განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019001457240
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-383-2019 4 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს მისო ბ------–ი
წარმომადგენელი - თ----------–----–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–- კ--–-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შპს მისო ბ------–ი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა შპს მისო ბ------–ის წარმომადგენელმა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხე ნ-----–- კ--–-----–---–ს დაეკისროს 15273 აშშ დოლარის გადახდა. აგრეთვე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 9000 აშშ დოლარის 3%-ის 270 აშშ დოლარის გადახდა 18.05.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.07% აშშ დოლარის ოდენობით (6.3 აშშ დოლარი) 18.05.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. 2.1.1. 2019 წლის 24 იანვარს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, არ გამოცხადდა, ამასთან, გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი არ არის. მოპასუხე ნ-----–- კ--–-----–---–ის წარმომადგენელმა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. 2.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2. 2019 წლის 12 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მომართა მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ წარმომადგენელმა და 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. 2.2.1. საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნულ საქმეს აწარმოებდა კომპანიის იურისტი - ს--–---------------ე, რომელიც ესწრებოდა პროცესებს და წარმართავდა საქმეს. მიმდინარე წლის 8 იანვრიდან, ს--–---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებამდე მან მოხსებითი ბარათით მიმართა ხელმძღვანელობას, რითაც შეაჯამა თავისი მუშაობის შედეგი და მოახსენა მიმდინარე საქმეებზე. საქმეების გადაბარება მოხდა, მაგრამ ჩანიშნული პროცესის თაობაზე ინფორმაცია არ მიუღიათ. ამდენად, მათთვის უცნობი იყო 2019 წლის 24 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე გამოცხადების ვალდებულება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მათი გამოუცხადებლობით სასამართლოსადმი უპატივცემულობა არ გამოვლენილა, რადგან სხდომებში მონაწილეობდნენ, გაგებით ეკიდებოდნენ მოპასუხის დაბრკოლებებსაც და მუშაობდნენ მორიგებისათვის, ამ მიზნით თანხმდებოდნენ პროცესის გადადებას, ამდენად, პროცესის გაჭიანურების მიზანი არ იკვეთება. 2.2.2. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მზად არიან მორიგებისათვის და მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ფაქტობრივი გაურკვევლობით. 2.2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები მოკლებული იყო დამაჯერებლობას და სამართლებრივ მართებულობას, რაც მის უსაფუძვლობაზე მეტყველებდა. 2019 წლის 24 იანვარს საქმის განხილვა დანიშნული იყო 12:00 საათზე, სხდომა გაიხსნა 12:22:41 საათზე, იმის გამო, რომ სასამართლოში გამოცხადებული არ იყო მოსარჩელე მხარე, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა კანცელარიაში გადაემოწმებინა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ხომ არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის განცხადება მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის გადადების თაობაზე. დადგინდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქმის განხილვის გადადების, ან სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე შუამდგომლობა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი არ იყო. აღნიშნული გარემოების გამო სასამართლომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა მიიჩნია არასაპატიოდ. 2.2.4. 2018 წლის 13 დეკემბერს გამართული სასამართლო სხდომა გადაიდო მორიგების გამო და იმავე სხდომაზე მხარეებს ეცნობათ მომდევნო სხდომის თარიღი - 2019 წლის 24 იანვარი, 12:00 საათი. 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე მოწვევის ხელწერილს გაეცნო და ხელი მოაწერა მხარეებმა. ს--–---------------ე წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის იურისტს (აღნიშნული დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ გაცემული რწმუნებულებით), შესაბამისად, წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო 2019 წლის 24 იანვარს, 12:00 საათზე სხდომის გამართვის შესახებ. 2.2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა, რაც გამორიცხავდა საჩივრის დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს მისო ბ------–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება შესაბამისი წესით მოწვეული მოსარჩელე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3.2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლე საკუთარი დისკრეციის ფარგლებში წყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი სანქცია, მართლმსაჯულების დადგენის გზაზე, მართლმსაჯულებისადმი მხარის უპატივცემულო და არასაპატიო დამოკიდებულების გამო. ამასთან, აღნიშნული მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს გონივრული ვარაუდი, რომ მოცემული საქმის მიმართ, გამოუცხადებელმა მხარემ დაკარგა ინტერესი და ამდენად, ის არ აპირებს სასამართლო დავის გაგრძელებას. 3.3. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, კანონიერი და დასაბუთებული. მოსარჩელის გამოუცხადებლობის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას, რა თქმა უნდა, სასამართლო საქმის შესწავლის გარეშე იღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლომ მხოლოდ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი დისკრეციის ფარგლებში, რის საფუძველზე დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 3.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაში მხოლოდ, მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საამართლომ მიიღო 229-ე მუხლის პრინციპით. არ არის განმარტებული ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა დაემაყოფილებინა მოპასუხის შუამდგომლობა. დაუსწრებელ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შუამდგომლობას, მოპასუხე მხარე, მხოლოდ, მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში აყენებს. ამის შემდეგ, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, რატომ აკმაყოფილებს მოპასუხის შუამდგომლობას. ამდენად, 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ ნაწილში, დაუსაბუთებელია. 3.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი (რომლითაც მოცემულ შემთხვევაში, სასამრთლომ იხელმძღვანელა) უშვებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (და არა - ვალდებულებას), რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეზე შეკრებილი ყველა გარემოება და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 3.6. მოცემული საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო 2017 წლის 25 მაისიდან და გაიმართა არაერთი სასამართლო სხდომა, რომელზეც მოსარჩელე მხარე, ყოველთვის დროულად ცხადდებოდა. მოპასუხე მხარისგან განსხვავებით (რომელსაც სხვადასხვა მიზეზით, ავადმყოფობის, ახალი ადვოკატის აყვანისა თუ ახალი ადვოკატის მიერ საქმის შესწავლის მოტივით, არაერთხელ მიუმართავს სასამართლოსთვის, პროცესის გადადების შუამდგომლობით) პროცესზე ცხადდებოდა დროულად, მომზადებულად, აქტიურად მონაწილეობდა სასამართლო დავის განხილვაში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს მხარესთან, მორიგების მიზნით. ამდენად, მოსარჩელე მხარეს თავისი ქმედებით არასოდეს შეუქმნია დაბრკოლებები მართმსაჯულების გზაზე და შესაბამისად, არ გამოუვლენია უტაპივცემულობა სასამართლოს მიმართ. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა მოსარჩელის წინააღმდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების სახით სანქციის გავრცელების საჭიროება. 3.7. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წინა პროცესებზე მიცემული განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარეს ყოველთვის ჰქონდა ინტერესი წამოწყებული სასამართლო დავის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო, გაეთხოვა სარჩელი. საქმეში წარმოდგენილი მასალები, თვით მოპასუხე მხარის შესაგებელი (რომლითაც მოპასუხემ ცნო სარჩელის ძირითადი ნაწილი), ქმნიდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის განხილვის შემთხვევაში, სარჩელი დამაყოფილდებოდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე არ შექმნილა ის წინაპირობები, რომლებიც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკანონმდებლო მიზნებს უზრუნველყოფდა. პირქით, მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაირღვა საპროცესო კოდექსით გარანტირებული, უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი. 3.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებთან ერთად, მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, და საქმის განხილვა განახლდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც, მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობინებინა სასამართლოსთვის. ამ დანაწესით, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შეთხვევაში, შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა და გააუქმოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავს მხარის კანონიერ ინტერესებს. 3.9. კომპანიის იურიდიულ საქმიანობას წარმართავენ იურისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საპროცესო მოქმედებებს. იმისთვის, რომ შპს მისო ბ------–ის იურიდიული საქმიანობა იყოს გამართული, ყოველ ქალაქში, კომპანიას ემსახურება იურისტი. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ხშირად უცნობია კონკრეტული საქმის ისეთი დეტალები, როგორიცაა შემდგომი სასამართლო პროცესის გამართვის კონკრეტული დრო. ამას უზრუნველყოფს შესაბამისი იურისტი. 3.10. აპელანტმა სასამართლოს აცნობა, რომ გათავისუფლებამდე, ს--–---------------ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ხელმძღვანელობას, რითაც შეაჯამა თავისი მუშაობის შედეგი და მოახსენა მიმდინარე საქმეებზე, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნ-----–- კ--–-----–---–ის საქმეზე ჩანიშნული პროცესის თაობაზე, ინფორმაცია აპელანტს არ მიუღია. ამდენად, მისთვის უცნობი იყო 2019 წლის 24 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე გამოცხადების მოვალეობის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, შპს მისო ბ------–ის სარჩელი აღძრა ნ-----–- კ--–-----–---–ს წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 15273 აშშ დოლარის, აგრეთვე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 9000 აშშ დოლარის 3%-ისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, ძირი თანხის 0.07% აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. 4.2.1. კერძოდ, იგი სრულად დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების, 9000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 1387 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ. 4.3. ამის შემდეგ, სასამართლომ რამდენჯერმე დანიშნა მოსამზადებელი სხდომა, თუმცა ყველა მათგანი გადაიდო. 4.4. საბოლოოდ, 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატა, პირველ ყოვლისა, არ ეთანხმება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დავის მიმართ ინტერესის არსებობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება არ არის. 4.6. პალატა, ასევე, ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.7. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოეტანა. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 4.9. როგორც აღინიშნა, მოპასუხემ სარჩელი საქმის მომზადების ეტაპზე, ნაწილობრივ, ცნო. 4.10. ამის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ, ამ ნაწილში მაინც, სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა. 4.11. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს არ გამოუტანია, ხოლო მოპასუხემ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია, მხოლოდ, 2019 წლის 24 იანვრის სხდომაზე შეცვალა და სასარჩელო მოთხოვნას სრულად არ დაეთანხმა. 4.12. პალატის აზრით, აღნიშნული საპროცესო მოქმედება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც საქმის განხილვის შედეგი განაპირობა. ამიტომ, სასამართლოს ამ გარემოების თაობაზე მოსარჩელისათვის უნდა ეცნობებინა. 4.13. დადგენილია, რომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ აპელანტს არ აცნობა. 4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. 4.15. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, კი ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.16. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი არსებითად განიხილოს საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხილავს. 4.17. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა გასახილველად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. შპს მისო ბ------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და შპს მისო ბ------–ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა