განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002242466 (3/ბ-511-2018წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ----- კ----–--ე (შემდეგში „მოსარჩელე“)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა რ---- პ----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1-----------ის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ.ბათუმში, ო--------ის ქუჩა N 69ა-ში მოსარჩელე აშენებს ს---–----- დანიშნულების ობიექტს, რაზედაც გააჩნია შესაბამისი პროექტი და სამშენებლო სანებართვო მოწმობაც. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-----–--ს გაიცა N1-- მითითება, რომლითაც მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და მიეცა 10 დღიანი ვადა მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, 2017 წლის 3------------ის N5-- დადგენილების საფუძველზე კი მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 ლარით და შეუჩერდა მშენებლობაც. დადგენილება მან გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან, თუმცა 2017 წლის 1-----------ის N0----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-----–--ს გამოვლინდა რომ მოსარჩელემ ქ. ბათუმში, ო--------ის ქუჩა №69ა-ში განახორციელა, ს---–----- დანიშნულების ობიექტის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა. კერძოდ, მშენებლობის წარმოების დროს გაზრდილი იქნა შენობის გაბარიტები, მოწყობილია დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეულია შენობის კონფიგურაცია;
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითებით მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დაევალა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება, ამასთან განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მითითება იმავე დღეს ჩაიბარა მოსარჩელემ;
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----------ს შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში მესაკუთრეს ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში;
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე;
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლითაც მოითხოვა დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 0-------------ის №5-- დადგენილების ბათილად ცნობა;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 0----------ის №0----- ბრძანებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1-----------ის №0----- ბრძანებით 2017 წლის 2-------------ის №3------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამ მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
სასამართლოს მსჯელობით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმების შედეგად გამოავლინა, რომ თ----- კ----–--ე სანებართვო პირობების დარღვევით ახორციელებდა მშენებლობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შენობის გაბარიტების გაზრდას, მოწყობილი იყო დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეული იყო შენობის კონფიგურაცია.
სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის განხორციელების ფაქტი მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს და ეს სადავო არ გამხდარა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს შემდეგ წესს: მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითების პირობები, რის გამოც ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დამრღვევი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ დავის საგანი - „სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო თ----- კ----–--ის დაჯარიმების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 0-------------ის №5-- დადგენილება და თ----- კ----–--ის ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის ვივე- მერის 2017 წლის 1-----------ის №0----- ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.
განსახილველ შემთხვევაში თ----- კ----–--ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო თ----- კ----–--ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოდ დასტურდებოდა მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით, კერძოდ, - შენობის გაბარიტების გაზრდა, დამატებითი კიბის უჯრედის მოწყობა და შენობის კონფიგურაციის დარღვევა. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
აპელანტის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 1-----2018წ. გამოცემულ იქნა №1--- ბრძანება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ, ამავე სამსახურის მიერ 2-----2018წ. გაცემულ იქნა ბრძანება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ 2-----2018წ. გაცემულ იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამდენად მოპასუხეს პროექტში შეტანილი აქვს ცვლილებები და შესაბამისად გაცემული აქვს სამშენებლო ნებართვაც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-----–--ს შედგა №1-- მითითება აპელანტის (მოსარჩელე) მიმართ, რომელმაც ქ.ბათუმში, ო--------ის ქუჩა №69ა-ში აწარმოა ს---–----- დანიშნულების შენობის მშენებლობა. მითითებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: გაზრდილია შენობის გაბარიტები, მოწყობილია დამატებითი კიბის უჯრედი და დარღვეულია შენობის კონფიგურაცია. გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეს დაევალა მშენებლობის დაუყონებლივ შეჩერება და 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტის მოყვანა პროექტის შესაბამისობაში (ს.ფ.37).
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 1-----2017წ. (დოკუმენტში თარიღი ასეა მითითებული) შემოწმების აქტით დადგენილია, რომ თ----- კ----–--ის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 1-----2017 წლის №1-- მითითების პირობები არ იქნა შესრულებული (ს.ფ. 38).
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უმცროს სპეციალისტ ინგა აზნაურიშვილთან ჩატარებული არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების 2-----2017 წ. ზეპირი მოსმენის ოქმით ირკვევა, რომ მოსმენაზე გამოცხადდა თ----- კ----–--ე, რომელმაც აღნიშნა, რომ უსაფრთოების ღობის პირველი კლასის ესკიზური ნახაზის შესათანხმებლად წარდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაზედაც დაუდგინეს ხარვეზი. ხარვეზი დღეის მდგომარეობით შევსებულია და ელოდება პასუხს, ხოლო რაც შეეხება პროექტის დარღვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით 2-----2017 წელს N2------- განცხადებით მიმართა შესაბამის სამსახურს, რათა მიწის ნაკვეთის შეძენის შემდგომში მოახდინოს პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და მითითების პირობების შესრულება, რისთვისაც ითხოვა, რომ მერიას არ მოეხდინა მისი დაჯარიმება და დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ ... (ს.ფ. 39-40).
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილებით თ----- კ----–--ე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითებით გათვალისწინებული სამართალადრღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე.
თ----- კ----–--ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლითაც მოითხოვა დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 0----------ის №0----- ბრძანებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
2017 წლის 1-----------ის №0----- ბრძანებით თ----- კ----–--ის 2017 წლის 2-------------ის №3------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ 1-----2018 წლის N1--- ბრძანებით, - 1. დაკმაყოფილდა თ----- კ----–--ის 2018 წლის 07 სექტემბრის განცხადება N1------------- და ცვლილებები იქნა შეტანილი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1------ის Nმ---- ბრძანებაში და დამტკიცდა ქ.ბათუმში, ო--------ის N69ა-ში მდებარე 103.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------) ორ სართულიანი ს---–----- დანიშნულების შენობის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2. შეთანხმებულ იქნა ქ.ბათუმში, ო--------ის N69ა-ში მდებარე 103.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0-----------) ორ სართულიანი ს---–----- დანიშნულების შენობის მშენებლობის მიზნით გაცემული 2017 წლის 1------ის N3-- არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები... (ს.ფ. 81).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2-----2018 წლის N1--- ბრძანებით, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, ირკვევა, რომ თ----- კ----–--ის განცხადება N1------------- დაკმაყოფილდა და ქ.ბათუმში, ო--------ის N69ა-ში მდებარე 103.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0-----------) საწყობის მშენებლობის მიზნით თ----- კ----–--ის სახელზე გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 3------------ამდე... (ს.ფ. 82-83).
სარჩელით სადავო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლითაც სამშენებლო სამართალდარღვევის - ქ.ბათუმში, ო--------ის ქუჩის N69ა-ში ს---–----- დანიშნულების ობიექტის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობის (შენობის გაბარიტების გაზრდა, დამატებითი კიბის უჯრედის მოწყობა, შენობის კონფიგურაციის დარღვევა) - გამო თ----- კ----–--ე 1000 ლარით დაჯარიმდა და შეჩერდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანამდე (ს.ფ. 17-19).
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” (შემდეგში „კოდექსის“) 45.1 მუხლით, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000 ლარით („ბ“ ქ/პ).
აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილება) კანონიერების შესამოწმებლად სააპელაციო პალატამ შეამოწმა მისი შესაბამისობა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის”, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებისა (შემდეგში „დადგენილების“) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
„კოდექსის” IV თავი ითვალისწინებს ტექნიკური საფრთხის კონტროლს. 14.1 მუხლით, IV თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მე-15 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოების (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების) პროცესში გაირკვა, რომ ქ.ბათუმში, ო--------ის ქუჩის N69ა-ში ს---–----- დანიშნულების ობიექტის მშენებლობისას ნებართვის მფლობელის მხრიდან დაირღვა სანებართვო პირობები (პროექტი) კერძოდ, გაიზარდა შენობის გაბარიტები, მოეწყო დამატებით კიბის უჯრედი, დაირღვა შენობის კონფიგურაცია (იხ. 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითება, რომლითაც ,,კოდექსის” 25.2 მუხლის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება).
გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეს დაევალა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება და 10 (ათი) დღის ვადაში ობიექტის მოყვანა პროექტთან შესაბამისობაში.
,,კოდექსის” 25.5 მუხლით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 1-----2017 წ. (აქტში თარიღი ასეა მითითებული) შედგა შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ----- კ----–--ის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითების პირობები არ იქნა შესრულებული.
,,კოდექსის” 25.9 მუხლით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
„დადგენილების“ 3.54 მუხლის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს. 3.55 მუხლით, სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებლო დოკუმენტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება (მშენებლობა), რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.
„დადგენილების“ 62-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო დოკუმენტის დასაშვებ ცვლილებებს, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მოსარჩელის) ობიექტზე გამოვლენილი შენობის გაბარიტების გაზრდა, დამატებით კიბის უჯრედის მოწყობა, შენობის კონფიგურაციის შეცვლა _ საჭიროებდა მშენებლობის ახალ ნებართვას.
„დადგენილების“ 63.1 მუხლით, გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. 96.1 და 96.2 მუხლებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 601.1 და 601.2 მუხლებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
„კოდექსის” 25.7 მუხლით, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 1-----2017წ. შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმდა 2017 წლის 1-----–--ის №1-- მითითების შესრულების პირობები. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების აქტის თარიღში არის ტექნიკური ხარვეზი და რომ ის გამოცემულია N1-- მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ინდივიდუალურ ადმინიატრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული ხარვეზის გასწორების შესახებ რაიმე დოკუმენტი მერიაში არ არსებობს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „კოდექსის“ 25.13 მუხლის პირველი წინადადებით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დადგინდეს შემოწმების აქტის შედგენის ზუსტი დრო, რამდენადაც სწორედ აქტის შედგენიდან იწყება იმ ორთვიანი ვადის დენა, რომლის განმავლობაშიც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება დადგენილების გამოცემის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში (2 თვის ვადაში დადგენილების მიუღებლობისას) დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან („კოდექსის“ 25.14 მუხლის პირველი წინადადება). ამდენად, იმ პირობებში როცა დაუდგენელია შემოწმების აქტის შედგენის კონკრეტული თარიღი - შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არის დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „კოდექსის“ 25.13 მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული დადგენილების გამოცემის ვადა.
გარდა აღნიშნულისა, „კოდექსის“ 25.13 მუხლის მეორე წინადადებით, საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
იმ პირობებში, როცა 2-----2017 წ. ზეპირ მოსმენაზე თ----- კ----–--ემ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია რომ მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით 2-----2017 წელს N2------- განცხადებით მიმართული ჰქონდა შესაბამისი სამსახურისათვის, რათა მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ მოეხდინა პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და მითითების პირობების შესრულება, რისთვისაც ითხოვდა დამატებით ვადას _ ადმინისტრაციულ ორგანოს მოტივირებული საფუძვლით შეეძლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება, რამდენადაც, საქმის მასალები უდავოდ ადასტურებდა, რომ სახეზე იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენდა მოტივირებულ საფუძველს დამრღვევის მიმართ დადგენილების გამოცემის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გამოსაყენებლად და ასეთ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 1-----2018 წლის N1--- ბრძანებით ისე დააკმაყოფილა თ----- კ----–--ის 2018 წლის 07 სექტემბრის განცხადება N1-------------, შეიტანა ცვლილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1------ის Nმ---- ბრძანებაში და დაამტკიცა ქ.ბათუმში, ო--------ის N69ა-ში მდებარე 103.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------) ორ სართულიანი ს---–----- დანიშნულების შენობის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, შეითანხმა ქ.ბათუმში, ო--------ის N69ა-ში მდებარე 103.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0-----------) ორ სართულიანი ს---–----- დანიშნულების შენობის მშენებლობის მიზნით გაცემულ 2017 წლის 1------ის N3-- არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები და გასცა მშენებლობის ნებართვა რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენლება არ იყო ძალაში შესული და დამრღვევს არც ჯარიმის გადახდის ქვითარი ჰქონდა წარდგენილი დადგენილების გამომტანი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, მაშინ როცა „დადგენილების“ 63.2 მუხლით, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მართალია, შემოწმების აქტის მიღებიდან ორი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მიეღო დადგენილება, ასევე მის დისკრეციას წარმოადგენდა გააგრძელებდა თუ არა დადგენილების გამოცემის ვადას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს აპელანტის პოზიციას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, პირის უფლება - დაიცვას თავი, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებისგან - იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პირს, რომლის მიმართაც დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გამოასწოროს დარღვევა _ ფაქტობრივად არსებული გარემობების მხედველობაში მიღებით, კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და ორივე ინტერესისათვის მინიმალური დანაკარგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითება, რომელიც ეძლევა დამრღვევს იძენს ფორმალურ ხასიათს.
ამდენად თ----- კ----–--ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოება, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე.
ზემოთ მოხსენიებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) სამართალდამრღვევად ცნობისა და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა და გადაწყვიტა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებს ჩატარების გარეშე, ვინაიდან არ დასტურდება, რომ წარმოების პროცესში შესწავლილი და გამოკვლეული იქნა ყველა გარემოება, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის კანონიერად გადაწყვეტისთვის. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებულიყო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. 32.4 მუხლით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
წინამდებარე გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია არც ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც გამოსცა დადგენილება თ----- კ----–--ის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და არც ქ. ბათუმის მერიას თ----- კ----–--ის საჩივრის განხილვის დროს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, 185-ე, 201-202-ე მუხლების მოთხოვნებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
თ----- კ----–--ის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით (სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მისი წარმომადგენლის რ---- პ----ის მიერ), რაც უნდა აუნაზღაურდეს აპელანტს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისგან _ თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ----- კ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3------------ის №5-- დადგენილება;
5. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1-----------ის №0----- ბრძანება;
7. დაეკისროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას თ----- კ----–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 250 ლარის ანაზღაურება;
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე