განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210019002605787
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-291-2019 4 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა--------–--ე
წარმომადგენელი - კ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------------------------------------–-ა
წარმომადგენელი - მ---------------ე
დავის საგანი - აუცილებელი გზა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------------------------------------–-ის სარჩელი ა--------–--ის მიმართ დაკმაყოფილდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ს----------–--------------------------------------–-ას ნება დაერთო აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს საკადასტრო კოდის №2----------- მქონე მიწის ნაკვეთის 1083 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1410 განკარგულებით, სს ს----------–--------------------------------------–-ას დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელება და მისი წარმატებით შესრულების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების წარმოება. „პროექტის“ ძირითადი მიზანია, აჭარის და ზოგადად შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ქვედა ზონის მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტის გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა. 2.2. „პროექტის“ განხორციელების მიზნებისთვის, სს ს----------–--------------------------------------–-ის მიერ გაწეულია მოცულობითი სამუშაო, რომლის შედეგად, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2017 წლის 17 მარტის №53-04 ბრძანებით, მიღებულ იქნა პირობიანი მშენებლობის ნებართვა. 2.3. „პროექტის“ უზრუნველსაყოფად, შეძენილია გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო მილები და ფასონური ნაწილები, რომელთა ღირებულება მხოლოდ მიმდინარე პროექტისთვის შეადგენს 7,211,124 აშშ დოლარს, რაც, გადახდის მომენტისათვის არსებული სავალუტო კურსის (2.30) გათვალისწინებით, 16,585,585 ლარია. სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, „პროექტის“ საწყისი 45 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 2017 წელს, რომლის ღირებულება შეადგენს 12 370 882.82 ლარს. 2.4. სს ს----------–--------------------------------------–-ის მიერ მომზადებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების“ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, მშენებლობისათვის შერჩეული მარშრუტი, რომელიც გაივლის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ტექნიკური თუ ეკონომიკური კუთხით საუკეთესო ვარიანტს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შერჩეული ალტერნატივა გულისხმობს გაზსადენის გაყვანას ვაკე რელიეფზე. თავიდან იქნება აცილებული გურიის მთა-გორიან მონაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეები. საპროექტო გაზსადენის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგიონის გაზმომარაგება განხორციელდება უწყვეტად არსებული გაზსადენის (აჭარის განშტოების) მეშვეობით და მოხდება რეგიონის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია. „პროექტით“ გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთების მინიმალური რაოდენობის შეზღუდვა, რაც, გაზსადენის მარშრუტს უალტერნატივოს ხდის. 2.5. „პროექტის“ განხორციელების და კორპორაციის მიერ, თავის მფლობელობაში (სარგებლობაში ან საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, კორპორაციამ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში განთავსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უმეტეს ნაწილთან და საკუთარი ხარჯით დაარეგისტრირა შესაბამისი უფლებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სარგებლობის უფლებები რეგისტრირებულია ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწებზე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, (ბრძანება №432, №10 და №228) გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი უფლებებიც, ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2.6. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-------ში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე 2----------- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ა--------–--ის გარდაცვლილი მამის - რ-----------–--ის სახელზე. რ-----------–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე 2016 წლის 22 აპრილს, ნოტარიუს თ. ბ------ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ა--------–--ე არის რ-----------–--ის კანონისმიერი მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილი და მან მემკვიდრეობით მიიღო რ-----------–--ის სამკვიდრო ქონება (აქტივებით და პასივებით). 2.7. სს ს----------–--------------------------------------–-ამ წერილობით მიმართა მოპასუხეს, მიაწოდა ინფორმაცია სერვიტუტის ხელშეკრულების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების (ექსპერტიზის დასკვნის) შესახებ და თანდართული ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა, მოპასუხეს, ზეპირი მოლაპარაკებების დროს გამოთქმული მოსაზრება, აღნიშნული შეთავაზების მიღების შემდეგაც არ შეუცვლია. 2.8. მოპასუხის მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც სარჩელით მოთხოვნილია კორპორაციისათვის აუცილებელი გზის უფლება, არ არის რაიმე სხვა უძრავი ქონება, გარდა მიწის ნაკვეთისა. ამასთან, კორპორაცია მზადაა, მოპასუხეს გადაუხადოს კომპენსაცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება, რომ სახეზეა არასამართლიანი კომპენსაცია და მხარეები ვერ შეთანხმდნენ თანხის ოდენობაზე არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითუმეტეს ასეთი სახის მოთხოვნა მოპასუხის მიერ სასამართლოს წინაშე არ დასმულა და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე. 2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ ის არასათანადო მხარეს წარმოადგენდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც დგინდებოდა, რომ რ-----------–--ის მემკვიდრეს წარმოადგენდა მისი შვილი ა--------–--ე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. 2.11. მითითებული მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები: №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი, №ას-871-838-2016, 28 აპრილი, 2017 წელი). 2.12. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე, რომლის მიწის ნაკვეთი მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება. 2.13. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება, იგივე დებულებას ითვალისწინებს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლითაც რეგლამენტირებულია კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მზაობა გამოთქვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაუროს საკომპენსაციო თანხა მოპასუხეს. საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა--------–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს არ დაუდგენია, უნდა შესულიყო თუ არა ამ ღონისძიებებში დამოუკიდებელი სპეციალისტი ან/და ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებულ მიწის ნაკვეთზე დადგენილიყო აუცილებელი გზა. 3.2. თუკი მოსარჩელე და სასამართლო თვლიდნენ, რომ ეს იყო სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული პროექტი, მაშინ უნდა ეხელმძღვანელათ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონით, ხოლო იმ შემთხვევში, როცა საკითხი შეეხებოდა სამეზობლო თმენის ვალდებულებას და აუცილებელ გზას, აუცილებელი იყო წარმოდგენილი ყოფილიყო ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა ობიექტური რეალობა, რომ სადავო ნაკვეთის გარდა სხვა გზა პროექტის განხორციელებისათვის არ არსებობდა. 3.3. ქონება არ იყო აპელანტის საკუთრებაში. შესაბამისად, მასზე ქონების რეგისტრაციის გარეშე არ იყო მართებული სასამართლოს მხრიდან ამ საკითხზე მსჯელობა. 3.4. შეზღუდვის ზოლი, რეალურად, ისე გადის ნაკვეთზე, რომ მისი ღირებულება მთლიანად უფასურდება. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 21-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე,247-ე, 180-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულებით სს ს----------–--------------------------------------–-ას (მოსარჩელე) დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტისა და მისი წარმატებით განხორცილების ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. 4.2. ამ განკარგულების შესასრულებლად, მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი და გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან. 4.3. ა--------–--ეს (აპელანტი) ოზურგეთის რაიონის სოფ. ნ-------ში კუთვნის N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1987 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 4.4. ეს ნაკვეთი განლაგებულია „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში, ე.ი. მაგისტრალური გაზსადენი უნდა აშენდეს აღნიშნული ნაკვეთის გავლით. 4.5. 2018 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელემ აპელანტს წერილობით შესთავაზა სერვიტუტის ხელშეკრულების დადება, თუმცა მხარეები გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ და, ამიტომ, ხელშეკრულება არ დაიდო. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.7. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას, არამედ მეზობელ ნაკვეთზე აუცილებელ გზას. ამის შესაბამისად, დავა სამეზობლო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით კი მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. 4.8.1. უდავოა, რომ მხარეთა კუთვნილი უძრავი ქონებიდან ორმხრივი ზემოქმედება გამომდინარეობს, ამის შესაბამისად, ისინი მეზობლად მიიჩნევა. 4.9. საქმის მასალებით, ასევე, უთუოდ დასტურდება, რომ აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის გავლის გარეშე მოსარჩელე გაზსადენს ვერ მოაწყობს. 4.9.1. ამას ამტიცებს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის ბრძანება, რომლითაც შეთანხმებულ იქნა გაზსადენის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები და გაიცა მშენებლობის ნებართვა; 4.9.2. ასევე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, საიდანაც დგინდება, რომ გაზსადენის გაყვანა, სწორედ, სამშენებლო პროექტში მითითებული გზით უნდა მოხდეს; 4.9.3. ასევე ის, რომ - მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული ნაკვეთები დატვირთული აქვს სერვიტუტით და სადავო ქონება მოქცეულია მათ შორის (მაგ: N2----------- და N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთები). 4.9.4. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ გაზსადენის მოწყობა შესაძლებელი იყო, მხოლოდ, აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის გავლით და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში (ს.ფ. 48) მითითებული პარამეტრებით. 4.10. როგორც აღინიშნა, საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო უძრავი ქონება რ-----------–--ის სახელზე არის რეგისტირებული, თუმცა გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ქონების მესაკუთრე 2012 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. 4.11. 2016 წლის 22 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, რ-----------–--ის სამკვიდრო მისმა შვილმა, ა--------–--ემ მიიღო. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. 4.13. ამის შესაბამისად, სადავო ქონება აპელანტს ეკუთვნის და სასამართლომ სარჩელი სათანადო მოპასუხის მიმართ განიხილა. 4.14. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქოო კოდექსის 180-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველე, აპელანტს კომპენსაცია უთუოდ ეკუთვნის, თუმცა აუცილებელი კავშირისათვის ქონების გამოყენებას არ გამორიცხავს - თუ მხარეები საკომპენსაციო თანხის ოდენობას ვერ შეათანხმებენ, ეს საკითხი შეიძლება გადაწყვიტოს სასამართლომ დამოუკიდებელი სამართალწარმოების გზით. 4.15. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს. 4.16. გარდა ამისა, აპელანტი ასაჩივრებს 2019 წლის 31 იანვრის დამატებით გადაწყვეტილებას, რომლითაც 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული. 4.16.1. პალატის აზრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში, მისი მოთხოვნა, არსებითად, კერძო საჩივარს წარმოადგენს და იგი სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე იქნება განხილული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე