განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
330210117002055394
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002055394

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6345-18 30 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ნი-------------ძე

 

წარმომადგენელი - გი---------------–--ლი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნუ----------------–---–ი

 

წარმომადგენელი - ცი–-----–-------ნი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ნუ----------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნი-------------ძის მიმართ სარჩელი აღძრა და მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 6 500 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ნი-------------ძეს ნუ----------------–---–ის სასარგებლოდ 6500 აშშ დოლარის გადახდა დაევალა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნი-------------ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 12 დეკემბერს მოპასუხე ნი-------------ძემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, მა-----------ეს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, როგორც მინდობილ მესაკუთრეს უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, რ----------------------------------------) მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, საკუთრების მიმნდობი უფლებამოსილი იყო გაეყიდა გაეცვალა, გაეჩუქებინა, გაექირავებინა, საკუთარ სახელზე გადაეფორმებინა, აეღო სესხი და აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით დაეტვირთა, ცვლილებები შეიტანა და/ან გაეუქმებინა ხელშეკრულებები, ყველა ზემოთმითითებულ შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა თანხა, ვადა და სხვა პირობები (ს.ფ. 62-63).

 

6. 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, ნუ----------------–---–მა ნი-------------ძეს 6 500 აშშ დოლარი ასესხა. იპოთეკარმა მესაკუთრის წარმომადგენელს სესხის თანხა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე სრულად გადასცა, ხოლო მესაკუთრის წარმომადგენელმა თანხა სრულად მიიღო. სესხის დაბრუნების ვადად 2015 წლის 12 დეკემბერი განისაზღვრა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ სესხი სარგებლიანია, სესხისთვის სარგებელს მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისთვის დათმობა წარმოადგენდა. მესაკუთრეს იპოთეკარისთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, რ------------------ში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, შენობა- ნაგებობა №1-ის ½, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად უნდა გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნება იპოთეკის უფლებით იყო უზრუნველყოფილი. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, რ-------------------ში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, შენობა-ნაგებობა 1-ის ½ ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (ს.ფ. 12-16).

 

7. მოსარჩელე მესამე რიგის იპოთეკარი იყო (ს.ფ. 17-18).

 

8. მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია იძულებით საჯარო აუქციონზე განხორციელდა და მისი მესაკუთრე ნა------------ძე გახდა (ს.ფ. 19-20, 21-22, 23-24).

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნი-------------ძესთვის 6500 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სესხად გაცემული თანხაზე უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება ან/და გამოუყენებლობა სწორედ მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში მოქცეული ქმედებაა. უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება გამსესხებლის უფლების დაცვის საშუალებას წარმოადგენს და მას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს უზრუნველყოფილი ქონებით ხვა კრედიტორებზე ადრე დაიკმაყოფილოს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეზე კრედიტორთა სიმრავლე არ არის, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება კრედიტორს შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს გარეშე, ზედმეტი დროისა და ფულადი სახსრების დაკარგვის გარეშე, მოთხოვნა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით დაიკმაყოფილოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე იპოთეკაც გადადის.

 

ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში განხორციელდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, მოვალე კი, იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით არის დაცული, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.

 

იპოთეკის ფარგლების განსაზღვრა მხოლოდ მაშინაა საჭირო როდესაც მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იპოთეკის საგნით ხდება, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ განვითარებული მსჯელობა იპოთეკის ფარგლებთან მიმართებით არარელევანტურია. უდავო გარემოებაა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც მოსარჩელე მესამე რიგის იპოთეკარს წარმოადგენდა იძულებით აუქციონზე გაიყიდა, ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვის შედეგად კი, კანონის თანახმად, მესამე რიგის იპოთეკა გაუქმდა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გამსესხებელმა დაკარგა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია და ლოგიკურად, იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსში შესვლა და იპოთეკის ფარგლების განსაზღვრაც მოცემული დავის მიზნებისთვის არარელევანტურია.

 

10. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით და იმ ფაქტით, რომ მოსარჩელემ იძულებით აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო, დაკარგა აპელანტისთვის სესხის მოთხოვნის უფლება, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

 

როგორც წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში აღინიშნა, იპოთეკა აქცესორული უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ ძირითად მოთხოვნასთან ერთად არსებობს. ძირითადი მოთხოვნა კი, მოცემულ შემთხვევაში სასესხო ვალდებულებაა. შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციით მართალია დაიკარგა იპოთეკის საგანი თუმცა, მოსარჩელემ დაკარგა აქცესორული და არა ძირითადი უფლება ანუ მან უფლების დაკმაყოფილების გარანტია დაკარგა რაც თავის მხრივ, სასესხო ვალდებულების დაკარგვას არ ნიშნავს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ის გარემოება მოსარჩელემ, როგორც მესამე რიგის იპოთეკარმა, მიიღო თუ არა იძულებით აუქციონში მონაწილეობა და განაცხადა თუ არა პრეტენზია საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, ეს ნი-------------ძის მიერ სესხად აღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს. იძულებით აუქციონში კრედიტორების მონაწილეობა მათი უფლებაა და არა ვალდებულება, აღნიშნული უფლების გამოყენება მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ახდენს გავლენას, იმ პირობებში კი, როდესაც იპოთეკის საგანი აღარ არსებობს კრედიტორს შეუძლია ძირითადი ვალდებულების (სესხის) შესრულების მოთხოვნით სასამართლოს ზოგადი სასარჩელო წესების დაცვით, როგორც არაუზრუნველყოფილი სასესხო ვალდებულების შესრულების, მოთხოვნით მიმართოს.

 

11. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ სესხის მოთხოვნის უფლების დაკარგვის მართლზომიერება უნდა ემტკიცებინა. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო საჩივარში ყურადღება იპოთეკის ფარგლებსა და კრედიტორის მიერ იძულებით აუქციონში მონაწილეობის მიღების სავალდებულოობაზე იქნა გამახვილებული. აღნიშნული მტკიცება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მეორადი უფლების დაკარგვა, ძირითადი ვალდებულების ავტომატურად დაკარგვას არ ნიშნავს და იგი მხოლოდ კრედიტორის უფლების უკეთესი დაცვის გარანტიაა. იპოთეკა სასესხო ვალდებულების, ანუ ძირითადი ვალდებულების, შესრულებას უზრუნველყოფს და არა პირიქით, შესაბამისად როდესაც სახეზეა მესამე იპოთეკის საგნის რაიმე მიზეზით დაკარგვა, აღნიშნული კრედიტორს უფლებას არ ართმევს ძირითადი ვალდებულება სხვა საშუალებით დაიკმაყოფილოს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 637 ლარი რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნი-------------ძეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია