განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
330210016001213777
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001213777

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/8006-18 18 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „და------------------–-----------------------ო“

 

წარმომადგენელი - არ----------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „აკ-----------------------------–---–------–----ა“

 

წარმომადგენელი - ნი------------–---–ი, სუ-–-------------ძე

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შა-–--------–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს „აკ-----------------------------–---–------–----ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს „და------------------–-----------------------ოს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და პაციენტ შა-–--------–--ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხის, 5 795.98 ლარის ოდენობით, ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „და------------------–-----------------------ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 5 795.98 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „და------------------–-----------------------ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 30 მაისს შპს და------------------–---------------------------ა“ (მზღვეველი) და თვითმმართველ ქალაქს რუსთავს (დამზღვევი) შორის სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №-------- გაფორმდა, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს დამზღვევის თანამშრომელთა ან/და მათი ოჯახის წევრთა (დაზღვეულთა) კოლექტიური დაზღვევა წარმოადგენდა. დაზღვევის ობიექტი იყო ფინანსური რისკი, რომელიც დაკავშირებულია დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საჭიროებასთან და უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარ ზიანთან. ხელშეკრულებას „სამედიცინო, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისგან კოლექტიური დაზღვევის პირობები“ (დანართი №1) და დაზღვეულთა სია (დანართი №2) ერთვოდა, რომელიც მხარეთა ხელმოწერით დამოწმდა და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, დაზღვეულთა სიაში დამზღვევის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სხვა პირების შეყვანა დაუშვებელი იყო. დაზღვეულთა სიაში პირის შეყვანის წინაპირობას წარმოადგენდა: თანამშრომლის შემთხვევაში - თანამშრომელთან ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დანიშვნის ბრძანება, შრომითი ხელშეკრულება), ხოლო, თანამშრომლის ოჯახის წევრის შემთხვევაში - თანამშრომელთა ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების, დაბადების მოწმობები) წარდგენა.

 

ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, საოჯახო დაზღვევის შემთხვევაში დაზღვეულად ითვლებოდნენ თანამშრომლის მეუღლე და შვილები 20 წლის ასაკამდე (ს.ფ. 41-46).

 

6. სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მზღვეველის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო დამზღვევისაგან/დაზღვეულისაგან დაზღვეულთა სიაში დაზღვეულთა შეყვანის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება, შრომითი ხელშეკრულება, ქორწინებისა და დაბადების მოწმობები) გამოეთხოვა. მზღვეველი ვალდებული იყო დამზღვევისთვის თითოეული დაზღვეული თანამშრომლის სასარგებლოდ ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათი, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გადაეცა.

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის ყველა საჭირო მონაცემის განსაზღვრის შემდეგ, დაზღვევის პირობებით (დანართი №1) განსაზღვრული წესის შესაბამისად, გაიცემოდა (ს.ფ. 41-46).

 

7. სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის №----- პოლისის თანახმად, სადაც დამზღვევს თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, ხოლო, მოსარგებლეს - თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები წარმოადგენდნენ, სადაზღვევო რისკებად დაზღვეულის სხეულის მდგომარეობის/ჯანმრთელობის გაუარესება, გარდაცვალება განისაზღვრა, რაც სათანადო სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე აღძრავდა მზღვეველის ვალდებულებას სადაზღვევო ანაზღაურება განეხორციელებინა. დაზღვევის პერიოდად განისაზღვრა დროის მონაკვეთი 2014 წლის პირველი ივნისიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე. პოლისი 2014 წლის 30 მაისს გაიცა (ს.ფ. 40).

 

8. 2014 წლის 08 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე შპს „აკ-----------------------------–---–--------–---------------------------–-------------–-----------–-----ში“ შა-–--------–--ეს ჩაუტარდა მკურნალობა დიაგნოზით: მარცხენა ტერფის ფლეგმონა L03, მხრის იდაყვისა და წინამხრის ფლეგმონა L03.1, მარცხენა ტერფის განგრენა E11.5. მომსახურების ღირებულებამ 5 795,98 ლარი შეადგინა (ს.ფ. 16, 96, 97-98).

 

9. შპს „აკ-----------------------------–---–--------–---------------------------–-------------–-----------–-----მ“ (ს/კ 405018831) შეიცვალა სახელწოდება და შპს „აკ-----------------------------–---–-----–----ა“ ეწოდა (ს.ფ. 135-136).

 

10. 2015 წლის 24 ნოემბერს და------------------–------------------------ო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა (ს.ფ. 116-118).

 

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და სს „და------------------–-----------------------ოს“ შორის, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული პაციენტის მიმართ მომსახურების გაწევის შესახებ ზეპირი შეთანხმება არსებობდა, რაც მოსარჩელეს მომსახურების გაწევისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევდა.

 

უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; არსებითად კი ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის პაციენტი შა-–--------–--ესთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას და აღნიშნავს, რომ მათ შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც შეიძლებოდა აპელანტისთვის თანხის დაკისრებას დადებოდა საფუძვლად. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არსებობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, კი სამედიცინო მომსახურების გაწევა დაკვალიფიცირებულია ნარდობის ხელშეკრულებად და მასზე სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი თავით განმტკიცებული რეგულაციები მოქმედებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება საქმეზე Nას-549-521-2015). ნარდობის ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, ანუ მასზე მხარეები შესაძლებელია, როგორც ზეპირად ასევე, წერილობით შეთანხმდნენ. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებზე, მოწმეთა ჩვენებაზე ასევე, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ განხორციელებულ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა აპელანტის მიერ მითითებული იმ ფაქტის არსებობა, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პაციენტი მათ კლინიკაში მოთავსდა შპს „და------------------–-----------------------ოსთან“ შეთანხმებით. პაციენტს ჰქონდა სადაზღვევო ბარათი, ასევე, კლინიკამ ცხელ ხაზზე შეატყობინა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე და მიიღო მათგან დადასტურება, რომ შა-–--------–--ე ნამდვილად წარმოადგენდა მათი დაზღვევით მოსარგებლე პირს. მოგვიანებით, როდესაც პაციენტს, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა დასჭირდა, კლინიკა 2014 წლის 10 და 17 ნოემბერს, ხელახლა დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს და ჩასატარებელი მანიპულაციების შესახებ მათ ოპერატორს აცნობა. ვინაიდან მოსარჩელე ზეპირი შეთანხმების არსებობის თაობაზე აპელირებდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით ნი-----------ა დაკითხა, რომელიც სადავო პერიოდში აპელანტ კომპანიაში, ჰოსპიტალურ შემთხვევათა მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. მოწმის განმარტების თანახმად, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ზუსტად ვერ იხსენებდა შეუთანხმეს თუ არა კლინიკაში პაციენტის მოთავსება, მაგრამ განმარტავს, რომ ზოგადად ასეთი წესია, კლინიკას ვალდებულება აქვს შეუთანხმოს და აუცილებლად შეუთანხმებდნენ. პაციენტ შა-–--------–--ის თაობაზე მოწმე მიუთითებდა, რომ პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდგომაც მათ კომპანიაში გაჩნდა ეჭვი, რამდენად შეიძლებოდა ასეთი ჯანმრთელობის მქონე პირი ყოფილიყო მერიის თანამშრომელი, რაც გადამოწმდა და აღმოჩნდა რომ არ იყო თანამშრომელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კლინიკაში იყო მისული და აცნობა კლინიკის ხელმძღვანელობას რომ ამ შემთხვევას მათი კომპანია არ აანაზღაურებდა, მის მიერ კლინიკაში განხორციელებული ვიზიტისას პაციენტს ოპერაციები უკვე ჩატარებული ჰქონდა (იხ. 2018 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმი; 11:46:28-12:02:41).

 

საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს პაციენტის მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების დროსა და უფრო გვიანდელ პერიოდს იმისათვის, რათა გაირკვეს არსებობდა თუ არა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვილის ან/და მისი მოშლის სამართლებრივი წინაპირობები. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე მიუთითებდა კონკრეტულ თარიღებზე და კონკრეტულ დროზე, ასევე ასახელებდა სადაზღვევო კომპანიაში დასაქმებული პირების სახელებსა და გვარებს, რომელთაც პაციენტის სტაციონარში განთავსების, ხოლო, მოგვიანებით სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების თაობაზე, შეტყობინება მიიღეს, რაც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა და სადაზღვევო კომპანიას არ განუცხადებია, რომ მის კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო მომსახურების გაწევამდე, მიაწოდეს ინფორმაცია პაციენტის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, სასამართლოს აზრით, პირველ ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნი-----------ას ჩვენებაც საქმეში არსებულ სხვა მასალებთან ერთობლიობაში იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ პაციენტის განთავსება მოსარჩელე სამედიცინო კომპანიაში სწორედ სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით მოხდა, აღნიშნულს მოწმობს ის გარემოება, რომ თავად მოწმის განმარტებით იგი მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში გარემოებების გასარკვევად რაც ცხადყოფს, რომ მოდავე მხარეთა შორის ნამდვილად მიდიოდა გარკვეული სახის მოლაპარაკებები, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, რომ სადაზღვევო კომპანიამ პაციენტის სტაციონარში განთავსებისთანავე, სამედიცინო მომსახურების გაწევამდე, განაცხადა ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. მოწმის მითითება მასზედ, რომ იგი სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა და განაცხადა, რომ უკვე ჩატარებული ოპერაციების თანხას სადაზღვევო კომპანია არ აანაზღაურებდა მხარეთა შორის დადებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს, ვინაიდან როგორც ამას თავად აპელანტი მხარეც ადასტურებს, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ ის, რომ პაციენტი მიუხედავად სადაზღვევო პოლისის გაცემისა, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ პირს არ წარმოადგენდა, გვიან გამოიკვეთა, ეს გარემოება კი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან აპელანტ მხარეს ვერ გაათავისუფლებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებში არსებობს 2014 წლის 8 ნოემბრით (პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების დღე) დათარიღებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტის განთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ჯე-------ის მიერ, სადაზღვევო კომპანია „ირ-------ნ“ შეთანხმებით განხორციელდა.

 

12. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სატაბილურობასა და სიმყარეს.

 

ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა სადაზღვევო კომპანიასთან პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმების არსებობაზე ამგვარი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურება სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნულის დასადასტურებლად მან მიუთითა სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზში რამდენჯერმე დარეკვისა და ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, დაასახელა კონკრეტული თარიღი და დრო, ასევე მიუთითა კონკრეტული ოპერატორების სახელებსა და გვარებზე, რომელთაც პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს, ასევე მოსარჩელემ წარადგინა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის განთავსების დროს შედგენილი სტაციონარში პაციენტის სამედიცინო ბარათი N---, სადაც მითითებულია, რომ შა-–--------–--ე სამედიცინო დაწესებულებაში ჯე-------ის მიერ, სადაზღვევო კომპანია ირ-------ნ შეთანხმებით იქნა მიყვანილი. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაიკითხა ნი-----------ა, რომლის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ იგი მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში საკითხის გასარკვევად, აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთობა, თავად აპელანტის განმარტებით კი სადავო პერიოდში სადაზღვევო კომპანიას, მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებასთან ხელშეკრულება არ გააჩნდა, ანუ მათ შორის შეხვედრები სწორედ პაციენტ შა-–--------–--ის თაობაზე მიმდინარეობდა. იგივე მოწმემ დაადასტურა, რომ სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე პაციენტისთვის სადავო ოპერაციების ჩატარების შემდეგ განაცხადა უარი. გარდა ამისა, საყურადღებოა თავად გაწეული მომსახურების მნიშვნელობა და ხასიათიც. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურება ბევრად უფრო ნაკლებ დროში ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებათა განხორციელებას მოითხოვს, ვიდრე სხვა სახის მომსახურებები, მას შემდეგ რაც სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო პაციენტი დარეკა სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე, შესაბამისი პირი ესაუბრა ნი----–--------------ს, პაციენტისგან მიიღო სადაზღვევო პოლისი და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე ჩაუტარა სამედიცინო მანიპულაცია, შესაბამისად მას სხვა დამატებითი წინდახედულობის ნორმების დაცვა ვერ მოეთხოვება. რაც შეეხება აპელანტ მხარეს, ვინაიდან იგი სამედიცინო კომპანიასთან ყოველგვარი სამართალურთიერთობის არსებობას უარყოფდა, მასვე უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის ახსნა-განმარტებებიც, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მტკიცებას ექვემდებარება არა მხოლოდ სარჩელის ასევე, შესაგებლის საფუძვლებიც. მიუხედავად იმისა, სასამართლოს მიერ მოსარჩელეს, პროცესუალური საფუძვლით, მოპასუხისგან სატელეფონო მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარი ეთქვა თუ არა, ვინაიდან სადაზღვევო კომპანია ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებების ჩაწერას ახორციელებს, მას ობიექტურად შეეძლო ძალიან მარტივად, ჩანაწერების წარმოდგენით გაებათილებინა მოსარჩელის მტკიცება მასზედ, რომ სამედიცინო დაწესებულებამ, როგორც პაციენტის განთავსების დღეს ასევე, მანიპულაციების ჩატარების საჭიროების დადგენისას დაურეკა სადაზღვევო კომპანიას და პაციენტისთვის გასაწევი მომსახურების თაობაზე აცნობა. ვინაიდან ამგვარი მტკიცებულების წარდგენა მოპასუხის მიერ არ მომხდარა, მიიჩნევა, რომ ფაქტობრივი გარემოება გაქარწყლებული არ არის. ასევე, სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო აეხსნა თუ რა სახის შეხვედრებზე მიდიოდა მათი მენეჯერი ნი-----------ა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში, იმ პირობებში, როდესაც ამ ორ დაწესებულებას შორის არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ არსებობდა. იმ პირობებში, რომ სახეზეა საკმაოდ სპეციფიური მომსახურების გაწევა, სადაზღვევო კომპანიის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება სამედიცინო დაწესებულებასთან ზეპირი შეთანხმების არარსებობის შესახებ, რომელიც გამყარებული არ არის თუნდაც ერთი რელევანტური მტკიცებულებით, სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა. ის გარემოება პაციენტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ აღმოჩნდა თუ არა დაზღვეული, სადაზღვევო კომპანიასა და პაციენტს შორის არსებობდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება და ასე შემდეგ, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს, ვინაიდან სარჩელის საფუძვლები სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებას ეფუძნება და სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის მხარესაც სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს მოდავე მხარეთა შრის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

 

ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ სადაზღვევო კომპანიამ მასზე დაკისრებული ტვირთი ვერ დასძლია და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გააქარწყლა, რაც სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განმტკიცებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, რაც სადაზღვევო კომპანიას 648-ე მუხლის მიხედვით სამუშაოს შესრულების შემდეგ შესაბამისი საზღაურის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობდა. ამავე კოდექსის, 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, ნი-----------ას სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემგომ შემკვეთს შესაძლებლობა ჰქონდა შეეწყვიტა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, თუმცა, სადაზღვევო კომპანიას, ამ შემთხვევაშიც უკვე გაწეული მომსახურების (ოპერაციების, სტაციონარში განთავსების და ასე შემეგ) ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა.

13. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას დავალიანების ოდენობასთან მიმართებით, სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე. პირველი მათგანი მოიაზრებს მხარეთა თავისუფლებას მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვაში, ხოლო შეჯიბრებითობა კი, მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას თავისი უფლებების დაცვასა და ვალდებულების განხორციელებაში. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, თანასწორობის პრინციპთან ერთობლიობაში, აღნიშნული პრინციპი მხარისათვის ხელსაყრელი მატერიალური შედეგის დადგომისათვის თანაბარ შესაძლებლობებსაც მოიაზრებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ასპექტში სასამართლოს როლი შეზღუდულია და სწორედ მხარეებს ეკისრებათ მათთვის სასურველი მატერიალური შედეგის დადგომისათვის რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენა. მოცემულ საქმეზე ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით (5795,98 ლარი) დავალიანების დასადასატურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების, როგორიცაა ანგარიშფაქტურა №-------------- (ს.ფ. 96) და 2014 წლის ნოემბრის თვის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შესახებ, ინვოისი №--- (ს.ფ. 97-98), საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა, მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ აღნიშნული თანხის ოდენობა სამედიცინო დაწესებულების მიერაა დათვლილი და არ უნდა იყოს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოსთვის მისაღები არ არის. მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია, რომლის საქმიანობაც მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. ის გარემოება თუ ინვოისში მითითებული თანხის ოდენობა ბაზარზე არსებულ ფასებს საგრძნობლად აღემატებოდა, არარელევანტური იყო ან და სხვა გარემოებები მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, ამგვარი მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში კი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტისთვის 5795,98 ლარის დაკისრების თაობაზე სწორი და დასაბუთებულია.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 232 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „და------------------–-----------------------ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია