განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002061656
საქმე №2ბ/304-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - შ--------–-------–---–--ი“
წარმომადგენელი - ფ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------ი“
წარმომადგენლები - ა---------–--–---–ი, თ--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. ს----------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.მოპასუხეს შ--------–-------–---–--“-ს, მოსარჩელე ს----------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 18 126.6 აშშ დოლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2017 წლის 11 აპრილს, ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--ს“ შორის, დაიდო ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ--------–-------–---–--ი“ გაწეული მომსახურების და გაყიდული პროდუქციის ანაზღაურებისას სარგებლობს Visa და MasterCard საერთაშორისო ბარათებით, როგორც საგადამხდელო საშუალება, ხოლო, ს----------------ი“ უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას ბანკის საკომისიოს გამოკლებით, რომლის ჩამოჭრის წესი, განხორცილების ვადა და ოდენობა რეგულირდება ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტით კომპანიამ აიღო ვალდებულება:
ს----------------ში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში (თუკი მას უკვე არ აქვს ამგვარი ანგარიში), სადაც ჩაერიცხება ამ ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები თანხები (4.1.1. პუნქტი).
მას შემდეგ, რაც ბანკი უზრუნველყოფს კომპანიის რეგისტრაციას საგადამხდელო სისტემის მონაწილედ, უზრუნველყოს საბანკო ბარათების გამოყენებით ანგარიშსწორების განხორციელების წესების სრული და განუხრელი დაცვა (4.1.2. პუნქტი).
სისტემის გამოყენებით განახორციელოს საქონლის/მომსახურების რეალიზება კლიენტებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების N2 დანართში მოყვანილი ჩამონათვალის შესაბამისად.
ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით კი ბანკისაგან წერილობითი ფორმით შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს მე-3 (მესამე) სამუშაო დღეს ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულება (ს.ფ 17-28).
შ--------–-------–---–--ის“ კუთვნილი სასტუმრო ,,l----------“-ში, 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში Visa/MasterCard საერთაშორისო ბარათების საშუალებით განხორციელდა ტრანზაქცია, ჩამოიჭრა თანხები 13 300 აშშ დოლარი და 13900 ლარის ოდენობით, სულ 19 077.41 აშშ დოლარი.
შესრულებული ტრანზაქცია გასაჩივრებული იქნა ბარათის მფლობელების მიერ იმ საფუძვლით, რომ მათ შესაბამისი მომსახურეობა არ მიუღიათ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულება (ს.ფ 17-28);
- ცნობა (ს.ფ.29-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკმა განახორციელა შ--------–-------–---–--ის“ სადაზღვევო რეზერვების ბალანსზე არსებული 2300 ლარის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა (ჩარჯბეკი). ტრანზაქცია მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო დაყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება (ს.ფ 42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
შ--------–-------–---–--იმ“ არ შეასრულა ჯეროვნად 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც ს----------------ი“ს მიმართ გააჩნია 18 126.6 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მითითებელ მხარეებს ეკისრებათ; მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესოსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 აპრილს, ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--ს“ შორის დაიდო ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ--------–-------–---–--ი“ გაწეული მომსახურებისა და გაყიდული პროდუქციის ანაზღაურებისას სარგებლობს Visa და MasterCard საერთაშორისო ბარათებით, როგორც საგადამხდელო საშუალებას, ხოლო, ს----------------“ უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას ბანკის საკომისიოს გამოკლებით, რომლის ჩამოჭრის წესი, განხორცილების ვადა და ოდენობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით.
ამასთან, შ--------–-------–---–--ი“-ს კუთვნილი სასტუმრო ,,l----------“-ში, მიმდინარე წლის მაისსის და ივნისი თვეში Visa/MasterCard საერთაშორისო ბარათების საშუალებით განხორციელებული 19 077.41 აშშ დოლარის ტრანზაქციები გასაჩივრებული იქნა ბარათის მფლობელების მიერ იმ საფუძვლით, რომ მათ შესაბამისი მომსახურეობა არ მიუღიათ.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ,,ჩარჯბეკით“ ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნების მიზნით, რაც Visa/MasterCard რეგულაციების შესაბამისად დადგენილი 45 დღის ვადაში უნდა განხორცილებულიყო, მოსარჩელემ მიმართა კომპანიას, ბარათის მფლობელების მიერ, შესაბამისი მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით. მოპასუხე აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის, თუმცა, უარყოფს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხეს შესაბამისი მომსახურეობა არ გაუწევია. სასტუმრო ,,l----------“-მ მიმოწერაში აღნიშნა, რომ გაარკვევდა ს----------------ისთვის“ ,,ჩარჯბეკის“ მისვლის მიზეზს და აცნობებდა მას, თუმცა, მსგავსი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობათა საწინააღმდეგოდ,, მიწოდებული არ იქნა. შესაბამისად, მოპასუხის ქმედების გამო ს----------------ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით შესაბამისი შეპასუხება წარედგინა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს შ--------–-------–---–--ს“ გასაჩივრებული ტრანზაქციების ბარათების მფლობელებისათვის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არც სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოპასუხეს მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია დაუსაბუთებელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 11 აპრილის, ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.2.1.პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად ბანკს უფლება ჰქონდა უაქცეპტო წესით ჩამოეჭრა კომპანიის ანგარიშ(ებ)იდან ბარათის ემიტენტის მიერ თაღლითურ ტრანზაქციებად განცხადებული ან/და გასაჩივრებული ტრანზაქციები (ჩარჯბეკები). საქმეში წარმოდგენილი 17.08.2017 წლის N2 საგადასახადო დავალებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ს----------------მა“ განახორციელა შ--------–-------–---–--ის“ სადაზღვევო რეზერვების ბალანსზე არსებული 2300 ლარის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა, რაზეც მოპასუხის მიერ პრეტენზია გაცხადებული არ არის და ვალდებულების არსებობის აღიარებას წარმოადგენს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულება (ს.ფ 17-28);
- ცნობა (ს.ფ.29-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 აპრილს, ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--“-ს შორის, დაიდო ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ--------–-------–---–--ი“ გაწეული მომსახურებისა და გაყიდული პროდუქციის ანაზღაურებისას სარგებლობს Visa და MasterCard საერთაშორისო ბარათებით, როგორც საგადამხდელო საშუალებას, ხოლო, ს----------------ი“ უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას ბანკის საკომისიოს გამოკლებით, რომლის ჩამოჭრის წესი, განხორცილების ვადა და ოდენობა რეგულირდება ხელშეკრულებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--ს“ შორის დადებული ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ N--- ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით, კომპანიამ აიღო ვალდებულება ბანკისაგან წერილობითი ფორმით შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს მე-3 (მესამე) სამუშაო დღეს ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ხელშეკრულების მოცემული პუნქტის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იქნა მხარეთა ნების პირობებში და შეიცავს განმარტებას, ხელშეკრულებაში მოცემულ ტერმინთა შესახებ, მათ შორის ტრანზაქციის, ბართის მფლობელის, ჩარჯბეკის და სხვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--------–-------–---–--მა“ არ შეასრულა ჯეროვნად 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ს----------------ს“ არ მიაწოდა ინფორმაცია გასაჩივრებული ტრანზაქციების შესახებ, ამავე დროს არ აუნაზღაურა ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები 18 126.6 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაფარული იქნა ს----------------ის“ მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება - ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები შესრულებული არ არის სრულად, 18 126.6 აშშ დოლარის ნაწილში, რაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------------ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით წარედგინა შესაბამისი შეპასუხება, ვინაიდან აპელანტმა ბანკს ვერ წარუდგინა გაწეული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ, რომ დოკუმენტების მოძიება საჭიროებდა გარკვეულ დროს. აღნიშნული ვადა აჭარბებდა ბანკის მიერ ,,ჩარჯბექის“ 45 დღიან ხანდაზმულობის ვადას, შესაბამისად, ბანკს შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა დაუყოვნებლივ და დალოდებოდა დოკუმენტების გადაცემას. ამასთან, შ--------–-------–---–--ი“ აღნიშნავს, რომ იგი მოცემულ საქმეში არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან, მომსახურების ფასის გადახდა მოხდა მესამე პირის მიერ, ვინც მომსახურებას უწევდა უცხოელთა ჯგუფს, რომლებმაც მას გაანდეს ინფორმაცია მათი საბანკო ბარათების შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2017 წლის 11 აპრილს, ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--ს“ შორის, დაიდო ელექტრონული კომერციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ--------–-------–---–--ი“ გაწეული მომსახურების და გაყიდული პროდუქციის ანაზღაურებისას სარგებლობს Visa და MasterCard საერთაშორისო ბარათებით, როგორც საგადამხდელო საშუალება, ხოლო, ს----------------ი“ უზრუნველყოფს ბარათებით შესრულებულ გარიგებათა თანხების ანაზღაურებას ბანკის საკომისიოს გამოკლებით, რომლის ჩამოჭრის წესი, განხორცილების ვადა და ოდენობა რეგულირდება ხელშეკრულებით.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტით კომპანიამ აიღო ვალდებულება:
ს----------------ში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში (თუკი მას უკვე არ აქვს ამგვარი ანგარიში), სადაც ჩაერიცხება ამ ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები თანხები (4.1.1. პუნქტი).
მას შემდეგ, რაც ბანკი უზრუნველყოფს კომპანიის რეგისტრაციას საგადამხდელო სისტემის მონაწილედ, უზრუნველყოს საბანკო ბარათების გამოყენებით ანგარიშსწორების განხორციელების წესების სრული და განუხრელი დაცვა (4.1.2. პუნქტი).
სისტემის გამოყენებით განახორციელოს საქონლის/მომსახურების რეალიზება კლიენტებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების N2 დანართში მოყვანილი ჩამონათვალის შესაბამისად.
ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით კი ბანკისაგან წერილობითი ფორმით შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს მე-3 (მესამე) სამუშაო დღეს ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები.
შ--------–-------–---–--ის“ კუთვნილი სასტუმრო ,,l----------“-ში, 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში Visa/MasterCard საერთაშორისო ბარათების საშუალებით განხორციელდა ტრანზაქცია, ჩამოიჭრა თანხები 13 300 აშშ დოლარი და 13900 ლარის ოდენობით, სულ 19 077.41 აშშ დოლარი.
შესრულებული ტრანზაქცია გასაჩივრებული იქნა ბარათის მფლობელების მიერ იმ საფუძვლით, რომ მათ შესაბამისი მომსახურეობა არ მიუღიათ.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკმა განახორციელა შ--------–-------–---–--ის“ სადაზღვევო რეზერვების ბალანსზე არსებული 2300 ლარის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა (ჩარჯბეკი), რაც აპელანტს არ გაუსაჩივრებია.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ,,ჩარჯბეკით“ ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნების მიზნით, რაც Visa/MasterCard რეგულაციების შესაბამისად დადგენილი 45 დღის ვადაში უნდა განხორცილებულიყო, ს----------------მა“ მიმართა კომპანიას, ბარათის მფლობელების მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით, რასაც აპელანტი სადავოდ არ ხდის. სასტუმრო ,,l----------“-ის მიერ, მსგავსი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობათა საწინააღმდეგოდ, მიწოდებული არ იქნა, რასაც მხარე არ უარყოფს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის ქმედების გამო ს----------------ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით შესაბამისი შეპასუხება წარედგინა. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს----------------ს“ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა შეპასუხება მაშინ, როდესაც თავად შ--------–-------–---–--ის“ განმარტებით, მას ოფიციალური დოკუმენტების მოსაძიებლად ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. ამასთან, პალატის შეხედულებით, ს----------------ი“ არ იყო ვალდებული დალოდებოდა სრულად 45 დღის განმავლობაში მოცემული დოკუმენტაციის გადაცემას, ვინაიდან, შეუძლებელი იყო ზუსტი დროის მონაკვეთის განსაზღვრა, რაც დასჭირდებოდა სათანადო ინფორმაციის მოძიებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შ--------–-------–---–--ს“ გასაჩივრებული ტრანზაქციების ბარათების მფლობელებისათვის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არც სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას არ წარუდგენია.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შ--------–-------–---–--მა“ არ შეასრულა ჯეროვნად 2017 წლის 11 აპრილის NN--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც ს----------------ის“ მიმართ გააჩნია 18 126.6 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა.
პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელშეკრულებო-პ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ეკისრებოდათ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით, კომპანიამ აიღო ვალდებულება ბანკისაგან წერილობითი ფორმით შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს მე-3 (მესამე) სამუშაო დღეს ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები. ამასთან, საგულისხმოა, რომ პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ხელშეკრულების ბუნდოვნებასთან მიმართებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
პალატა მიუთითებს, რომ ნების გამოვლენის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. ნებისმიერი იურიდიული აქტის განხორციელებისათვის, მათ შორის გარიგების დადებისათვის, მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ნების გამოვლენა.
ერთმანეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გულისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელია ნების გამოვლენა, ანუ, ნების მატერიალიზება.
ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგულისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ხელშეკრულების ბუნდოვნებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იქნა მხარეთა ნების პირობებში და შეიცავს განმარტებას, ხელშეკრულებაში მოცემულ ტერმინთა შესახებ, მათ შორის ტრანზაქციის, ბართის მფლობელის, ,,ჩარჯბეკის“ და სხვა. ამასთან, აპელანტი სადავოდ არ ხდის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას. შესაბამისად, მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ ვალდებულების დარღვევის შესაძლო შედეგებზე და ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი პასუხისმგებლობების თაობაზე.
შესაბამისად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ შ--------–-------–---–--მა“ არ შეასრულა ჯეროვნად 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ს----------------ს“ არ მიაწოდა ინფორმაცია გასაჩივრებული ტრანზაქციების შესახებ, ამავე დროს არ აუნაზღაურა ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები 18 126.6 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაფარული იქნა ს----------------ის“ მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ანკანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტის მიერ ს----------------ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულება - ბანკს გადაუხადოს ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები შესრულებული არ არის სრულად, 18 126.6 აშშ დოლარის ნაწილში, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ის არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან, მის მიერ ბანკისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება და რომ სათანადო მოპასუხე უნდა ყოფილიყო ის მესამე პირი, რომელიც მომსახურებას უწევდა უცხოელთა ჯგუფს, რომლის მიერაც მოხდა მომსახურების თანხის გადახდა, პალატა მიუთითებს შემდეგს:
2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულების 5.8 პუნქტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, აცნობოს 3 სამუშაო დღეში ს----------------ს“ ბარათების შესახებ ინფორმაციასთან მესამე მხარის ან კომპანიების ნებისმიერი უკანონო წვდომის შესახებ. ამავე ხელშეკრულების 4.1.10 პუნქტის შესაბამისად, კომპანია შეამოწმებს და პასუხისმგებლობას იღებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა განხორციელებული ოპერაცია სამართლიანად ასახავდეს ბარათის მფლობელის მიერ განხორციელებული ოპერაციის დეტალებს... ხოლო, ხელშეკრულების 4.1.23 პუნქტით, კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ყველა საჭირო ნებართვის/თანხმობის მიღება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების/პროდუქციის რეალიზაციისათვის. ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში კომპანიის მიერ სისტემის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციისას გამოყენებული ბარათების მონაცემებთან დაკავშირებული სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, კომპანია თავად არის პასუხისმგებელი სასტუმროში განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე. ამასთან, ბანკი ვერ იქნება ვალდებული ფლობდეს ინფორმაციას თუ რა სახის მომსახურების გაწევა ხდება სასტუმროში და ვის მიერ. გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 5.8 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შ--------–-------–---–--ი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ს----------------ისათვის“ მესამე პირის მიერ უკანონო წვდომა ბარათებთან, თუმცა, საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ აპელანტს აღნიშნული ვალდებულება არ განუხორციელებია. რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ შ--------–-------–---–--ის“ მიერ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ იგი არის არასათანადო მოპასუხე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ბანკისათვის ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობას, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--------–-------–---–--მა“ არ შეასრულა ჯეროვნად 2017 წლის 11 აპრილის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ს----------------ს“ არ მიაწოდა ინფორმაცია გასაჩივრებული ტრანზაქციების შესახებ, ამავე დროს, არ აუნაზღაურა ბარათის ემიტენტის მიერ გასაჩივრებული ტრანზაქციების თანხები 18 126.6 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაფარული იქნა ს----------------ი“-ს მიერ, ხოლო, საპირისპირო გარემოებების შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და არც აპელანტის მიერ ყოფილა წარმოდგენილი.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს----------------სა“ და შ--------–-------–---–--ს“ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულებები, რის გამოც ს----------------ს“ მიადგა ზიანი, შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ შ--------–-------–---–--ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--------–-------–---–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა