განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110311219002927091
საქმე N3/ბ-188-19წ.
ბრძანება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორები _ 1.სსიპ შემოსავლების სამსახური 2. ი/მ ი-----------–--ე
დავის საგანი _ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული ბრძანება _ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის ბრძანება.
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 03 აპრილს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ი.მ. ი-----------–--ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.
შუამდგომლობის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №0------- ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ი.მ. ი-----------–--ის საკუთრებაში არსებულ ქონებას დაედო ყადაღა. შუამდგომლობის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა 3664.6 ლარს. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მის მიერ წარდგენილი დეკლარაციების და საგადასახდო მოთხოვნის საფუძველზე. თანხების გადაუხდელობის გამო, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა. ი/მ ი-----------–--ეს 2017 წლის 08 ნოემბერს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გაცემულ იქნეს ბრძანება ი/მ ი-----------–--ის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგენილი იქნა ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელის ი/მ ი-----------–--ის შემდეგი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია (ყადაღადადებული ქონებიდან) თეთრი ფერის ავტომანქანა ,,მე------------–ი”, ჰეტჩბეკი, სახელმწიფო ნომრით T------ არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების და რეალიზაციის დროისათვის მასზე დარიცხული საურავების ფარგლებში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანებაში მითითებული ქონების რეალიზაცია უზრუნველყოფდა ი/მ ი-----------–--ის საგადასახადო დავალიანების დაფარვას.
მითითებული ბრძანება გაასაჩივრა ი/მ ი-----------–--ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, ბრძანება ასევე გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ გაუქმებას და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ი/მ ი-----------–--ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ი/მ ი-----------–--ე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი - 21--------2, იურიდიული მისამართი - თერჯოლის რაიონი, სო----–-------ი.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 04.10.2017 წელს გამოცემული იქნა №0------- ბრძანება ი/მ ი-----------–--ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 08 ნოემბერს შედგა აქტი ი/მ ი-----------–--ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, კერძოდ, აქტის შესაბამისად, ყადაღა დაედო უძრავ-მოძრავ ქონებას (იხილეთ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 08 ნოემბრის აქტი).
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის მიხედვით 01.02.2019 წლის მდგომარეობით ი/მ ი-----------–--ის აღიარებული (ძირითადი) საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 2744.95 ლარს ხოლო საურავი 919.65 ლარს.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი/მ ი-----------–--ის კუთვნილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის საორიენტაციოდ შეადგენს 139000 ლარს.
ი/მ ი-----------–--ის ყადაღადადებული ქონება შეფასებულია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 08 ნოემბრის აქტის მიხედვით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: „დ“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის - ი/მ ი-----------–--ის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, საკმარისი იყო დაყადაღებული ქონების ნაწილის რეალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია მტკიცებულებები და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებისათვის დასაბუთებული და არგუმენტირებული პრეტენზია საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო ი/მ ი-----------–--ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123-ე მუხლით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. ი/მ ი-----------–--ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის ბრძანება;
3. ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრედება.
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე