განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001639093
საქმე №2ბ/116-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - ს---------------–----------
წარმომადგენელი - ა------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: 1. გ-------------–--ე
წარმომადგენელი - თ-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე: 2. გ-----------------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილებით, ს---------------–--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2012 წლის 24 სექტემბერს ს---------------–--------სა” და გ-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2315 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით და მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%ით და ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 15);
- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 16);
- განაცხადი (ს.ფ. 17-18);
- 2012 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------–--------სა“ და გ-------------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა. ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4600 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
- განაცხადი (ს.ფ. 20); - პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2012 წლის 02 ნოემბრის შემდგომ მოპასუხეს გადახდა აღარ განუხორციელებია, რის გამოც იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში და სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ერიცხება დავალიანება 16329.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2199.75 ლარი, პროცენტი - 2244.44 ლარი, ჯარიმა - 11905.11 ლარი და საიდანაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯამში 3415.99 ლარამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. 27-30);
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 31);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 2017 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია, ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან სადავო ხელშკრულება დადებული იყო 24 თვის ვადით ანუ, 2014 წლის 01 ოქტომბრამდე, შესაბამისად ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს არა ვალდებულების დარღვევიდან, არამედ ხელშკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (სარჩელის აღძვრიდან) უკან სამი წლის განმავლობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ერთი ვალდებულება (სესხი), რომლის მოვალის მხრიდან შესრულება გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა.
სასამართლომ განმარტა, რომ ეს არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მიუხედავად მათი მსგავსებისა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის განსხვავება უფრო არსებითია, ვიდრე მსგავსება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ძირითადი არსი, მისი ყოველ პერიოდში ცალკე-ცალკე წარმოშობაა (კომუნალური გადასახადები, ალიმენტი, ხელფასი), რაც პირდაპირ მიბმულია მოთხოვნის უფლებასთან ყოველი ვალდებულების დარღვევისას და შესაბამისად ხანდაზმულობასთან. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კი მხოლოდ ერთია, დროში გადანაწილებული.
სასამართლოს მიერ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების წესების გავრცელებით საკრედიტო ხელშეკრულებაზე, სახეზეა მხარეთა უფლებების დისბალანსი კრედიტორის სასარგებლოდ, რა დროსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევისას კრედიტორს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშკრულება და თანხა მთლიანად მოითხოვოს და არა იმ დროისათვის არსებული დავალიანება, ხოლო, ხანდაზმულობის პირობებში თანხის ის ნაწილი - რაც სამწლიანი ვადის ფარგლებშია მოქცეული. გამომდინარე აღნიშნულიდან, საკრედიტო ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე თანხა ერთიანი ვალდებულებაცაა და პერიოდულად შესასრულებელიც. საკითხის ამდაგვარი განმარტება არღვევს მოვალისა და კრედიტორის უფლებათა ბალანსს, ანუ, ისარგებლონ თანაბარი უფლებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი დარღვეულ იქნა და გ-----------------ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა - 2012 წლის 02 ნოემბერს, შესაბამისად, ბანკს თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოეშვა - 2012 წლის 02 დეკემბრიდან, თანხის გადახდის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. ანუ, იმ დღიდან, როცა მოპასუხემ არ გადაიხადა ყოველთვიური გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, დავალიანებული თანხის მოთხოვნის სამ წლიანი ვადის ათვლა დასრულდა - 2015 წლის 02 დეკემბერს. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2016 წლის 09 დეკემბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2015 წლის 02 დეკემბერს, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22);
- ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. 27-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ანკანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ანცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ს--------------–--------ს“ წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო, მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისთვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------–--------სა“ და გ-------------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა. ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4600 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშოვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის გრაფიკზე, რომლის მიხედვით, კრედიტის თანხა მსესხებელს უნდა დაეფარა 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე. მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო გადახდა განხორციელდა - 2012 წლის 02 ნოემბერს. ამდენად, სასამართლომ მიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა სარჩელის შემოტანამდე - 2016 წლის 09 დეკემბრამდე, გრაფიკით გადასახდელ ძირითად თანხაზე, პროცენტსა და მასზე დარიცხულ პირგასამტეხლოზე - ხანდაზმულია.
ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე- 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, იურიდიულ დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასესხო ვალდებულება ერთ მთლიან ვალდებულებაში და არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაში მოიაზრება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ვალდებულების პირველივე დარღვევის მომენტიდან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 317-ე მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ურთიერთობა, კერძოდ ს---------------–--------სა" და გ-----------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება 24 თვის ვადით წლიური 36%-ის ოდენობით. სესხის დაფარვა ხდებოდა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ, ყოველი თვის 1 რიცხვში, 24 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელთაგანაც უკანასკნელი შესრულდა 2012 წლის 2 ნოემბერს. ასევე, 2012 წლის 24 სექტემბერს ს---------------–--------სა” და გ-------------–--ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თავად აგებს პასუხს კრედიტორის წინაშე ზემო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში. თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 4600 ლარის ფარგლებში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სესხი არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულია. 2013 წლის 9 დეკემბრამდე, რადგანაც ს----------------–--------მა" სასამართლოს მიმართა 2016 წლია 9 დეკემბერს.
სარჩელი ს----------------–--------ის" მიერ შეტანილი იყო 2016 წლის 9 დეკემბერს, სესხი ხანდაზმულია 2013 წლის 9 დეკემბრამდე. აქედან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 3415.99 ლარს (საიდანაც ძირი თანხა არის 1306.61 ლარი, პროცენტი- 837.12 ლარი, პირგასამტეხლო 4257.54 ლარის 30% არის 1277.26 ლარი).
26.06.2018 წელს აპელანტმა განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) 2013 წლის 09 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით არსებული დავალიანების 3415.99 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 1301.61 ლარი, პროცენტი - 380.16, ხოლო, პირგასამტეხლო 1734.22 ლარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 24 სექტემბერს ს---------------–--------სა” და გ-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2315 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით და მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით და ხელშეკრულება, ასევე, ითვალისწინებდა შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------–--------სა“ და გ-------------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა. ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4600 ლარს.
2012 წლის 02 ნოემბრის შემდგომ მოწინააღმდეგე მხარეს გადახდა აღარ განუხორციელებია, რის გამოც იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში და სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ერიცხება დავალიანება 16329.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2199.75 ლარი, პროცენტი - 2244.44 ლარი, ჯარიმა - 11905.11 ლარი, და საიდანაც ს---------------–--------მა“ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯამში 3415.99 ლარამდე.
ს---------------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნაა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) 2013 წლის 09 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით არსებული დავალიანების 3415.99 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 1301.61 ლარი, პროცენტი - 380.16, ხოლო, პირგასამტეხლო 1734.22 ლარი.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ს--------------–--------ს“ წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო, მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისთვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------–--------სა“ და გ-------------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა. ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4600 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
პალატა მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პალატა განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა ბოლოს განხორციელებული იქნა 02.11.2012 წელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ სარჩელი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ხანდაზმულად სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, ს---------------–--------ის“ მიერ სარჩელის აღძვრის თარიღის გათვალისწინებით (09.12.2016 წელი) სარჩელი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ხანდაზმულად 09.12.2016 წლამდე სამი წლით წინა პერიოდზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხების მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, 09.12.2013 წლიდან 09.12.2016 წლის ჩათვლით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხების მოთხოვნის ნაწილში, რომელიც მოიცავს, როგორც სესხის ძირითად თანხას, ასევე, მისი სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსა და თანხების გადაუხდელობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს.
პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად დადგენილია, რომ 09.12.2013 წლის მდგომარეობით, სესხის ძირი თანხის დავალიანება შეადგენდა 1301.61 ლარს (ს/ფ. 22).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ს---------------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ანკანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გ-----------------მა სრულად მიიღო. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს (მოვალეებს) წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, დავალიანების გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სოლიდარულად.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, ს---------------–--------სა“ და გ-------------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება ირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4600 ლარს. შესაბამისად, ს---------------–--------ის“ მოთხოვნა, თანხის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ-----------------ისა და გ-------------–--ის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ს---------------–--------ის“ მიერ შემცირებული პირგასამტეხლო 1734.22 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია სესხის ძირ თანახასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მისი ოდენობა განისაზღვროს 173.4 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გ-----------------სა და გ-------------–--ეს ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 24.09.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 1855.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1301.61 ლარი, პროცენტი - 380.16 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 173.4 ლარი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა 54%-ით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს გ-----------------სა და გ-------------–--ეს აპელანტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (102.5) პროპორციული ნაწილი - 55.3 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 54%-ით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს გ-----------------სა და გ-------------–--ეს აპელანტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი - 81 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ-----------------სა და გ-------------–--ეს ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24.09.2012 წლის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1855.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1301.61 ლარი, პროცენტი 380.16 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო 173.4 ლარი;
4. გ-----------------სა და გ-------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 55.3 ლარის ოდენობით ს----------------–---------ს“ სასარგებლოდ;
5. გ-----------------სა და გ-------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 81 ლარის ოდენობით გადახდა ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი