განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.04.2019
საქმის ნომერი
330310018002358525
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3ბ/304-19, 330310018002358525

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ზ----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 24 ოქტომბერს, ზ----------–---–მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითა, რომ მან N-------- სისხლის სამართლის საქმეზე მისცა მსჯავრდებულების საწინააღმდეგო ჩვენება, რაც ჩაწერილ იქნა სასამართლო სხდომის ოქმში. აღნიშნული განცხადებით ზ----------–---–მა ითხოვა სასამართლო სხოდმის ოქმის იმ ნაწილის მისთვის გაგზავნა, სადაც შეტანილი იყო მისი ჩვენება (ს.ფ. 18).

 

2016 წლის 09 ნოემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან №----- წერილი გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, 2016 წლის 27 ოქტომბრის განცხადების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სისხლის სამართლის N-------- საქმიდან სხდომის ოქმის იმ ნაწილის გადაცემა, სადაც დაკითხულ იქნა მოწმის სახით, ზ----------–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი სხდომის ოქმი ვერ გადაეცემოდა, ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე განმცხადებელთან ერთად დაკითხულ იქნენ სხვა მოწმეებიც, სხდომის ოქმი შესრულებული იყო ელექტრონული ვერსიის სახით და ჩაწერილი იყო CD დისკზე. წერილით ასევე, განმარტებულ იქნა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამპი, თარიღს - 11.11.2016წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №-------ის მითითებით (ს.ფ. 19).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.

 

კერძოდ, 2016 წლის 09 ნოემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან №----- წერილი გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად. აღნიშნული წერილით, 2016 წლის 27 ოქტომბრის განცახდების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სისხლის სამართლის N-------- საქმიდან სხდომის ოქმის იმ ნაწილის გადაცემა, სადაც დაკითხულ იქნა მოწმის სახით, ზ----------–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი სხდომის ოქმი ვერ გადაეცემოდა, ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე განმცხადებელთან ერთად დაკითხულ იქნენ სხვა მოწმეებიც, სხდომის ოქმი შესრულებული იყო ელექტრონული ვერსიის სახით და ჩაწერილი იყო CD დისკზე. წერილით ასევე, განმარტებულ იქნა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამპი, თარიღის - 11.11.2016წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №-------ის მითითებით.

 

პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ამდენად, ცალსახაა, რომ მოპასუხის მხრიდან გაგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილზე არსებული შტამპი, მასზე თარიღისა და ნომრის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება.

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“. მითითებული მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციასთან, მაგრამ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს. პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიება არ არის შეუსაბამო კონვენციასთან, თუმცა პატიმარსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებული კორესპონდენციის გახსნა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამობას, თუნდაც რომ იგი ციხის ადმინისტრაციის მიერ არ ყოფილიყო წაკითხული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Campbell v.the United Kingdom მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრის საჩივარი, რომელშიც განმცხადებელი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ რომელიმე კონკრეტული წერილი გახსნილი იყო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა შეზღუდვას კონვენციის მიზნებისათვის, ვინაიდან არსებული ციხის რეჟიმი იძლეოდა წერილების გახნისა და წაკითხვის საშუალებას, პირობა, რომელზეც სპეციალურად იქნა გამახვილებული განმცხადებლისა და მისი ადვოკატის ყურადღება. ასეთ გარემოებებში განმცხადებელს შეეძლო თავი გამოეცხადებინა მე-8 მუხლის ჭრილში მისი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის მსხვერპლად.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).

 

ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმოწერის უფლების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვაში იყო იდენტური სარჩელი იმავე მხარეთა შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რომელზეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის (საქმე N3/311-16) განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დაუშველობის მოტივით, თუმცა აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეწყვიტა საქმის წარმოება.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ქმედება შეაფასა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად და სცნო ზიანის მიმყენებელ პირად იმ მოცემულობაში, როცა დეპარტამენტის არცერთ თანამშრომელს წერილი თვალით არ უნახავს და არანაირი შემხებლობა ამ კონკრეტულ მიმოწერასთან არასდროს არ ჰქონია. დეპარტამენტი გასაჩივრებულ საქმეში, როგორც მხარე წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იცავდა მის კანონიერ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე, რომელთა გამოყენება მოცემული საქმის გარემოებების შეფასებით სრულად არაადეკვატურია.

 

„საქართველოს პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ადრესატად მიუთითა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მოპასუხეზე გადასაცემად. აქედან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლისაგან არ აქვს ადგილი სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშ ან გაზრახ დარღვევას სხვა პირთა მიმართ, რაც მოცემულ შემთხვევაში, გამორცხავს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი მოქმედებდა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში, კანონისმიერი ვალდებულების შესრულება კი ბუნებრივია ვერ გახდება პირის მიერ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანის მიყენების საფუველი. ამიტომ აპელანტის მითითებით, მიზანშეუწონელია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სახელით მოქმედი თანამშრომლის ქმედება შეფასებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განსაზღვრებებით.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების შემადგენელი ელემენტი „მართლსაწინააღმდეგო ქმედება“, ანუ არ არსებობს ზიანი, რაც სრულად ადასტურებს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად იხელმძღვანელა კანონის იმ ნორმებით, რაც არ უნდა გამოეყენებინა.

 

აპელანტის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ არ მომხდარა მოსარჩელის უფლებების დარღვევა. სასამართლო ღია წესით უზრუნველყოფს კორესპოდენციის მიღებასა და გაგზავნას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გადმოგზავნილ იქნა ღია წერილი, სასამართლოს მიერაც ეს ფორმა იქნა არჩეული, რაც მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა და „პატიმრობის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საჩივარი არ წარუდგენია ქმედების განხორციელების ანა ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების თაობაზე, რამაც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიაყენა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, კონსტიტუციის მე-20 მუხლის იმგვარი განმარტება, რომ დაირღვა მიმოწერის ხელშეუხებლობა, სრულიად შეუსაბამოა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით არის დადგენილი, 2016 წლის 24 ოქტომბერს ზ----------–---–მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ მან N-------- სისხლის სამართლის საქმეზე მისცა მსჯავრდებულების საწინააღმდეგო ჩვენება, რაც ჩაწერილ იქნა სასამართლო სხდომის ოქმში. აღნიშნული განცხადებით ზ----------–---–მა ითხოვა სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილის მისთვის გაგზავნა, სადაც შეტანილი იყო მისი ჩვენება (ს.ფ. 18).

 

2016 წლის 09 ნოემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაეგზავნა №----- წერილი მსჯავრდებულ ზ----------–---–-სათვის გადასაცემად, რომლითაც 2016 წლის 27 ოქტომბრის განცხადების პასუხად ზ----------–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი სხდომის ოქმი ვერ გადაეცემოდა, ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე განმცხადებელთან ერთად დაკითხულ იქნენ სხვა მოწმეებიც, სხდომის ოქმი შესრულებული იყო ელექტრონული ვერსიის სახით და ჩაწერილი იყო CD დისკზე. წერილით განმარტებულ იქნა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

დადგენილია, რომ აღნიშნულ წერილზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამპი, თარიღის - 11.11.2016წ. და კანცელარიაში რეგისტრაციის ნომრის №-------ის მითითებით (ს.ფ. 19).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ძირითად მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ზ----------–---–-ს მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევის გამო არსებობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა წარმოადგენს დელიქტური ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმას. დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს, რომელიც წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად და მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულ პირზე ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია არსებობდეს სამოქალაქო სამართალდარღვევა, რომელის შემადგენლობასაც ქმნის სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ერთობლიობა და მისი შემადგენელი ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი (სუსგ Nას-507-481-2011, 30 იანვარი, 2012 წელი). ამდენად, ზიანი მიეკუთვნება დელიქტური ვალდებულებების წარმოშობის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს და მისი არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობას.

 

ზიანის განსაზღვრისა და შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლების დანაწესზე, რომლითაც დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. რამდენადაც მოთხოვნა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტა ემყარება დელიქტის მარეგულირებელ ნორმებს, დავის გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობს თუ არა იმ სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ერთობლიობა, რაც ქმნის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი. აღნიშნული თვალსაზრისით კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი საფუძვლების შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც აღმოცენებულია მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა.

 

სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

იმავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). 3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. 5.დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. 6. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზიანი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე წარმოშობილია იმ ფაქტობრივი საფუძვლით, რომ ზ----------–---–სადმი 2016 წლის 09 ნოემბრით დათარიღებული წერილის გაგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მოხდა „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული პირობების დარღვევით. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ კონვერტის გარეკანზე და შიგთავს წერილზე მოსარჩელის სახელისა და გვარის ნაცვლად მიეთითა ქსნის N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის განკუთვნილი კონვერტის გახსნა ქსნის N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ, რაც დადასტურებულია წერილზე დასმული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამპით, თარიღი - 11.11.2016წ. კანცელარიაში რეგისტრაციის №-------ის მითითებით (ს.ფ. 19).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სწორედ ის ორგანოა, რომლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმაც უშუალოდ გამოიწვია ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა და არა მოპასუხედ მითითებულმა პირმა - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციაზე, რომლის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. იმავე ნორმატიული აქტის 55-ე მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ფინანსების განკარგვა სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; ბ) სასამართლოების სათანადო შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფა; გ) სასამართლოების მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით უზრუნველყოფა; დ) სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის შემოწმება; ე) სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სხვა ღონისძიებების განხორციელება.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 18 იანვრის N1/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, თავისი საქმიანობისა და მიზნების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; გ) განკარგავს ფინანსებს საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად; დ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში გეგმავს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს; ვ) მონაწილეობს საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭირო კომპიუტერული სისტემების და ქსელების შემუშავებასა და დანერგვაში, ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საკომუნიკაციო საშუალებათა განვითარებას; ზ) მონაწილეობს ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შემუშავების პროგრამაში; თ) მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში; თ1) უზრუნველყოფს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფინანსურ მხარეს, ამ მიზნით განკარგავს შესაბამის ფინანსებს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (17.09.2014 N 1/82) ი) სასამართლოთა საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის, სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების, ასევე სხვა მასალების გამოცემას; კ) განიხილავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე საერთო სასამართლოების წერილობით ან/და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებულ მოთხოვნებს და ოპერატიულად აცნობებს მათ არგუმენტირებულ ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე; (6.02.2015 N 1/4) ლ) უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარეს; მ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

 

ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფუნქციონალურ დატვირთვას მხარეებთან, მოწმეებთან სასამართლოს კომუნიკაცია და სასამართლოებში განსახილველ საქმეებთან მიმართებით მათთვის კორესპოდენციების დაგზავნა არ წარმოადგენს და აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N 466 ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, სასამართლოს მოხელეთა მოვალეობას განეკუთვნება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სკ-ის 1005-ე მუხლი ქმნის, რომელიც მოსამსახურის მხრიდან მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ფორმებს განსაზღვრავს (განსახილველ შემთხვევაში ზ----------–---–თან მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევა), ხოლო მოსარჩელე ვერ უთითებს ვერცერთ საკანონმდებლო აქტზე, რომელიც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს სასამართლოს მიერ შესასრულებელი ფუნქციებით აღჭურვავდა, აღნიშნული იმთავითვე გამორიცხავს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი ფარგლების განსაზღვრის შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ ქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევა. ამასთანავე, ის გარემოება, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად ფინანსების განკარგვას ახორციელებს, ვერ იქნება მიჩნული მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ არ დგინდება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა დარღვევის ფაქტი.

აღნიშნული მოცემულობის პირობებში სააპელაციო სასამართლო გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხრიდან სახეზეა სამოქალაქო სამართალდარღვევის (დელიქტის) განმსაზღვრელი მთავარი შემადგენელი ელემენტი - ზიანი, ისევე როგორც არ არსებობს მე-2 შემადგენელი ელემენტის მტკიცების საკმარისი საფუძველი - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბრალეულობა.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთო სასამართლოების ვალდებულებებისათვის თანხების გადარიცხვა ექვემდებარება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილებას, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მონაწილეობა განსახილველ დავაში შესაძლებელია შემოფარგლოს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით ჩაბმით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების ფინანსების არამართლზომიერ განკარგვასთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის მე-3 და 178-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის დასახელება წარმოადგენს სარჩელის შემტანი პირის უფლებას ანუ მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი დარღვეული უფლებისათვის, თუმცა, შესაძლებელია, სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილი იყოს არასათანადო მხარის - მოპასუხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მისი სათანადო მხარით შეცვლის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არასათანადო მხარის შეცვლა სააპელაციო სასამართლოში მიზანშეუწონელია ამ ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი). შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების განმეორების შესაძლებლობას. თუკი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა არასათანადო მოპასუხისადმი მოსარჩელის მიმართ წარდგენილი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, ასეთი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელი იქნება და იგი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია არასათანადო მხარის მიმართ, მან უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა - გააუქმოს გადაწყვეტილება და თვითონ არ უნდა იმსჯელოს თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მართლზომიერი სასამართლო კომპეტენციისა და მოსარჩელის უფლების დაცვის ინსტანციური მართლმსაჯულებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, რა დროსაც უნდა დაზუსტდეს მოპასუხეთა და მესამე პირთა წრე.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია ზ----------–---–-ს სარჩელი მოპასუხე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 09.11.2016 წლის N----- კორესპონდენციის გაგზავნის წესის დარღვევის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ევროს (ექვივალენტი ლარში) დაკისრების მოთხოვნით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ უნდა იმსჯელოს განსახილველი საქმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვაში არსებული საქმეთა იდენტურობის შესახებ და მხოლოდ აღნიშნული პროცესუალური მოქმედებების განხორციელების შემდეგ მიიღოს საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი