განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002967406
საქმე №1ბ/876-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა--------–---–ის და მსჯავრდებულ ნ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლებით, მცხოვრების: გ----------------------------–-----–------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით ნ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი;
ნ-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ----------------------------–----–----ოში არსებულ გასართობ პუნქტში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ-------------მა არასრულწლოვან შვილს რ----–---------ს მოსთხოვა კომპიუტერის საშუალებით აზარტული თამაშების სათამაშოდ თანხის ჩარიცხვა. როდესაც რ----–---------მა მამას უთხრა უარი, ნ--------------მა რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი რ----–---------ვს სახეზე, რის შედეგადაც რ----–---------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------–---–მა და მსჯავრდებულ ნ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------ემ.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-------------ისთვის პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით არსებობს იმგვარი საფრთხე, რომლის განეიტრალებასაც მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს.
მსჯავრდებულ ნ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------ემ მოითხოვა ნ-------------ისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირება ერთი წლით და გამოსაცდელ ვადად 1 წლის ვადის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის 44 წლის ასაკის, არათუ ნასამართლევი, ადმინისტრაციული სახდელდადებულიც კი არ ყოფილა, კონფლიქტს ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი, დაზარალებულს კი არ გააჩნია არანაირი სახის პრეტენზია, ბრალად შერაცხული ქმედება ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ეკონომიკურად უჭირს და მის მიმართ არ არსებობს სასჯელის არცერთი დამამძიმებელი გარემოება, არც ზოგადი და არც კონკრეტული ხასიათის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: გ---------------------------–----------------------–-------------–---–----------–--------------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნ-------------ის აღიარებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, მსჯავრდებულ ნ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის - გამოსაცდელი ვადის ერთი წლით შემცირების თაობაზე და სახელმწიფო ბრალმდებლის - მსჯავრდებულისათვის სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ-------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი ნ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა--------–---–ის და მსჯავრდებულ ნ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;
ნ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი