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დავალებოდა მხარეთა შორის, 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მოსარჩელე - მ------------–--სათვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემა.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2017 წლის 01 ივნისს ძალაში შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და იმავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი. 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების (ხანდაზმულობის მათ შორის) გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად ძველი რეგულაციაც აღარ არსებობს.

 

6.2. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებით თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით მიმართა 2017 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სასარჩელო განცხადებით სასამართლოს - 2018 წლის 18 ივნისს. შესაბამისად, მოპასუხემ ორივე შემთხვევაში მოთხოვნის უფლების რეალიზება მოახდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელიც აღარ ითვალისწინებს წინა წლებში წარმოშობილი დავალიანებების ანაზღაურების წესს. ამასთან აპელანტის მითითებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან მისი უფლების რეალიზება რაიმე სახით მოახდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

 

6.3. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემა, ვინაიდან მ------------–--ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 26.06.2007 წელს გაფორმდა „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.“ აპელანტის მითითებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სამინისტრომ უნდა დააკმაყოფილოს არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, რომელიც საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა იმავე კონტრაქტის 3.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. აღნიშნული პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შეადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის დღიდან.

 

6.4. აპელანტის მითითებით, მ------------–--სთან გაფორმებული კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღია 2012 წლის 26 ივნისი. ამდენად, მ------------–--სათვის საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის უფლებამოსილება წარმოიქმნა კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, ანუ 2011 წლის 26 ივნისს, ხოლო საკუთრების უფლება უკვე გადაცემულ ფართზე მოსარჩელეს წარმოეშვებოდა 2012 წლის 26 ივნისს. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სამინისტროს მოსარჩელეზე საცხოვრებელი ფართი არ გადაუცია 2011 წლის 26 ივნისს, შესაბამისად გადაუცემელ ფართზე საკუთრების გადაცემის საფუძველი არ წარმოქმნილა.

 

7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სააპელაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

8.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის №M------------------ წერილის თანახმად, მ------------–--ს, 2017 წლის 14 დეკემბრის №------- განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №-------, გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2017 წლის 19 დეკემბრის №------- წერილები და სახმელეთო ჯარების დ-----–------------–------------------------------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №------- ცნობა. (ს.ფ. 31).

 

8.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №----------------- წერილით დგინდება, რომ მ------------–--ს მიმართ, 1998-2003 წლებში ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს (ხელფასი და კვების კომპენსაცია) 2 845,19 დოლარს (ექვივალენტი ლარში), მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 1 032,47 დოლარს (ექვივალენტი ლარში).(ს.ფ. 33-34).

 

8.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–---------------------–-----------–---------------------------ის 2017 წლის 5 დეკემბრის №M---------------- და 2018 წლის 20 ივლისის №M---------------- ცნობებით დგინდება, რომ მ------------–--ს მიმართ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში მიუღებელი 20 დღის დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს (წოდ. თან. წელთა ნამ. დან. დან. კვება.) 875,80 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 656,85 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები კვების კომპენსაციას - 56,25 ლარს.(ს.ფ. 35, 55).

 

8.4. მოსარჩელე - მ------------–--სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს, 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

8.5. მოსარჩელე - მ------------–--მ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და დადგენილი პირობების შესაბამისად გაიარა სამხედრო სამსახური, ხოლო მას, იმავე ხელშეკრულების შესაბამისად საცხოვრებელი ბინა არ გადასცემია.

 

9. სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.

 

9.1. სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

9.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული წარმოადგენს დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას.

 

9.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

9.4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლით დადგენილია სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

9.5. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11.2. ,,თ” მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება ვრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ დადგენილი არ არის.

 

9.6. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

9.7. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

 

9.8. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, „2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.

 

9.9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებზე (15/03/2011 წ. Nბს-1590-1549 (კ-10), 19/06/2012 წ.Nბს-202-200(კ-12), რომლითაც განმარტებული იქნა, რომ მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას.

 

9.10. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას.

 

9.11. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მ------------–--ს მიმართ 2017 წლის 26 დეკემბერს გაცემულ N------------------ ცნობაზე, რომლის მეორე აბზაცის თანახმად, „ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იქნა გამოყოფილი, საქართველოს თავდაცის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის თხოვნა“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს მ------------–--ს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მ------------–--ს მიმართ არსებული ფულადი დავალიანების ერთგვარ აღიარებას და შეუსრულებლობის ისეთ მიზეზზე მითითებას, რომელიც მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო; იმავე მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

9.12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ------------–--ს მოთხოვნის 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების (წოდ., თან., დან.) ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილებას.

 

10.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მ------------–--სათვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, რადგან მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

10.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ანუ 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს კანონმდებლობით და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

10.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადაცემას კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება მასზედ, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში, თუმცა სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის პირობებში, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა მოიაზრებს ნაკისრი ვალდებულების ორივე ნაწილის შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ პირის საკუთრების უფლება გულისხმობს არამარტო ნივთზე აბსოლუტური სანივთო უფლების წარმოშობას, არამედ პირის მიერ ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ფაქტობრივად დაუფლებას, ნივთით (ბინით) მართლზომიერად სარგებლობას. შესაბამისად მოპასუხეს, თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ყველა ელემენტის შეუსრულებლობისთვის და ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ------------–-- არ უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით, გავლენას ვერ მოახდენს საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე, რადგან კანონი არ ითვალისწინებს მოვალის მიერ ერთი ვალდებულების დარღვევის გამო იმავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.

 

10.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, მ-------------–--სთან 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის არაუმეტეს 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის დავალების საფუძველი.

 

10.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე