განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019001839474
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-130-2019 11 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
მომჩივანი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ი--------–----ე შ-----------------ე შპს ბ-----------------------ი მ--–----------–--ე, მ------–--–--ე
დავის საგანი - სესხი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ბ-----------------------ის წარმომადგენლის, მ--–----------–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ი--------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება. ი--------–----ეს შპს ბ-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2019 წლის 30 აპრილს, 15 საათზე. 2.2. ამის თაობაზე აპელანტს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა. 2.3. აპელანტს (აპელანტის წარმომადგენელს), სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. 2.4. 2019 წლის 30 აპრილს, 15:10:18 საათზე, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მოსამართლის თანაშემწესთან საუბრის დროს აპელანტის წარმომადგენელმა შ-----------------ემ (რწმუნებულება ს.ფ. 81), განმარტა, რომ ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, თუმცა ამის მიზეზი არ უთქვამს. 2.5. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი--------–----ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მომჩივანის წარმომადგენელს 2015 წელს დაუდგინდა სახსრების ქრონიკული დაავადება, რომელიც მიეკუთვნება განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს და რომელიც ხასიათდება ხშირი და მოულოდნელი ანთებითი პროცესების განვითარებით ქვედა კიდურების სახსრებში, რომელიც ვითარდება მოულოდნელად, ღამის საათებში და იწვევს გადაადგილების თითქმის სრულ შეზღუდვას. აღნიშნული პრობლემის გამო, რომლის პროგნოზირებაც არის შეუძლებელი, მომჩივანის წარმომადგენელს უწევს პროცესების გადადება. 3.2. დაახლოებით ერთი თვით ადრე მომჩივანის წარმომადგენელმა აიღო სისხლის ანალიზი, სადაც გამოვლენილ იქნა შარდმჟავას მკვეთრი მატება სისხლში, რაც იმთავითვე სიგნალი იყო იმისა, რომ შესაძლოა დაწყებოდა ართრიტული შეტევა ქვედა კიდურის სახსარში, რაც მართლაც დაეწყო 2019 წლის 29 აპრილს გამთენიისას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ბ-----------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ი--------–----ეს და ქ------------–-----ნს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 5050 აშშ დოლარის, სარგებელის 1535 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 3021 აშშ დოლარის, სულ 9606 აშშ დოლარის გადახდა. 4.2. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი--------–----ემ. 4.3. პალატამ სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში. 4.4. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 30 აპრილს, რის თაობაზეც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. 4.5. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, მას სასამართლოსათვის წინასწარ არც გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია. 4.6. მომჩივანის განმარტებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობით იყო გამოწვეული. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.8. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.9. პალატის აზრით, მომჩივანმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.10. როგორც აღინიშნა, მომჩივანს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად წარმომადგენლის ავადმყოფობა მიაჩნია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მას წარმოდგენილი არა აქვს. 4.11. მეტიც, თავად მომჩივანის განმარტებით, მის წარმომადგენელს „ართრიტული შეტევა“ 2019 წლის 29 აპრილს, გამთენიისას დაეწყო. 4.11.1. ამ ვითარებაში, ყოვლად გაუგებარია, თუ რამ შეუშალა ხელი წარმომადგენელს მომდევნო დღეს, 15 საათზე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში. 4.12. მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, მომჩივანს გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება ყოველ მიზეზგარეშე შეეძლო. 4.12.1. ამის მიუხედავად, არც მომჩივანს და არც მისი წარმომადგენელს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებიათ. 4.12.2. სასამართლოს სხდომის დღეს მომჩივანის წარმომადგენელს დაუკავშირდა სასამართლოს მოხელე, რომელსაც წარმომადგენელმა მხოლოდ ის განუცხადა, რომ სხდომაზე ვერ ცხადდებოდა, თუმცა ავადმყოფობის თაობაზე არაფერი უთქვამს. 4.12.3. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა“ – (სუსგ: №ას-1506-2018, 12 აპრილი, 2019 წელი, პ. 19). 4.13. რადგან მომჩივანმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ი--------–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
4. ამ პირებმა განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა