განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
020100117002213433
ინსტანცია
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002213433

საქმე №1/ბ-410-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნონა თოლორაიას

ადვოკატის _ იოსებ ჯანაშიას

გამართლებულის _ ოთარ ჭითანავას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ნონა თოლორაიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №022130317001) ოთარ ჭითანავას მიმართ, დაბადებულის 1957 წლის 26 მარტს ქ.ზ--------ში, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 19001032650), ცოლშვილიანის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ.ზ--------ში, ი.თოდუას ქუჩა №6-ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ.ზ--------ში, ლესელიძის ქუჩა №41-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ოთარ ჭითანავას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თ---–------------–----–--ის საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე, ს------------------------–---------ს ტერიტორიაზე, ქ.ზ--------ის მიმართულებით მოძრავი ,----------ს’’ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I------, რომელსაც მართავდა ოთარ ჭითანავა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე----- მ---------–--ს, რომელმაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ზემოაღნიშნულის გამო ოთარ ჭითანავას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით:

 

ოთარ ჭითანავა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გამართლებულ ოთარ ჭითანავას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

ოთარ ჭითანავასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის №1------- განჩინებით დაყადაღებულ, მ----- გ--–-–---–-- კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----------–---------------------–-.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ანაწმენდები, საკონტროლო ტამპონი, მიკრონაწილაკები და ნერწყვის ნიმუში, უნდა განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ, რომელმაც ითხოვა ოთარ ჭითანავას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ოთარ ჭითანავას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების _ ი----- გ----------ს, ნ------- მ---------–--ს, ბ------ მ---------–--ს, ა---------– შ---------ს, მ----- ბ--------ს, ტ------- მ---–----–---ს და დაზარალებულ ე----- მ---------–--ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის სქემატური ნახაზი და ფოტოსურათები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ოთარ ჭითანავას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განაჩენი ფაქტიურად დაამყარა საკუთარ ვარაუდებზე და ბრალდებულ ოთარ ჭითანავას ჩვენებაზე, რომელიც არანაირი ფაქტობრივი გარემოებით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოთარ ჭითანავამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ...მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა და ამავე კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მონიშვნის ხაზი ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში მძღოლმა ოთარ ჭითანავამ არ შეასრულა კანონის მოთხოვნები და არათუ დაიცვა გვერდითი ინტერვალი, არამედ გადმოსული იყო საპირისპირო ზოლზე, რამაც განაპირობა ავტო-საგზაო შემთხვევა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნონა თოლორაიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ოთარ ჭითანავამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ე----- მ---------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს, თავის ძმებთან _ ბ------ და ნ------- მ---------–-ებთან ერთად, ი----- გ----------ს „----------ს“ მარკის ავტომობილით მიდიოდა ს-----დან ს------–---------ს მიმართულებით. როდესაც მდინარე ტეხურასთან მივიდნენ, მძღოლს გააჩერებინეს ავტომობილი და მისი ძმა _ ბ------ საავტომობილო გზის მეორე მხარეს მდებარე მაღაზიაში შევიდა. თვითონაც გადავიდა ავტომობილიდან, რადგან მობილურ ტელეფონზე თანხის ჩარიცხვა უნდოდა. საავტომობილო გზის გადაკვეთამდე შენიშნა, რომ ს-----დან ა--–-- მიმართულებით მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და გაატარა. ამის შემდეგ დაიწყო გზის გადაკვეთა და შუა ხაზთან გაჩერდა, რა დროსაც მარჯვენა მხარეს დაეჯახა „---------ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანა. დაზარალებულის განმარტებით, შეჯახების დროს შუა გამყოფ უწყვეტ ხაზზე არ იყო გადასული. შუა ხაზთან რომ მივიდა, მობილური ტელეფონი ამოიღო და დახედა. ამ დროს ა--–----- ს-----ს მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომანქანამ გააკეთა მარჯვენა მანევრი და უკანა მხარით შეეჯახა სახეზე.

 

მოწმე ნ------- მ---------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს თავის ძმებთან _ ე----- და ბ------ ნ------- მ---------–-ებთან ერთად იმყოფებოდა ი----- გ----------ს მიერ მართულ ავტომანქანაში. როდესაც მდინარე ტეხურას ხიდზე გადავიდნენ, ე-----მ გააჩერებინა მანქანა მძღოლს. ბ------ გადავიდა მანქანიდან, გადაკვეთა გზა და შევიდა მაღაზიაში. ე-----ს მობილური ტელეფონის ანგარიშის შევსება უნდოდა და ისიც გადავიდა მანქანიდან. მან გაატარა ა--–-- მიმართულებით მოძრავი ტრაილერი. შემდეგ დაიწყო მოძრაობა, შუა ხაზთან გაჩერდა და ტელეფონი ამოიღო, რა დროსაც დაეჯახა მანქანა. მოწმის განმარტებით, ე-----მ უკნიდან მოუარა ი----- გ----------ს მანქანას, დაელოდა ტრაილერის ჩავლას და გადავიდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ე----- გამყოფ ხაზზე არ იყო გადასული. ს-----დან მოძრავი ავტომანქანა მარჯვნივ გადაიწია და მარცხენა მხარე დაარტყა მას. ე----- დატრიალდა და იქვე დაეცა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ი----- გ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს, „----------ს“ მარკის ავტომობილით იმყოფებოდა ქ.სენაკში, სადაც შეხვდა მეზობლად მცხოვრებ ე----- მ-------–--ს და მის ძმებს. ისინი ჩაისვა ავტომანქანაში და გაემართნენ ს------–---------ს მიმართულებით. როდესაც მდინარე ტეხურას ხიდზე გადავიდა, ე----- მ---------–--მ თხოვა გაეჩერებინა მანქანა, რათა გადასულიყო საპირისპირო მხარეს და შეევსო მობილური ტელეფონის ბალანსი. ამის გამო გადავიდა ა--–-- მიმართულებით მარჯვენა მხარეს, გზის მიღმა, ღორღიან გზისპირზე და გააჩერა ავტომობილი. ჯერ უფროსი ძმა გადავიდა ავტომობილიდან, გადაკვეთა საავტომობილო გზა და შევიდა საპირისპირო მხარეს მდებარე მაღაზიაში. ამის შემდეგ ე----- მ---------–-- გადავიდა ავტომობილიდან და სანამ გზის გადაკვეთას დაიწყებდა, გაატარა ა--–-- მიმართულებით მოძრავი ტრაილერი ტენტიანი მისაბმელით, გადაკვეთა ა--–-- მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლი და გაჩერდა შუა გამყოფ ღერძულა ხაზთან, რათა გაეტარებინა ა--–----- ს-----სკენ მოძრავი ბორტიანი სატვირთო. შუა გამყოფ ღერძულა ხაზთან გაჩერების შემდგომ, ე----- მ---------–--მ დაიწყო ტელეფონში ყურება. ბორტიანი სატვირთო მოძრაობისას ნაწილობრივ, დაახლოებით 0,7 მეტრით გადმოსული იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში. როდესაც ის მიუახლოვდა ქვეითს ახლო მანძილზე, ალბათ დაახლოებით 2-3 მეტრში, მძღოლმა საჭე მკვეთრად მიმართა მარჯვნივ და სწორედ ამ დროს, წინა მარცხენა ბორტის კუთხით შეეჯახა ე----- მ---------–--ს. შეჯახების შემდგომ ქვეითი დატრიალდა, დაბზრიალდა და იქვე ხაზთან დაეცა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–------------–----–--ის საავტომობილო გზის 2---ე კილომეტრზე, ს------------------------–---------ს ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე. შემთხვევის ადგილზე გამავალი საავტომობილო გზა გადის დასახლებულ პუნქტში და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის. საავტომობილო გზა გაყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით. ქ.ს-----ს მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,95 მეტრი, ხოლო მარცხენა სამოძრაო ზოლის კი 4 მეტრი. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სამოძრაო ზოლს გააჩნია გვერდული და ღორღიანი გზისპირი. ქ.ს-----ს მიმართულებით მარჯვენა მხარეს, გზის მიღმა განთავსებული სარეკლამო ბანერიდან 25,20 მეტრში, შუა გამყოფ ღერძულა ხაზზე შეინიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქის კვალი. სისხლისმაგვარი ლაქიდან 61,30 მეტრში, ნაწილობრივ გვერდულსა და ნაწილობრივ მარჯვენა სამოძრაო ზოლზე განთავსებული იყო „---------ს“ მარკის ღია ბორტიანი სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I------, რომელიც წინა ნაწილით მიმართული იყო ქ.ს-----ს მხარეს. ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილიდან გამყოფ ხაზამდე მანძილი შეადგენდა 2,85 მეტრს, ხოლო უკანა მარცხენა ნაწილიდან გამყოფ ხაზამდე მანძილი _ 2.80 მეტრს. სატვირთო ავტომობილს ვიზუალურად გარეგანი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (შემსრულებელი ექსპერტი მ-------------–---) დადგენილია, რომ ე----- მ---------–--ს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული-პარკუჭოვანი სისხლჩაქცევა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სომნოლენციო, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვირვი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---მ.

 

ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით (შემსრულებელი ექსპერტი ზ-------------------) დადგენილია, რომ გამოძიებით დადგენილ ვითარებაში მძღოლ ოთარ ჭითანავას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------------------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვეითი არ იყო საფრთხე, რადგან ხაზთან იდგა. ამიტომ არ შეესაბამება მძღოლის მოქმედება საგზაო მოძრაობის წესებს. ამასთან, მძღოლი ნაწილობრივ გადასული იყო საპირისპირო ზოლში. სისხლის ლაქის ადგილი არის შეჯახების ადგილი. ო--------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი რომ 60 კმ/სთ-ით მოძრაობდა, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან გაარკვია. შეჯახებამდე ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის მანძილი _ 0,7 მეტრი აიღო დადგენილებიდან და საქმის მასალებიდან, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებიდან. შეჯახების ადგილი მიუთითა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან. დაცემის ადგილი გამოძიების მიერ იყო დადგენილი. ქვეითი გზასთან ოდნავ დახრილი თუ არის, მაშინ ატრიალებს მას შეჯახება. თუ შეჯახება დაატრიალებდა ქვეითს, იგი შეიძლება იქვე დაცემულიყო. იმ შემთხვევაში, თუ ქვეითი სირბილით იმოძრავებდა, შეეჯახების შედეგად იგი გადავარდებოდა წინ და მარცხნივ, ღერძულა ხაზზე ვერ დაეცემოდა და სისხლის ლაქა იქ არ იქნებოდა.

 

დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (შემსრულებელი ექსპერტები თ--------------- და დ----------–------) დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის „--------------------ი“, სანომრე ნიშნით L-------ის მძღოლს, ოთარ ჭითანავას, ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ---------------მ და დ----------–-----მა. ამასთან, თ---------------მ დამატებით განმარტა, რომ შეჯახება მოხდა მძღოლის გზაზე, როცა მგზავრი სწრაფად კვეთდა გზას. გამორიცხულია, რომ შეჯახების ადგილი და დაცემის ადგილი ერთი და იგივე იყოს, ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. თუ ქვეითი უძრავად იქნებოდა, მაშინ სარკეზე უნდა მომხდარიყო შეჯახება, რადგან სარკე ყველაზე გამოწეული ადგილია. ბრალდებულის ჩვენების შესაბამისად შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, ხოლო დაზარალებულის ჩვენების შესაბამისად ვერ განვითარდებოდა. დ----------–-----მა დამატებით განმარტა, რომ თუ ქვეითი არ მოძრაობდა, ავტომანქანა გვერდითი ნაწილით ვერ დაეჯახებოდა.

 

ბრალდებულ ოთარ ჭითანავას მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს „--------------------ის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ა--–----- ზ--------ის მიმართულებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით. ს------–---------ს ტერიტორიაზე მოძრაობისას დაინახა ბავშვი, რომელიც გზის საპირისპირო მხარეს გაჩერებული მანქანის უკანა ნაწილს ეყრდნობოდა ხელით. ამ დროს მის საპირისპირო ზოლში მოძრაობდა ტრაილერი. როდესაც აღნიშნულ ტრაილერს ჩაუარა, იქეთა მხრიდან გამოიქცა ბავშვი და დაეჯახა. ბრალდებულის განმარტებით, იგი საპირისპირო მოძრაობის ზოლში არ ყოფილა გადასული. როგორც კი ბავშვი დაინახა, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, 90 გრადუსით მოუხვია მარჯვნივ, თუმცა, დაზარალებული დაეჯახა გვერდიდან.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურორის პოზიციას ოთარ ჭითანავას დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ოთარ ჭითანავას ბრალეული ქმედების შესახებ, რამაც გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ვერ სცდება ვარაუდს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების არსებობა: ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მოცემული დარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც მართავს ავტომობილს და ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების ფაქტის დადასტურება. პირველ კომპონენტთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტურია და მასში ზოგადადაა მითითებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი მოცემულია სპეციალური კანონში _ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამდენად, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პირველ ყოვლისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ოთარ ჭითანავასთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსზე და მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (რაში გამოიხატა იგი), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, ოთარ ჭითანავას ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მისი დანაშაულებრივი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ს------------------------–---------ს ტერიტორიაზე, ქ.ზ--------ის მიმართულებით მოძრავი ,----------ს’’ მარკის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა ოთარ ჭითანავა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე----- მ---------–--ს, რომელმაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ხსენებულ დადგენილებაში აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რას ედავება ბრალდების მხარე ოთარ ჭითანავას, დაარღვია თუ არა მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი, დადებით შემთხვევაში _ რომელი და რა კავშირშია მისი ქმედება დამდგარ შედეგთან, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული, რადგან თუ მძღოლს არ დაურღვევია დადგენილი წესი, მაგრამ მძიმე შედეგი მაინც დადგა სხვა მიზეზის გამო, მას ასეთი შედეგი არ შეერაცხება, რაც გამორიცხავს მძღოლის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ზეპირსიტყვიერად განმარტა და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ ოთარ ჭითანავამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ...მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა და ამავე კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მონიშვნის ხაზი ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია, ოთარ ჭითანავამ არ შეასრულა კანონის ეს მოთხოვნები და არათუ დაიცვა გვერდითი ინტერვალი, არამედ გადასული იყო საპირისპირო ზოლზე, რამაც განაპირობა ავტო-საგზაო შემთხვევა, მაშინ, როცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამ გარემოებებზე საერთოდ არ არის მითითებული.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა შეფასების გარეშე არ დატოვებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტებულ/დაზუსტებულ ბრალდებას და აღნიშნავს, რომ როდესაც საკითხი ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, საჭიროა სპეციალური ცოდნა და მეთოდოლოგია, რათა სწორად დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ბრალეულობა. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან, იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სააპელაციო პალატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან, იგი ემყარება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და ტექნიკურ გამოთვლებს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი არ არის რა ტექნიკური გამოკვლევა ჩაატარა ექსპერტმა და რის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მძღოლ ოთარ ჭითანავას ტექნიკური თვალსაზრისით შეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის ავტორმა ზ------------------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვეითი არ იყო საფრთხე, რადგან იგი ხაზთან იდგა და ამიტომ არ შეესაბამებოდა მძღოლის მოქმედება საგზაო მოძრაობის წესებს, ამასთან, მძღოლი ნაწილობრივ გადასული იყო საპირისპირო ზოლში. მანვე მიუთითა, რომ შეჯახების და ქვეითის დაცემის ადგილები იყო ერთი და იგივე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის ექსპერტების _ თ--------------ისა და დ----------–------ს ჩვენებების თანახმად კი, გამორიცხულია, რომ შეჯახების და დაცემის ადგილები ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. თუ ქვეითი უძრავად იდგებოდა ერთ ადგილზე, შეუძლებელია მას გვერდიდან დაჯახებოდა ავტომობილი, ასეთ შემთხვევაში, სარკეზე უნდა მომხდარიყო შეჯახება, რადგან სარკე ყველაზე გამოწეული ადგილია. მართალია, მოწმეებმა ი----- გ----------მ და ნ------- მ---------–--მ მიუთითეს, რომ შეჯახებამდე ე----- მ---------–-- გაჩერებული იყო გზის გამყოფ ხაზთან, თუმცა ამ ნაწილში მათი ჩვენებების მართებულობა უაყოფილია დაცვის მხარის ექსპერტების მიერ, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეთა ჩვენებებითვე დასტურდება, რომ დაზარალებულმა ე----- მ---------–--მ უკნიდან მოუარა ი----- გ----------ს გაჩერებულ ავტომანქანას და შემდეგ დაიწყო გზის გადაკვეთა, რის გამოც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ დროს ავტომანქანაში მსხდომ პირებს _ ი----- გ----------ს და ნ------- მ---------–--ს დაენახათ როგორ კვეთდა იგი გზას. სააპელაციო პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია ვერსია იმის თაობაზე, რომ შეჯახებამდე ოთარ ჭითანავას მიერ მართული ავტომობილი 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რადგან აღნიშნული ვერსია ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას – აწ/გარდაცვლილი ი----- გ----------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამ ნაწილში დამაჯერებლობასაა მოკლებული, ვინაიდან, გაუგებარია როგორ დაადგინა მოწმემ, რომ ოთარ ჭითანავა 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, როგორიცაა: ოთარ ჭითანავას მიერ მართული ავტომობილის მოძრაობის მიმართულება, ქვეითის (ე----- მ---------–--ს) მოძრაობის მიმართულება და მის მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის ადგილი, ქვეითზე დაჯახების ადგილი. აღნიშნული ხარვეზი არ არის შევსებული ბრალდების მხარის სხვა სახის მტკიცებულებითაც. შესაბამისად, ექსპერტმა ზ------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება _ შეჯახების ადგილი მიუთითა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან და ამავე დადგენილებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან აიღო შეჯახებამდე ოთარ ჭითანავას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის მანძილი _ 0,7 მეტრი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, გამომძიებლის დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს, რომ შეჯახებამდე ოთარ ჭითანავას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაახლოებით 0,7 მეტრით იყო გადასული საპირისპირო მოძრაობის ზოლში და რომ შეჯახებისას ქვეითი (ე----- მ---------–--) გზის გამყოფ ღერძულა ხაზთან იყო გაჩერებული უმოძრაოდ, რაც უაპელაციოდ გაიზიარა ბრალდების მხარის ექსპერტმა, არ გააჩნია მტკიცებულებითი საფუძველი, რის გამოც ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ჩატარებული ექსპერტიზაც მოკლებულია დამაჯერებლობას და ვერ იქნება გაზიარებული.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გასჩენია, ერთმნიშვნელოვნად და დასაბუთებულად გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს და ოთარ ჭითანავას მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, კერძოდ:

 

დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მიხედვით ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტის ადგილად მიჩნეულია ქვეითის სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილი, კერძოდ, ქვეითის თავის მიდამო, სადაც აღმოჩენილი იქნა სისხლის გუბე. აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა საქმეში არსებულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში. ავტოტექნიკური კვლევის მეთოდიკა არასდროს არ აიგივებს შეჯახების ადგილს ქვეითის სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილთან, პირიქით, სხეულის საბოლოოდ განთავსების ადგილი არასდროს არ არის შეჯახების ადგილი, შეჯახების შედეგად ქვეითის სხეულის ,,დატრიალებას, დაბზრიალებას“ თითისტარივით და იმავე ადგილზე დავარდნას არც პრაქტიკა იცნობს და არც თეორია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტის მექანიზმიდან გამომდინარე, ქვეითზე იმოქმედებდა (ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით) უკნიდან წინ და მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი ძალები, ამავდროულად წარმოიქმნებოდა წყვილძალა, აღნიშნული ძალები შეჯახების შედეგად ქვეითის სხეულს გადააადგილებდნენ უკან შემხვედრი მოძრაობის ზოლისაკენ და მარცხნივ ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით, ამავდროულად წყვილძალის გავლენით ქვეითის სხეული შეასრულებდა ბრუნვით მოძრაობას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ე.ი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან, ქვეითის სხეული საბოლოოდ განთავსდა გზის გამყოფი ხაზის მიდამოში (სადაც აღმოჩენილია სისხლის გუბე) ურთიერთკონტაქტს ავტომობილსა და ქვეითს შორის ადგილი ჰქონდა სისხლის გუბიდან უკან და ქვეითის მოძრაობის მიმართულების მიხედვით წინ, ე.ი შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლში. მოწმე ი----- გ----------ს განმარტებით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელსაც მართავდა ოთარ ჭითანავა, მოძრაობდა ნაწილობრივ 0,7 მეტრით გადასული შემხვედრ მოძრაობის ზოლზე, როდესაც იგი მიუახლოვდა გზის გამყოფ ხაზთან მდგარ ქვეითს ე----- მ---------–--ს 2-3 მეტრით, მძღოლმა ოთარ ჭითანავამ საჭე მკვეთრად მომართა მარჯვნივ, ავტომობილი წინა ნაწილით გასცდა ქვეითს და ავტომობილის მარცხენა გვერდითი ნაწილი ძარის ბორტის დასაწყისით შეეჯახა ქვეითს. 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს 2-3 მეტრში შეუძლია გადაინაცვლოს 0,1-0,15 მეტრით, რაც ცხადია ბევრად ნაკლებია 0,7 მეტრზე, ე.ი მოწმე ი----- გ----------ს განმარტება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება ავტომობილის ტექნიკურ შესაძლებლობას, ასეთ პირობებში ავტომობილი ქვეითს წინა ნაწილით უნდა შეჯახებოდა, რასაც ფაქტობრივად არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, თუ ქვეითი უშუალოდ შეჯახების წინ იდგა და არ მოძრაობდა, მისი კონტაქტი ავტომობილზე პირველ რიგში ავტომობილის სარკესთან უნდა მომხდარიყო (რომელიც ავტომობილის გაბარიტიდან 25-30 სანტიმეტრითაა გამოსული), რაც ცხადია გამოიწვევდა სარკის დამჭერი დეტალების დეფორმაციას. გარდა ამისა, გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ ქვეითს სარკესთან კონტაქტი გადაანაცვლებდა უკან და ავტომობილის შემდგომი კონტაქტი ქვეითის სხეულთან გამორიცხული იქნებოდა, რასაც ფაქტობრივად არ ჰქონია ადგილი. ამდენად, ცხადია რომ მოწმე ი----- გ----------ს განმარტება მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის შესახებ არ შეესაბამება ფაქტობრივს. განვითარებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილისა და ქვეითის კონტაქტი მომხდარია არა გზის გამყოფ ხაზთან, არამედ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლში. უშუალოდ შეჯახების მომენტში ქვეითი მოძრაობდა მინიმუმ 8 კმ/სთ სიჩქარით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის შეჯახება ქვეითთან უკანა ხედვის სარკით მოხდებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის განმარტებას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტი შემთხვევის შესახებ, ტექნიკური თვალსაზრისით მთლიანად შეესაბამება მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმს, კერძოდ: შეჯახება მომხდარია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის სავალ ზოლზე, ქვეითი შეჯახებამდე მოძრაობდა მაღალი სიჩქარით.

 

იმავე დასკვნის მიხედვით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტების მიერ გამოანგარიშებული იქნა ტექნიკური თვალსაზრისით შეძლებდა თუ არა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი ოთარ ჭითანავა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას, რის შედეგადაც ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეითი მძღოლის მხედველობის არეში, მისი გამოჩენიდან შეჯახების ადგილამდე არსებულ მანძილს დაფარავდა 0,8 წამში. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დრო იქნებოდა ავტომობილ „---------ს“ მძღოლის _ ოთარ ჭითანავას განკარგულებაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ, როცა ასეთ პირობებში მძღოლს მარტო რეაქციაზე ესაჭიროება 0,8 წამი. გარდა ამისა, მუხრუჭების აღსაძრავად საჭიროა 0,2 წამი. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში მძღოლი ოთარ ჭითანავა ქვეითზე შეჯახებამდე დამუხრუჭების დაწყებასაც ვერ მოასწრებდა. ცხადია, ასეთ პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ოთარ ჭითანავა ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ოთარ ჭითანავას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ნონა თოლორაიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მაისის განაჩენი ოთარ ჭითანავას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ოთარ ჭითანავა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ოთარ ჭითანავას განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ოთარ ჭითანავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის №1------- განჩინებით, მ----- გ--–-–---–-- კუთვნილ, ქ-----------–---------------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ანაწმენდები, საკონტროლო ტამპონი, მიკრონაწილაკები და ნერწყვის ნიმუში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო ტანსაცმელი საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/