განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2019
საქმის ნომერი
010310118002786449
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მშენებლობის ნებართვის გაცემა
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

საქმე №010310118002786449 (3/ბ-40-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ _ მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი), გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი _ 2019 წლის 08 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ--------------ისა და ლ-----–-----–--ე (წარმომადგენელი მ--------–----ე) კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - მ--------------ე, ლ-----–-----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

2018 წლის 27 დეკემბერს მ--------------ემ და ლ-----–-----–--ემ (წარმომადგენლები მ--------–----ე, ე-----------–-–---–-) სარჩელი შეიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1-----------ის №2------- აქტის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2------------ის ბრძანების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 0-----------ს N--- და 1---------ოს N--- ბრძანებებისა და სმ№------ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებისა და სმN------ მშენებლობის სანებართვო მოწმობის შეჩერების შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ--------------ის და ლ-----–-----–--ის შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

საქალაქო სასამართლომ მიღებული განჩინება შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სუსპენზიური ეფექტი უფლების დროებით დაცვას ემსახურება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე და მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც დავის საგანია უკვე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. უფლების დროებითი დაცვა ასევე გულისხმობს უფლების პრევენციულ დაცვას, ანუ მოსალოდნელი ღონისძიებების შედეგების თავიდან აცილებას. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თვითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

 

მხარის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მას ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ეჭვის დასაბუთებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. გარდა აქტის მოქმედების შეჩერების ამ ზოგადი წესისა, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ისეთ საგამონაკლისო წესებს, როდესაც სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღება არ აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. კერძოდ, 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. წარმოდგენილი შუამდგომლობით, მოსარჩელე მხარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებისა და სმN------ მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერებას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო, არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ანუ, ნაზიბროლა პეევსკას და ევგენი პეევსკის სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებისათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ეს ზოგადი წესი არ გამოდგება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დადგენილი წესის შესაბამისად იზღუდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლი მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის საფუძველზე. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ქ. ბათუმში, 2-------- ქუჩა N---ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,--------ს“ საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0-----------) მშენებლობის შესახებ, დ--–--------ის სახელზე ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ გამოცემული სანებართვო აქტ(ებ)ის კანონიერებას და მოითხოვს სწორედ მისი მოქმედების შეჩერებას, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დადგენილი წესის შესაბამისად ამ სახის აქტის მოქმედების შეჩერება იზღუდება.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, რომლის შეჩერებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე, მისი ადრესატისათვის აღმჭურველი ხასიათის აქტს წარმოადგენს.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული წესით მოკლებულია სათანადო სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც სახეზეა საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება.

 

საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. მართალია, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობის სხვა გარემოებებსაც, კერძოდ, აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაშიც, მაგრამ საამისოდ სახეზე უნდა იყოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი აქტის კანონიერების თაობაზე ან მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს უნდა ადგებოდეს არსებითი ზიანი, ან კიდევ შეუძლებელი უნდა გახდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების მოთხოვნას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ მშენებლობის შეუჩერებლობა ხელს შეუშლის საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონი ადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მისი გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, არსებობს ამის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლის აქტის მოქმედების შეჩერებას და შეუძლია შეაჩეროს მისი მოქმედება. სარჩელის აღძვრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით ყოველი პირის უმნიშვნელოვანესი უფლებაა, თუმცა საკითხი იმის შესახებ, ნამდვილად დარღვეულია თუ არა პირის უფლება და აუცილებელია თუ არა ამ უფლების დაცვა - ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გაირკვეს საქმის განხილვის შედეგად - სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება გამოიყენება მოსარჩელის მიზნებისათვის, სავარაუდო გადაწყვეტილების შესაძლო დაბრკოლებებისაგან დაცვის მექანიზმის სახით, რომელიც ამ აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლებით აღჭურვილი პირისათვის ამ უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება. ამ ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შედგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების გარეშეც იქნება შესაძლებელი, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, იმ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეეხება ქ. ბათუმში, 2-------- ქუჩა N---ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,--------ს“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 0-----------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული, მშენებლობის სანებართვო აქტების ბათილად ცნობას, რასაც მოსარჩელე მხარე საკუთრების უფლების დაცვას უკავშირებს.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე სადავო დოკუმენტებად მიიჩნევს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,--------ს“ 2016 წლის აგვისტოსა და 2018 წლის 2-------ის N- კრების ოქმებს, რომელსაც დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტების გამოცემისას, თუმცა მათი კანონიერების შემოწმებაზე დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას არ ექვემდებარება, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების აღნიშნული გადაწყვეტილებების სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის დაწყების თაობაზე, მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს.

 

სასამართლოს დასაბუთებით, მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები მხარეთა ინტერესების პროპორციულობის პრინციპი და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების ამ მხრივ შესაბამისობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის სანებართვო აქტების მოქმედების შეჩერება პირდაპირ უკავშირდება მშენებლობის ფაქტობრივ შეჩერებას, რაც ნებართვის მქონე პირის მიმართ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია და ამის გათვალისწინებით ასეთი ღონისძიება შეუსაბამო იქნება, დაცვის ღირს ინტერესებთან მიმართებაში. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შესაჩერებლად არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველია სახეზე.

 

დასახელებულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს აზრით, არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების მოქმედების შეუჩერებლობით შეუძლებელი გახდება მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოში აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არსებობდა მ--------------ის და ლ-----–-----–--ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

2019 წლის 22 იანვარს მოსარჩელეების წარმომადგენელმა მ--------–----ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანების და 2018 წლის 1---------ოს N------ სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერება.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილით - მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამ მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:

- თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის კანონიერების თაობაზე;

- თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მხარეს;

- თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულება შეუძლებელს გახდის მხარის კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხომ არ არსებობს ზემოთჩამოთვლილი გარემოებებიდან რომელიმე, რომელიც იძლევა გასაჩივრებული აქტების შეჩერების საშუალებას.

 

როგორც სარჩელიდან იკვეთება, აქტების არაკანონიერად მიჩნევის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ბმა „მ-------ს“ წევრების მიერ თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე მშენებლობის წარმართვისთვის ნების გამოვლენის არარსებობა, რაზედაც შეტანილია სამოქალაქო სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში (საქმე N010210018002753002), თუმცა კრების ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, სარჩელი თავისუფლად იძლევა საშუალებას შექმნას წინასწარი, დასაბუთებული ვარაუდი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

გარდა ამისა, მოსარჩელეების - ლ-----–-----–--ისა და მ--------------ის იურიდიული ინტერესი ნათელია იმდენად რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ბმა „მ-------ს“ წევრებს, რაც ცხადყოფს მათი როგორც თანამესაკუთრეების ინტერესებს (საერთო საკუთრებით სარგებლობა და საკუთრების უფლების დაცვა) იმ საერთო სარგებლობის მიწაზე, რომელზედაც უნდა განხორციელდეს მშენებლობა.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში ჩაშლილი კანონის მოთხოვნების დარღვევები აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე და ამავდროულად ამავე ბრძანებისა და 2018 წლის 1---------ოს სანებართვო მოწმობის N------ მოქმედებას შეუძლია არსებითი ზიანი მიაყენოს ფინანსური კუთხით არამარტო მშენებლობის განმახორციელებლის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს (მათი ბათილად ცნობის შემთხვევაში), ასევე სარჩელის ავტორების, როგორც თანამესაკუთრეების ინტერესებს. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთაღნიშნული აქტების მოქმედების შეუჩერებლობა და პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის რეალიზება ინდივიდუალურ ზიანს მიაყენებს მოსარჩელე - მ--------------ეს, ვინაიდან მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს უწყდება საზოგადოებრივ სივრცესთან კავშირი, ფაქტობრივად უქმდება საცხოვრებელ სახლში შემავალი ერთადერთი, აუცილებელი გზა, ეზოს მხრიდან, ნახაზებშივე მითითებული კიბისა და სახლში შემავალი მთავარი კარის სახით. ამავდროულად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მეორე სართულის აივნის უჯრედები გადმოსულია ეზოს მხარეს, ათვისებული აქვს ეზოს სივრცე, რაც მოსარჩელეების, როგორც საერთო სარგებლობის ფართობის თანამესაკუთრეების ინტერესების საწინააღმდეგოა (ნების გამოვლენა სახეზე არ არის).

 

აქვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩერთო - ნ-----–---–-----ე, რომლის ინტერესიც ფაქტობრივად დაიცვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემული განჩინებით და აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება შეუსაბამო იქნებოდა მის ინტერესთან.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით იკვეთება, ნ-----–---–-----ე მესამე პირად ჩაება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომელზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან იკვეთება, რომ ამჟამინდელ სუბიექტს მშენებლობის საწარმოებლად წარმოადგენს მესამე პირად ჩაბმული - ნ-----–---–-----ე, რომელმაც მშენებლობის დაწყებისა და დასრულების შემთხვევაში შესაძლოა განიცადოს მძიმე ფინანსური ზარალი, ვინაიდან აქტების ბათილობას თან მოსდევს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოთხოვნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებისა და 2018 წლის 1---------ოს N------ სანებართვო მოწმობის შეჩერების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გასაჩივრებული განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ--------------ის და ლ-----–-----–--ის (წარმომადგენელი მ--------–----ე) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ--------------ემ და ლ-----–-----–--ემ 2018 წლის 27 დეკემბრის სარჩელით მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1-----------ის №2------- აქტის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2------------ის ბრძანების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 0-----------ს N--- და 1---------ოს N--- ბრძანებებისა და სმ№------ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა, ამასთან იშუამდგომლეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებისა და სმN------ მშენებლობის სანებართვო მოწმობის) მოქმედების შეჩერების შესახებ.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ბათუმში, 2-------- ქუჩის N---ში, მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,--------ს“ საკუთრებაში ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 779 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს სხვა წევრებთან ერთად წარმოადგენენ ლ-----–-----–--ე და მ--------------ე. ამხანაგობის დაფუძნებიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს დ--–--------ე წარმოადგენდა, რომელსაც თავმჯდომარეობის ვადა დამატებით 2017 წლის 26 სექტემბერს გაუგრძელდა. დ--–--------ე ბმა ,,--------ს“ წევრი იყო 2018 წლის 12 სექტემბრამდე და მას ეკუთვნოდა 47.59 კვ.მ. ფართი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრს აღნიშნული ფართი მან გაასხვისა და ამჟამად აღნიშნული ფართის მესაკუთრესა და ბმა ,,--------ს“ წევრს წარმოადგენს, ნ-----–---–-----ე. დ--–--------ემ 2016 წელს ქ. ბათუმში, 2-------- ქუჩის N---ში მდებარე, ბმა ,,--------ს“ საკუთრებაში არსებულ 779 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0------------------) მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მერის 2016 წლის 2------------ის Nმ----- ბრძანებით, დ--–--------ეს დაუმტკიცდა, საცხოვრებელი მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა 2018 წლის 0-----------ს N--- ბრძანებით შეითანხმა არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის სმN------ სანებართვო მოწმობასთან ერთად.

 

2018 წლის 12 ოქტომბერს, ბმა ,,--------ს“ წევრებმა - მ--------------ემ და ლ-----–-----–--ემ, ფიზიკურ პირთან, სელიმ დუაძესთან ერთად (რომელიც არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს) ზემოთაღნიშნული ბრძანებების გაპროტესტებისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. ისინი მიუთითებდნენ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის კონკრეტული ფაქტებზე, რომელზეც 2018 წლის 2--------------ს მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი იქნა მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და რეგულაციებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ისევე როგორც, გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2018 წლის 08 ნოემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მ--------------ისა და ლ-----–-----–--ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის 2018 წლის 0-----------ს N--- ბრძანებისა (არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ) და 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანების (მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) ბათილად ცნობა. ასევე დამატებით მოთხოვნილი იქნა 2018 წლის 1---------ოს N--- ბრძანებისა და 2018 წლის 1---------ოს N------ მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 1-----------ის აქტით, საჩივრის ავტორებს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აჭარის ა/რ. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 1--------–ის N0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დ--–--------ეს, საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე (სიმაღლის გამო). როგორც 2016 წლის 30 ივლისის მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობებით ირკვევა, შენობა-ნაგებობის სართულიანობა განისაზღვრება 05 (ხუთ) სართულით, ხოლო მოწოდებული პროექტი შეიცავს ინფორმაციას, 04 (ოთხი) სართულის გაბარიტების შესახებ, რაც ამყარებს ეჭვს, რომ დამკვეთის მიერ წარდგენილი იქნა ახალი პროექტი, რომლის შეთანხმებაზეც საბჭოს არ უმსჯელია. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 0-----------ს N--- ბრძანებით შეთანხმებული იქნა არქიტექტურული პროექტი.

 

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარებისას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე, დ--–--------ის მიერ წარდგენილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,--------ს“ 2016 წლის აგვისტოსა და 2018 წლის 2-------ის N- კრების ოქმი კრების თავმჯდომარის, ე-----------------ის ხელმოწერით. კრებას ესწრებოდა მესაკუთრეთა 100%, თუმცა მოსარჩელეებს კრების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია ოფიციალურად არ მიუღიათ, ისევე როგორც არ გამოუვლენიათ თავიანთი ნება, გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებაში ხელმოწერის თუ ზეპირი თანხმობის გზით. გარდა ამისა, კრების ოქმის შინაარსი განსაზღვრავს მხოლოდ დ--–--------ის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ნებართვის გაცემას, ხოლო მასში დაკონკრეტებული არ არის საერთო სარგებლობის რამდენი კვადრატული მეტრი ფართის დაკავება შეუძლია მესაკუთრეს, ისევე როგორც არ ასახულა დანარჩენი ამხანაგობის წევრთა ნების გამოვლენის დამადასტურებელი ხელმოწერები. მოსარჩელეთა მტკიცებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2016 წ Nმ----- ბრძანებით დაკმაყოფილდა დ--–--------ის 2016 წლის 1---------ოს განცხადება N2------ და დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, 2-------- ქ. N---ში მდებარე 779.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკ. კოდი - 0------------------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ს.ფ 89).

 

3----.2016 წ. მომზადებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებში _ შენობა-ნაგებობის სართულიანობისა და გაბარიტების კუთხით მითითებული პარამეტრებია - 5 სართული, საორიენტაციო გაბარიტები (6.0 X 12.0) (ს.ფ. 99). აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 1----.2016წ. გადაწყვეტილებით საბჭომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეითანხმა ქ. ბათუმში, 2-------- ქ. N---ში დ--–--------ის მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე დოკუმენტაცია.

 

საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 1--------–ის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ.ბათუმში, 2-------- ქ. N---ში საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას (სიმაღლის გამო) (ს.ფ. 78).

ქ.ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 0----/2018წ. N--- ბრძანებით დაკმაყოფილდა დ--–--------ის 2018-06-26 განცხადება და დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, 2-------- ქ. N---ში მდებარე 779.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკ. კოდი - 0-----------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი (ს. ფ. 41).

 

1----/2018წ N--- ბრძანებით დ--–--------ის 2018-0---- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმში, 2-------- ქ. N---ში მდებარე 779.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკ. კოდი - 0------------------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დ--–--------ის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა (2018 წლის 0-----------ს N--- ბრძანებით შეთანხებული პროექტი) (ს.ფ. 42).

 

1----.2018 წ. N--- ბრძანების საფუძველზე გაიცა ქალაქ ბათუმში, 2-------- ქ. N---ში მდებარე 779.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკ. კოდი - 0------------------) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სმ N------ ნებართვა, რომელშიც მითითებულია - მშენებლობის ობიექტის კლასი - II, პროექტის ავტორი ნ. ძნელაძე (ს.ფ. 44). საქმეში წარმოდგენილია მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ქალაქ ბათუმში, 2-------- ქ. N---ში დ--–--------ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის სამუშაოებზე, რომლის მიხედვითაც შენობის ტექნიკურ მაჩვენებლებად მითითებულია - კლასი II, სართულიანობა - ოთხი (ს.ფ. 88).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით... სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

დასახელებული ნორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს, როგორც განმცხადებლის ვალდებულებას მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის წინაპირობებს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

 

უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. აღნიშნული ნორმა გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება და აქტის შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებული რომელიმე სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაჩერებლად, მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაბუთებული შუამდგომლობა სადავო აქტის უკანონობის ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ გასაჩივრებული აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდომში დაცვას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს გონივრულ ვარაუდს, რომ მისი განუხორციელებლობა ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი საბოლოოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებისა და გამოტანის პროცესზე.

 

კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი მიუთითებს მასზედ, რომ საგამონაკლისო ნორმის გამოყენება გამართლებულია ორი პირობით, კერძოდ, 1) იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, რაც გულისხმობს შუამდგომლობის ავტორის მიერ იმ სპეციალური ნორმატიული დანაწესით აპელირებას, რომლის დარღვევის გამო ის იზღუდება ამ დანაწესებით აღიარებულ უფლებაში და 2) სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის სამომავლო დაცვას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აქტის შეჩერების უფლების გამოყენებისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც მოსარჩელე მხარის ინტერესს, ისე თანმდევ შედეგს, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან, აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ამავე განცხადების შესაბამისად, წყვეტს სარჩელის განმხილველი სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის მიზანსა (რომელიც თავის თავში მოიცავს აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც) და სასამართლოს (და არა მხოლოდ განმცხადებლის) დასაბუთებულ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე.

 

მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას, რამდენადაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხორციელდება სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, რაც გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს მიერ მისაღებ არსებით გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის ჩანაწერი, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო მხარის მოთხოვნით შეაჩერებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მარტოოდენ სარჩელის წარდგენა სასამართლოში და შესაბამის გარემოებებზე მითითება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხრიდან მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულაციების გამოყენება, იმავდროულად აუცილებელია მხარე კონკრეტულად მიუთითებდეს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და მიუთითებდეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებებზე, რაც საქმის განხილვის ამ ეტაპზე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან განმარტავს, რომ სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენდა საქმის არსებითად განხილვის საგანს.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის უარყოფას. შესაბამისად, სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

კერძო საჩივრის უარყოფის გამო, მხარეს არ დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება 18.01.2019წ, გადამხდელი მ---------–----ე ს.ფ. 168).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ--------------ის და ლ-----–-----–--ის წარმომადგენლის მ--------–----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

 

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (საგადასახადო დავალება 18.01.2019წ, გადამხდელი მ---------–----ე);

 

4. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი