განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.06.2019
საქმის ნომერი
140310018002382431
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140310018002382431(3ბ/2117-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ა----------–----ა“

წარმომადგენლები - თ--------------ე, ნ---------–-------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები - ა--------------–ი, ნ------------–--ე, ლ-–--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა----------–----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

რაიონული საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა----------–----ამ’’ გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’ ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში.

 

2.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ ჩატარდა შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალის შემოწმება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის - ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების’’ - კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების სისწორესთან დაკავშირებით 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდზე, რა დროსაც დადგინდა, რომ 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში’’ დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, მაშინ, როდესაც ეს ბენეფიციარები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ,,დამატებით კონტიგენტში’’, რის გამოც შპს ,,ა----------–----ამ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი.

 

2.3. შპს ,,ა----------–----ას’’ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ დაერიცხა ჯარიმა 24 679,12 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. რაიონული სასამართლოს განმარტებით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) დანართი № 1-ს მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა----------–----ამ’’ გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’ ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართვით მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. იმის გამო, რომ შპს ,,ა----------–----ა’’, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’, ნებაყოფლობით ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რითაც მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის №04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში” წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმა, რომლის მიხედვითაც, ,,ძირითადი კონტიგენტის’’ რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურეოების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში, ხოლო ,,დამატებითი კონტიგენტის’’ რაოდენობაში - სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს სოფელში. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში’’ დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი. აქედან გამომდინარე, მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად’’, არამედ ,,დამატებით’’ კონტიგენტში. ამ ქმედების შედეგად, შპს ,,ა----------–----ამ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით (2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებამდე მოქმედი რედ.), თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3 000 ლარისა. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტში 2014 წლის 7 თებერვალს განხორციელდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით. მითითებულ პუნქტში 2015 წლის 23 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით. მითითებული პუნქტი 2017 წლის 1 თებერვლიდან ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებულმა თანხამ შეადგინა 9 577,65 ლარი, რაზეც დარიცხული ჯარიმის ოდენობა 15 101,47 ლარია, საიდანაც 10,19 ლარი 2013 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით დარიცხული ჯარიმაა, ხოლო 15 091,28 ლარი - 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით დარიცხული ჯარიმა, სულ - 24 679,12 ლარი.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. როგორც აღინიშნა, შპს ,,ა----------–----ასა’’ და სახელმწიფო შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვით დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, რის გამოც მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად’’, არამედ ,,დამატებით’’ კონტიგენტში.

 

2.7. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ ამ 533 შემთხვევაში ,,შეცდომა’’ მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტრონული საქმის წარმოების თავისებურებიდან, კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი, მით უფრო მისი დანერგვის საწყის ეტაპზე, და ასეთ შემთხვევაში ამ ხარვეზის არსებობის დამტკიცება მომხმარებლის მხრიდან გართულებული იყოს, თუმცა შპს ,,ა----------–----ას’’ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 2013-2014 წლებში, როდესაც მოხდა მითითებული დარღვევების უმეტესობის დაშვება, მიემართოთ წერილობით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის’’ წერილობითი პრეტენზიით საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,ძირითად კონტიგენტში’’ ბენეფიციართა რეგისტრაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხდება კლინიკისათვის უფრო მეტი თანხის გადაცემა, ვიდრე ეს ხდება ,,დამატებითი კონტიგენტის’’ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნია, რომ 533 შემთხვევა მექანიკური შეცდომით იყო გამოწვეული. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, თუნდაც მექანიკური შეცდომით ,,ძირითად კონტიგენტში’’ ბენეფიციართა არასწორი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას და არ აქარწყლებს მის პასუხისმგებლობას ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვისაც (992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი). საბოლოო ჯამში, ის ფაქტი, რომ მითითებული 533 შემთხვევა გამოწვეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზით ან იმგვარი სახის ,,მექანიკური შეცდომით’’, რაც გამორიცხავდა შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას ჩადენილ ქმედებაში, არ დასტურდება. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საკითხთან მიმართებაში მდგომარეობას ვერ ცვლის ის, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, შპს ,,ა----------–----ას’’ შემოწმებულ პერიოდში ,,დამატებით კონტიგენტში’’ რეგისტრირებული ჰყავს ბენეფიციართა მცირე რაოდენობა, რომლებიც განეკუთვნებიან ,,ძირითად კონტიგენტში’’ დასარეგისტრირებელ პირებს, და ამის გამო მოსარჩელეს კაპიტაციის გზით ამ პირებზე მიღებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკლები დაფინანსება. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია და ამგვარი შემთხვევების არსებობა არ ადასტურებს მითითებული 533 ფაქტის მართლზომიერებას ან გამორიცხავს შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას ჩადენილ დარღვევებში. დასახელებულ დარღვევებზე 2014 წლის თებერვლიდან პასუხისმგებლობა გამკაცრდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტაციის გზით (ანუ ყოველთვიურად) იღებდა დაფინანსებას (მიუხედავად იმისა, რეალურად მიიღებდა თუ არა ბენეფიციარი მომსახურებას), საჯარიმო თანხის გადაანგარიშება და დაკისრება 2014 წლის თებერვლამდე არასწორად რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე მიღებულ თანხებზე ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით 2014 წლის თებერვლიდან, კანონიერია.

 

2.8. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია, პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო’’, როგორც პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება, უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა შპს ,,ა----------–----ისთვის’’ საჯარიმო სანქცია. დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ოდენობასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის 2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობა - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. კანონმდებლობით, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს პირის კანონიერი ინტერსები. იმგვარ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წლებია დაფინანსებას იღებს კაპიტაციით, ამავე დროს სანქციის ოდენობა განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით”, რაიონულმა სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ჯარიმის 15 101,47 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში არ აყენებს მოსარჩელეს, და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება.

 

2.9. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ხელშეკრულების დადების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები. საბოლოო ჯამში, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც - 15 101,47 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით’’ განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში მონაწილე პირთა კანონიერ ინტერესები და უფლებები.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მისი გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 13 აპრილის N04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმა, რომლის მიხედვითაც, "ძირითადი კონტიგენტის" რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურეობების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში, ხოლო "დამატებითი კონტიგენტის" რაოდენობაში - სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანქმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს სოფელში. სასამართლო აქვე აგრძელებს, რომ "დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს "ა----------–----ის" გორის N- ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 27 წლის მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაზე "ძირითად კონტიგენტში" დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი. აქედან გამომდინარე, მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა "ძირითად", არედ "დამატებით" კონტიგენტში." აპელანტის განმარტებით, ამ შემთხვევაში, აპელანტის მსჯელობისა და დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნული 533 შემთხვევის არა ხარვეზით რეგისტრაციის ფაქტი, არამედ 533 შემთხვევის ხარვეზით დარეგისტრირების მიზეზი, რადგან ბენეფიციართა არასწორად დარეგისტრირება გამოწვეული იყო პროგრამული ხარვეზით. ამასთანავე, პროგრამის გამართულად ფუნქციონირების ვალდებულება ეკისრება პროგრამის განმახორციელებელს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. „ა----------–----ამ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობა, რომ დარღვევების უმეტესი ნაწილი (სულ 533 შემთხვევა, საიდანაც 505 შემთხვევა წარმოადგენს 2013 წელში რეგისტრირებულ ბენეფიციარს) განხორციელდა 2013-2014 წლებში. ზუსტად 2013 წელს განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის, შპს „ა----------–----ის“ მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამასთან, აღნიშნული პერიოდისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული პროგრამა მისამართის შეყვანისას, უმეტეს შემთხვევაში, ავტომატურად არეგისტრირებდა ბენეფიციარებს „ძირითად სიაში“, მათ შორის, იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ფაქტიურად ცხოვრობდენ სოფელში და წესის თანახმად, უნდა დარეგისტრირებულიყვნენ დამატებით სიაში. 2013 წელს იქნა მიღებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, იმ პერიოდისთვის რეგისტრაციის პროცესი იყო სიახლე, როგორც სამედიცინო დაწესებულებებისათვის, ისე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხარვეზით მუშაობდა და ამის გამო, შპს „ა----------–----ის“ თანამშრომლებს უწევდათ ბენეფიციარების რეგისტრაცია ღამის განმავლობაში, რადგან დღისით მუშაობა შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, ხარვეზი გამოსწორებულია და პროგრამა არ იძლევა „დამატებით სიაში“ დასარეგისტრირებელი ბენეფიციარის „ძირითად სიაში“ დარეგისტრირების საშუალებას. მართალია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ პროგრამული ცვლილება განხორციელდა არა პროგრამული ხარვეზის გასწორების მიზნით, არამედ, გაუქმებულ იქნა მხოლოდ ე.წ. „კომენტარის ველი“, რომელიც თავის დროზეც, გავლენას ვერ ახდენდა მოსარგებლის სტატუსზე, თუმცა, ფაქტია, რომ პროგრამული ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, აღნიშნული სახის დარღვევები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, რაც კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმ პოზიციას, რომ ბენეფიციარების არასწორად რეგისტრაცია არ მომხდარა სამედიცინო დაწესებულებების შეცდომის საფუძველზე. ამასთან, ყოვლად გაურკვეველია თუ მხოლოდ ე.წ. „კომენტარის ველის“ გაუქმება მოხდა, რომელიც არ იყო ბენეფიციართა ხარვეზით დარეგისტრირების მიზეზი, მაშინ რატომ იქნა დაყვანილი მინიმუმამდე ხსენებული სახის ხარვეზი. მოცემული მსჯელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს გასულ პერიოდში პროგრამული ხარვეზის არსებობას, ხოლო შემდგომში მისი აღმოფხვრის ფაქტს. პროგრამის ხარვეზით ფუნქციონირების ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ აპელანტის მიერ განხორციელდა "დამატებით სიაში" იმ ბენეფიციარების რეგისტრაცია, რომლებიც "ძირითად სიაში" უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, შესაბამისად, მოცემულ კონტიგენტის მომსახურებისთვის იღებდა იმაზე ნაკლებ ღირებულებას, ვიდრე უნდა მიეღო. სასამართლოს განმარტებით, "ელექტრონული საქმის წარმოების თავისებურებებიდან, კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი, მით უფრო მისი დანერგვის საწყის ეტაპზე, და ასეთ შემთხვევაში ამ ხარვეზის არსებობის დამტკიცება მომხმარებლის მხრიდან გართულებული იყოს..." აქედან გამომდინარე, სასამართლო თავად ადასტურებს იმ გარემეობას, რომ კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი. ამასთან, სასამართლო პროცესის დროს, მთავარ სხდომაზე თავად მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა, რომ პროგრამას საწყის ეტაპზე გააჩნდა ხარვეზები, რაც შემდგომში გამოსწორდა (იხ. საოქმო ჩანაწერი), რაც თავისთავად პროგრამის გაუმართაობის დამადასტურებელ ერთ-ერთ უტყუარ არგუმენტს წარმოადგენს.

 

3.2. აპელანტი ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ აპელანტისთვის, როგორც მიმწოდებლისთვის, რთულია პროგრამის ხარვეზით ფუნქციონირების დადასტურება, თუმცა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებს პროგრამულ ხარვეზს: 1. ბენეფიციართა რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა (533 შემთხვევა) 2013-2014 წლებში, ანუ პროგრამული ხარვეზის გამოსწორებამდე; 2. აპელანტის მიერ არამხოლოდ "დამატებით სიაში" დასარეგისტრირებელი ბენეფიციარები რეგისტრირდებოდნენ "ძირითად სიაში", არამედ პირიქით, "ძირითად სიაში" დასარეგისტრირებელი ბენეფიციარები რეგისტრირდენოდნენ "დამატებით სიაში", რის გამოც, სამედიცინო დაწესებულება იღებდა ნაკლებ შემოსავალს თვეების განმავლობაში; 3. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ პროგრამას საწყის ეტაპზე გააჩნდა ხარვეზები, რაც შემდგომში გამოსწორდა; 4. სასამართლოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ "კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი, მით უფრო მისი დანერგვის საწყის ეტაპზე."; 5. "ძირითად სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარების მომსახურება მოცულობით აღემატება "დამატებით სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარების მომსახურების მოცულობას. თუმცა, პროგრამული ხარვეზის გამო "ძირითად სიაში" რეგისტრირებული პაციენტები ამავე სიისთვის განკუთვნილ მომსახურებას იღებდნენ სრულად. შესაბამისად, ა----------–----ას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ განზრახ დაერეგისტრირებინა "ძირითად სიაში" "დამატებითი სიის" კონტიგენტი, რადგან გაწეული მომსახურება სრულად შეესაბამებოდა არსებულ დაფინანსებას.

 

3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამა და მისი დანართები, აგრეთვე, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად, წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისგან. ანალოგიური განმარტება გვხვდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის N------- საოქმო გადაწყვეტილებაშიც. ამდენად, განმახორციელებლის მიერ დადგენილი პირიბების დაცვით მოსარგებლეთა რეგისტრაცია მიმწოდებლის სახელშეკრულებო ვალდებულებაა და მისი დარღვევა განაპირობებს მიმწოდებლის სახელშეკრულებო პირობებით (პროგრამით) დადგენილ პასუხისმგებლობას, ხოლო პროგრამის განმახორციელების ვალდებულებას, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენს, პროგრამის გამართულად ფუნქციონირების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა----------–----ას შორის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვინაიდან, სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილებით N--- შეტანილი ცვლილებით, ცალმხირვად გაუარესდა ა----------–----ის, როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის, რომელიც დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით)) მდგომარეობა, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36, დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვქს ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა, ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით, ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ჯარიმა გამოდის ბიუჯეტში აღსადგენი თანხის 20%, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ არსებული ჯარიმა წარმოდგენილი სახით გახლავთ შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მიმწოდებელს ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 604 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშქრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრესას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ "კანონმდებლობით პირგასამტბხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა ირღვევდეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს ნებისმიერი პირის კანონიერი ინტერესები". აქვე, სასამართლო უთითებს რომ "იმგვარ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წლებია, დაფინანსებას იღებს კაპიტაციით, ამავე დროს სანქციის ოდენობა განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით", სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმის დენობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ჯარიმის 151014.47 ლარის განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ „უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში არ აყენებს მოსარჩელეს, და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი." სასამართლო განმარტავს, რომ "პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება."

 

3.6. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ჯარიმა 15101.47 ლარის არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან ჯარიმის ოდენობა არის დასაბრუნებელი თანხის 200%, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს რომ არსებული ჯარიმა წარმოდგენილი სახით არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მიმწოდებელს ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი. სწორედ რომ აღნიშნული ოდენობა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და დაუსაბუთებლად ზღუდავს აპელანტის კანონიერ ინტერესებს. გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა შემდეგ ნაწილში: „მოსარჩელე წლებია, დაფინანსებას იღებს კაპიტაციით, ამავე დროს სანქციის ოდენობა განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით", სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ჯარიმის 15101.47 ლარი". აპელანტი აზუსტებს, რომ მოსარჩელე დაფინანსებას (ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება თვეში განისაზღვრება შემდეგი სახით, "ძირითად სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარისთვის შეადგენს 1.97 ლარს, ხოლო "დამატებით სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარისთვის 1.07 ლარს) იღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებაში, რომელსაც წლების განმავლობაში უწევს ბენეფიციარებს. აღნიშნული ფასებში სხვაობა გამოწვეულია განსხვავებული სამედიცინო მომსახურების პაკეტით, კერძოდ, "ძირითად სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარების მომსახურება მოცულობით აღემატება "დამატებით სიაში" რეგისტრირებული ბენეფიციარების მომსახურების მოცულობას. თუმცა, პროგრამული ხარვეზის გამო "ძირითად სიაში" რეგისტრირებული პაციენტები ამავე სიისთვის განკუთვნილ მომსახურებას იღებდნენ სრულად შესაბამისად, ა----------–----ას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ განზრახ დაერეგისტრირებინა "ძირითად სიაში" "დამატებითი სიის" კონტიგენტი, რადგან გაწეული მომსახურება სრულად შეესაბამებოდა არსებულ დაფინანსებას. შესაბამისად, ის მსჯელობა რომ მოსარჩელე წლებია იღებს დაფინანსებას და ამ მიზეზის გამო დაკისრებული ჯარიმა, რომელიც დასაბრუნებელი თანხის 20% შეადგენს, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

 

3.7. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს შპს "ა----------–----ის“ მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 16 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტი N---------------- და სსიპ სოციალური ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2018 წლის 23 იანვრის საოქმო გადაწყვეტილება N----------, გაუქმდეს შპს „ა----------–----აზე“ დაკისრებული ფინანსური სანქცია, 24679.12 ლარის ოდენობით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ა----------–----ამ’’ გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’ ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში.

 

4.3. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ ჩატარდა შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალის შემოწმება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის - ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების’’ - კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების სისწორესთან დაკავშირებით 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდზე, რა დროსაც დადგინდა, რომ 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში’’ დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, მაშინ, როდესაც ეს ბენეფიციარები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ ,,დამატებით კონტიგენტში’’, რის გამოც შპს ,,ა----------–----ამ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი.

 

4.4. შპს ,,ა----------–----ას’’ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ დაერიცხა ჯარიმა 24 679,12 ლარი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) დანართი № 1-ს მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა----------–----ამ’’ გამოთქვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და 2013 წლიდან, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’ ნებაყოფლობით ჩაერთო ამ პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართვით მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იმის გამო, რომ შპს ,,ა----------–----ა’’, როგორც ,,მომსახურების მიმწოდებელი’’, ნებაყოფლობით ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რითაც მხარეებს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

 

4.9. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის №04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში” წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმა, რომლის მიხედვითაც, ,,ძირითადი კონტიგენტის’’ რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურეოების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში, ხოლო ,,დამატებითი კონტიგენტის’’ რაოდენობაში - სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს სოფელში. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ,,ძირითად კონტიგენტში’’ დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი. აქედან გამომდინარე, მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად’’, არამედ ,,დამატებით’’ კონტიგენტში. ამ ქმედების შედეგად, შპს ,,ა----------–----ამ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიიღო 9 577,65 ლარი. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით (2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებამდე მოქმედი რედ.), თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3 000 ლარისა. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტში 2014 წლის 7 თებერვალს განხორციელდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით. მითითებულ პუნქტში 2015 წლის 23 თებერვალს კვლავ შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით. მითითებული პუნქტი 2017 წლის 1 თებერვლიდან ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებულმა თანხამ შეადგინა 9 577,65 ლარი, რაზეც დარიცხული ჯარიმის ოდენობა 15 101,47 ლარია, საიდანაც 10,19 ლარი 2013 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით დარიცხული ჯარიმაა, ხოლო 15 091,28 ლარი - 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით დარიცხული ჯარიმა, სულ - 24 679,12 ლარი.

 

4.10. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. როგორც აღინიშნა, შპს ,,ა----------–----ასა’’ და სახელმწიფო შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვით დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა და დაეცვა ამ მომსახურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,ა----------–----ის’’ გორის №- ფილიალში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში 533 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო სოფელი, რის გამოც მითითებული პირები რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ არა ,,ძირითად’’, არამედ ,,დამატებით’’ კონტიგენტში.

 

4.11. რაიონულმა სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ ამ 533 შემთხვევაში ,,შეცდომა’’ მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამული ხარვეზით. რაიონულმა სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ელექტრონული საქმის წარმოების თავისებურებიდან, კომპიუტერული პროგრამირების სირთულისა და ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნისას არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს მას პროგრამული ხარვეზი, მით უფრო მისი დანერგვის საწყის ეტაპზე, და ასეთ შემთხვევაში ამ ხარვეზის არსებობის დამტკიცება მომხმარებლის მხრიდან გართულებული იყოს, თუმცა შპს ,,ა----------–----ას’’ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 2013-2014 წლებში, როდესაც მოხდა მითითებული დარღვევების უმეტესობის დაშვება, მიემართოთ წერილობით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის’’ წერილობითი პრეტენზიით საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,ძირითად კონტიგენტში’’ ბენეფიციართა რეგისტრაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხდება კლინიკისათვის უფრო მეტი თანხის გადაცემა, ვიდრე ეს ხდება ,,დამატებითი კონტიგენტის’’ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნია, რომ 533 შემთხვევა მექანიკური შეცდომით იყო გამოწვეული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, თუნდაც მექანიკური შეცდომით ,,ძირითად კონტიგენტში’’ ბენეფიციართა არასწორი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას და არ აქარწყლებს მის პასუხისმგებლობას ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვისაც (992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი). საბოლოო ჯამში, ის ფაქტი, რომ მითითებული 533 შემთხვევა გამოწვეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამულ ხარვეზით ან იმგვარი სახის ,,მექანიკური შეცდომით’’, რაც გამორიცხავდა შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას ჩადენილ ქმედებაში, არ დასტურდება. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხთან მიმართებაში მდგომარეობას ვერ ცვლის ის, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, შპს ,,ა----------–----ას’’ შემოწმებულ პერიოდში ,,დამატებით კონტიგენტში’’ რეგისტრირებული ჰყავს ბენეფიციართა მცირე რაოდენობა, რომლებიც განეკუთვნებიან ,,ძირითად კონტიგენტში’’ დასარეგისტრირებელ პირებს, და ამის გამო მოსარჩელეს კაპიტაციის გზით ამ პირებზე მიღებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკლები დაფინანსება. რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია და ამგვარი შემთხვევების არსებობა არ ადასტურებს მითითებული 533 ფაქტის მართლზომიერებას ან გამორიცხავს შპს ,,ა----------–----ის’’ ბრალეულობას ჩადენილ დარღვევებში. დასახელებულ დარღვევებზე 2014 წლის თებერვლიდან პასუხისმგებლობა გამკაცრდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტაციის გზით (ანუ ყოველთვიურად) იღებდა დაფინანსებას (მიუხედავად იმისა, რეალურად მიიღებდა თუ არა ბენეფიციარი მომსახურებას), საჯარიმო თანხის გადაანგარიშება და დაკისრება 2014 წლის თებერვლამდე არასწორად რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე მიღებულ თანხებზე ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით 2014 წლის თებერვლიდან, კანონიერია.

 

4.12. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია, პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო’’, როგორც პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება, უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა შპს ,,ა----------–----ისთვის’’ საჯარიმო სანქცია. დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ოდენობასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ სწორად განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის 2014 წლის 7 თებერვლის ცვლილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობა - მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. კანონმდებლობით, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს პირის კანონიერი ინტერსები. იმგვარ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წლებია დაფინანსებას იღებს კაპიტაციით, ამავე დროს სანქციის ოდენობა განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით”, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ჯარიმის 15 101,47 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში არ აყენებს მოსარჩელეს, და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება.

 

4.13. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ დამატებით ასევე სწორად განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ხელშეკრულების დადების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები. საბოლოო ჯამში, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც - 15 101,47 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით’’ განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში მონაწილე პირთა კანონიერ ინტერესები და უფლებები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე