განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001510257
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5917-18 10 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ემ-------------–---–ი
წარმომადგენელი - სო-------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ა“
წარმომადგენელი - გუ-–---------–--------ი, გვ--–---------ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამედიცინო მომსახურების საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ამ“ ემ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მისთვის დავალიანების სახით 18 350.75 ლარის ხოლო, პირგასამტეხლოს სახით 18 754.47 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით ემ------------–---–სა და შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ას“ შორის 2013 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ემ-------------–---–ს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ დავალიანების სახით 18 350,75 ლარისა და პირგასამტეხლოს 1000 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ემ-------------–---–ის შეგებებული სარჩელი შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ მიმართ 2013 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ემ-------------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 28 აპრილს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ასა“ და ემ------------–---–ს შორის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მომსახურება პაციენტ მა------------–---–ს გაეწია (ტომი I, ს.ფ. 14-15).
6. სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 19 ივლისს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ასა“ და ემ------------–---–ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ემ------------–---–მა, როგორც მა------------–---–ის წარმომადგენელმა, პაციენტთან ერთად, დარჩენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულების (18 350.75 ლარი), არაუგვიანეს 2013 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით გადახდის ვალდებულება სოლიდარულად იკისრა. მკურნალობის საფასურის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისათვის მხარეთა მიერ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1% ოდენობით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 38).
7. მა------------–---–ი შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----აში“ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას 2013 წლის 28 აპრილიდან - 2013 წლის 19 ივლისამდე იღებდა (ტომი I, ს.ფ. 1-40).
8. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მოპასუხე მხარეს პრეტენზია არც მომსახურების მიღებისას და არც შემდგომ არ განუცხადებია (მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. მოპასუხის მეუღლე მა------------–---–ი სტაციონარიდან გაწერის შემდგომ, 2014 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა (ტომი I, ს.ფ. 61-64, 65).
10. პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 34 494.75 ლარი შეადგინა. მითითებული მონაცემები შესაბამისობაშია კალკულაციაში აღნიშნულ ღირებულებასთან. აღნიშნული თანხიდან 15 000 ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ, 1000 ლარი დუ–-----------–----–------ის საკრებულოს მიერ ანაზღაურდა ხოლო, 150 ლარი თავად პაციენტმა გადაიხადა (ტომი I, ს.ფ. 14-15, 38, 197-436).
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, 2013 წლის 19 ივლისს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–---------------------------–------ა“ და ემ------------–---–ს შორის დადებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2013 წლის 19 ივლისის გარიგება, რომლის ძალითაც ემ------------–---–მა პაციენტ მა------------–---–ის მკურნალობის დავალიანების - 18350,75 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა, თავისი არსით ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხი განსხვავებულადაა მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-330-733-06). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 08 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-392-371-2013). ვინაიდან, როგორც პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულება მხოლოდ ცალმხრივად, ემ-------------–---–ის მიერაა ხელმოწერილი, მასში მითითებულია ვალად აღიარებული თანხის ოდენობა და გამოხატულია მოვალის მზაობა თანხა არაუგვიანეს 2013 წლის 19 სექტემბრამდე გადაიხადოს, სააპელაციო პალატა ხსენებულ გარიგებას კაუზალურ (მარტივ) ვალის აღიარებად მიიჩნევს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტი მხარე ხსენებული გარიგების ნამდვილობას შეედავა, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრით კი, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად გასაჩივრდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის ფარგლებში, სააპელაციო პალატა 2013 წლის 19 ივლისის გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობის თაობაზე იმსჯელებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება. გარიგება ამორალურია, თუ „ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“. ამგვარი კატეგორიის დავებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან. მოცემულ შემთხვევაში მხარე მიუთითებდა, რომ მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულება უარს აცხადებდა მისი მეუღლის სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების გადახდის გარეშე გაწერაზე, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სადავო გარიგებაზე ხელი მოეწერა. სააპელაციო პალატა მხოლოდ პირის ფსიქოემოციურ მდგომარეობას გარიგების ბათილობას საფუძვლად ვერ დაუდებს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მეირ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ფაქტი სადავო არ არის და აპელანტის მეუღლის ავადმყოფობა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი შესრულება (მომსახურების გაწევა) ვალდებულების არსებობას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, მომსახურების მიმღებს სათანადო საზღაურის გადახდის ვალდებულებას წარმოუშობს, შესაბამისად ცალსახაა, რომ თავად სადავო გარიგების შინაარსი ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ამიტომ პალატის მოსაზრებით, მისი ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთება.
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ემ-------------–---–ისთვის შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ დავალიანების სახით მხოლოდ 7 069,22 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობდა.
სააპელაციო პალატამ წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში ვრცლად ისაუბრა მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 19 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და მიიჩნია, რომ მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, თუმცა ვინაიდან, სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ ასევე, სადავოდაა გამხდარი სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, სააპელაციო პალატა, როგორც ფაქტების დამდგენი სასამართლო, იმ გარემოებათა კვლევას შეუდგება თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რა სახის/ოდენობის მომსახურების გაწევის ფაქტი დასტურდება და შესაბამისად, რა ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მხარეს.
უპირველესად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთის ობიექტურ და სამართლიან გადანაწილების სტანდარტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მხარეთა შეთანხმებისა, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით შედავებულია სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი, შესაბამისად, ამ ღირებულების მომსახურების რეალურად გაწევა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ განკუთვნადი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის გზით. ამრიგად, სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გაირკვეს თუ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტის მკურნალობაზე კონკრეტულად რა თანხის მედიკამენტები და სხვა საჭირო რესურსი დახარჯა, ანუ უნდა დადგინდეს აპელანტმა მხარემ რა სახის ქონებრივი სარგებელი მიიღო, რათა თავიდან იქნეს აცილებული აპელანტისთვის გადამეტებული ხარჯების დაკისრება რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულების უსაფუძვლოდ გამდიდრების წინაპირობები შექმნას.
13. საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პაციენტისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გაწეული მომსახურების, დახარჯული მედიკამენტებისა და ჩატარებული სხვა გამოკვლევების/მანიპულაციის ჩამონათვალი, რომელსაც გარკვეული სისტემიდან გაკეთებული ამონაწერის ფორმა აქვს (ტომი I, ს.ფ. 16-24), მასში მითითებული არ არის პაციენტის სახელი და გვარი, მომსახურე ექიმის ვინაობა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მანიპულაციების/გამოკვლევების ჩატარების თარიღი მითითებულია, მას არ ახლავს კონკრეტული ექიმის მიმართვა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა აღნიშნული მანიპულაციები.
გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ისტორია და სტაციონარული პაციენტის ბარათები, ხელითაა შევსებული, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის აღნიშნული მტკიცებულების სრულყოფილ შესწავლას და მათში მითითებული ჩანაწერების წაკითხვას. სასამართლოს შეკითხვაზე თუ პაციენტის ისტორიაში რა ადგილზეა მითითებული კონკრეტული მანიპულაციების/გამოკვლევების საჭიროების თაობაზე სამედიცინო დაწესებულებისგან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეთა შორის სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ნაწილი (15000 ლარი) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, 1000 ლარი დუ–-----------–----–------ის საკრებულომ ხოლო, 150 ლარი თავად პაციენტმა დაფარა. მოსარჩელეს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა, თუ კონკრეტულად რომელი მომსახურებების ღირებულება გადაიხადა სახელმწიფო დაზღვევამ, დუ–-----------–----–------მა, რომელი მომსახურების დაფარვას მოხმარდა მოსარჩელის მიერ გადახდილი 150 ლარი და აპელანტისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა, რეალურად ემთხვევა თუ არა იმ ოდენობას, რომელიც დასაფარი დარჩა და წერილობით მტკიცებულებებშია მითითებული. ასევე, მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთარღიცხვა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მთელ პერიოდს მოიცავს, მასში გამოყოფილი არ არის დროის რომელ მონაკვეთში გაწეული მომსახურება იყო სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული და რომელი კონკრეტული თარიღიდან ეკისრებოდა აპელანტს გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რაც მტკიცებულების არასრულფასოვნებაზე მიუთითებს და სასამართლოს მის რელევანტურობაში ეჭვის შეტანის გონივრულ ვარაუდს უქმნის.
გარდა იმისა, რომ საქმის მასალებით პაციენტის სამედიცინო ისტორიისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს შორის ბმა არ დგინდება, ასევე აპელანტი მხარე სადავოდ ხდის მომსახურების ამონაწერში სამედიცინო დაწესებულების მიერ გახარჯული სამედიცინო პრეპარატებისა და პაციენტის მოვლისთვის დახარჯული ჰიგიენური ნივთების (მაგ. რეზინის ხელთათმანი) ოდენობას, შესაბამისად, მოსარჩელეს მათი ზუსტად იმ ოდენობით და რაც მთავარია კონკრეტული საჭიროებისამებრ (ექიმის დანიშნულების შესაბამისად) გახარჯვა უნდა ემტკიცებინა, რა ციფრებიც წარმოდგენილ მტკიცებულებებშია მითითებული, რაც საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა საქმის მასალებში წარმოდგენილი მანიპულაციების/გამოკვლევების უბრალო ჩამონათვალი კი, რომელიც თავად სამედიცინო დაწესებულების მიერაა შედგენილი, ექიმის დანიშნულების გარეშე, მტკიცებულების განკუთვნადობისა და სანდოობის ტესტს ვერ ლახავს და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მტკიცებულებას ვერ დაეფუძნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან სწორედ სამედიცინო დაწესებულების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა გაწეული ხარჯების რელევანტურობის მტკიცება და მან განკუთვნადი მტკიცებულების წარდგენის გზით აღნიშნული ვერ განახორციელა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. რაც შეეხება სადავო პერიოდში პაციენტის პალატაში/რეანიმაციაში განთავსების საფასურს, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია. კერძოდ, მხარეთა შორის პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებისა და მომსახურების მიღების ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი, შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ მიერ წარმოდგენილ კალკულაციაში მითითებულია, რომ მოპასუხეს პალატა/რეანიმაციაში პაციენტის 49 დღის განმავლობაში (2013 წლის 31 მაისიდან 2013 წლის 19 ივლისის ჩათვლით) განთავსების გამო 13 324,08 ლარი უნდა გადაეხადა, ანუ მომსახურების ყოველდღიური მომსახურება 271,92 ლარს შეადგენდა. თუმცა იმისათვის, რათა მოპასუხისთვის (აპელანტი) პალატაში/რეანიმაციაში განთავსების საფასურის ოდენობა იქნეს გამოთვლილი პირველ რიგში უნდა დაგინდეს თუ პაციენტის მიმართ საყოველთაო დაზღვევის ლიმიტი, როდის ამოიწურა და კონკრეტულად რომელი დღიდან ეკისრებოდა აპელანტს პალატის/რეანიმაციის დღიური საფასურის გადახდა. ამ მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაერთგვაროვანია, კერძოდ, ნიშანდობლივია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ 2013 წლის 28 აპრილს შედგენილ დოკუმენტში პაციენტის მიმართ საყოველთაო დაზღვევის ლიმიტის ამოწურვის თარიღად 2013 წლის 31 ივნისი ხოლო, 2013 წლის 01 ივნისს შედგენილ დოკუმენტში დაზღვევის ლიმიტის ამოწურვის თარიღად 23 ივნისია მითითებული (ტომი I, ს.ფ. 201, 202). როგორც არაერთგზის აღინიშნა, აპელანტისთვის კონკრეტული ოდენობის თანხის დაკისრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, ვინაიდან საყოველთაო დაზღვევის ამოწურვის თარიღი სხვა უფრო რელევანტური მტკიცებულებით არ დგინდება, ასევე ვინაიდან კალენდარში ივნისის თვე 31 რიცხვით არ არსებობს, დაზღვევის ამოწურვის თარიღად 2013 წლის 23 ივნისი უნდა იქნეს მიჩნეული. მხარეთა შორის უდავოა, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან 2013 წლის 19 ივლისს გაეწერა, შესაბამისად მას პალატაში/რეანიმაციაში განთავსების ღირებულება 26 დღის ოდენობით უნდა დაეკისროს რაც ჯამში 7 069,92 ლარს შეადგენს (26 * 271,92 =7 069,92).
15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1 000 ლარამდე მართებულად შემცირდა.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ტომი I, ს.ფ. 38).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების შეუსრულებლობა სადავოდ არ არის, შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, ხელშეკრულების შესრულების არსი, მისი ღირებულება, აპელანტის ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ემ-------------–---–ს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან 244,90 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადასახდელ ბაჟს, ვინაიდან აპელანტი ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულ სუბიექტს წარმოადგენს, შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ას“ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ბაჟის - 603 ლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ემ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ემ-------------–---–ს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8069,92 ლარის გადახდა (პირგასამტეხლო - 1000 ლარი, პალატის ღირებულება 26 დღეზე - 7069,92 ლარი);
5. ემ-------------–---–ს შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის სახით 244,90 ლარის გადახდა (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად) დარჩენილ ნაწილში გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. შპს „აკ-----------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადასახდელი ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 603 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია