განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002483473
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/395-19 07 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მა-------------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „სო----------რ“
წარმომადგენელი - თო------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „სო----------რის“ წინააღმდეგ მიმართა და მისთვის 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული N--- ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 7 532.90 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „სო----------რს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N--- დაიდო, რომლითაც შპს „სო----------რმა“ ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება აიღო. ხელშეკრულების ღირებულება 75 329 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 17-20, 21-23).
6. შპს „სო----------რმა“ 2018 წლის 15 თებერვლის N–---------- წერილით მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პროდუქტი, კერძოდ, დანართის პოზიცია N1-ით განსაზღვრული Z------------------- მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლებელი იყო და ამ საფუძვლით ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა მოითხოვა (ს.ფ. 24-28).
7. 2018 წლის 15 თებერვლის N–---------- წერილის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, N--- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით დააკისრა (ჯამში - 7 532.90 ლარი).
2018 წლის 21 თებერვლის N------ წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა ეთხოვა. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა (ს.ფ. 29 - 30).
8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N---- განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის 29 ნოემბრის N--- ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო შავ სიაში დარეგისტრირდა (ს.ფ. 74-77).
9. შპს „სო----------რმა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემკვეთს 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრონები და აქსესუარები ვერ მიაწოდა (ს.ფ. 1-53, მხარეთა ახსნა განმარტება).
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „სო----------რისთვის“ აპელანტის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 000 ლარამდე მართებულად შემცირდა და მისი შემსრულებლისთვის სრულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, მაშინ როდესაც არ არსებობს ვალდებულების დარღვევა, ვერც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები იარსებებს.
საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევა/შეუსრულებლობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითებდა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა აპელანტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების შედეგი იყო. კერძოდ, მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასათვალისწინებელი გარემოებები და მათ შორის არის ბაზრის კვლევის შედეგები. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო ჩაატარებდა ბაზრის კვლევას ნათელი გახდებოდა, რომ იმ კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, რომლებიც ტენდერის ობიექტს წარმოადგენდა, შეუძლებელი იყო. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებდა აპელანტი მხარე და აცხადებდა, რომ მოპასუხე საწარმოს, როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მოეძიებინა ინფორმაცია, დაკავშირებოდა მწარმოებლებს და გაერკვია სადავო დრონებისა და აქსესუარების საქართველოში შემოტანას შეძლებდა თუ არა. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო მხარეს მხოლოდ ვალდებულების ბრალეული დარღვევის შემთხვევაში უნდა დაეკისროს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს სწორედ იმ გარემოების დადგენა წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თუ არა მხოლოდ შპს „სო----------რის“ ბრალეული ქმედებით.
11. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმგვარი გარიგებების სპეციფიურობას, რომელშიც კონტრაჰენტად სახელმწიფო გვევლინება. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა ამ შემთხვევაში გამოსავალი სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას უნდა მიენიჭოს ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1184-1145-2016).
ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) განსაზღვრა; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზეც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია; ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. პალატა განმარტავს, რომ ხსენებული კანონი შეძლებისდაგვარად ამომწურავად ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომლებიც შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს, ანუ ადგილი აქვს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება, კერძოდ მინიმუმამდე დაჰყავს სატენდერო პირობების იმგვარი ფორმით ჩამოყალიბება, რომლებიც პრეტენდენტისთვის ობიექტურად შეუძლებელს გახდის ვალდებულების შესრულებას, გააძნელებს პრეტენდენტის მოპოვებას ან/და სხვაგვარად შეუშლის ხელს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. ჩამონათვალში ერთ-ერთ წინაპირობას შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის ჩატარება წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ტენდერში მონაწილე მხარეს ივარაუდება, რომ აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფოსადმი, იგი დარწმუნებულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის მოკვლევა განხორციელებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს არ შეიძლება შეექმნას ეჭვი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ობიექტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის შეუძლებლობის შესახებ.
12. სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა სადავო არ არის, თუმცა მოპასუხე მხარე მიუთითებს მასზედ, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურად განხორციელებადი არ იყო, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ობიექტის (კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონი) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა შეუძლებელი იყო. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ბრუნდება სახელმწიფოზე და სწორედ მან უნდა ამტკიცოს გარემოება მასზე, რომ ბაზრის კვლევა საფუძვლიანად იყო ჩატარებული, მითითებული ფირმისა და მოდელის დრონების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო და იგი მოპასუხის ბრალეული მოქმედების შედეგად ვერ განხორციელდა. საქმის მასალებში სამინისტროს მიერ ბაზრის კვლევის შედეგები წარმოდგენილი არ არის, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სამინისტრომ მითითებული ფირმისა და მოდელის დრონები სხვა გზით მოიპოვა ან/და გამოაცხადა იდენტური ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ხსენებული ტექნიკის საქართველოში შემოტანა განხორციელდა. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სრულად ვერ დასძლია.
რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მას უნდა ემტკიცებინა ის გარემოება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მთლიანად მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგი იყო. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალების თანახმად, მიმწოდებლისთვის სატენდერო წინადადების წარდგენამდე ცნობილი იყო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა სატენდერო დოკუმენტაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოეთხოვა სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და საკუთარი შესაძლებლობის შეფასების შემდგომ წარედგინა ან არ წარედგინა სატენდერო წინადადება. ამასთან, თუ იგი თვლიდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო არასწორად, მას შეეძლო აღნიშნული გაესაჩივრებინა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რაც მას არ განუხორციელებია. მიმწოდებელი მის 2018 წლის 15 თებერვლის წერილში თავადვე უთითებდა, რომ არც შემსყიდველმა ორგანიზაციამ და არც მან არ გადაამოწმა მწარმოებელი კომპანიის პოზიცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, მეტი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში საწარმო თავიდან აიცილებდა იმ ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას, რომლის შესრულებასაც მოგვიანებით ვერ შეძლებდა.
13. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 000 ლარამდე შემცირებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს არა უბრალოდ მაღალი, არამედ მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ აპელანტმა სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის შედეგები, მოგვიანებით კი, აღმოჩნდა, რომ მოპასუხე საწარმოს ხელშეკრულებით შეთანხმებული კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეეძლო, ასევე, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმომ არ გამოიჩინა საჭირო გულმოდგინება და წინდახედულობა, არ შეამოწმა სატენდერო პირობებში მითითებული ობიექტების ხელმისაწვდომობა პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო. აღნიშნული დასკვნის საფუძველს გარდა წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი მსჯელობისა, ასევე ქმნის საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც იკვეთება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს შესთავაზა უფრო მაღალფასიანი ტექნიკის სატენდერო ფასად მიწოდება რაზეც სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნული მოწმობს, რომ მოპასუხე მხარე კეთილსინდისიერად იქცეოდა და ვალდებულების შესრულების ალტერნატიული გზების მოძიებას ცდილობდა. გარდა ამისა, საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 მაისის განკარგულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოპასუხე საწარმო დროებით შავ სიაში დარეგისტრირდა, ანუ გარკვეული სანქცია ვალდებულების დარღვევისთვის მას უკვე დაეკისრა და დამატებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სრული ოდენობით დაკისრება გასცდება იმ მიზანს, რომელსაც მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ემსახურება და სადამსჯელო ღონისძიებად იქცევა, რაც სასამართლოს უქმნიდა შესაძლებლობას გამოეყენებინა მის ხელთ არსებული დისკრეცია და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა ვერ დაასაბუთა, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე და 46-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია