განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100311219002995004 (3/ბ-218-19წ)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე
17 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ------------ი 2---“
წარმომადგენელი - დ-------- კ--------ე (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი- მ------- გ-–--ე
დავის საგანი − გადასახადის გადამხდელის ყადარადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია
გასაჩივრებული ბრძანება− საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა- ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 15 მაისს საჩხერის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ტ------------ი 2---“-ის მიმართ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მოპოვების თაობაზე, სახელდობრ მოითხოვა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის – შპს ,,ტ------------ი 2---“-ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 დეკემბრის №0------ ბრძანების საფუძველზე შპს „ტ------------ი 2---“-ის (ს/ნ 4--------) ქონებას დაედო ყადაღა, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს სულ 216 881.95 ლარს, მათ შორის ძირითადი- 180 647.16 ლარს,ხოლო საურავი- 36 234.79 ლარს.
შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოთხოვნა დააფუძნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, რომელიც საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ადგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას.
შუამდგომლობის დასაბუთებულობის თვალსაზრისით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიეთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და განიმარტა იმის შესახებ, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
ზემოხსენებულთან ერთად ასევე განიმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც პირის მიერ აღიარებულია და აპელირება იქნა მოხდენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, რომლის: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მისივე წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. დეკლარირებული თანხების გადაუხდელობის გამო გადამხდელის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2018 წლის 05 დეკემბერს, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით და რომ, ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ხსენებული მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს განხორციელდა ქონებაზე ყადაღის დადება და შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომელიც ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, თუმცა, მიუხედავად გატარებული ღონისძიებისა, მისი მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა, რაც , შუამდგომლობის ავტორის თვალსაზრისით, განაპირობებს დაყადაღებული ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციისა და ამ გზით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელ შპს ,,ტ------------ი 2---“-ს ყადაღადადებული ქონება მიექცა სარეალიზაციოდ.
ზემოთხსენებული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,ტ------------ი 2---“-ის დირექტორ დ-------- კ--------ის მიერ, რომელიც ითხოვს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანების გაუქმებას და შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საჩივრის ავტორის თვალსაზრისით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებული კონკრეტული საფუძვლები. საჩივრის ავტორის განმარებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს ,,ტ------------ი 2---“-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც გაცხადებულ იქნა სასამართლო სხდომაზეც. ზემოხსნებულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოუსმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ტ------------ი 2---“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში განმარტავს შემდეგს:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახდო ორგანოს უფლებას წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის განხორციელება.ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ტ------------ი 2---“ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს ს/კ: 4--------.
შპს ,,ტ------------ი 2---“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 216 881.95 ლარს, მათ შორის ძირითადი თანხაა 180 647.16 ლარი, ხოლო საურავი- 36 234.79 ლარი.
შპს ,,ტ------------ი 2---“-ის აღიარებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე - 216 881.95 ლარის ოდენობით, წარმოშობილია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, აღნიშნული კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად ითვლება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად.
შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 05 დეკემბერს გამოიცა № 0------ ბრძანება შპს ,,ტ------------ი 2---“-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 18 დეკემბერს მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ოფიცრების მიერ შედგა მოვალის ქონების დაყადაღების აქტი და ყადაღა დაედო შპს ,,ტ------------ი 2---“-ის ქონებას, რაც დადასტურებულია შპს ,,ტ------------ი 2---“ -ის დირექტორ დ-------- კ--------ის ხელმოწერით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მხარეს სადავოდ არ აქვს გამხდარი საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძვლად იმის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მიმართული ქონდა საგადასახადო ორგანოსათვის შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ეს ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ამგვარი შეზღუდვა არ გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან. შესაბამისად ამ საკითხს, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია წინამდებარე დავის გადაწვეტისათვის, რის გამოც სახეზეა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძლები.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით,ხოლო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო სასამართლოს ბრძანებაში მითითებული არგუმენტების გაბათილება, რის გამოც შპს ,,ტ------------ი 2---“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი , 2121- 2123 მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შპს ,,ტ------------ი 2---“-ს (ს/ნ4--------) დირექტორ დ-------- კ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი