განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130310117001975377
საქმე №3ბ/2122-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარეჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ რ----------------ი“, ზ-------------ი, ნ-----------------ე, ლ--------------ე, თ------–----------ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა - ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „რ----------------ის“, ზ-------------ის, ლ--------------ის, ნ----------------ის და თ------–----------ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. შპს „რ----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–------------იდან. მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. ხაშური, ა-–-----–---------------, დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია ზ-------------ი. საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით (ს.ფ. 135; 182-183).
2.2. შპს „რ----------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27053.36 ლარს (ს.ფ. 137, 219, ასევე, 2018 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 14:39:36-14:42:30).
2.3. შპს „რ----------------ის“ მიმართ 2017 წლის 24 იანვარს გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 16 ოქტომბრის N--------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (ს.ფ. 118; 136).
2.4. 2016 წლის საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, შპს „რ----------------იდან“ ზ-------------ს დივიდენდის სახით გატანილი აქვს 35047 ლარი (ს.ფ. 124-127).
2.5. ავტომანქანა „---------------- 2016 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა ზ-------------ის სახელზე (სახ. ნორმით--------) და იმავე დღეს გადაფორმდა ნ----------------ის სახელზე. აღნიშნული ავტომანქანა 2----–-–------------იდან რეგისტრირებულია ნ----------------ის სახელზე სახ. ნომრით-------- (ს.ფ. 133; 146, ასევე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის N----------------- წერილი).
2.6.. ზ-------------ი და ნ----------------ე არიან მეუღლეები (ს.ფ. 119).
2.7. ნ----------------ეს 2016 წლის 19 მაისს სს „-–--------------დან“ აღებული აქვს სესხი 4090 ლარის ოდენობით (იხ. ამონაწერი ანგარიშიდან).
2.8. შპს „რ----------------ის“ საქმიანობის პარალელურად, ზ-------------ი მუშაობდა შპს „--------------ში“ (ს.ფ. 120-123; 128-129).
2.9. საბაჟო ტერმინალში შპს „რ----------------ის“ ერთ-ერთ წარმომადგენლად ფიქსირდება ლ--------------ე. ამავე დროს, საწარმოს წარმომადგენლებად მითითებულნი არიან ასევე, ზ----------–---–-----ი და მ-------------- (ს.ფ. 134).
2.10. ლ--------------ე და თ------–----------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ჰყავთ საერთო შვილები (ს.ფ. 119).
2.11. შპს „--------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილიდან. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ა-----------------ი (ს.ფ. 229-230).
2.12. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ შპს „--------------ი“ საქმიანობდა ხაშურში, ბ--------------------ში მდებარე საწყობში, რომელიც ეკუთვნის თ------–----------ეს, რადგან არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელის მითითებას, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში (ს.ფ. 59-62) მითითებული უძრავი ნივთების მისამართი - ხაშური, ე.წ. ა------------ი, იგივეა, რაც ბ-------------------, სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.
საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
2.15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლომ განმარტა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
2.16. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი
ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბ .-167-165(კ17)).
2.17. პირველი ინსნტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
2.18. სასამართლომ მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
2.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
2.20. სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
2.21. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება ამგვარი აღიარების საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა.
2.22. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის დასახელებული გარემოებები თუ რატომ არის შეუძლებელი მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა ან რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობა და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებით მოსარჩელეს არც კი მიუთითებია და შესაბამისად, არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მათი ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის, ასევე, ამ პირების მოპასუხე იურიდიული პირისაგან გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის მეუღლეები არიან, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთისაგან განსახვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარეთა ქმედება მიმართული იყო გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „რ----------------ის“ მიერ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები განზრახ ერთობლივად მოქმედებდნენ ამ გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად.
მოსარჩელე თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ შპს ,,რ----------------ის‘‘ მიერ ნაღდი ანგარიშწორებით მიღებული 192024,9 ლარიდან ბიუჯეტში გადახდილია მხოლოდ 35832,81 ლარი, თუმცა ამავე დროს არ განმარტავს, თუ რატომ არის ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეუსაბამო მიღებულ შემოსავალთან, რატომ ეკისრებოდა მოცემულ შემთხვევაში საწარმოს მეტის გადახდა და რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ ეს ადასტურებს მოპასუხეთა შეთანხმებულ მოქმედებას დავალიანების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით.
2.23. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები (ზ-------------ი და ნ----------------ე, ლ--------------ე და თ------–----------ე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც არ გაიზიარა სასამართლომ, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
2.24. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ-------------ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ მან, როგორც საწარმოს პარტნიორმა, ბოროტად გამოიყენა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რის გამოც საწარმოს კრედიტორის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ზ-------------მა თანხა გაიტანა საწარმოდან დივიდენდის სახით და არ გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. მოპასუხე უარყოფს თანხის ფაქტობრივი გატანის ფაქტს. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ ეს თანხა რეალურად გატანილია საწარმოდან. გარდა ამისა, ასეც რომ იყოს, ეს ვერ ჩაითვლება პირთა ცრუმაგიერობის დამადასტურებელ გარემოებად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი (კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს), რასაც უთითებს საგადასახადო ორგანო მისი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად, ნამდვილად ითვალისწინებს პარტნიორის პასუხისმგებლობას არაკეთილსინდისიერობის გამო, თუმცა ეს არ გულისხმობს პარტნიორის და საწარმოს ერთმანეთის ცრუმაგიერობას. ცრუმაგიერი მფლობელობა, როგორც საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, განსხვავდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პარტნიორის პასუხისმგებლობისაგან და გულისმობს არამარტო ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას, არამედ სავალდებულო კრიტერიუმად მოიცავს პირების ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასაც, რაც არ არის აუცილებელი პარტნიორის „მეწარმოეთა შესახებ“ კანონის 3.6 მუხლით გათვალისწინებული პასუხსმგებლობის დასაყენებლად კრედიტორიების მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
2.25. სასამართლომ გადაწყვეტილებაში, ასევე მიუთითა, რომ ნ----------------ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად სარჩელში მითითებულია, რომ ზ-------------მა მას გადაუფორმა ავტომანქანა. როგორც მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ავტომანქანა „----------------, რომელიც 2003 წელს არის გამოშვებული (მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც რაიმე წარმოუდგენია, რომ ეს ავტომანქანა მაღალფასიანია), ზ-------------ის სახელზე გაფორმდა 2016 წლის 20 მაისს და იმავე დღეს გადაფორმდა მეუღლის სახელზე. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, ნ----------------ემ 2016 წლის 19 მაისს (ნივთის შეძენის წინა დღეს) აიღო კრედიტი 4090 ლარის ოდენობით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეძენის ხარჯი ძირითადად გაწეულია ნ----------------ის მიერ და არ უნდა ჩაითვალოს, რომ იგი შეძენილია ზ-------------ის მიერ იმ თანხით, რაც შპს „რ----------------ს“ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების დასაფარავად. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
2.26. ლ--------------ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ იგი იყო შპს „რ----------------ის“ წარმომადგენელი საბაჟო ტერმინალში. როგორც დადგინდა აღნიშნულს ჰქონდა მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი და სასამართლო ამ ფაქტს ვერ მიიჩნევს საკმარისად იმის დასადასტურებლად, რომ ლ--------------ე შპს „რ----------------თან“ და ზ-------------თან ერთობლივად მოქმედებდა გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად. საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „რ----------------ის“ წარმომადგენლებად საბაჟო ტერმინალში ფიქსირდებიან, ასევე, ზ----------–---–-----ი და მ--------------, რომელთა ცრუმაგიერ პირებად ცნობას მოსარჩელე არ ითხოვს. ვინ არიან ეს პირები და რით განსხვავდება მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სტატუსი ლ--------------ისაგან საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია.
2.27. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თ------–----------ესთან დაკავშირებით, მოსარჩელე ჯერ უთითებდა, რომ შპს „--------------ი“ ეკუთვნის მას, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ ის საწყობი ეკუთვნის, სადაც შპს „--------------ი“ საქმიანობდა, თუმცა არც ერთი და არც მეორე ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია ეკუთვნის ვინმე ა-----------------ს და ამ პირის მოპასუხეებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
2.28.სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. აპელანტის მითითებით ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
ხაშურის რაინულმა სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შევიდა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირებისაგან, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რაც საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას ემსახურება. შესაბამისად აპლანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, აღნიშნულს.
დადგენილია, რომ შპს „რ----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–------------იდან. მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. ხაშური, ა-–-----–---------------, დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია ზ-------------ი. საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით (ს.ფ. 135; 182-183). შპს „რ----------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27053.36 ლარს (ს.ფ. 137, 219, ასევე, 2018 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 14:39:36-14:42:30). შპს „რ----------------ის“ მიმართ 2017 წლის 24 იანვარს გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 16 ოქტომბრის N--------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (ს.ფ. 118; 136). 2016 წლის საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, შპს „რ----------------იდან“ ზ-------------ს დივიდენდის სახით გატანილი აქვს 35047 ლარი (ს.ფ. 124-127). ავტომანქანა „---------------- 2016 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა ზ-------------ის სახელზე (სახ. ნორმით--------) და იმავე დღეს გადაფორმდა ნ----------------ის სახელზე. აღნიშნული ავტომანქანა 2----–-–------------იდან რეგისტრირებულია ნ----------------ის სახელზე სახ. ნომრით-------- (ს.ფ. 133; 146, ასევე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის N----------------- წერილი). ზ-------------ი და ნ----------------ე არიან მეუღლეები (ს.ფ. 119). ნ----------------ეს 2016 წლის 19 მაისს სს „-–--------------დან“ აღებული აქვს სესხი 4090 ლარის ოდენობით (იხ. ამონაწერი ანგარიშიდან). შპს „რ----------------ის“ საქმიანობის პარალელურად, ზ-------------ი მუშაობდა შპს „--------------ში“ (ს.ფ. 120-123; 128-129). საბაჟო ტერმინალში შპს „რ----------------ის“ ერთ-ერთ წარმომადგენლად ფიქსირდება ლ--------------ე. ამავე დროს, საწარმოს წარმომადგენლებად მითითებულნი არიან ასევე, ზ----------–---–-----ი და მ-------------- (ს.ფ. 134). ლ--------------ე და თ------–----------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ჰყავთ საერთო შვილები (ს.ფ. 119). შპს „--------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილიდან. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ა-----------------ი (ს.ფ. 229-230).ვსაჯარო რეესტრიდან ამონაწერებში (ს.ფ. 59-62) მითითებული უძრავი ნივთების მისამართი - ხაშური, ე.წ. ა------------ი, იგივეა, რაც ბ-------------------, სააპელაციო სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ შპს „რ----------------ი“, ზ-------------ი, ლ--------------ე, ნ----------------ე და თ------–----------ე წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
4.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა იზიარებს რაიონულმა სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე