განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/207-19
N330310018002666044
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოპასუხე) - მ------------------–------ი
წარმომადგენელი - ლიანა კაჟაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მაია დვალი-ჭელიძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ------------------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2018 წლის 7 აგვისტოს, გაძევებას დაქვემდებარებულმა პირმა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქემ - მ------------------–------მა (M------ A---- E-----I) (დაბ.: 0--------- წ.), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
1.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მ------------------–------თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი (პასპორტის თანახმად, თუმცა, თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს), მ------------------–------ი, 1----–-–------------ოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში (შემდეგში ეგვიპტე), ქ. ალექსანდრიაში დაიბადა. განმცხადებელი წარმოშობის ქვეყანაში ქ. ალექსანდრიაში მშობლებთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. მოჰამედ ელკოუნს არასრული უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. იგი 1998-2003 წლებში ქ. ალექსანდრიაში რაშად ოსმანის სახელობის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, 2003-2007 წლებში ქ. ალექსანდრიის ტაჰერ ბექის საშუალო სკოლაში, 2007-2010 წლებში ქ. ალექსანდრიის შაჰიდ ისმაილ ვაჰმის საშუალო სკოლაში, ხოლო 2010-2012 წლებში კი ქ. ალექსანდრიის ტურიზმისა და სასტუმროების კოლეჯში, თუმცა, ფინანსებთან დაავშირებული პრობლემების გამო კოლეჯში სწავლა არ დაუსრულებია. რაც შეეხება სამუშაო გამცდილებას, განმცხადებელი 2010 წლიდან 7 წლის განმავლობაში ქ. ალექსანდრიის სხვადასხვა სასტუმროში მიმტანად მუშაობდა. განმცხადებელს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ვინაიდან ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო, გათავისუფლებული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან.
თავშესაფრის მაძიებელს წარმოშობის ქვეყანაში ჰყავს მშობლები და ორი და, როლებიც ქ. ალექსანდრიაში ცხოვრობენ, ხოლო საქართველოში კი ოჯახის წევრებიდან არავინ არ ჰყავს. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, იგი საქართველოში პირველად 2016 წელს ტურისტული მიზნით ჩამოვიდა, თუმცა, ერთწლიანი შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ საქართველოში ერთი წლით დარჩა და მუშაობა დაიწყო რესტორანში „1001 ღამე“, 2017 წლის მე-12 თვეს კი ეგვიტეში საბოლოოდ დამკვიდრების მიზნით დაბრუნდა. მისი თქმით, იგი ეგვიპტეში დარჩენას გეგმავდა, თუმცა, შექმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა. კერძოდ, მისი განცხადებით, წლების წინ თავის ბაბუას კამათი მოუვიდა ბედუინ იბრაჰიმ სამალუსთან, რომელიც განმცხადებლის ბაბუის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ განმცხადებლის ბაბუამ ცეცლხსასროლი იარაღის მეშვეობით იბრაჰიმ სამალუსი მოკლა. განმცხადებლის ბაბუა კი დაახლოებით 5-6 წლის წინ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, აღნიშნული მკვლელობის გამო, იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრებს შურისძიების მიზნით მისი მოკვლა სურთ. მისი თქმით, მან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ 2017 წლის მე-12 თვეს ეგვიპტეში დაბრუნებისას შეიტყო თავისი მამისგან, ხოლო თავად მამამისმა კი იბრაჰიმ სამალუსის გვარის ერთ-ერთი წარმომდგენლისგან, რომელსაც განმცხადებლის მამა მოჰამედ ელკოუნის კუთვნილ ბინაში მისვლის დროს შემთხვევით შეხვდა. მისი თქმით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პოლიციას აცნობა, თუმცა, პოლიციამ იმ მოტივით, რომ მათ არაფერი დაუნახავთ, დახმარებაზე უარი უთხრა. მოჰამედ ელკოუნის თქმით, პოლიციაში ვიზიტის შემდეგ მამამისი კვლავ ესაუბრა იმ კაცს, ვინც თავისი შვილის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა და შეიტყო, რომ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახმა იმ მიზნით, რომ განმცხადებელს პოლიცია არ დახმარებოდა, პოლიციას ფული გადაუხადა. განმცხადებელი მის მიმართ არსებულ საფრთხეებს იმით ხსნის, რომ თავის ბიძას (ბაბუის მეორე შვილს, რომელიც განმცხადებლის ბაბუას მეორე ცოლისგან შეეძინა) ვერ მიაგნეს, ხოლო თავად განმცხადებლის მამა ხანშიშესული და თანაც უსინათლოა, მათ კი ჯანმრთელი ადამიანის მოკვლა სურთ.
თავშესაფრის მაძიებლის თქმით, იგი მის წინაშე არსებული საფრთხეების გამო 2017 წელს დეკემბერში საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბინადრობის მოწმობის მიღებაზე უარი უთხრეს, 2018 წლის 2 აგვისტოს იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში (შემდეგში იორდანია) გაემგზავრა, მაგრამ იორდანიაში არ შეუშვეს და კვლავ საქართველოში დააბრუნეს, რის შემდეგაც საქართველოს მიგრაციის სამსახურმა დააკავა.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მას ეგვიპტეში დაბრუნება იბრაჰიმ სამლაუსის ოჯახის წევრებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო არ სურს, მისი თქმით, მათ მისი მოკვლა სურთ. განმცხადებელი ამჟამად საქართველოს მიგრაციის დაკავების ცენტრში იმყოფება.
1.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მოსარჩელის საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად მ------------------–------მა გადმოსცა სამინისტროსთან გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული - განმცხადებლის მიმართ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრებისგან მოსალოდნელი საფრთხეები.
ამავე დასკვნით სანდოდ იქნა მიჩნეული, თავშესაფრის მაძიებელის განაცხადი, რომ არის ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - მ------------------–------ი (M------ A---- E-----I) (დაბ.: 0--------- წ.), რაც მისი მონაყოლითა და განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთით დასტურდება.
დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, ლტოლვილთა საკითხების სამმართველო მიიჩნევს, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშანს, რაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სამინისტროს კვლევა განეგრძო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით. ასევე, აღნიშნული დასკვნით, განმცხადებელი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ დადგება ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სერიოზული ზიანის რეალური რისკის საფრთხის წინაშე. რადგან, მას არ ემუქრება სასიკვდილო განაჩენი ან სიკვდილით დასჯის საფრთხე, ასევე მისი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიმართ ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებების დარღვევისა და ღირსების შემლახავ ფაქტებს. ამასთან, წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სადაც განმცხადებელი ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა, არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს - მ------------------–------ს (M------ A---- E-----I) (დაბ.: 0--------- წ.), უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
1.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 სექტემბრის MIA 0------------ გადაწყვეტილებით (შეტყობინება), მ------------------–------ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
1.2.5 მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის დამოუკიდებელი გაზეთის „Al-Masry Al-Youm“-ის 2016 წლის მაისის სტატიის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შედეგად დასრულდა დაპირისპირება სუჰაგის და კენას სოფლებში მკვიდრ ოჯახებს შორის. საგამოძიებო ჯგუფის უფროსის განცხადებით, შურისძიების/სისხლის აღების საფუძველი 2015 წელს ერთ-ერთი ოჯახის 26 წლის წევრის დარესალამში (Daressalam) მკვლელობა გახდა. დამნაშავის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, შერიგების კომიტეტის წევრებმა და ოჯახების გავლენიანმა წარმომადგენლებმა გადაარწმუნეს დაზარალებულის ოჯახი, რომ მათ შური ეძიათ მკვლელის ოჯახის წევრზე.
ეგვიპტის ერთ-ერთი ახალი ამბების ონლაინ პორტალი „Nujum Masriyya“, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებელსა და პოლიტიკურად ნეიტრალურს უწოდებს, 2016 წლის მარტის სტატიაში აღნიშნავს: მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოების, რელიგიური ფონდების სამინისტროსა და ალ-აჟარის-ინსტიტუტის (Al-Azhar- Institution) მცდელობისა მოსახლეობის ცნობიერება აემაღლებინათ სისხლის აღების ტრადიციის სავალალო შედეგების შესახებ, კენას პროვინციაში სისხლის აღების დაპირისპირებები მაინც ყველაზე ხშირი იყო. კენას პროვინციის შემდეგი სოფლები: ალ-ჰიირატი (Al-Hijirat), ას-სამატა (As-Samata), ჰამარდუმი (Hamardoum) და აბუ-ჰიზამი (Abu-Hizam) ყველაზე ცნობილ ადგილებად ითვლებოდა, სადაც იარაღების გავრცელების მიზნით სისხლის აღების დაპირისპირებები ხშირად ხდებოდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წელს სამართალდამცავებმა მოახერხეს შერიგებით დაემთავრებინათ ოჯახებს შორის 4 წლის განმავლობაში გაგრძელებული კონფლიქტი, რომელსაც საერთო ჯამში 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ზემო ეგვიპტეში გახშირებული ინციდენტების გამო სახელისუფლებო ორგანო „კულტურული სასახლეების ორგანიზაცია“ (General Organisation of Cultural Palaces) იძულებული გახდა განეხორციელებინა პროექტი „სისხლის აღების პრაქტიკის წინააღმდეგ კულტურული რეზისტენტობა/წინააღმდეგობა (გერმ. „kultureller Widerstand gegen Blutfehde- Praktiken“). პროექტის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისა და ქალების კულტურული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკის თანახმად, პოლიციამ და შერიგების კომისიამ 1 წლის განმავლობაში კენას პროვინციაში არსებული 120 შემთხვევიდან სულ ცოტა 60 სისხლის აღების ინციდენტი შერიგებით დაასრულა.
როგორც სხვადასხვა წყაროს ანგარიშებიდან ირკვევა ეგვიპტეში სისხლის აღების პრაქტიკა ისევ აქტუალურია. განსაკუთრებულად გახშირებული შემთხვევები ფიქსირდებოდა ქვეყნის სამხრეთ პროვინციების (მაგ.: ასიუტის, კენას და სუჰაგის) სოფლებში, სადაც კონფლიქტის მონაწილე ოჯახებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები რამდენიმე დღესაც კი გრძელდებოდა. გადმოცემის თანახმად, სამართალდამცავი სტრუქტურები ერთვებოდნენ აღნიშნულ ინციდენტებში და ჩარევის შედეგად, ხშირ შემთხვევაში, სიტუაციის განმუხტვასაც ახერხებდნენ. სისხლის აღების მოტივით მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ პირებს სასამართლო სასჯელის უმკაცრეს ზომებს - თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ან სიკვდილით დასჯას უფარდებდა. სტატიებში ასევე გვხდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტეში არსებობს ე.წ. შერიგების კომისია, რომელიც უშუალოდ დაპირისპირებული ოჯახების შერიგების თემებზე მუშაობს. ასევე მოიძებნა ინფორმაცია სოფლებში მკვიდრ მოსახლეობისთვის განხორციელებული პროექტის შესახებ, რომელიც მათთვის სისხლის აღების პრაქტიკის სავალალო შედეგებისა და კულტურული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა.
ინფორმაცია ქალაქ ალექსანდრიაში სისხლის აღების მოტივით მკვლელობების გახშირებული შემთხვევების შესახებ მოძიებულ წყაროებში არ მოიძებნა.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, მ------------------–------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 სექტემბრის №MIA 0------------ შეტყობინება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;
მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველ მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
განსახილველ სარჩელში მითითებული დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხი.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამრიგად, აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას თავშესაფრის მაძიებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ------------------–------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს და როდესაც აღნიშნულ შეუსაბამობებს მოსარჩელე დამაჯერებლად და ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის, მისი შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ.
კერძოდ, სანდოდ არ იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიმართ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრებისგან მოსალოდნელი საფრთხეები. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმცხადებლის მონათხრობი არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია. აღნიშნულ საკითხის შესახებ განმცხადებლის მიერ ანკეტირებისა და გასაუბრების დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის გამოვლინდა არსებითი მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობები, რომლებსაც იგი დამაჯერებლად ვერ ხსნის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი პაპა გარდაიცვალა დაახლოებით 4-5 წლის წინ, გარდაცვალების ზუსტი თარიღი კი არ ახსოვს. ხოლო, სამინისტროსთან გასაუბრების დროს კი განაცხადა, რომ ბაბუა 5-6 წლის წინ გარდაიცვალა. სასამართლოს კითხვაზე თუ რა საფრთხე ემუქრება სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მოკლავენ, ვინაიდან, მამამ უთხრა - იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრები შეეცდებიან სისხლის აღებას და მის მოკვლას. აღნიშნულის მიუხედავად შური განმცხადებელზე, რომელიც წლების განმავლობაში ეგვიპტეში ყოველგვარი პრობლემების გარეშე ცხოვრობდა და მუშაობდა, დიდი ხნის წინ უნდა ეძიათ, თუმცა, როგორც თვითონვე დაადასტურა, მის მიმართ ანგარიშსწორების მცდელობის შემთხვევას ადგილი არასდროს ჰქონია და აღნიშნული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მამის გადმოცემას ეფუძნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ განმცხადებელი თავდაპირველად საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა ტურისტული მიზნით, მიიღო ერთწლიანი შრომითი ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. 2017 წლის დეკემბერში წავიდა ეგვიპტეში, სადაც მამისგან გაიგო, რომ საფრთხე ემუქრებოდა და 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა კვლავ საქართველოში. დაბრუნებულს საერთაშორისო დაცვის შესახებ არ მიუმართავს სამინისტროსთვის, არამედ მას ბინადრობის ნებართვაზე უთხრეს უარი, რის გამოც გაემგზავრა იორდანიაში, მაგრამ იქ არ შეუშვეს და ისევ დაბრუნდა საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს თავშესაფარის თხოვნით.
მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილი ემუქრება. მიაჩნია, რომ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრები სისხლის აღებას და სწორედ მის მოკვლას შეეცდებიან. ცნობილია, რომ თავშესაფრის მაძიებელი ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობს, მისი ბაბუა კი მისივე განმარტებით ბაჰერას პროვინციაში ცხოვრობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია ქალაქ ალექსანდრიაში სისხლის აღების მოტივით მკვლელობების გახშირებული შემთხვევების შესახებ მოძიებულ წყაროებში არ მოიძებნა, ამასთან, არ ფიქსირდება აგრეთვე ბაჰერას პროვინციაში სისხლის აღების ტრადიცია, რომელიც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი, არ არის საფუძვლიანი. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მისი დევნის შესახებ, ვინაიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ფაქტები წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის შესახებ. საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობები დაფიქსირდა. მითითებული გარემოებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი. უფრო მეტიც, მოსარჩელემ თავადვე დააფიქსირა, რომ პირადად მის მიმართ ანგარიშსწორების მცდელობას ადგილი არასდროს ჰქონია და საფრთხის შესახებ შიში ეფუძნება მხოლოდ მამის გადმოცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის დევნა უკავშირდება მხოლოდ მის ოჯახურ პრობლემებს, კერძოდ - სისხლის აღების ტრადიციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის ვარაუდის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის/ჰუმანიტარული ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.
1.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 სექტემბრის № MIA 0------------ შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების გაზიარება. კერძოდ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ეგვიპტეში არის გავრცელებული სისხლის აღების მოტივით მკვლელობები. აპელანტს, იბრაჰიმ სალამუსის ოჯახის წევრებისაგან ემუქრება რეალური საფრთხე და იგი გახდება სისხლის აღების ტრადიციის მსხვერპლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტ, მ------------------–------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამრიგად, აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას თავშესაფრის მაძიებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ------------------–------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს და როდესაც აღნიშნულ შეუსაბამობებს მოსარჩელე დამაჯერებლად და ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის, მისი შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ.
კერძოდ, სანდოდ არ იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიმართ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრებისგან მოსალოდნელი საფრთხეები. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმცხადებლის მონათხრობი არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია. აღნიშნულ საკითხის შესახებ განმცხადებლის მიერ ანკეტირებისა და გასაუბრების დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის გამოვლინდა არსებითი მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობები, რომლებსაც იგი დამაჯერებლად ვერ ხსნის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი პაპა გარდაიცვალა დაახლოებით 4-5 წლის წინ, გარდაცვალების ზუსტი თარიღი კი არ ახსოვს. ხოლო, სამინისტროსთან გასაუბრების დროს კი განაცხადა, რომ ბაბუა 5-6 წლის წინ გარდაიცვალა. სასამართლოს კითხვაზე თუ რა საფრთხე ემუქრება სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მოკლავენ, ვინაიდან, მამამ უთხრა - იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრები შეეცდებიან სისხლის აღებას და მის მოკვლას. აღნიშნულის მიუხედავად შური განმცხადებელზე, რომელიც წლების განმავლობაში ეგვიპტეში ყოველგვარი პრობლემების გარეშე ცხოვრობდა და მუშაობდა, დიდი ხნის წინ უნდა ეძიათ, თუმცა, როგორც თვითონვე დაადასტურა, მის მიმართ ანგარიშსწორების მცდელობის შემთხვევას ადგილი არასდროს ჰქონია და აღნიშნული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მამის გადმოცემას ეფუძნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ განმცხადებელი თავდაპირველად საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა ტურისტული მიზნით, მიიღო ერთწლიანი შრომითი ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. 2017 წლის დეკემბერში წავიდა ეგვიპტეში, სადაც მამისგან გაიგო, რომ საფრთხე ემუქრებოდა და 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა კვლავ საქართველოში. დაბრუნებულს საერთაშორისო დაცვის შესახებ არ მიუმართავს სამინისტროსთვის, არამედ მას ბინადრობის ნებართვაზე უთხრეს უარი, რის გამოც გაემგზავრა იორდანიაში, მაგრამ იქ არ შეუშვეს და ისევ დაბრუნდა საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს თავშესაფარის თხოვნით.
მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილი ემუქრება. მიაჩნია, რომ იბრაჰიმ სამალუსის ოჯახის წევრები სისხლის აღებას და სწორედ მის მოკვლას შეეცდებიან. ცნობილია, რომ თავშესაფრის მაძიებელი ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობს, მისი ბაბუა კი მისივე განმარტებით ბაჰერას პროვინციაში ცხოვრობდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია ქალაქ ალექსანდრიაში სისხლის აღების მოტივით მკვლელობების გახშირებული შემთხვევების შესახებ მოძიებულ წყაროებში არ მოიძებნა, ამასთან, არ ფიქსირდება აგრეთვე ბაჰერას პროვინციაში სისხლის აღების ტრადიცია, რომელიც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ამრიგად, სააპელაციოს სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი, არ არის საფუძვლიანი. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მისი დევნის შესახებ, ვინაიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ფაქტები წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის შესახებ. საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობები დაფიქსირდა. მითითებული გარემოებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი. უფრო მეტიც, მოსარჩელემ თავადვე დააფიქსირა, რომ პირადად მის მიმართ ანგარიშსწორების მცდელობას ადგილი არასდროს ჰქონია და საფრთხის შესახებ შიში ეფუძნება მხოლოდ მამის გადმოცემას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის დევნა უკავშირდება მხოლოდ მის ოჯახურ პრობლემებს, კერძოდ - სისხლის აღების ტრადიციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის ვარაუდის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის/ჰუმანიტარული ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.
3.2.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 სექტემბრის № MIA 0------------ შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე