განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
330210018002428442
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210018002428442

საქმე №2ბ/958-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს „ს--------------–-ა“

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ--ი“

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „დ--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირდა მოსარჩელე შპს „დ--ისთვის“ მოპასუხე შპს „ს--------------–-ის“ მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 78645.45 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 5 ივნისს შპს „დ--სა“ (მიმწოდებელი) და შპს „ს--------------–-ას“ (შემსყიდველს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (№--------------), რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ა-------–-----ში, ადგილობრივი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2,536,955 ლარით. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაესრულებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე (ხელშეკრულების 4.1 პუნქტი) (ტ. І, ს.ფ. 164-167, 179-186);

 

2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადა და ადგილი:

 

გაწეული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესრულების ვადების შესახებ გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №2-ისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე;

 

სამუშაოები, როგორც სრულად, ისე შესაბამისი ნაწილი, დასრულებულად ჩაითვლებოდა მათი ფაქტობრივად დასრულების თარიღიდან, რის შესახებაც მიმწოდებელი შემსყიდველს აცნობებდა (ტ. І, ს.ფ. 164-167, 179-186)

 

2.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (ტ. І, ს.ფ. 164-167, 179-186);

 

2.4. 2017 წლის 11 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა №2 დამატებითი შეთანხმება „2017 წლის 5 ივნისის (№--------------) ხელშეკრულებაში 2017 წლის 11 დეკემბრის №1 ცვლილების გათვალისწინებით“, რომლის მიხედვით, 2017 წლის 5 ივნისის (№--------------) ხელშეკრულებით (2017 წლის 11 დეკემბრის №1 ცვლილების გათვალისწინებით) განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 25 იანვრამდე (ტ. І, ს.ფ. 164-167, 187-188);

 

2.5. 2018 წლის 15 მარტს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№--------------) გამომდინარე გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №6, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდებდა წარდგენილი ფორმა №2-ით და საექსპერტო დასკვნით. სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა დაგვიანებით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 25.01.2018წ.-ისა 15.03.2018წ.-ში (ტ. І, ს.ფ. 164-167, 220);

 

2.6. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლო 124,310.8 ლარი, დარიცხული 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე პერიოდზე (ტ. І, ს.ფ. 164-167, 247);

 

2.7. 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით შპს „ს--------------–-ამ“ შპს „დ--ს“ განუმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქალაქ ა-------–-----ში ადგილობრივი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე (შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე) საოფისე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შეეჩერებინათ 2018 წლის 19 იანვრამდე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სამუშაოების შეჩერება 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე (ტ. І, ს.ფ. 67);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი უნდა განისაზღვროს 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, სამუშოათა შეჩერების პერიოდის 31 დღის (2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე პერიოდის) გამოკლებით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 18 დღით ვადის გადაცილებისათვის.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა დასრულების ვადა (2017 წლის 10 დეკემბერი) მხარეთა 2017 წლის 19 დეკემბრის №2 დამატებითი შეთანხმებით გაგრძელდა 2018 წლის 25 იანვრამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 25 იანვრის წერილით შპს „დ--იმ“ მიმართა შპს „ს--------------–-ას“ და აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა და შესრულებული სამუშაოების აქტი ინსპექტირებისათვის გაგზავნილი ჰქონდათ ექსპერტიზის ჩასატარებლად, რომლის დასრულებისთანავე შემსყიდველს წარედგინებოდა ექსპერტიზის დასკვნა (ტ. І, ს.ფ. 32).

 

2018 წლის 08 თებერვლის წერილით დგინდება, რომ შპს „ს--------------–-ამ“ მიმართა შპს „დ--ის“ და განუმარტა, რომ 2018 წლის 7-8 თებერვალს შპს „ს--------------–-ის“ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ა-------–-----ის ობიექტის ინსპექტირების შემდეგ გამოვლინდა მთელი რიგი დაზიანებები, ხარვეზები და ნაკლოვანებები. სამუშაოები შესრულებულიყო უხარისხოდ და არაჯეროვნად. შემსყიდვალმა ამავე წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ იმ ეტაპზე შპს „ს--------------–-ის“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ განხორციელდებოდა. ნაკლოვანებების აღმოფხვრის მეთოდებისა და ვადების განსაზღვრის მიზნით შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეთავაზებული იქნა სათანადო შეთანხმების გაფორმება (ტ. І, ს.ფ. 34).

 

2018 წლის 15 მარტის წერილით (№-----------) დგინდება, რომ თავად მიმწოდებელმა შპს „დ--იმ“ შპს „ს--------------–-ას“ აცნობა, რომ ობიექტზე, რომელზედაც შემსყიდველის მითითებისამებრ იყო ხარვეზები, იმ დროის მდგომარეობით უკვე აღმოფხვრილი იყო (ტ. І, ს.ფ. 65).

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ხარვეზების არსებობა. მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია 2015 წლის 25 იანვრამდე შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხრა 2018 წლის 15 მარტამდე.

 

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 25 იანვრის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოებს ჰქონდა ხარვეზი. შემსყიდველის მიერ დამატებითი შეთანხმების გაფორმების შეთავაზების მიუხედავად, არ არის სადავო, რომ მხარეებს შორის ხარვეზების აღმოფხვრის მეთოდებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ დამატებითი შეთანხმება არ მომხდარა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა შეასრულა არა 2018 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, არამედ 2018 წლის 15 მარტს, რაც ასევე დასტურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

როგორც აღინიშნა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (№--------------) გამომდინარე ქალაქ ა-------–-----ში ადგილობრივი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე (შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე) საოფისე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები შეჩერდა 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე. პირგასამტეხლო კი, დარიცხულია 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე პერიოდზე.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა თავად მოითხოვა სამუშაოების შეჩერება აღნიშნულ პერიოდში. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ შეჩერებულ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობა ვერ იქნება მიჩნეული ვადის გადაცილებად. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები 2017 წლის 19 დეკემბერს შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელებაზე 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 25 იანვრამდე. საწინააღდეგო განმარტებისას მხარეთა შეთანხმება ვადის გაგრძელების შესახებ აზრს დაკარგავდა და რეალურად ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რასაც მხარეები ამ შეთანხმებით განიზრახავდნენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-------------- ხელშეკრულებიდან და №2 დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, სამუშოათა შეჩერების პერიოდის 31 დღის (2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე პერიოდის) გამოკლებით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გამოანგარიშებულიყო 18 დღით ვადის გადაცილებისათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. როგორც წესი ის არ არის მრავალრიცხოვანი. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო შპს „დ--სა“ და შპს „ს--------------–-ას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო მომსახურების ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - ქ. ა-------–-----ში, ადგილობრივი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოები, სამუშაოს ღირებულებაზე - 2 536 955,00 ლარი; მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომსახურების განხორციელების ვადაზე - არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს „დ--მა“ ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების დასრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებული ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან (386,164.14) ლარიდან. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის (სამუშაოების დასრულების ვადა) გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მიმწოდებელი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანმხა პირგასამტეხლოს დაანგარიშების პრინციპს, რაც გულისხმობდა პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეიბოჭნენ ნაკისრი ვალდებულებებით. სასამართლომ განმარტა, რომ მიმწოდებლის მოთხოვნა - პირგასამტეხლო დაანგარიშდეს ვადაგადაცილებული ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, უსაფუძვლო იყო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არამხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვადაგადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლო 49 დღით ვადის გადაცილებისათვის 124,380.8 ლარი. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა სამუშოები დაასრულა 18 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (2,536,955 ლარი) 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენს 2536.95 ლარს. 49 დღიდან (რის მიხედვითაც დაქვითულია პირგასამტეხლო) 31 დღეზე (შეჩერებული პერიოდი, რომელზედაც პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხულიყო) დარიცხული, შემსყიდველის მიერ დაქვითული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ექვემდებარება დაბრუნებას, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად (0,1%), განისაზღვრება 78645.45 ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 18 დღის დაგვიანებით, ვინაიდან რეალურად მან სამუშაოები დაასრულა 49 დღის დაგვიანებით. აპელანტმა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხისათვის ვადაგადაცილების გამო დაიწყო 2018 წლის 25 იანვრის შემდეგ ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა 2018 წლის 15 მარტს. მხარეთა შორის სწორედ ამ თარიღით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა აპელანტის მიერ სწორედ იქნა დაანგარიშებული 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, რამაც საბოლოოდ შეადგინა 49 დღე.

 

აპელანტის განმარტებით, სამუშაოების დროებით შეჩერება მოპასუხის მიზეზით მოხდა, ზემოაღნიშნული დრო დაკომპენსირდა დამატებითი შეთანხმებით, რომლითაც ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 იანვარი.

 

3.2. აპელანტის მტკიცებით, ერთთვიანი ვადა, რომლითაც სამუშაოები აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა, ისედაც არ შესულა საერთო 49 დღიან ვადაში, ასე რომც ყოფილიყო, ვადაგადაცილების პერიოდი ნაცვლად 49 დღისა, იქნებოდა 80 დღე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.9. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 5 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. ა-------–-----ში, ადგილობრივი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს--------------–-ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ამავე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის ღირებულებად განისაზღვრა 2,536,955 ლარი.

 

4.2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

4.2.3. 2017 წლის 19 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება №2, რომლითაც 2017 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 25 იანვრამდე.

 

4.2.4. აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელემ შეაჩერა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე (ტ. І, ს.ფ. 67);

 

4.2.5. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 15 მარტს, როდესაც მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №6.

 

4.3. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პერიოდი, რა დროსაც აპელანტის ინიციატივით შეჩერებულ იქნა სამუშაოთა წარმოება გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გამოთვლისას და მოსარჩელეს სამართალდარღვევად არ უნდა შეერაცხოს.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შეჩერება მოსარჩელის ინიციატივით განხორციელდა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 19 დეკემბრის წერილში აპელანტის გენერალური დირექტორი მოსარჩელისგან სამუშაოთა შეჩერებას მისი კომპანიის სამსახურებრივი აუცილებლობით ასაბუთებს. (ტ. І, ს.ფ. 67).

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ დამატებითი №2 შეთანხმებით მოსარჩელისთვის სამუშაოთა შესრულების ვადის გახანგრძლივება სწორედ იმიტომ განხორციელდა, რომ 31 დღით შეჩერებულ იქნა სამუშაოთა წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას, თუ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, აპელანტის მხარეზეა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელისთვის სამუშაოთა შესრულების ვადის გახანგრძლივება განპირობებული იყო სამუშაოთა შეჩერების გადაწყვეტილებით, რაც აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა.

 

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხის ინიციატივით არ მიეცა 31 დღის განმავლობაში სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა, აღნიშნული პერიოდი გათვალისწინებულ უნდა იქნეს და გამოაკლდეს ვადაგადაცილების 49 დღიან პერიოდს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება ვადის გაგრძელების შესახებ აზრს დაკარგავდა და რეალურად ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რასაც მხარეები ხსენებული შეთანხმებით განიზრახავდნენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 5 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 დეკემბრის დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი უნდა განისაზღვროს 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 15 მარტამდე, აპელანტის ინიციატივით სამუშოათა შეჩერების პერიოდის 31 დღის (2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე პერიოდის) გამოკლებით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 18 დღით ვადის გადაცილებისათვის.

 

4.4. უდავოა, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლო 49 დღით ვადის გადაცილებისათვის 124,380.8 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა სამუშოები დაასრულა 18 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (2,536,955 ლარი) 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენს 2536.95 ლარს. 49 დღიდან (რის მიხედვითაც დაქვითულია პირგასამტეხლო) 31 დღეზე (შეჩერებული პერიოდი, რომელზედაც პირგასამტეხლო არ უნდა დარიცხულიყო) დარიცხული, შემსყიდველის მიერ დაქვითული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ექვემდებარება დაბრუნებას, ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად (0,1%), შეადგენს 78645.45 ლარს, რაც პალატის მოსაზრებით, მართებულად დაუბრუნდა მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ს--------------–-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

დიანა ბერეკაშვილი