განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002376219
საქმე №2ბ/5558-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - ა-–---------- მ----------ი
წარმომადგენელი - ქ------- თ---–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თბილისის სსიპ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
წარმომადგენელი - კ---- გ------ა, ე---- რ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ა-–---------- მ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ა-–---------- მ----------ი სსიპ ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მუსიკოსად მუშაობდა 1976-2000 წლებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- 2018 წლის 26 თებერვლის #01/124 ცნობა დავალიანების შესახებ;
2.2. 2018 წლის 26 თებერვალს თბილისის სსიპ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მთავარი ბუღალტერის ბადრი მაისურაძის მიერ გაცემულ #01/124 ცნობის თანახმად, ა-–---------- მ----------ის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 632,50 ლარს (დარიცხული ხელფასი).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2018 წლის 26 თებერვლის #01/124 ცნობა დავალიანების შესახებ;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და შრომითი ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #01/124 ცნობით აღიარა სახელფასო დავალიანების არსებობა ა-–---------- მ----------ის მიმართ ხელზე ასაღები 556,60 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა მოპასუხემ და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ცნობის ვალის აღიარების დოკუმენტად მიჩნევა არ არის მართებული და იგი წარმოადგენს მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტს.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული#01/124 ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1. მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად სასამართლოს მომართა 2018 წლის 29 მარტს და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას, ვინაიდან გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3- წლიანი ვადა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე რომელიც ადგენს, რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, მოპასუხე სწორედ რომ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობას).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
კონკრეტული ურთიერთობისა თუ მოვლენის შემდგომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა კი სპობს სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
კონკრეტულ საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #01/124 ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების აღდგენისათვის სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხელფასი არ მიიღო 2000 წლის დეკემბრის თვეში, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 29 მარტს, შესაბამისად, გასულია სამ წელზე მეტი, ამდენად, ა-–---------- მ----------ის სარჩელი ხანდაზმულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა რამოდენიმე ფაქტობრივი უსწორობა, კერძოდ, სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოებაში მითითებული ფაქტები არასწორად იქნა უარყოფილი სასამართლოს მიერ, სასამართლომ არამართებულად განმარტა, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #01/124 ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან იგი არ შეიცავდა დაპირებას დავალიანების გადახდის შესახებ.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ცნობა შეიცავს ყველა იმ მონაცემს რაც აუცილებელია იმისთვის, რომ იგი ჩაითვალოს ვალის აღიარების ხელწერილად. იგი გაცემულია ოპერისა და ბალეტის თეატრის უფლებამოსილი პირების მიერ, ამობეჭდილია შესაბამის ბლანკზე და გარკვევით არის მითითებული, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრს ა-–---------- მ----------ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 632.50 ლარის (ხელზე ასაღები 556.60 ლარი) ოდენობით. ცნობა არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით ოპერისა და ბალეტის თეატრს აღარ ჰქონდა სახელფასო დავალიანება და არც ხანდაზმულობის საკითხზე გაუმახვილებიათ ყურადღება, პირიქით, მითითებულია, სახელფასო დავალიანება "შეადგენს" და არა შეადგენდა. საბუღალტრო დოკუმენტი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა ცნობა თუკი დავალიანების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული იქნებოდა წარსულ დროში. მხოლოდ ფაქტის აღიარებას მაშინ აქვს ადგილი თუ ცნობაში იქნებოდა მითითებული, რომ დავალიანება ჰქონდა, ხოლო ვალდებულების აღიარებაა როდესაც უთითებს, რომ დავალიანება "შეადგენს".
3.2. აპელანტს მიაჩნია, რომ არასწორად არის ასევე, განმარტებული ის ფაქტი, რომ რადგან ცნობა არ შეიცავს დაპირებას დავალიანების გადახდის შესახებ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარების ხელწერილად. ზემოაღნიშნული ცნობა არის ვალის მარტივი აღიარება და თავისთავად იგულისხმებოდა, რომ რადგან 2018 წლის მდგომარეობით არსებობს სახელფასო დავალიანება ესე იგი არსებობს მისი ანაზღაურების ვალდებულებაც.
3.3. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მუხლებით, კერძოდ, სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესახებ. 144-ე მუხლი ამბობს, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, მას არ აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ ცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ასევე თუ უფლებამოსილმა პირმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. 2018 წლის 26 თებერვლის ცნობა წარმოადგენს ვალის მარტივ აღიარებას და მისი უკან წაღება სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად აღარ შეეძლო მოწინააღმდეგე მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ აზრს კარგავს ზემოაღნიშნული მუხლის არსებობა და მხარე, რომელსაც რეალურად აქვს მოთხოვნის უფლება კარგავს მისი დაკმაყოფილების ყოველგვარ საშუალებას, თუნდაც ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.
აპელანტის მტკიცებით, 2018 წლის 26 თებერვლის ცნობის გაცემით აღიარა რა მოწინააღმდეგე მხარემ ვალის არსებობა, განახლდა ხანდაზმულობის ვადა და აპელანტს მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.4 პუნქტები).
4.2. პალატა მიუთითებს, რომ შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.
პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთრი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ა-–---------- მ----------ი მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 556.60 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რომელიც წარმოადგენს 1976-2000 წლების დავალიანებას, როგორც მიუღებელი ხელფასის სახით და დაეკისროს შრომითი ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2001 წლის 1 იანვრიდან აღსრულებამდე.
დადგენილია, რომ ა-–---------- მ----------ი დასაქმებული იყო თბილისის სსიპ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მუსიკოსის თანამდებობაზე.
უდავოა, რომ აპელანტმა ხელფასი არ მიიღო 2000 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 29 მარტს, შესაბამისად, გასულია სამ წელზე მეტი.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
პალატა განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ ა-–---------- მ----------ის სასარჩელო მოთხოვნა, წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129.2-ე, 130-ე, მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების გადახდაზე.
რაც შეეხება, 2018 წლის 26 თებერვლის სსიპ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის მიერ გაცემულ ცნობას, პალატა იზიარებს პირელი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ №01/124 ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე.
4.3. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სსიპ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, აპელანტის მოთხოვნები, ხანდაზმული იყო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის’’ შესახებ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- მ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო იმავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე