განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
020100218700057300
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100218700057300

საქმე №1/ბ-211-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის – მარინა მაკარიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ-------- ჯ----ის

მსჯავრდებულის – ი----- ხ----ს

ადვოკატის – რ----- კ--------ს

დაზარალებულების _ ც---–- გ-----ს, მ------ ჩ-----ის და მ------- ჩ-----ის

დაზარალებულების წარმომადგენლის _ მ---–---- ჩ-----–---ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი----- ხ----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №5------) ი----- ხ----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ----------------------------–-----–-–----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ი----- ხ----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ----------------------------–-----–-–----–- მცხოვრები ი----- ხ---- 2007 წლის 20 ივნისს დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირს, რა დროსაც მათ განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ზ----------------------------–------––- მცხოვრები ც---–- გ-----ს ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი იმავე დღეს შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, დანებით და სახეზე ნიღაბაფარებულები, დაახლოებით 21:00 საათზე, მივიდნენ ც---–- გ-----ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს შიგნით და იქედან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ყაჩაღურად გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, კერძოდ: ც---–- გ-----ს კუთვნილი ოქროს ყელსაბამი, ღირებული 150 ლარად; წნევის საზომი აპარატი ფონეიდოსკოპით, ღირებული 20 ლარად; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 4--------------, სააბონენტო ნომრით 8-----------, ღირებული 50 ლარად; 1300 რუსული რუბლი; მ------- ჩ-----ის „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით 3--------------, სააბონენტო ნომრით 8-----------, ღირებული 350 ლარად; ყავისფერი საფულე, ღირებული 30 ლარად; სამი ცალი ჩინური მონეტა, თითო ღირებული 5 ლარად; მ------ ჩ-----ის კუთვნილი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, ღირებული 1800 ლარად; ბაჯაღლოს ბეჭედი, ღირებული 400 ლარად; ოქროს კულონი ბრილიანტის და ზურმუხტის თვლებით, ღირებული 1000 ლარად; ფულადი თანხა 130 აშშ დოლარის და 700 რუსული რუბლის ოდენობით; სამი 10 რუბლიანი რკინის მონეტა; ორი 2 რუბლიანი რკინის მონეტა და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით 3---------------, ღირებული 400 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2007 წლის 03 აგვისტოს ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ ამოღებული იქნა ც---–- გ-----ს საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული „ნოკიას“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონის აპარატი, იმეის ნომრებით 4-------------- და 3--------------.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

ი----- ი-----ს ძე ხ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, ი----- იურის ძე ხ----ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი----- ი-----ს ძე ხ----ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

 

ი----- ი-----ს ძე ხ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -დაპატიმრება გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეის ნომრით 3--------------, განკარგვის უფლებით გადაეცა დაზარალებულ მ------ ჩ-----ს, ხოლო „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეის ნომრით 4--------------, განკარგვის უფლებით გადაეცა დაზარალებულ ც---–- გ-----ს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით:

 

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ი----- ხ----ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 09 წლის და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 07 წლით, 01 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

სხვა ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი----- ხ----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ც---–- გ-----ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონები ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ქ.ზუგდიდში და მისთვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, რომ ისინი მოპარული იყო. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი----- ხ----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- კ--------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-------- ჯ----ემ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი----- ხ----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგენილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა და საქმეში არ მოიპოვება პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ი----- ხ----ს ბრალეულობას ყაჩაღობის ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში გაკეთებულ დასკვნებს მსჯავრდებულ ი----- ხ----ს ბრალეულობის თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და მისი დამნაშავედ ცნობისას.

 

ი----- ხ----ს ბრალეულობის დასადასტურებლად გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად ეფუძნება დაზარალებულების _ ც---–- გ-----ს, მ------- ჩ-----ის და მ------ ჩ-----ის ჩვენებებს, ც---–- გ-----ს და მ------ ჩ-----ის მიერ ი----- ხ----ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმსა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონების დაზარალებულების მიერ ამოცნობის ოქმებს, რომლებიც მიუთითებენ ზოგადად დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე, თუმცა უტყუარად ვერ ადასტურებენ კონკრეტული პირის _ ი----- ხ----ს ბრალეულობას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ც---–- გ-----მ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2007 წლის 20 ივნისს, ის შვილებთან _ მ------ და მ------- ჩ-----ებთან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ზ----------------------------–------––-. დაახლოებით 22 საათზე, ისინი აივანზე იყვნენ, რა დროსაც უკანა მხრიდან მივიდა ხუთი კაცი და ყველანი შეიყვანეს მისაღებ ოთახში. სამი მათგანი მათ შეჰყვა, ხოლო ორი გარეთ დარჩა. თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს და სკამზე მიაბეს. ისინი ფულს და ოქროულობას ითხოვდნენ. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ავტომატი, რომელსაც ერთმანეთს გადასცემდნენ. მათ წაიღეს მისი ოქროს ყელსაბამი, ღირებული 250 ლარად, წნევის საზომი აპარატი ფონეიდოსკოპით, ღირებული 20 ლარად, 1300 რუსული რუბლი და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით ნომერი 8-----------, ღირებული 50 ლარად. თავდამსხმელთაგან ერთი იყო ოდნავ მსხვილი, მეორე იყო მაღალი, ხოლო მესამე _ საშუალო სიმაღლის. დაზარალებულ ც---–- გ-----ს განმარტებით, მათი ამოცნობა შეეძლო ხმით. ერთ-ერთი იყო ჩლიფინა, ხოლო გარეთ მყოფების აღწერა არ შეეძლო.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენამდე დაზარალებული ც---–- გ----- დაიკითხა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ მ.შ-----–--ს მიერ, რა დროსაც მან განმარტა, რომ თავდამსხმელების ამოცნობა შეეძლო, ვინაიდან, მათ ჰქონდათ თხელი ნიღბები ფართო ჭრილით, საიდანაც ჩანდა სახის ნაკვთები. ერთ-ერთი მათგანი ზოგჯერ იხსნიდა ნიღაბს. ისინი 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მასთან სახლში და მაშინ დაიმახსოვრა მათი სახეები, სწორედ ამ ნიშნებით შეეძლო მათი ამოცნობა. ფოტოსურათების წარდგენის შემდგომ, გამომძიებლის შეკითხვაზე, ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათებს შორის ხომ არ იყო ის პიროვნება, რომელიც 2007 წლის 20 ივნისს ყაჩაღურად დაესხა თავს მის ოჯახს, დაზარალებულმა ც---–- გ-----მ განაცხადა, რომ №2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი (ი----- ხ----) იყო ის, ვინც სხვა პირებთან ერთად ყაჩაღურად დაესხა თავს მის ოჯახს. ის ამოიცნო თვალების მოყვანილობით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ვიზუალური დაკვირვებით. მას ჰქონდა თხელი ნიღაბი და თვალებზე ჰქონდა ფართო ჭრილი, საიდანაც ჩანდა თვალის ფერი, კანის ფერი, სახის ნაკვთები და მოყვანილობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ც---–- გ-----მ აჩვენა, რომ 2007 წლის 20 ივნისს, შებინდებისას ის და მისი ქალიშვილები აივანზე ისხდნენ, რა დროსაც უეცრად ალყა შემოარტყათ ხუთმა პიროვნებამ, რომლებსაც სამხედრო ფორმები ეცვათ და სახეზე ნიღბები ჰქონდათ აფარებული. ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ, ი----- ხ----ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო დანარჩენები დანებით იყვნენ შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ისინი სახლში შეიყვანეს და პირი სკოჩით აუკრეს. მათ მის შვილს, მ------ ჩ-----ს მოხსნეს ბაჯაღლოს ბეჭედი, ასევე წაიღეს ოქროს ცეპი, ძვირადღირებული ბრილიანტის საყურე და ზურმუხტის თვლიანი კულონი. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს პოლიციას და მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. პროკურორის შეკითხვაზე დაზარალებულმა ც---–- გ-----მ განმარტა, რომ გამომძიებელმა ამოსაცნობად წარუდგინა 4 ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო ი----- ხ----, რომელსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ის ამოიცნო სახით, მას ნიღაბი ქვემოთ ჩამოსდიოდა და სახე უჩანდა. ჩანდა, რომ იყო წითური, დაბალი ტანის და მსუქანი.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ც---–- გ-----მ უარყო პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება ყაჩაღობაში ი----- ხ----ს მონაწილეობის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ უკანასკნელის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და განაცხადა, რომ მასთან სახლში შესული იყო სამი მამაკაცი, სამივეს ნიღბები ჰქონდათ აფარებული და სახეები არ უჩანდათ. მათ წაიღეს ფული, მისი და მისი შვილების კუთვნილი სამკაულები, სამი ცალი მობილური ტელეფონი და წნევის საზომი აპარატი. თავდამხმელები მათთან 2-3 საათის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ მათი სახეები არ დაუნახავს. მათგან ერთ-ერთი იყო საშუალო ტანის, ჰქონდა მრგვალი დიდი თავი და პატარა ზომის ფეხი, სახე არ უჩანდა, რადგან ნიღაბი ეკეთა და ავტომატისმაგვარი რაღაც ეჭირა ხელში. ნიღაბი შავი ფერის იყო, საიდანაც თვალები მოჩანდა. იგი ხშირად ისწორებდა ნიღაბს და ამ დროს ჩანდა, რომ წითური სახე ჰქონდა. ხელებზე და კისერზე ჭორფლივით ლაქები ემჩნეოდა. მისი სახე მთლიანად არ დაუნახავს, მაგრამ როდესაც ნიღაბს გასწევდა, ხედავდა, რომ წითური სახის კანი ჰქონდა. როდესაც ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათებს შეხედა და ნახა, რომ ერთს დიდი თავი ჰქონდა, იფიქრა, რომ ალბათ ის იყო და ხელი დაადო. ადვოკატის შეკითხვაზე დაზარალებულმა ც---–- გ-----მ განმარტა, რომ ყაჩაღური თავდასხმა საღამოს რვა საათზე მოხდა, რა დროსაც შუქი არ იყო და სახლში სანთლები ენთო. მანვე კატეგორიულად განაცხადა, რომ პატიმარი ი----- ხ---- არ არის ის მამაკაცი, რომელიც ყაჩაღობის დროს იმყოფებოდა მასთან სახლში და იგი საერთოდ არ ჰგავს მის მიერ აღწერილ თავდამსხმელს, რომელსაც ხელებზე და კისერზე წითელი ფერის ლაქები ჰქონდა.

 

დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2007 წლის 20 ივნისს, ის და მისი და სტუმრად იმყოფებოდნენ დედასთან _ ც---–- გ-----სთან, ზ----------------------------–------––-. დაახლოებით 21 საათზე მათ თავს დაესხნენ სახეზე ნიღაბაფარებული პირები, რომელთაგან ერთ-ერთს ავტომატი ჰქონდა. თავდამსხმელებმა ისინი მისაღებ ოთახში შეიყვანეს, ხელ-ფეხი „სკოჩით“ შეუკრეს, სამივე სკამებზე მიაბეს და ფული და ოქროულობა მოსთხოვეს. თავდამსხმელებმა გაიტაცეს ოქროს სამკაულები, ფული, რკინის მონეტები და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები. დაზარალებულ მ------ ჩ-----ის განმარტებით, პირველი, რომელსაც ავტომატი ეჭირა, იყო სუსტი, მხრებში ოდნავ მოხრილი, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის. მას სახეზე ჰქონდა თხელი ნიღაბი, თვალების ადგილას ფართოდ ამოჭრილი, საიდანაც თვალებთან ერთად ჩანდა სახის კანი წითელი, ოდნავ მოგრძო კეხიანი ცხვირი და სწორედ ამ ნიშნებით შეეძლო მისი ამოცნობა. მეორე იყო საშუალო სიმაღლის, სუსტი ხელებით, სუსტი აღნაგობის, სახეზე ჰქონდა ნიღაბი, იყო ჩლიფინა, ხელებზე ემჩნეოდა რომ იყო ქერა, ქერა თვალებით. ვიაზუალური დაკვირვებით ხმით შეეძლო მისი ამოცნობა. მესამე იყო მსუქანი, მას ჰქონდა თხელი ნიღაბი, ნახევრად გახსნილი, რომელიც ლაპარაკის დროს ხელს უშლიდა და იწევდა. ჰქონდა მრგვალი სახე, წითელი ლოყები, წვრილი ოდნავ მოკეხო ცხვირი, ვიზუალური დაკვირვებით შეუძლია მისი ამოცნობა. იგი იქნებოდა დაახლოებით 165 სმ სიმაღლის, ეცვა პატარა ფეხსაცმელები და ჰქონდა ღიპი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენამდე დაზარალებული მ------ ჩ-----ი დაიკითხა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ მ.შ-----–--ს მიერ, რა დროსაც მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ჰქონდათ, მათი ამოცნობა შეეძლო თვალებით, სახის მოყვანილობით, რომელიც შესამჩნევად ემჩნეოდათ ნიღბებიდან, ფართოდ ჰქონდათ თვალებზე ამოჭრილი, ზოგჯერ ნიღბებს ისწორებდნენ სახეზე, იხსნიდნენ. იგი მათთან კონტაქტში შევიდა და მაშინაც ახერხებდა მათი სახის დანახვას და დამახსოვრებას. ფოტოსურათების წარდგენის შემდგომ, გამომძიებლის შეკითხვაზე, ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათებს შორის ხომ არ იყო ის პიროვნება, რომელიც 2007 წლის 20 ივნისს ყაჩაღურად დაესხა თავს მის ოჯახს, დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა განაცხადა, რომ №4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი (ი----- ხ----) იყო ის, ვინც 2007 წლის 20 ივნისს სხვა პირებთან ერთად ყაჩაღურად დაესხა თავს მის ოჯახს. იგი ამოიცნო თვალებით ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, ცხვირით, ვინაიდან, ხშირად ისწორებდა ნიღაბს, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭრილი და იყო თხელი, საიდანაც ჩანდა კანის ფერი. ამ დროს აკვირდებოდა მას და სწორედ ამ ნიშნებით ამოიცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ მან ფოტოსურათით ამოიცნო ი----- ხ---- და დარწმუნებულია, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი. დაამახსოვრდა მისი განსაკუთრებული სიცილი. თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღი სხვას ჰქონდა და მერე გადასცა ი----- ხ----ს, ხოლო სხვა თავდამსხმელებს დანები ჰქონდათ.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა აჩვენა, რომ თავდამსხმელთაგან ერთს ეკავა ავტომატი, ხოლო სხვებს დანები. თავდაპირველად ავტომატი ჰქონდა ახალგაზრდა მაღალ გამხდარ ბიჭს, რომელმაც შემდეგ გადასცა იგი მსუქან ბიჭს. თავდამსხმელებს ქუდისგან გაკეთებული ნიღბები ეკეთათ, რომლებიც თვალის და პირის ადგილას იყო ამოჭრილი. ერთ-ერთს უფრო თხელი ქუდი ჰქონდა, საიდანაც ჩანდა დიდი კეხიანი ცხვირი. იგი ლაპარაკის დროს ჩლიფინებდა, შეიძლება კბილი არ ჰქონდა ან ბუნებრივად იყო ასე. ხელებზეც ეტყობოდა, რომ ახალგაზრდა არ იყო. მეორე იყო ახალგზარდა მაღალი, მხრებში მოხრილი ბიჭი, რომელიც სახეზე საერთოდ არ დაუნახავს, ხოლო მესამე იყო მსუქანი, სწორი ცხვირით. მას ეს ქუდი ოდნავ დიდი ჰქონდა და აქეთ-იქეთ უტრიალდებოდა, რა დროსაც დაინახა მისი ლოყები და ტუჩები. იგი იყო თეთრ კანიანი და ღია ფერის თვალები ჰქონდა. თავდამსხმელებმა წაიღეს ოქროს სამკაულები, ფული, მონეტები, წნევის საზომი აპარატი და სამი ცალი მობილური ტელეფონი, მათ შორის, მისი და დედამისის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის და მისი დის კუთვნილი „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონები. გამოძიების მიმდინარეობისას მას აჩვენეს ოთხი პირის ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო ადამიანი, რომელზეც შემდეგ უთხრეს, რომ ი----- ხ---- იყო. იგი ჰგავდა ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელსაც ჰქონდა სწორი ცხვირი. ფოტოსურათზე ამოიცნო ის თავდამსხმელი, რომელსაც ჯერ არაფერი ეკავა და შემდეგ მისცეს ავტომატი. იგი ამოიცნო ლოყებით, ტუჩებით და ცხვირით. დაზარალებულ მ------ ჩ-----ის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილ პიროვნებას ყაჩაღობის დროს ეკეთა ნიღაბი, რომელიც ქუდი იყო და თვალების და პირის ადგილას იყო ამოჭრილი. მისი სახე მთლიანად არ დაუნახავს, მაგრამ ამ ამოჭრილი ადგილებიდან ცალ-ცალკე დაინახა ნაკვთები. როდესაც ნიღაბს ატრიალებდა, ეტყობოდა, რომ არ ჰქონდა დიდი ცხვირი, ნიღბის ტრიალის დროს ოდნავ დაინახა ცხვირის ნაწილი. ადვოკატის შეკითხვაზე დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა განმარტა, რომ იმ ღამეს შუქი არ იყო და სახლში სანთლები ენთოთ.

 

დაზარალებულმა მ------- ჩ-----მა წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2007 წლის 20 ივნისს, ის და მისი და იმყოფებოდნენ სტუმრად დედასთან, ზ----------------------------–------––-. დაახლოებით 21 საათზე აივანზე ისხდნენ, რა დროსაც უკნიდან მივიდა სამი სახეზე ნიღაბაფარებული პირი. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და დანები. ყველა ერთად შეიყვანეს მისაღებ ოთახში, დაკეტეს კარები, ხელ-ფეხი შეუკრეს, სკამებზე მიაბეს და მოსთხოვეს ფული და ოქრო. მათ წაიღეს მისი კუთვნილი „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 350 ლარად, რომელიც ჩართული ჰქონდა ჯეოსელის ქსელში, სააბონენტო ნომრით 8-----------. ასევე წაიღეს 30 ლარად ღირებული ყავისფერი საფულე, რომელშიც ედო სამი ჩინური მონეტა, ღირებული 5 ლარად. პირველი ყაჩაღი, რომელსაც თავიდან ავტომატი ეკავა, იყო სუსტი აღნაგობის, ქერა, წითელი, სახეზე ჰქონდა თხელი ნიღაბი თვალებზე ფართო ჭრილით. მას ჰქონდა ღია ფერის თვალები და მოგრძო ცხვირი. ვინაიდან იყო თხელი ნიღაბი, სახის ნაკვთებიც ჩანდა. ის იქნებოდა 40 წლამდე და გამოხატავდა აშკარა აგრესიას. მეორე იყო ძალიან გამხდარი, იქნებოდა 180 სმ-მდე სიმაღლის, მხრებში მოხრილი. სახეზე ჰქონდა ნიღაბი, თვალებზე ფართო ჭრილით, საიდანაც ჩანდა თვალები, სახის ფერი წითელი, კეხიანი ცხვირი, მოგრძო პირისახე. მესამე იყო წინაზე უფრო დაბალი, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, მსუქანი, ღიპიანი, მრგვალი პირისახით, წითელი მრგვალი გამოკვეთილი ლოყებით, მრგვალი თვალებით, თეთრ კანიანი, სახეზე მასაც ჰქონდა თხელი ნიღაბი, რომელიც ლაპარაკის დროს ხელს უშლიდა და ისწორებდა. სწორედ ამ დროს მოახერხა მისი სახის აღქმა, ასევე მას ჰქონდა სპეციფიკური სიცილი.

 

დაზარალებულმა მ------- ჩ-----მა განმარტა, რომ მას შეეძლო სამივე თავდამსხმელის ამოცნობა, თუმცა მის მიერ ი----- ხ----ს ფოტოსურათით ამოცნობა არ ჩატარებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ------- ჩ-----მა დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და დამატებით აჩვენა, რომ სხვა თავდამსხმელები ი----- ხ----ს ეკითხებოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ი----- ხ---- იყო საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი, ღიპით, მრგვალი სახე და თვალები ჰქონდა, ასევე ჰქონდა ღაბაბი. მისი სახე დაინახა, ვინაიდან, ნიღაბს დიდად ჰქონდა ამოჭრილი თვალის არე, საიდანაც სახე უჩანდა. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა ხელში, რომელსაც ხან ერთს გადასცემდა და ხან მეორეს. ადვოკატის შეკითხვაზე დაზარალებულმა მ------- ჩ-----მა განმარტა, რომ ი----- ხ---- ამოიცნო მისმა დამ და მისგან იცის, რომ ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ------- ჩ-----მა აჩვენა, რომ სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი იყო დაახლოებით 40 წლის, რომელსაც კეხიანი ცხვირი ჰქონდა, მეორე იყო სუსტი, მაღალი და ცოტა ბეჭებში მოხრილი, ხოლო მესამე იყო საშუალოზე დაბალი, მსუქანი, ღიპით. მას წითური სახე უჩანდა, მოყვანილობით ეტყობოდა, რომ მრგვალი სახის იყო და დიდი ცხვირი არ ჰქონდა. თავდამსხმელებს შავი ნიღბები ეკეთათ, რომლებიც პირის და თვალების ადგილას იყო ამოჭრილი. მათ წაიღეს სამი მობილური ტელეფონი, ოქროს ნივთები, ფული, მონეტები და წნევის აპარატი. დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა განმარტა, რომ არცერთი თავდამსხმელის მთლიანი სახე ნიღბის გარეშე არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ დაუნახავთ. ფოტოსურათით რომელიმე თავდამსხმელი შეიძლება ვარაუდით მიემსგავსებინა, მაგრამ ასი პროცენტით ვერ ამოიცნობდა.

 

მოწმე ლ----- თ-------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2007 წელს იგი მუშაობდა შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზ------–----ს ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2007 წლის ივლისის თვეში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ც---–- გ-----ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე იყო ი----- ხ---- და მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა გატაცებული მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები. ამის შემდეგ ჩატარდა ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ორი თუ სამი მობილური ტელეფონი.

 

მოწმე თ------ ჯ-----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში იგი მუშაობდა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზ------–----ს ქვეგანყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2007 წლის აგვისტოს თვეში მონაწილეობა მიიღო ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა 2 ცალი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

მოწმე ა---------მ, რომელიც ი----- ხ----ს ძმის ცოლია, წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ესწრებოდა პოლიციის მუშაკების მიერ მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რა დროსაც მისი მაზლის _ ი----- ხ----ს საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, რომლებიც მაშინ ნახა პირველად და მანამდე მათი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. სააპელაციო პალატის სხდომაზე კი მოწმე ა---------მ აჩვენა, რომ 2007 წლის 3 აგვისტოს, გამთენიისას, მათთან ოჯახში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაატარეს ჩხრეკა, რასაც თვითონ არ დასწრებია. ჩხრეკის დროს თავისი ოთახიდან არ გამოსულა და არც არავის შეუთავაზებია ჩხრეკაზე დასწრება. ჩხრეკა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა და მხოლოდ ი----- ხ----ს საძინებელი ოთახი გაიჩხრიკა. ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეს პირადად არ უნახავს, პოლიციელებს არც მისთვის და არც მისი მეუღლისთვის არაფერი უჩვენებიათ. მათ თქვეს, რომ ტელეფონები იპოვეს, რის შემდეგაც ჩხრეკა აღარ გაუგრძელებიათ.

 

მოწმე ვ-–-------- ხ----მ, რომელიც ი----- ხ----ს ძმაა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განცხადა საკუთარი ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

თავად მსჯავრდებულმა ი----- ხ----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია. რაც შეეხება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ მობილურ ტელეფონებს, ისინი ქ.ზუგდიდში შეიძინა იაფად _ 50 თუ 60 ლარად, მიიტანა სახლში და კარადაში შეინახა.

 

ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2007 წლის 03 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებელ მ.შ-----–--ს მიერ, ამავე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლების _ ლ---- ჩ-------ის და თ------ ჯ-----ს მონაწილეობით, ჩატარდა ჩხრეკა ზუგდიდის რაიონის სოფელ გ-------–-–ში მცხოვრები ი----- ხ----ს საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობებში. ჩხრეკის შედეგად ი----- ხ----ს საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა 2 ცალი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 4----------------- და 3---------------, ასევე სიმბარათის ჩასადები ბუდე, რომელზეც იკითხებოდა ციფრები _ 8--------.

 

საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ც---–- გ-----მ ამოიცნო ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დრო ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 4----------------- და განმარტა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი 2007 წლის 20 ივნისს იქნა გატაცებული მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს.

 

საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ც---–- გ-----მ ამოიცნო ი----- ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დრო ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით _ პირველ რიგში, მათი უტყუარობის, ხოლო შემდეგ მათი საკმარისობის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საყურადღებოა იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, პირის მსჯავრდება დაუშვებელია, როცა არ არსებობს დანაშაულში მისი მამხილებელი ეჭვის გამომრიცხავი შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილი იქნეს ვარაუდის საფუძველზე.

 

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის დაცული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ი----- ხ----ს მსჯავრდებისას ზემოაღნიშნული პრინციპული მნიშვნელობის მქონე ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები, ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან მიმართებით.

 

დავიწყოთ დაზარალებულების _ ც---–- გ-----ს და მ------ ჩ-----ის მიერ ი----- ხ----ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, რასთან დაკავშირებითაც ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: 1.აღნიშნული დაზარალებულები მომხდარ ყაჩაღობამდე საერთოდ არ იცნობდნენ ი----- ხ----ს და ის არც დანაშაულის შემდეგ უნახავთ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე, რაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ფოტოსურათით ამოცნობის დროს მათ ი----- ხ---- შეცდომით მიემსგავსებინათ ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის; 2.სამივე დაზარალებული ადასტურებს, რომ თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ჰქონდათ აფარებული, რომლებიც მხოლოდ თვალებისა და პირის ადგილას იყო ამოჭრილი, რის გამოც მთლიანობაში არცერთის სახე არ დაუნახავთ. ნიღბის ჭრილებიდან დანახული ცალკეული ნაკვთების მიხედვით პირის ფოტოსურათზე ამოცნობა კი პალატას არასარწმუნოდ მიაჩნია; 3.ც---–- გ-----ს და მ------ ჩ-----ის მიერ ი----- ხ----ს ამოცნობა ეჭვს იწვევს იმ მხრივაც, რომ მათ ფოტოსურათით ამოიცნეს თავდამსხმელი, რომელიც მათივე განმარტებით, ნანახი ჰყავდათ ღამის საათებში, სანთლის შუქზე და თანაც ნიღაბაფარებული. 4.მართალია, დაზარალებულებმა ც---–- გ-----მ და მ------ ჩ-----მა აღნიშნეს, რომ მათ მიერ ამოცნობილ პიროვნებას თავდასხმის დროს ეკეთა ნიღაბი, რომელსაც თვალებზე ჰქონდა ფართო ჭრილი, საიდანაც დაინახეს თვალის ფერი, სახის კანის ფერი და სახის მოყვანილობა, მაგრამ ამ ნიშნებით შეიძლება მოხდეს მხოლოდ პიროვნების მიმსგავსება. ამასთან, სავსებით შესაძლებელია ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი თვალის ფერი, კანის ფერი და სახის მოყვანილობა; 5.საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დაზარალებულმა ც---–- გ-----მ კატეგორიულად გამორიცხა მის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ი----- ხ----ს მონაწილეობა და მიუთითა, რომ იგი საერთოდ არ ჰგავდა მის მიერ აღწერილ თავდამსხმელს.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულები _ ც---–- გ----- და მ------ ჩ-----ი საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სრულიად განსხვავებულად აღწერდნენ რიგ გარემოებებს, მათ შორის, იმას, თუ რა ნიშნით შეეძლოთ თავდამსხმელების ამოცნობა და ასევე მათ მიერ ფოტოსურათით ამოცნობილი თავდამსხმელის გარეგნობას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ც---–- გ-----მ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მიუთითა, რომ თავდამსხმელთაგან ერთი იყო ოდნავ მსხვილი, მეორე იყო მაღალი, ხოლო მესამე _ საშუალო სიმაღლის, მათი ამოცნობა შეეძლო ხმით. ფოტოსურათით ამოცნობისას მან განმარტა, რომ თავდამსხმელების ამოცნობა შეეძლო, ვინაიდან, მათ ჰქონდათ თხელი ნიღბები ფართო ჭრილით, საიდანაც ჩანდა სახის ნაკვთები. ერთ-ერთი მათგანი ზოგჯერ იხსნიდა ნიღაბს. ამავე დროს აღნიშნა, რომ მის მიერ ამოცნობილ პიროვნებას ეკეთა თხელი ნიღაბი, რომელსაც თვალებზე ჰქონდა ფართო ჭრილი, საიდანაც ჩანდა თვალის ფერი, კანის ფერი, სახის ნაკვთები და მოყვანილობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ც---–- გ-----მ აჩვენა, რომ თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ჰქონდათ აფარებული. გამომძიებლის მიერ წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან სახით ამოიცნო ი----- ხ----. მას ნიღაბი ქვემოთ ჩამოსდიოდა და სახე უჩანდა. ჩანდა, რომ იყო წითური, დაბალი ტანის და მსუქანი. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი ც---–- გ-----მ განაცხადა, რომ სამივე თავდამსხმელს ნიღბები ჰქონდათ აფარებული და სახეები არ უჩანდათ. მათი სახეები არ დაუნახავს. მათგან ერთ-ერთი იყო საშუალო ტანის, ჰქონდა მრგვალი დიდი თავი და პატარა ზომის ფეხი. სახეზე ეკეთა შავი ფერის ნიღაბი, საიდანაც თვალები მოჩანდა. იგი ხშირად ისწორებდა ნიღაბს და ამ დროს ჩანდა, რომ წითური სახე ჰქონდა. ხელებზე და კისერზე ჭორფლივით ლაქები ემჩნეოდა. მისი სახე მთლიანად არ დაუნახავს, მაგრამ როდესაც ნიღაბს გასწევდა, ხედავდა, რომ წითური სახის კანი ჰქონდა.

 

დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მიუთითა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო სუსტი, მხრებში ოდნავ მოხრილი, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის. მას სახეზე ჰქონდა თხელი ნიღაბი, თვალების ადგილას ფართოდ ამოჭრილი, საიდანაც თვალებთან ერთად ჩანდა სახის კანი წითელი, ოდნავ მოგრძო კეხიანი ცხვირი. მეორე იყო საშუალო სიმაღლის, სუსტი ხელებით, სუსტი აღნაგობის, სახეზე ჰქონდა ნიღაბი, იყო ჩლიფინა, ხელებზე ემჩნეოდა რომ იყო ქერა, ქერა თვალებით. მესამე იყო მსუქანი, მას ჰქონდა თხელი ნიღაბი, ნახევრად გახსნილი, რომელიც ლაპარაკის დროს ხელს უშლიდა და იწევდა. ჰქონდა მრგვალი სახე, წითელი ლოყები, წვრილი ოდნავ მოკეხო ცხვირი, იგი იქნებოდა დაახლოებით 165 სმ სიმაღლის, ეცვა პატარა ფეხსაცმელები და ჰქონდა ღიპი. ფოტოსურათით ამოცნობისას მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ჰქონდათ, მათი ამოცნობა შეეძლო თვალებით, სახის მოყვანილობით, რომელიც შესამჩნევად ემჩნეოდათ ნიღბებიდან, ფართოდ ჰქონდათ თვალებზე ამოჭრილი, ზოგჯერ ნიღბებს ისწორებდნენ სახეზე, იხსნიდნენ. იქვე მიუთითა, რომ მის მიერ ამოცნობილი თავდამსხმელი ხშირად ისწორებდა ნიღაბს, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭრილი და იყო თხელი, საიდანაც ჩანდა კანის ფერი. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა აჩვენა, რომ მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობილი ი----- ხ---- დაამახსოვრდა მისი განსაკუთრებული სიცილით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ქუდისგან გაკეთებული ნიღბები ეკეთათ, რომლებიც თვალის და პირის ადგილას იყო ამოჭრილი. ერთ-ერთს უფრო თხელი ქუდი ჰქონდა, საიდანაც ჩანდა დიდი კეხიანი ცხვირი. მეორე იყო ახალგზარდა მაღალი, მხრებში მოხრილი ბიჭი, რომელიც სახეზე საერთოდ არ დაუნახავს, ხოლო მესამე იყო მსუქანი, სწორი ცხვირით. მას ეს ქუდი ოდნავ დიდი ჰქონდა და აქეთ-იქეთ უტრიალდებოდა, რა დროსაც დაინახა მისი ლოყები და ტუჩები. იგი იყო თეთრ კანიანი და ღია ფერის თვალები ჰქონდა. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობილი პირი _ ი----- ხ---- ჰგავდა ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელსაც ჰქონდა სწორი ცხვირი. იგი ამოიცნო ლოყებით, ტუჩებით და ცხვირით. ყაჩაღობის დროს მას ეკეთა ნიღაბი, რომელიც თვალების და პირის ადგილას იყო ამოჭრილი. მისი სახე მთლიანად არ დაუნახავს, მაგრამ ამოჭრილი ადგილებიდან ცალ-ცალკე დაინახა ნაკვთები.

 

პალატა განმარტავს, რომ პირის ამოსაცნობად წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 347-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს ამომცნობი ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ხსენებული კოდექსის 349-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ შედგენილ ოქმში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ამოიცნეს პირი. აქედან გამომდინარე, ამომცნობის მიერ მითითებული ნიშნები საკმარისი უნდა იყოს პირის იდენტიფიცირებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარებული ამოცნობა არ უნდა იქნეს გაზიარებული, როგორც მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში ამოცნობის ჩატარებამდე დაზარალებულები _ ც---–- გ----- და მ------ ჩ-----ი უთითებდნენ ისეთ ნიშნებზე, რომლებიც აშკარად არ იყო საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის, თუმცა ფოტოსურათით ამოცნობა მაინც ჩატარდა, რა დროსაც ც---–- გ-----მ ი----- ხ---- ამოიცნო თვალების მოყვანილობით, ცხვირით, სახის მოყვანილობით და ვიზუალური დაკვირვებით, ხოლო დაზარალებულმა მ------ ჩ-----მა იგი ამოიცნო თვალებით ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით და ცხვირით. ამდენად, დაზარალებულები ამოცნობისას მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლნენ და მათ არ დაუსახელებიათ თუნდაც ერთი ინდივიდუალური გარეგნული ნიშანი, რომლის მიხედვითაც ამოიცნეს ი----- ხ----.

 

პალატის აზრით, ზემოთ მითითებული გარემოებები საეჭვოს ხდის დაზარალებულების მიერ ი----- ხ----ს ფოტოსურათით ამოცნობის დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას. ასეთი საეჭვო მტკიცებულებები კი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ჩატარებული ამოცნობების საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა, რომ ც---–- გ-----ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ნამდვილად მონაწილეობდა ი----- ხ----, შეუძლებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არ არსებობს კანონიერი საფუძველი იმისათვის, რომ ც---–- გ-----ს და მ------ ჩ-----ის მიერ მსჯავრდებულ ი----- ხ----ს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებებად, იმ პირობებში, როდესაც მათ მიერ ი----- ხ----ს ფოტოსურათით ამოცნობა საეჭვოა, ხოლო თავად მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს ამ დანაშაულში მონაწილეობას.

 

ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა მესამე დაზარალებულის _ მ------- ჩ-----ის მიერ მიცემულ, ი----- ხ----ს დანაშაულის ჩადენაში მამხილებელ ჩვენებასთან მიმართებითაც. მ------- ჩ-----ის ჩვენების თანახმად, ი----- ხ---- ამოიცნო მისმა დამ და მისგან იცის, რომ ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი. ამ შემთხვევაში არ ჩატარებულა აღნიშნული დაზარალებულის მონაწილეობით ი----- ხ----ს ამოცნობა, რის გამოც მისი ჩვენება ვერ ჩაითვლება ამ უკანასკნელის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებზეც რაიონული სასამართლო უთითებს გამამტყუნებელ განაჩენში, ისინი საკმარისი არ არის ც---–- გ-----ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ი----- ხ----ს მონაწილეობის დასადასტურებლად.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ი----- ხ----ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ი----- ხ----ს საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული მობილური ტელეფონები. პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს, რომ ც---–- გ-----ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა სწორედ ი----- ხ----მ ჩაიდინა, სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება კი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მონაწილეობა ჯგუფურ ყაჩაღობაში, საქმეში არ არსებობს (დაზარალებულების ჩვენებებისა და ამოცნობის ოქმების შესახებ პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა). ამასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გატაცებული ნივთი, ვერ განიხილება უტყუარ და საკმარის საფუძვლად ყაჩაღობაში ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის, თუკი ასეთი ფაქტი დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც პირს უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში (იხ. სუსგ №448აპ-14, №51აპ-17, №584აპ-17).

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უტყუარად დადგინდეს ი----- ხ----მ უკანონოდ (იგულისხმება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა) ხომ არ შეიძინა დაზარალებულების მფლობელობიდან გასული მობილური ტელეფონები, რის გამოც პალატა ვერ იმსჯელებს იმ მიმართულებით, ხომ არ შეიცავს მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის მხოლოდ ვარაუდს ი----- ხ----ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის შესახებ, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამდენად, მსჯავრდებულ ი----- ხ----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მსჯავრდებულ ი----- ხ----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ი----- ხ----ს მიმართ.

 

3.ი----- ხ---- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.გამართლებული ი----- ხ---- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.ი----- ხ----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, იმეი კოდებით: 3-------------- და 4--------------, რომლებიც განკარგვის უფლებით აქვთ გადაცემული დაზარალებულებს _ მ------ ჩ-----ს და ც---–- გ-----ს, დარჩეს მათთან.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/