განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
010100115793292
ინსტანცია
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100115793292

საქმე №-1/ბ-162-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დ----- კ-------–-ს,ადვოკატის - ნ-------- გ-----–--ის მონაწილეობით,გამართლებულის - ს---–---- ს---------ის დასწრების გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–---- ი-----ს ძე ს---------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, საცხოვრებელი მისამართი – ხულოს რაიონი, სოფ. ვ-------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად ს---–---- ს---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში :

 

ს---–---- ი-----ს ძე ს---------ე, გ------ ს---------ესთან ერთად, 2004 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ბ---------–--------–--------------------ში არსებული, რ---- მ-----ის სატელეფონო სალაპარაკო ჯიხურიდან, სარკმლის გატეხვის შედეგად შეღწევის გზით დაეუფლა მობილური ტელეფონების 60 ცალ საკრედიტო ბარათს. ხმაურზე მოსულ დაცვის თანამშრომელს მ--–---- უ-----–---–ს, ს---–---- ს---------ემ და გ------ ს---------ემ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის (დანის) მუქარითა და ძალადობის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და დაეუფლნენ მის კუთვნილ ფანარს და გასაღებს (სხვა ჯიხურებიდან ნივთების დაუფლების მიზნით), რა დროსაც დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

აღნიშნული ქმედებისთვის, ს---–---- ს---------ე 2004 წლის 24 აპრილს მიცემული იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) .

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით ს---–---- ს---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და ს---–---- ს---------ე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია); ბრლადების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეზე მოპოვებულია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ს---–---- ს---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ს---–---- ს---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- გ-----–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ს---–---- ს---------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს---–---- ს---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა მ--–---- უ-----–---–მა განმარტა, რომ წლების წინ მუშაობდა ბათუმის ცენტრალური ავტოსადგურის ღამის მორიგედ. 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამით იყო ცვლაში და მეწყვილე გ------ უ-----–---–თან ერთად, ღამის დაახლოებით პირველ საათზე, ახორციელებდა შემოვლას სამოქმედო ტერიტორიაზე. გ------ი შენობის მეორე სართულის შესამოწმებლად წავიდა, თავად კი - შენობის გარეთ მდებარე სავაჭრო ობიექტების დასათვალიერებლად. სატელეფონო სალაპარაკო ჯიხურთან მისვლისას შემოესმა ხმაური და რაღაცის მტვრევის ხმა. ჯიბის ფარნით გაანათა ტერიტორია, სადაც ეს ჯიხური იყო განთავსებული და დაინახა ჯიხურის პატარა ფანჯარა, ე.წ. "ფორტოჩკა" მოგლეჯილი და ძირს დაგდებული. ჯიხურის მოპირდაპირედ დაინახა ადამიანის სილუეტი, ხელში რკინის ნაჭრით. ამ ადამიანმა მოუქნია რკინა და ცდილობდა დაერტყა, თუმცა შეეწინააღმდეგა და ხელი დაუკავა, ამ დროს იგრძნო კისერში დანის მიბჯენა, დაინახა პირველზე უფრო სუსტი აღნაგობის მამაკაცი. ორივემ შემოჭა, ძირს დააგდო, შემდეგ ცემა დაუწყეს, თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს, ეუბნებოდნენ, რომ ფული უნდოდათ და ეჩვენებინა სად ინახებოდა. გაუჩხრიკეს ტანსაცმელი და ამოაცალეს ჯიბიდან გასაღებების აცმა, ჰკითხეს რომელი გასაღები აღებდა დარბაზის კარს. ამ დროს მეორე სართულიდან ჩამომავალი გ------ უ-----–---–ი დაინახეს და გაიქცნენ, გამოჩნდა პოლიციის მანქანაც. პოლიციის თანამშრომლები გაქცეულებს დაედევნენ და როგორც იცის, დააკავეს კიდეც. თავდამსხმელთა ამოცნობა არ შეუძლია, მათი სახეები ვერ გაარჩია სიბნელის გამო.

 

მოწმე გ------ უ-----–---–მა განმარტა, რომ 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამით მ--–---- უ-----–---–თან ერთად მორიგეობდა ბათუმის ავტოსადგურში, სადაც დაცვის სამსახურში მუშაობდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ორივენი გავიდნენ შემოვლაზე, თვითონ ავიდა მეორე სართულზე, ხოლო მ--–----ი გარე ტერიტორიის დასათვალიერებლად წავიდა. როდესაც მეორე სართულზე დაასრულა შემოვლა და კიბით უკან ბრუნდებოდა, დაინახა დარბაზის კართან უცხო პირი, რომელიც ცდილობდა კარის ბოქლომის გაღებას. ამ პირმაც შენიშნა უ-----–---–ი და გაიქცა, მას მიჰყვა მეორეც. მ--–----ისგან შეიტყო, რომ ეს პირები თავს დაესხნენ და ცდილობდნენ გაეგოთ მისგან სად ინახებოდა ფული.

 

დაზარალებულმა რ---- მ-----ემ განმარტა, რომ 2004 წელს მუშაობდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ სატელეფონო ჯიხურში. 12 თებერვალს, როდესაც დილით სამსახურში მივიდა, ჯიხური გატეხილი დახვდა, როგორც დარაჯებისგან შეიტყო, ორი პირი ცდილობდა ღამით ჯიხურის გაქურდვას. წაღებული აღმოჩნდა გახარჯული მონო-ბარათები, რომლებიც არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენდა, ზიანი მიადგა მხოლოდ ფანჯრის დაზიანების შედეგად სულ 40 ლარის ოდენობით.

 

მოწმე გ---- ა--–--ემ განმარტა, რომ წლების წინ მუშაობდა შს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურში პოლიციელად. 2004 წლის 11-12 თებერვლის ღამეს მორიგეობდა თანამშრომლებთან ერთად, პატრულირებდნენ ავტომანქანით სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ავტოსადგურის მხრიდან გაიგონეს ხმაური და ყვირილი, ვიღაც შველას ითხოვდა. ავტოსადგურიდან რკინიგზის მიმართულებით გარბოდა ორი პირი, ამ დროს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებიც მივიდნენ მათთან და ყველა ერთად დაედევნა გაქცეულებს. დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე დევნის შემდეგ, ზ------ შ-------ესთან ერთად დააკავა ერთ-ერთი გაქცეული.

 

ანალოგი----- გარემოებები დაადასტურა მოწმე ზ------ შ-------ემაც სასამართლო სხდომაზე.

 

გ------ ს---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. გ. ს---------ემ დაადასტურა ს---–---- ს---------ესთან ერთად ავტოსადგურის ჯიხურში უკანონოდ შეღწევის და მონობარათების ქურდობის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა თავდასხმა მცველზე, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ჯიხურის ფანჯარა დაზიანებულია.

 

2004 წლის 12 თებერვალს შედგენილი ს---–----- (და არა ს---–----) ს---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ს---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, წელის არეში შარვლის საქამრიდან ამოღებული იქნა ფანარი მუშა მდგომარეობაში, ე.წ. ”კუსაჩკა” ლურჯი ტარით, სამოცი ცალი ათლარიანი ”ლაი-ლაის” ფირმის მონო-ბარათები, საკეცი დანა.

 

საქმეში წარმოდგენილია გამომძიებლის დადგენილება ს---–---- ს---------ის დაკავების თაობაზე. დაკავების ოქმი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

2004 წლის 16 თებერვლით დათარიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ--–---- შ--–--ს ძე უ-----–---–ს აღენიშნებოდა კეფის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (მკურნალობა 6-დან 21 დღემდე). დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე საგამოძიებო და საპატიმრო ვადის არაერთგზის გაგრძელების შემდეგ, 2004 წლის 9 ივნისს ს---–---- ს---------ე საპყრობილედან გაიქცა ოთხ სხვა პატიმართან, მათ შორის გ------ ს---------ესთან ერთად. ს---–---- ს---------ის გარდა, ყველა გაქცეული დაკავებულ იქნა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და ს---–---- ს---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონოვრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. ს---------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

დაზარალებულ მ--–---- უ-----–---–ის განმარტებით, მას თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია. თავდამსხმელები არ დაუნახავს არც გ------ უ-----–---–ს, მხოლოდ გაქცეულებს მოჰკრა თვალი. ს---–---- ს---------ე და გ------ ს---------ე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, გ------ ს---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება საჯაროდ გამოქვეყნდა საქმის განხილვისას, თუმცა სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ ასეთი ჩვენება საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ------ ს---------ე გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით გამორიცხავს თავდასხმის ჩადენის ფაქტს, გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი გ------ ს---------ის მიმართ ამ ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენი; საქმის მასალებში წარმოდგენილი ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩატარებულია არა ს---–----, არამედ ს---–----- ს---------ის მიმართ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ს---–---- ს---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

 

ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ს---–---- ს---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ს---–---- ს---------ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- კ-------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი ს---–---- ს---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ს---–---- ს---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს---–---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმებულია.

 

გამართლებულ ს---–---- ს---------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებები - სამოცი ცალი გამოყენებული ”მონო-ბარათი” და დანა, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე