განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020311218002327907
საქმე № 3/ბ-111-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი − შპს ,,ბ---------ი’’
წარმომადგენელი − დ---------------ა
მოწინააღმდეგე მხარე − სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი − შ------------–--–---–ი
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული ბრძანება − ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 28 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ბ---------ის’’ ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა;
შუამდგომლობის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მაისის N------- ბრძანების საფუძველზე შპს ,,ბ---------ის’’ ქონებას დაედო ყადაღა. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა სულ 893815.42 ლარს, მათ შორის ძირითადი თანხას შეადგენდა 126581.25 ლარი, ჯარიმას - 133488.32 ლარი, საურავს - 633745.85 ლარი. შპს ,,ბ---------ს’’ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ჩაბარდა 2017 წლის 15 მაისს, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა იშუამდგომლა შპს ,,ბ---------ის’’ საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონებების (სატრანსპორტო საშუალებები) იძლებითი აუქციონის წესით რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და გადასახადის გადამხდელის შპს ,,ბ---------ის’’ დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა მოითხოვა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავალიანების ნებაყოფლობით შესრულება მიუხედავად შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა ვერ ხერხდებოდა.
გადასახადის გადამხდელი სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შუამდგომლობის ავტორს მიეცა ნებართვა ღია აუქციონის წესით მოეხდინა გადასახადის გადამხდელის – შპს ,,ბ---------ის" (ს/კ 2--------) ყადაღადადებული ქონების რეალიზება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება გაასაჩივრა შპს ,,ბ---------ის’’ დირექტორმა რ-------------ამ, რომელმაც უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად
დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
პალატა საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და ქონებაზე ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებს წარმოადგენს, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილის შესაბამისად კი ქონება განმარტებულია, როგორც ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
საქმის მასალების მიხედვით, გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით მხარეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მეტიც, მხარე აღიარებს დარიცხული თანხების კანონიერებას, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მეწარმეზე დარიცხული თანხები ითვლება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ საჩივრის ავტორს არც ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანების კანონიერებაზე გააჩნია სამარტლებრივი პრეტენზია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დაყადაღებული ქონება ჯამში შეფასებულია 186 960 ლარად, რაც არ აღემატება დარიცხული თანხების ოდენობას. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემის კანონისმიერი საფუძველი.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, რის გამოც არ არსებობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანების გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-2123 მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. გადასახადის გადამხდელის შპს ,,ბ---------ის’’ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება;
3. ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრდებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე