განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
100210018002612561
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002612561

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2/ბ-53-2019წ.

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე, ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე): ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ----------–--ე

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე): შპს ა--------------

წარმომადგენელი: მ---------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. აპელანტის, შპს ა--------------ს, მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

3.2018 წლის 31 აგვისტოს შპს ა--------------მ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის - დავალიანების 32537,04 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 976,11 ლარის - დაკისრება ითხოვა.

 

4.სარჩელში აღნიშნულია, რომ 2----–-–-------------ს შპს „ა--------------------სა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, შპს „ა--------------------“ იღებდა ვალდებულებას მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველეყო ბენეფიციარი, ხოლო მუნიციპალიტეტს, თავის მხრივ, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ნაღდი ანგარიშსწორებით გაეწია მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა.

 

5.2016 წლის 04 იანვარს განხორციელდა შპს „ა--------------------“-ს რეორგანიზაცია (შერწყმა), შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „გ--------------“ უფლებამონაცვლეს, სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა-----------------“ (ს/კ 2--------). 2017 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 30 447,53 ლარი, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 30 447,53 ლარი.

 

6.შპს „ა----------------ს“ მხრიდან მუნიციპალიტეტში წარდგენილი იქნა მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. არა ერთი თხოვნისა თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი დღემდე უარს აცხადებს აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე.

 

7.ვალდებულების შესრულების პერიოდისა და დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს (ლარი/დოლარი) შორის არსებული სხვაობით, შპს „ა----------------“-სათვის დამდგარმა, ფაქტობრივმა ზიანმა შეადგინა დამატებით 2089,51 ლარი. რაც არ იარსებებდა ვალდებულების ჯეროვანი, დროული შესრულების შემთხვევაში.

 

8.აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „ა----------------“ ითხოვს მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ა----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 30 447,53 +2089,51=32537,04 ლარის გადახდა.

 

9.სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას იმავე საფუძვლებით, რაც სარჩელშია აღნიშნული; ამასთან განმარტეს, რომ ვალდებულების შესრულების პერიოდსა და სარჩელის წარდგენის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურს შორის არსებული სხვაობის შედეგად დამდგარმა ზიანმა შეადგინა 2089.51 ლარი, რაც სკ-ს 404 მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურებას ექვემდებარება.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

10.მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 23 იანვარს შპს „ა--------------------სა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის ნამდვილად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ 2017 წლის მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს თვეებში მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილების საფუძველზე შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეებისათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას 32,537.04 ლარის ოდენობით.

 

11. მოპასუხის განმარტებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვალდებულება წარმოადგენს 2017 წლის დავალიანებას, რაც 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა და ამ მიზეზით ვერ მოხდა დავალიანების ანაზღაურება;

 

12.მოპასუხე ასევე, არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ვალდებულების შესრულების პერიოდისა და დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით, კურსს (ლარი/დოლარი) შორის არსებული სხვაობით, შპს „ა----------------“-სათვის დამატებით ზიანის 2089,51 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან ვალდებულების წარმოშობის შემდეგ არ შეცვლილა ფულადი ერთეულის კურსი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

13.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ა--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ა--------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 30 447,53 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 913,41 ლარის გადახდა.

 

I ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

 

14.დადგენილია, რომ 2----–-–-------------ს შპს „ა--------------------სა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

15.მემორანდუმის პირველი მუხლის თანახმად, შპს „ა--------------------“ იღებდა ვალდებულებას, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველეყო ბენეფიციარი, ხოლო მუნიციპალიტეტს თავის მხრივ, ჰქონდა ვალდებულება მომსახურების მიმწოდებელი ორგანზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ნაღდი ანგარიშსწორებით გაეწია მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა.

 

16.დადგენილია, რომ 2016 წლის 04 იანვარს განხორციელდა შპს „ა--------------------“-ს რეორგანიზაცია (შერწყმა), შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „გ--------------“ უფლებამონაცვლეს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა----------------“ (ს/კ 2--------).

 

17.დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 12,711, 73 ლარი;

 

18.2017 წლის ივნისის თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 12,399,72 ლარი;

 

19.2017 წლის ივლისის თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა-----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5276,08 ლარი;

 

20.2017 წლის აგვისტოს თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 60 ლარი;

 

21.დადგენილია, რომ 2017 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ სულ შეადგინა 30 447,53 ლარი, რაც მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 30 447,53.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

22.შპს ა--------------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 404-ე 412-ე, 477-ე, მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, მიწოდებულია საქონელი, ხოლო გადახდილი არ არის ფასი, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 30 447,53 ლარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

23.სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების პერიოდისა და დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს (ლარი/დოლარი) შორის არსებული სხვაობით მოპასუხისათვის დამატებით ზიანის 2089,51 ლარის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

 

24.ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

25.პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე მხარემ.

 

26.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 30 447,53 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

27.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის არგუმენტები ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

28.შპს ,,ა--------------"-სა და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის წარმოშობილი დავალიანება არის 2017 წლის დავალიანება, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას 2017 წლის დავალიანება დაფაროს.

 

29.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან იფარება მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დავალიანებები.

 

30.აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა შპს ,,ა--------------"-სათვის დავალიანების დაფარვა, რაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

31.ამ გარემოებებზე მითითებით აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

32.შპს ა--------------მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2089,51 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სრულად დაკისრების ნაწილში.

 

33.შპს ა--------------ს სააპელაციო საჩივრის არგუმენტები ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

34.სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, არც კი იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის (ლარი/დოლარი) ცვლილება 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით; უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ამ პოზიციას, თითქოსდა ვალდებულების წარმოშობის შემდეგ არ შეცვლილა ფულადი ერთეულის კურსი, ამიტომ შპს ,,ა--------------ს" დამატებითი ზიანი 2089,51 ლარის ოდენობით არ მიადგა. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტის აღიარება დადგენილ გარემოებად ავტომატურად გულისხმობს ზიანის წარმოშობის ფაქტს, აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და დადგენილ გარემოებად აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია კურსის ცვლილების შესახებ, ამიტომაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით ამ სხვაობის დაკისრების შესახებ.

 

35.აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ზიანის წარმოშობის მომენტი, არასწორად შეაფასა კურსთაშორისი ცვლილებით გამოწვეული დავის საგანი, არასწორად მიუსადაგა კანონის მუხლი არსებულ ვითარებას, რადგან აპელირებს ვალდებულების წარმოშობის დროს არსებულ ეროვნულ კურსზე ,,მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს", დავის საგანს არ წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის დღეს რა კურსით უნდა განხორციელებულიყო გადახდა; არ მსჯელობს, არც უარყოფს ზიანის წარმოშობის ფაქტს, თუმცა დადგენილ გარემოებად არ მიიჩნევს ზიანის არსებობის ფაქტს და განმარტავს, რა კურსით უნდა მოხდეს ანაზღაურება; მაშინ როდესაც ზიანი წარმოიშვა ვალდებულების შეუსრულებლობის დროს არსებული ეროვნული გაცვლითი კურსის გაზრდით.

 

36.აპელანტის განმარტებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი ნორმების ჩამონათვალი, გასაჩივრებულ ნაწილთან მიმართებაში, არასრულია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა გასაჩივრებულ საკითხებზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

37.სასამართლო არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი, რომლის თანახმად, "მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას." ამ ნორმის გამოყენებას, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოცემულ საქმეში აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხრიდან "ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების" ორივე საფუძველი.

 

38.სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, "იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება." სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, "ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ... ... ." პირველი ინსტანციის სასამართლომ არათუ არ გამოიყენა ეს ნორმები, გადაწყვეტილებაში, სრულიად უგულვებელყო კრედიტორის კანონთან სრულ თანხვედრაში მყოფი კერძო ინტერესი.

 

39.აპელანტის მითითებით, სასამართლომ სრულიად უგულვებელყო ვითარება, როდესაც სასამართლოს ერთ მხარეს წარმოადგენდა შპს "ა--------------", რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, პირნათლად, ჯეროვნად, წესების სრული დაცვით მოქმედებდა სადავოდ გამხდარ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც არ ასრულებდა საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს, არღვევდა შეთანხმებას და უგულვებელყოფდა კრედიტორის კანონიერ ინტერესებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დადასტურებული გარემოება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია სრულ უპასუხისმგებლობას ამჟღავნებდა და მის მიერ არამართლზომიერ ქმედებებს ადასტურებდა მათ შორის სასამართლო სხდომაზეც, როდესაც ერთადერთი უსუსური მიზეზი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმისა იყო წინა საბიუჯეტო წლის დავალიანების მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გათვალისწინება. უფრო ნათლად რომ ავხსნათ, მოპასუხის უსუსური წინააღმდეგობა და არგუმენტი სარჩელის არ ცნობისა იყო ის, რომ 2017 წელს, ადმინისტრაციული ორგანოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არ შესრულდა ვალდებულებები კრედიტორის მიმართ, ხოლო მომდევნო 2018 წელს, კვლავ ადმინისტრაციული ორგანოს უპასუხისმგებლობის გამო, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული გასული წლის ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. სწორედ ამ დამოკიდებულებით წარსდგა მოპასუხე ორგანიზაცია სასამართლოში და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ერთადერთ ფსევდო "კონტრარგუმენტად" დაასახელა ლარის გაცვლითი კურსის უცვლელობა მთელი პერიოდის განმავლობაში, მაშინ როდესაც აპელანტის მიჩნევით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულება საპირისპიროს ადასტურებს და კურსის ცვლილების ყველა დეტალს თვალსაჩინოს ხდის.

 

40.აპელანტმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფის პარალელურად, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, რომლის თანახმად "ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს."

 

41.აპელანტის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილი განმარტებების ანალიზით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ 2017 წელს არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არც მომდევნო წელს არ გაითვალისწინა მისი შესრულება, შეუძლებელია ვივარაუდოთ მხარის ჯანსაღი დამოკიდებულება ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ. პირიქით, სახეზეა სრულიად უპასუხისმგებლო ურთიერთობა კრედიტორთან. სხვა შემთხვევაში, საკითხზე მცირედი ანალიზის კვალდაკვალ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ევარაუდა, რომ თვეების განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მიუღებლობა, ზიანს მიაყენებდა მომსახურების გამწევ კერძო სამართლის სუბიექტს.

 

42.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პირველი პირობა ეხება არა მხარის უგუნურების ან პირიქით გამჭრიახობის ხარისხს, არამედ ნორმალურ ვითარებაში წარმოშობილი "ვარაუდის არსებობის" შესაძლებლობას, რომ ქმედების უშუალო შედეგით შეიძლება დადგეს ზიანი, რომელიც დაექვემედბარება ანაზღაურებას. რაც შეეხება ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მეორე პირობას, მოცემულ საქმეზე უტყუარად დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგს წარმოადგენს ის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ სათანადო მტკიცებულებებით და არგუმენტებით.

 

43.აპელანტმა განმარტა, რომ ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაუკავშირა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს და შედეგად, გასაჩივრებულ ნაწილში, გამოიტანა იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ხსენებული ნორმით დარეგულირებული სამართალურთიერთობა სრულ შეუთავსებლობაშია სარჩელით განსახილველ შემთხვევასთან, შეუთავსებელია ნორმის მიზნის და მისი რეგულირების გათვალისწინებით. ხსენებული ნორმა ძალიან შორს დგას მოსარჩელის მიერ დაყენებულ საკითხთან, თუნდაც იმ მარტივი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 389-ე მუხლი ეხება "გადახდის ვადის დადგომამდე" კურსის ან ვალუტის ცვლილებას.

 

44.ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

46.სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

47.დადგენილია, რომ 2----–-–-------------ს შპს „ა--------------------სა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

48.მემორანდუმის პირველი მუხლის თანახმად, შპს „ა--------------------“ იღებდა ვალდებულებას, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყო ბენეფიციარი, ხოლო მუნიციპალიტეტს თავის მხრივ, მომსახურების მიმწოდებელი ორგანზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ნაღდი ანგარიშსწორებით გაეწია მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა.

 

49.დადგენილია, რომ 2016 წლის 04 იანვარს განხორციელდა შპს „ა--------------------“-ს რეორგანიზაცია (შერწყმა), შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „გ--------------“ უფლებამონაცვლეს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა----------------“ (ს/კ 2--------).

 

50.დადგენილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 12,711, 73 ლარი;

 

51.2017 წლის ივნისის თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 12,399,72 ლარი;

 

52.2017 წლის ივლისის თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა-----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5276,08 ლარი;

 

53.2017 წლის აგვისტოს თვეში, მუნიციპალიტეტის საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 60 ლარი;

 

54.დადგენილია, რომ 2017 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ სულ შეადგინა 30 447,53 ლარი, რაც მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

55.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

56.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

57.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

58.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

59.დადგენილია, რომ 2----–-–-------------ს შპს „ა-------------------სა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის პირველი მუხლის თანახმად, შპს „ა--------------------“ იღებდა ვალდებულებას, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყო ბენეფიციარი, ხოლო მუნიციპალიტეტს თავის მხრივ, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ნაღდი ანგარიშსწორებით გაეწია მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა.

 

60.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

61.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

62.მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

 

63.დადგენილია, რომ 2017 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, შპს „ა----------------ს“ მიერ მოქალაქეთათვის გაწეული, მედიკამენტებით მომსახურების ღირებულებამ სულ შეადგინა 30 447,53 ლარი, რაც მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია;

 

64.შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებულია საქონელი, ხოლო გადახდილი არ არის ფასი, ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს 30 447,53 ლარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

65.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;

 

66.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს; 67.აღნიშნულის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია; არც დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებითაა დადგენილი, რომ მოპასუხისათვის ზიანი წინასწარ იყო სავარაუდო;

 

68.სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

 

69.პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვალდებულების შესრულების პერიოდისა და დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს (ლარი/დოლარი) შორის არსებული სხვაობით მოპასუხისათვის დამატებით ზიანის 2089,51 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, ვინაიდან, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

 

საპროცესო ხარჯები:

 

70.შპს ა--------------ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

71.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ჭიათურის მუნიციპალტეტის მერიისა და შპს ა--------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. შპს ა--------------ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /ირმა პერანიძე/

 

/ნანა კალანდაძე/