განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2019
საქმის ნომერი
010310116001617037
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310116001617037

საქმე N3/ბ-496-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი - მ--------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (ქობულეთის მუნიციპალიტეტის გემგეობის უფლებამონაცვლე); ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2016 წლის 24 ნოემბერს მ--------------მა და მისმა წარმომადგენელმა რ------------------ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი, მისი მიღების დღიდან

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №-------- დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მ--------------ის დაჯარიმების შესახებ;

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №---------- ბრძანება და შეწყდეს მოსარჩელის მიმართ წარმოებული სამართალდარღვევის საქმე.

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №-------- მითითება.

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბერს მიღებული №-- შემოწმების აქტი.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის მამისეული ოჯახი ცხოვრობს ქალაქ ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი, ოჯახის უფროსია მამა - შ--------------ი. ოჯახის თანასაკუთრებაშია ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლი და 2001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. იურიდიულად უძრავი ქონება გაფორმებულია ხ---------------სა და მის ბიძაშვილებზე, გ---------------------------ზე. სახლი აგებულია 1955-1960 წლებში და ნაწილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა განხორციელდა 2000 წლამდე პერიოდში, მოსარჩელის მშობლებისა და გ---------------------------ის ბაბუა-ბებიას მიერ. მოსარჩელე მ--------------მა საკუთრების უფლება მოიპოვა 1990 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და იმ დროისათვის საცხოვრებელი სახლი და ამჟამად სადაოდ გამხდარი ფართიც დე-ფაქტოდ მის (მ--------------ის) საკუთრებაშია.

 

მოსარჩელის განმარტებით სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მ--------------ს არ უწარმოებია. ამასთან არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება და არც შეიძლება არსებობდეს, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ აწარმოა სახლის რეკონსტრუქცია, რის გამოც მხოლოდ მის მიმართ სანქციის გამოყენება დაუშვებელია და უკანონო. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სახლი ოთხი პირის თანასაკუთრებაა და რაც მთავარია, ეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია 2000 წლამდე პერიოდში მოსარჩელის მამისა და ბიძის მიერ. სადავოდ გამხდარ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან მ--------------ს რაიმე შეხება არ ჰქონია, ამიტომაც მისი დაჯარიმება არასწორია.

 

მოპასუხეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ--------------ის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ--------------ის თანასაკუთრებაში სხვა დანარჩენ სამ პირთან (გ---------------- და ხ---------------ები) ირიცხება ქალაქ ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე 2001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 279.70 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდია- 20----------.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს მ--------------ის სახელზე შედგენილი №-------- მითითებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აწარმოა სახლის თანამესაკუთრემ, მ--------------მა, სათანადო ნებართვის გარეშე, რომელსაც დაევალა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა და ამისათვის განესაზღვრა დრო, 2016 წლის 31 აგვისტომდე.

 

ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მ--------------ის მიერ, 2016 წლის 18 აგვისტოს №-------- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მ--------------მა ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა N-------- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ--------------ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

 

მ--------------მა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის N-------- დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

მ--------------ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მ--------------მა და მ-----------–--ემ (ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე უძრავი ნივთის არასრულწლოვანი თანამესაკუთრეების, გ---------------------------ების კანონიერი წარმომადგენელი).

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №---------- ბრძანებით მ--------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს’’ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--------------ის თანასაკუთრებაში სხვა დანარჩენ სამ პირთან (არასრულწლოვანი გ---------------------------ები და ხ---------------ი) ირიცხება ქალაქ ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე 2001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 279.70 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, ს/კ. 20----------.

 

2016 წლის 02 აგვისტოს ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართა არასრულწლოვანი გ---------------------------ების კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ, მ-----------–--ემ და აცნობა იმის თობაზე, რომ ქალაქ ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე თანასაკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობა, დამატებითი ფართის მიშენება.

 

ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე გასვლით დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე სახლზე, მისი ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მ--------------ი განახორციელებდა უკანონო რეკონსტრუქციას, კერძოდ, დამატებითი ფართის მიშენებას სათანადო ნებართვის გარეშე. აღნიშნულის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს მ--------------ის სახელზე შესდგა №-------- მითითება, რომელსაც დაევალა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა და ამისათვის განესაზღვრა კონკრეტული დრო, 2016 წლის 31 აგვისტომდე.

 

ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მ--------------ის მიერ, 2016 წლის 18 აგვისტოს №-------- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მ--------------მა ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა N-------- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ--------------ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

 

საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა არა მ--------------მა, არამედ სხვა პირმა.

 

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №-------- მითითებაში, რომლითაც გამოვლენილი დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორებისათვის მ--------------ს განესაზღვრა დრო 31 აგვისტომდე, აღნიშნულია, რომ სწორედ ის აწარმოებდა უნებართვოდ, სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

 

მ--------------ის საჩივართან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, განხილვაში მონაწილეობდა მ--------------ი, რომელსაც არ უარუყვია სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი, მას ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის N-------- დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ სახლს ოთხი თანამესაკუთრე ჰყავდა, ხოლო დაჯარიმების დადგენილება მხოლოდ მის მიმართ იყო მიღებული.

 

მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე უძრავი ნივთის ორი თანამესაკუთრე, გ---------------------------ები არიან არასრულწლოვანი პირები და სწორედ მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ), მ-----------–--ემ აცნობა ზედამხედველობის სამსახურს, საერთო საკუთრების სახლზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციის თაობაზე. მ-----------–--ის მიერ ამის შესახებ დადასტურებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმშიც. ამდენად, უძრავი ნივთის ამ თანამესაკუთრეთა (გ---------------------------ები) მიერ მშენებლობის განხორციელება გამორიცხულია.

 

მხარეების მიერ დადასტურებულ იქნა ის გარემოებაც, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე უძრავი ნივთის მეოთხე თანამესაკუთრე, მოსარჩელის და, ხ---------------ი ბოლო რამოდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშენებლობა მის მიერ ვერ განხორციელდებოდა.

 

სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკმა, დ------–-–--–--ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მ-----------–--ის განცხადებით გახდა ზედამხედველობის სამსახურისათვის დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ და ადგილზე გასვლისას მათ მიერ დაფიქსირებულ იქნა დაუსრულებელი მშენებლობა, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენება, სადაც ამოყვანილი იყო ახალი კედლები და გაკეთებული იყო იატაკის ახალი დასხმა. ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაადგინეს, რომ სამართალდარღვევის სუბიექტს წარმოადგენდა სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მ--------------ი.

 

საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლზე, დასტურდება, რომ მიშენების სამუშაოები ახალ ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული უნებართვო მშენებლობა, კერძოდ, სახლზე დამატებითი ფართის მიშენება, რომლის ფართობიც აღემატებოდა 1 კვ.მ.-ს., განახორციელა მოსარჩელე მ--------------მა.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

 

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მ--------------ს მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აწარმოა ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამხურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №-- შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები მ--------------ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, დაწესებულ ვადაში მას ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ მ--------------ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგანაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ამავე კანონის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო მ-------------ი დაეჯარიმებინა 2000 ლარით.

 

მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს მ--------------ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ დავის საგანი, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №-------- დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მ--------------ის დაჯარიმების შესახებ და ადმინისტარციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის №---------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს №-------- მითითებასა და ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბერს მიღებული №-- შემოწმების აქტს, რომელთა ბათილად ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე, სასამართლომ განმარტა, რომ ისინი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არ წარმოადგენს, არამედ ისინი განიხილება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხორციელებული მოქმედებები (ე.წ. რეალაქტები).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. განსახილველ შემთხვევაში მ--------------ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ--------------ის დაჯარიმების თაობაზე, 2016 წლის 12 სექტემბრის №-------- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა მ--------------ის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.ამავე კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

 

საქალაქო სასამართლომ მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად იყო გადაწყვეტილი მ--------------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები. ამდენად საქალაქო სასამართლომ მარიხა ხარაზის სარჩელი არ დააკამყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------------ის წარმომადგენელმა რ------------------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი და საფუძვლები. ასევე არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე ცხოვრობს ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის N----–-, მამისეულ ოჯახში, სადაც ოჯახის უფროსია მოსარჩელის მამა - შ--------------ი. ოჯახს თანასაკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, სახლში სარემონტო სამუშაოები და რეკონსტრუქცია განხორციელებულია 2000 წლამდე. სახლი იურიდიულად გაფორმებულია მოსარჩელის, ხ---------------ის და ასევე მისი ბიძაშვილების - გ---------------------------ების სახელზე. სახლი აგებულია 1955-1960 წლებში და ნაწილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა განხორციელდა 2000 წლამდე პერიოდში უშუალოდ მოსარჩელის მშობლებისა და გ---------------------------ის ბაბუა-ბებიას მიერ. ამდენად მ--------------ს სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან რაიმე შეხება არ ქონია, ამიტომაც მისი დაჯარიმება არასწორია. ამასთან იმ პერიოდში როდესაც დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელე ფიზიკურად არ იმყოფებოდი საქართველოში და მას მშობლებთან არ ჰქონია კავშირი, ამდენად ბუნებრივია, რომ მან არ იცოდა ამ დავის შესახებ. ამდენად გაუგებარია რის საფუძველზე დაასკვნა ზედამხედველობის სამსახურის წამყვანა სპეციალისტმა დ------–-–--–--ემ, რომ სადაო სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა მოსარჩელემ. ამ საქმეზე არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება და არც შეიძლება არსებობდეს, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელებულია მ--------------ის მიერ.

 

აპელანტის განმარტებით საქმეზე შესაფასებელია ის გარემოება, რომ სადაო სახლი მდებარეობს 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და რომ ეს უძრავი ქონება წარმოადგენს ოთხი პირის საერთო საკუთრებას. მოსარჩელე გათხოვილია და დე-ფაქტოდ არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და შესაბამისად მას არასოდეს არ უწარმოებია რაიმე სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს.

 

საააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები’’, რომლის რეგულირების საგანია საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, სანებართვო პირობების შესრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 33-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლის თანახმად, ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.5 მუხლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანადან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

 

მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბრის შემოწმების აქტით ირკვევა მ--------------ის მიერ მითითების პირობები არ იყო შესრულებული და აღნიშნულის შემდგომ, 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა №-------- დადგენილება, რომლითაც მ--------------ის მიერ განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი დაჯარიმდა 2000 ლარით (ს.ფ. 29, 23-24).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მ--------------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები. ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და აპელანტის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა მისი დაჯარიმების საფუძველი და აღნიშნული ქმნიდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, დაჯარიმების აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას.

 

საქმეში დაცული 2016 წლის 13 ოქტომბრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომის N- ოქმით ირკვევა, რომ განხილვაში მონაწილეობდა მ--------------ი, რომელსაც არ უარუყვია სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი, მას ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის N-------- დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ სახლს ოთხი თანამესაკუთრე ჰყავდა, ხოლო დაჯარიმების დადგენილება მხოლოდ მის მიმართ იყო მიღებული.

 

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე უძრავი ნივთის ორი თანამესაკუთრე, გ---------------------------ები არიან არასრულწლოვანი პირები და სწორედ მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ), მ-----------–--ემ აცნობა ზედამხედველობის სამსახურს, საერთო საკუთრების სახლზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციის თაობაზე. მ-----------–--ის მიერ ამის შესახებ დადასტურებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 13 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმშიც. ამდენად, უძრავი ნივთის ამ თანამესაკუთრეთა (გ---------------------------ები) მიერ მშენებლობის განხორციელება გამორიცხულია.

 

დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე უძრავი ნივთის მეოთხე თანამესაკუთრე, მოსარჩელის და, ხ---------------ი ბოლო რამოდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშენებლობა მის მიერ ვერ განხორციელდებოდა.

 

საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკმა, დ------–-–--–--ემ განმარტა, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მ-----------–--ის განცხადებით ზედამხედველობის სამსახურისათვის გახდა ცნობილი ქობულეთში, დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ და ადგილზე გასვლით ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაფიქსირებული იქნა დაუსრულებელი მშენებლობა, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე დამატებითი ფართის მიშენება, სადაც ამოყვანილი იყო ახალი კედლები და გაკეთებული იყო იატაკის ახალი დასხმა. ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებმა დაადგინეს, რომ სამართალდარღვევის სუბიექტს წარმოადგენდა სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, მ--------------ი.

 

საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია დ-----------–-----–-- გამზირის №----–ი მდებარე საცხოვრებელი სახლზე, დასტურდება, რომ მიშენების სამუშაოები ახალ ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.

 

პალატა განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე); არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; არსებული შენობა-ნაგებობის დემოტაჟზე; სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭი როებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. ანუ რეკონსტრუქცია წარმოადგენს უძრავი ქონების იმგვარ სახეცვლილებას, რომლის შედეგადაც არსებითად იცვლება ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება. რეკონსტრუქციად განიხილება სამშენებლო სამუშაოები შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და რეგენერაცია-ადაპტაციის მიზნით, რომლებიც იწვევს შენობის კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას. რეკონსტრუქციის დროს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება შენობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების არსებითი შეცვლისა და მისი გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. სწორედ იმის გამო, რომ რეკონსტრუქცია წარმოადგენს არსებით სახეცვლილებას, კანონმდებლობა მას ფაქტობრივად ახალ მშენებლობას უთანაბრებს და ადგენს მისი განხორციელებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ნებართვის გაცემის აუცილებლობას, ხოლო ნებართვის გარეშე ჩატარებულ რეკონსტრუქციას განიხილავს სამშენებლო სამართალდარღვევად.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტ მ-------------ის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი