განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
330210117001971390
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001971390

საქმე №2ბ/3156-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი- მ------ ჯ---–-ა

წარმოამდგენელი - რ---------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე- ჯ------- ჯ---–-ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ა არის არის გ-------– ჯ---–-ას და დ---- (დ------) კ--------ს (ჯ---–-ას) შვილი;

2. გ-------– ჯ---–-ა გარდაიცვალა 2----–-–---------ს, ხოლო დ------ ჯ---–-ა 2----–-–--------–--ს;

3. 2017 წლის 14 მარტს ნოტარიუს ნ-----–---- მ--–-–---ს მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციის ნომრით 1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ამ მიიღო მამის გ-------– ჯ---–-ას სამკვიდრო.

 

4. 2015 წლის 27 იანვარს მოპასუხის მიერ სანოტარო წესით შედგენილი იქნა ვალის აღიარების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მ------ ჯ---–-ამ აღიარა, რომ გ-------– და დ------ ჯ---–-ებისგან მიიღო 21 000 აშშ დოლარი. ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელის მშობლების სიცოცხლეში დაბრუნებული აქვს 7 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 14 000 აშშ დოლარზე მ------ ჯ---–-ამ იკისრა ვალდებულება, რომ დარჩენილ ვალს დაფარავდა ვალის აღიარების თარიღიდან, ანუ 2015 წლის 27 იანვრიდან ორი წლის ვადაში.

 

5. 2017 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება (თანხის დაბრუნება).

 

6. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 23 მარტს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მოსარჩელემ მას გაუგზავნა მ------ ჯ---–-ას სამკვიდრო მოწმობა და სთხოვა ეცნობებინა გადახდის გრაფიკის თაობაზე. აღნიშნული წერილი მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 17 მარტს.

 

7. მოსარჩელის 2017 წლის 23 მარტის წერილზე მოპასუხემ გაუგზავნა მოსარჩელეს წერილობითი პასუხი (ს.ფ.133 ტომი 1)

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჯ------- ჯ---–-ამ და მოითხოვა მ------ ჯ---–-ას მიმართ 14 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

8.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მითითებით მოპასუხე მხარემ მისგან სესხად მიიღო 21 000 აშშ დოლარი საიდანაც სესხის თანხის ნაწილი, რაც შეადგენს - 7 000 აშშ დოლარს, დაბრუნებული აქვს გამსესხებლისათვის. ამრიგად როგორც მოსარჩელე განმარტავს, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება. სესხის არსებობის ფაქტი როგორც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, არაერთგზის დადასტურებულია მოპასუხის მიერ. ამასთან, იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი ვალის აღიარების თანახმად სესხის დაბრუნების ვადად თავადვე განსაზღვრა 2 წელი ანუ მოსარჩელეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2017 წლის 27 იანვრამდე. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

9. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ მ------ ჯ---–-ას მიერ ჯ------- ჯ---–-აზე გაგზავნილი წერილით დასტურდება ნოტარიული საბუთის შედგენა და მისი შინაარსის დაზუსტება, ანუ ვალდებულების აღების ფაქტი და აღნიშნულზე არ არის გაცემული არანაირი ახსნა-განმარტება. ფაქტობრივად, წერილით ირკვევა, რომ მოპასუხე ითხოვს იმის დასტურს, რომ ჯ------- ჯ---–-ა წარმოადგენს გ-------– ჯ---–-ას უფლებამოსილ მემკვიდრეს, რათა მასთან შემდგომ თანხაზე საუბარი მოპასუხის მხრიდან იყოს მართებული და სამართლებრივად დასაბუთებული; მოპასუხე მხარე მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა გ-------– ჯ---–-ას უფლებამოსილ მემკვიდრეს, მიმართა ჯ------- ჯ---–-ას მიეცა ახსნა- განმარტება მასსა და გ-------– ჯ---–-ას საქმიანი ურთიერთობისა და ვალდებულების წარმოშობის შესახებ. აღნიშნული წერილი ფოსტის საშუალებით გაეგზავნა ჯ------- ჯ---–-ას, თუმცა არ ჩაბარდა ადრესატს მისამართზე არყოფნის გამო; მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილია ვალდებულების აღების ხელწერილი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებას. ფაქტობრივად მოსარჩელე მხარე სარჩელში არ უთითებს და არ აზუსტებს, თუ რის საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულება, რა სამართლებრივი საფუძველი ედო აღნიშნული ვალდებულების წარმოშობას და არ ირკვევა გ-------– ჯ---–-ას მიერ მ------ ჯ---–-აზე თანხის გადაცემის არც ერთი გარემოება; მ------ ჯ---–-ას ხელწერილი, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 14 000 აშშ დოლარი, არ შეიძლება ცალსახად წარმოადგენდეს იმის დასტურს, რომ მან მიიღო თანხა გ-------– და დ------ ჯ---–-ებისგან. ამავდროულად არსად არ არის მითითება, თუ რომელი მათგანის მიმართ რა ოდენობით უნდა შეესრულებინა ვალდებულება; ფაქტობრივად მხარე 2017 წლის 02 აპრილის წერილში მიუთითებს და სთხოვს მოსარჩელეს წარმოადგინოს დასტური დ------ ჯ---–-ას უფლებამოსილი მემკვიდრის შესახებ, რაც დღემდე არ არის შესრულებული; მას არ მიუღია გ-------– და დ------ ჯ---–-ებისგან თანხა 21 000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის გადაცემას არასოდეს ჰქონია ადგილი და მოპასუხეს არ ჰქონია ინტერესი და საჭიროება სესხად აეღო თანხა მოსარჩელის მშობლებისგან; გ-------– და დ------ ჯ---–-ებს 2002 წლიდან აქვთ გასესხებული თანხა მოპასუხის შუამავლობით. მოსარჩელის მშობლები წლების განმავლობაში იღებდნენ შემოსავალს აღნიშნული საქმიანობით, რაც მოპასუხე მხარეს პირადად მიჰქონდა გ-------– და დ------ ჯ---–-ასთან, ხოლო აღნიშნულ ფაქტს არაერთხელ შესწრებია თავად მოსარჩელე.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ------- ჯ---–-ას სარჩელი მ------ ჯ---–-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 14 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ.

 

11.1. მ------ ჯ---–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

მ------ ჯ---–-ას მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არასწორი მითითება გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ მ------ ჯ---–-ამ სიცოცხლეში დაუბრუნა ჯ------- ჯ---–-ას მშობლებს თანხა 7 000 აშშ დოლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გარემოებით სასამართლომ დაადგინა, რომ დ------ ჯ---–-ა წარმოადგენს ჯ------- ჯ---–-ას დედას, რაც არ დასტურდება არც ერთი საბუთით. ასევე, იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული თანხა მის მიერ ჯ------- ჯ---–-ას დედის გარდაცვალების შემდგომ იქნა დაბრუნებული. აპელანტი აგრეთვე არ იზიარებს სასამართლოს შეხედულებას იმ საკითხთან მიმართებით, რომ ჯ------- ჯ---–-ას, როგორც კრედიტორ გ-------– ჯ---–-ას კანონისმიერ მემკვიდრეს, წარმოეშვება აპელანტის მიმართ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. ზემოხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება/დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ მ------ ჯ---–-ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.) და 1328-ე მუხლები. (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.)

 

14. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. 2015 წლის 27 იანვარს მოპასუხის მიერ სანოტარო წესით შედგენილი იქნა ვალის აღიარების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მ------ ჯ---–-ამ აღიარა, რომ გ-------– და დ------ ჯ---–-ებისგან მიიღო 21 000 აშშ დოლარი. ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელის მშობლების სიცოცხლეში დაბრუნებული აქვს 7 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 14 000 აშშ დოლარზე მ------ ჯ---–-ამ იკისრა ვალდებულება, რომ დარჩენილ ვალს დაფარავდა ვალის აღიარების თარიღიდან, ანუ 2015 წლის 27 იანვრიდან ორი წლის ვადაში.

 

14.2. 2017 წლის 14 მარტს ნოტარიუს ნ-----–---- მ--–-–---ს მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციის ნომრით 1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ამ მიიღო მამის გ-------– ჯ---–-ას სამკვიდრო.

 

14.3. 2017 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება (თანხის დაბრუნება).

 

14.4. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 23 მარტს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მოსარჩელემ მას გაუგზავნა მ------ ჯ---–-ას სამკვიდრო მოწმობა და სთხოვა ეცნობებინა გადახდის გრაფიკის თაობაზე. აღნიშნული წერილი მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 17 მარტს.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოების, კერძოდ, ჯ------- ჯ---–-ასა და დ------ ჯ---–-ას შორის ნათესაური კავშირის საკითხის არასრულყოფილმა გამოკვლევამ და, შესაბამისად, გარემოებათა არასათანადო შეფასებამ გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე, სადაც მითითებულია მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრის მეუღლის დ---- (დ------) კვირტაიას გარდაცვალების შესახებ. ამავე მოწმობით მამკვიდრებელ გ-------– ჯ---–-ას ერთადერთ მემკვიდრედ მოხსენებულია მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ა. ამ გარემოებების დასადასტურებლად პალატა ასევე მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მ------ ჯ---–-ას წერილზე, (ს.ფ.133, ტომი 1) სადაც იგი მოსარჩელის დედად მოიხსენიებს დ------ ჯ---–-ას, ხოლო დ------ ჯ---–-ასა და გ-------– ჯ---–-ას მოსარჩელის მშობლებად.

 

16. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეს მითითებულ შემთხვევაში წარმოადგენს გამსესხებელი - გ-------– ჯ---–-ა და დ------ ჯ---–-ა და მსესხებელი - მ------ ჯ---–-ა, შესაბამისად, სესხის ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ტვირთი აწევს მსესხებელ მხარეს - მან უნდა დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, რაც მიიღო ხელშეკრულების მეორე მხარისაგან.

 

17. საქმეზე წარმოდგენილი ვალის აღაიარებს დოკუმენტით ცალსახად დგინდება რომ, მოვალეს კრიდიტორთა წინაშე სასესხო ვალდებულება არ შეუსრულებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით იკვეთება მოვალის ერთმნიშვნელოვანად გამოვლენილი ნება გ-------– და დ------ ჯ---–-ების მიმართ არსებული ვალის, 14 000 აშშ დოლარის გადახდის მზაობის შესახებ. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღება მოპასუხის მიერ არ მომხდარა და ამის გათვალისწინებით მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

 

18. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო/სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების/სამკვიდრო აქტივი, ისე მოვალეობების/სამკვიდრო პასივი ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე 427-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ მას არ აქვს გადახდილი 14 000 აშშ დოლარი მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ასათვის და მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალის მოთხოვნის უფლება აქვს გ-------– და დ------ ჯ---–-ების მემკვიდრეებს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნა არ შეიძლება დააყენოს მხოლოდ გ-------– ჯ---–-ას მემკვიდრემ, რომ შესაძლოა გამოჩნდეს დ------ ჯ---–-ას მემკვიდრე, რომელიც მოითხოვს დამატებით შესრულებას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტს ნოტარიუს ნ-----–---- მ--–-–---ს მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციის ნომრით 1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ამ მიიღო მამის გ-------– ჯ---–-ას სამკვიდრო მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ამავე სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მემკვიდრის/მოსარჩელის მიერ სამკვდრო მოწმობის მისაღებად სხვა შესაბამის დოკუმენტებთან ერთად ასევე წარდგენილი იქნა გ-------–ი ჯ---–-ას და დ----/დ------ კ--------ს ქორწინების მოწმობა, ასევე დ---- კ--------ს გარდაცვალების მოწმობა. ამდენად, მოსარჩელე ჯ------- ჯ---–-ამ სამკვიდროს მიღებით მოიპოვა უფლება მოითხოვოს მოპასუხისგან ვალდებულების შესრულება.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ------ ჯ---–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

მიხეილ გოგიშვილი