განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100117002084878
საქმე №1/ბ-228-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორების - დ----- ხ------–---–ის, დ----- კ-------–ის
ადვოკატების - კ----- ნ----–------ის, დ----- კ-----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–-- ზ-------ს ძე ზ-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, დ---------ს ქ. N19, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, დ---------ს ქ. N21;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებულილ განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----–-- ზ-------ემ ჩაიდინა:
- ორი პირის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120 -ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- განზრახ მკვლელობის მცდელობა;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში ტ---ს ქ. №10-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ-------ემ, პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, ხელის სახეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ნ------- ზ-------ეს და რ----- ზ-------ეს.
- 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში ტ---ს ქ. №10-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე, რ----–-- ზ-------ემ, პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, მჩხლეტავ -მჭრელი საგნის გამოყენებით, ბ---–--- ა----–--ეს გულმკერდის მარცხენა წინა გვერდის ზედაპირზე, მეათე ნეკნთაშუა სივრცეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გულის პარკუჭის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება. შემთხვევის შემსწრე პირების მიერ მოხდა გაშველება, რითაც რ----–-- ზ-------ეს ხელი შეეშალა თავისი მიზნის ბოლომდე შესრულებაში, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ბ---–--- ა----–--ე გადაურჩა სიკვდილს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით რ----–-- ზ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით -თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----–-- ზ-------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ივლისიდან.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
2.1. აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებები, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო თავად მსჯავრდებული, ის მივიდა დაზარალებულთან ოჯახში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა, ხოლო შემდეგ იმ მოტივით, რომ ბ---–--- ა----–--ემ გააშველა ისინი და დაიჭირა საპირისპირო მხარე, მსჯავრდებულმა დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას და სამედიცინო ჩარევის შედეგად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების მოთხოვნებიდან, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.
2.2. აპელანტი - მსჯავრდებული რ----–-- ზ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენში იმ მიმართებით, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება შეიცვალოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მუხლით დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. სასამართლოს არ დაუდგენია დანაშაულის ჩადენის მოტივი. მკვლელობის მცდელობის სუბიქტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მისი ქმედების სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირება და ამ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა აშკარად უკანონოა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორს დ----- ხ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს, დ----- კ-----ეს და კ----- ნ----–------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ ბ---–--- ა----–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს იგი იმყოფებოდა დის ლ-----ა ა----–--ის ოჯახში სტუმრად და შეესწრო რ----–-- ზ-------ესა და რ----- ზ-------ეს შორის მომხდარ ჩხუბს, იგი ამ დროს იჯდა საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ ავტომანქანაში და დაინახა, რომ რ----- ზ-------ე ჩაიკეცა, ამიტომ მივიდა მათ გასაშველებლად, გააშველა ისინი და რ----–-- ზ-------ეს ჩაუდგა წინ. ამ დროს გაიგონა რ----- ზ-------ის ყვირილი ფრთხილად რ----–--ს ხელში დანა აქვსო, მაგრამ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, რ----–-- ზ-------ემ ისე სწრაფად დაარტყა მას გულმკერდის არეში და დაჭრა.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ზ-------ემ განაცხადა, რომ მიწასთან დაკავშირებით ძმასთან ჰქონდა უთანხმოება, 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, სადაც სტუმრად მივიდა რძლის ძმა ბ---–--- ა----–--ე, რომელსაც სურდა რ-----ის წაყვანა, იმავდროულად მათთან მივიდა ზ------ და რ----–-- ზ-------ეები, რ----–--ი პირდაპირ გადავიდა შეურაცხყოფაზე და შეტევაზე, თუ რატომ აპირებდნენ სადაო მიწაზე გადასვლას. აღნიშნულს მოჰყვა კამათი, რა დროსაც რ----–--იმ მას უთხრა, რომ თუ იქ დაინახავდა მისულს, მოკლავდა, ფეხებს დაამტვრევდა, რ----–--იმ მოულოდნელად ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, ამ დროს შუაში ჩადგა მისი შვილი, რ----- ზ-------ე, რომელსაც რ----–--იმ ასევე დაუწყო ჩხუბი და სხეულზე რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ გასაშველებლად მივიდა ბ---–---ი და რ-----ი. მოწმის განმარტებით, ბ---–--- ა----–--ე დაჭრა რ----–-- ზ-------ემ, მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის სისხლიანი საგანი, ბ---–--- ა----–--ის დაჭრა მოხდა იმ დროს, როდესაც იგი გაშველების მიზნით ჩაუდგა წინ რ----–-- ზ-------ეს.
მოწმე უ---- წ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გადის მაღალი ძაბვის ქსელები ბათუმი-ახალციხის სახელმწიფო პროგრამით, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უხდის კომპენსაციი სახით 102 000 ლარს; იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საცხოვრებელი, მეუღლემ მიმართა ზ------ ზ-------ეს და სთხოვა დროებით, სანამ მიწის ნაკვეთს შეიძენდა და ააშენებდა სახლს, ესარგებლა მისი საკარმიდამო ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომელსაც წლების განმავლობაში 1994 წლიდან ამუშავებდა მისი ოჯახი. მაზლმა თავიდანვე გამოხატა უკმაყოფილება და მათ შორის ერთ წელზე მეტია ჩამოვარდა უთანხმოება. 2017 წლის 30 ივნისს, ჩვეულებრივად ოჯახის წევრები იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 15:00 საათზე ნ-------ი წავიდა ძმასთან ზ------თან მოსალაპარაკებლად, რომ დროებით დაეთმოთ მიწის ნაკვეთი, დაახოებით 15-20 წუთში მობრუნდა სახლში კმაყოფილი და თქვა, რომ ძმამ დართო ნება იქ გადასვლის და ცხოვრების. დაახლოებით 21:00 საათისთვის მათთან სტუმრად მივიდა ბეგრალ ა----–--ე. ბ---–---ის მისვლიდან ნახევარ საათში მოვიდნენ ზ------ ზ-------ე და მისი შვილი რ----–--ი, რომლებმაც უხეშად მიმართეს ნ-------ს, წაკამთდნენ ერთმანეთში, რ----–--ი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და იწევდა ნ-------ისკენ, ნ-------ი ექაჩებოდა თავის შვილს გაშველების მიზნით, მან რამდენიმე მეტრით შეძლო რ----–--ის გაყვანა, მაგრამ ამ დროს ის უეცრად დაუსხლტა მამას ხელიდან, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჭიშკირისაკენ და სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა რ----- და ნ------- ზ-------ეს მუშტი, ეს დაინახა ბ---–--- ა----–--ემ, გადმოვიდა ავტომანქანიდან, მივიდა მათთან გაშველების მიზნით, მას არდაუნახავს დანის დარტყმის მომენტი, თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის საგანი და ამ დროს დაიძახა ბ---–--- ა----–--ემაც ,,ვაიმე დამჭრესო’’. მოწმის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ ბ---–--- ა----–--ე არ მონაწილეობდა ჩხუბში და მხოლოდ გაშველებაში მიიღო მონაწილეობა.
მოწმე რ----- ზ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ივნისს დაახლოებით 21:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, სტუმრად ჰყავდა ცოლის ძმა ბ---–--- ა----–--ე, მასთან ასევე სტუმრად მივიდნენ ბიძაშვილები, მამა-შვილი ზ------ და რ----–-- ზ-------ეები, მოწმის განმარტებით, მათ ზ------ ზ-------ის ოჯახთან მიწის გამო ჰქონდა უთანხმოება, მათ ეზოში შემოვლისთანავე, რ----–--მა მამამის უთხრა, მიწა ჩვენია, შენ არ გეკუთვნისო, დაუწყო გინება და მუქარა, რასაც მამამისის რეაქციაც მოჰყვა, რ----–--ი უფრო აგრესიული გახდა, მან მოულოდნელან მამამისს, ნ-------ს ხელი დაარტყა სახეში, იგი მივარდა გასაშველებლად, რა დროსაც მასაც დაარტყა ხელი რ----–--იმ, ამის გამო მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, ამ დროს მათთან გასაშველებლად მოვიდა ბ---–--- ა----–--ე, მან გვერდზე გამოიყვანა რ-----ი. მოწმის განმარტებით ამ დროს მან დაინახა, რომ რ----–--ს მარჯვენა ხელში დანა ეჭირა, რომელიც ბ---–--- ა----–--ეს მარცხენა მხარეს ნეკნებს ქვემოთ დაარტყა, რის გამოც ბ---–---ი ჩაიჩოქა, რ----–--ი კი გაიქცა.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----ა ა----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ბ---–--- ა----–--ე დაჭრა რ----–-- ზ-------ემ. მისი განმარტებით, მართალია მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა რ----–-- ზ-------ეს დაუნახა ხელში მეტალის საგანი - სავარაუდოდ დანა; მისივე განმარტებით, მისმა დედამთილმა დაინახა პირველად დანა და დაიძახა, ფრთხილად რ----–-- ზ-------ეს დანა აქვსო და ამას მოჰყვა ბ---–--- ა----–--ის დაჭრა.
ქ. ბათუმში, ი. ბ-----–---–ის სახელობის ცენტრ მედინაში მომუშავე მედდის, თ. ბ---–----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე რეანიმაციულ განყოფილებაში მიღებულ იქნა პაციენტი 26 წლის ბ---–--- ა----–--ე, რომელსაც ტანსაცმლზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო ტანსაცმლის გახდის შემდეგ, მას მარცხენა მხარეს გულმკერდის წინა მხარეს აღენიშნებოდა ჭრილობა და სდიოდა სისხლი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის №--------- სამედიცინო დასკვნით დგინდება, რომ ბ---–--- ა----–--ეს აღენიშნებოდა გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა პარკუჭის დაზიანებით, ჰემოპერიკარდიუმი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ექპერტიზის დასკვნით დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 30 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოწითალო შეფერილობის ლაქის ნიმუშები გრუნტიანი გზის ზედაპირიდან, ასევე აღმოჩენილ იქნა პატარა ზომის მუქი შეფერილობის ქსოვილი თეთრი პატარა ზომის წერტილებით, სათვალე დაზიანებულ მდგომარეობაში, მობილური ტელეფონი და ნაბეჭდი ქაღალდი, რაც დასურათდა ადგილზევე და დაილუქა.
2017 წლის 1 ივლისის ამოღების ოქმით ქ. ბათუმში დ---------ის 19-ში მდებარე მოწმე ო---- ზ-------ისაგან ამოღებული იქნა რ----–-- ზ-------ის და ზ------ ზ-------ის კუთვნილი ტანსაცმელი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 აგვისტოს №--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სეროლოგიური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ტ---ს ქ. №15-ის მიმდებარედ აღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე რ----–-- ზ-------ის მოკლემკლავებიან პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და ბ---–--- ა----–--ის პერანგზე, ქვედა საცვალზე და მოკლე შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომლებიც ეკუთვნის ბ---–--- ა----–--ეს.
მსჯავრდებულმა რ----–-- ზ-------ემ გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, იგი აღიარებული და დაცულია არა მარტო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. განზრახ მკვლელობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობას, აუცილებელია ბრალდებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგობის და ბრალეულობის დადგენა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით და ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით; ასევე, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ადგილი ექნება აღნიშნული დანაშაულის მცდელობას.
სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვში შეფასება საფუძველია იმისა, რომ სასამართლოს დაედგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში ტ---ს ქ. №10-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე რ----–-- ზ-------ემ, პირადი უთანხმოების საფუძველზე მის მიერ დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, მჩხლეტავ -მჭრელი საგნის გამოყენებით, ბ---–--- ა----–--ეს გულმკერდის მარცხენა წინა გვერდის ზედაპირზე, მეათე ნეკნთაშუა სივრცეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გულის პარკუჭის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება. შემთხვევის შემსწრე პირების მიერ მოხდა გაშველება, რითაც რ. ზ-------ეს ხელი შეეშალა თავისი მიზნის ბოლომდე განხორციელებაში, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ბ---–--- ა----–--ე გადაურჩა სიკვდილს.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ქმედება სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სახეზეა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და პირად ურთიერთობათა საფუძველზე აღმოცენებული განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო რ----–-- ზ-------ე, ის თავად მივიდა დაზარალებულთა ოჯახში, მიაყენა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; სასამართლო კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას დაზარალებულ ბ---–--- ა----–--ის ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ ის შეესწრო რ----–-- ზ-------ის და რ----- ზ-------ის ჩხუბს, მივიდა მათთან გასაშველებლად, მათ ჩაუდგა წინ, რა დროსაც რ----–-- ზ-------ემ მას გულმკერდის არეში დაარტყა დანა. რ----–-- ზ-------ის მიერ ბ---–--- ა----–--ის დაჭრის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა: ნ. ზ-------ემ, უ. წ-----–--ემ, ლ. ა----–--ემ. სააპელაციო პალატა ასევე ყურდღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ბ. ა----–--ეს აღენიშნებოდა გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა პარკუჭის დაზიანებით, ჰემოპერიკარდიუმი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი ირკვევა, რომ სეროლოგიური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ტ---ს ქ. №15-ის მიდებარედ აღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე რ.ზ-------ის მოკლემკლავებიან პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და ბ. ა----–--ის პერანგზე, ქვედა საცვალზე და მოკლე შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლებიც ეკუთვნის ბ.ა----–--ეს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებილის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ა----–--ის ეპიზოდი), რომ რ. ზ-------ეს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს ამ მოსაზრებების საფუძვლიანობას. სასამართლო კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ბ. ა----–--ემ მოჩხუბრები გააშველა, შესაბამისად არც დანის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გაშველების შემდეგ რ----–-- ზ-------ეს არავინ აყენებდა შეურაცხყოფას და მას არ ემუქრებოდა რაიმე საფრთხე, რ----–-- ზ-------ემ სწორედ გაშველების შემდგომ ამოიღო დანა ჯიბიდან და ბ---–--- ა----–--ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მსჯავრდებულის განზრახვის შეფასებებისას, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს დაზიანებათა სიმძიმეს, ბ. ა----–--ის სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას მიყენებულ დაზიანებებს, ასევე მსჯავრდებულის ქცევას დანაშუალის ჩადენის შემდეგ - იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ბ. ა----–--ე სიკვდილს გადაურჩა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად და სასიკვდილო შედეგი არ დადგა რ. ზ-------ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს რ----–-- ზ-------ის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ რ----–-- ზ-------ემ ჩაიდინა ბ---–--- ა----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- ზ-------ის მიმართ, სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი მისი ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
აქვე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ----–-- ზ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით სადაოდ არ არის მიჩნეული.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივარს რ----–-- ზ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულს აპატია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს ავადმყოფი მშობლები და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა და შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----–-- ზ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით .
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----–-- ზ-------ეს დანაშაულთ ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ----–-- ზ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - მოწითალო ლაქის ნიმუშები განადგურდეს; მობილური ტელეფონი და ნაბეჭდი ქაღალდი, სათვალე, პატარა ზომის ქსოვილი, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან ამოღებული ბ---–--- ა----–--ის ტანისამოსი (პერანგი, საცვალი, მოკლე შარვალი), ზ------ ზ-------ის შარვალი, რ----–-- ზ-------ის პერანგი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს; ბ---–--- ა----–--ის სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, სამი ცალი კომპაქტდისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით .
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე