განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
330310018002686607
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002686607 (საქმე №3ბ/368-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---- ჩ-------ი;

 

აპელანტი (მოპასუხე) - შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ლ---- მ----–--ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. აპელანტი ლ---- ჩ-------ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

1.2. აპელანტი შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ---- ჩ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 1--------ის №MIA 2------------ ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ---- ჩ-------თან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1----------–ის ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების სპეციალური კონტროლის ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ზე გაიცა დახასიათება, რომლის მიხედვით, იგი რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად რაიმე სახის დისციპლინური დევნის საკითხი მის მიმართ არ დამდგარა. აღნიშნული დახასიათება ხელმოწერით დაადასტურეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსმა, იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანებით, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი 2018 წლის 1--------ოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1----------–ის ბრძანება (ს.ფ. 16-26);

- დახასიათება (ს.ფ.15);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2019 წლის 1---------ს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან - 2018 წლის 2----------ოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შეფასების აქტი (ს.ფ. 185);

- ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 1--------ის №MIA 2------------ ბრძანება (ს.ფ.175);

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №226 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისათვის.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით. ასევე მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული წესის 50-ე მუხლზე რომლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ - ერთი საფუძველი გამოსაცდელი ვადის გასვლისას მოსამსახურის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგის არსებობაა.

 

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1----------–ის ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით, მოსარჩელე ლ----ი ჩ-------ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების სპეციალური კონტროლის ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანებით, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი 2018 წლის 1--------ოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი, ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით, რომ არ არსებობდა მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე დასაბუთებული დასკვნა. უფრო მეტიც, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ზე გაიცა დახასიათება, რომლის მიხედვით, იგი რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად, რაიმე სახის დისციპლინური დევნის საკითხი მის მიმართ არ დამდგარა. აღნიშნული დახასიათება ხელმოწერით დაადასტურეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსმა, იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა.

 

წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს.

 

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2019 წლის 1---------ს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 2---------ოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50 მუხლის საფუძველზე.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 8 იანვრამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგები. შესაბამისად, მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი იგი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მითითებული საფუძვლით 2019 წლის 8 იანვრამდე. სასამართლომ განმარტა, რომ კანონით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს საქმის გარემოებების ობიექტურად, მიუკერძოებლად გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე და იგი არ იყოს მოტივირებული მხოლოდ მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების სამართლებრივად დასაბუთების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, იმავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. განმარტა, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტა, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მიუთითა, რომ აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მხარეთა ახსნა - განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 1--------ის №MIA 2------------ ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოეცამ მოსარჩელე ლ---- ჩ-------თან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რაც შეეხება მოთხოვნას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, მიუთითა, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის სასარგებლოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან განაცდური ხელფასის და ფინანსური წახალისების ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ლ---- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა დადგენილ გარემოებებზე და განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ორჯერ ადმინისტრაციული წესების არსებითი დარღვევით მიიღო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. განმარტავს, რომ 2018 წლის 2---------ომდე მასზე არსებობდა დადებითი შეფასების აქტი, კერძოდ დახასიათება, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მისი თანამდებობაზე დანიშვნა და მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ ისარგებლა ადმინისტრაციულმა ორგანომ შსს მინისტრის ბრძანების N995 მუხლის მე-14 ნაწილის მე-3 პუნქტით.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018-2019 წლებში, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, დაცვის პოლიციამ მისი ნებართვის გარეშე დაამუშავა მისი პერსონალური მონაცემები და 2019 წლის 8 იანვარს დაიწერა უარყოფითი დასკვნა, რითაც აპელანტის განმარტებით, არსებითად დაარღვია მისი შრომითი უფლება და ხელმეორედ განთავისუფლდა თანამდებობიდან 2018 წლის 2---------ოს რიცხვით 2019 წლის 1---------ს. მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, ევროპული სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი მის სასიკეთოდ გადაწვიტა, კერძოდ გააბათილა უკანონოდ მიღებული აქტი და დაავალა ადმინისტრაციულო ორგანოს ახალი აქტის გამოცემა. მიიჩნევს, რომ აღნიშნული მას უკვე განამწესებს ადმინისტრაციულ ორგანოში და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოხდება 2018 წლის 2---------ოდან, ვინიდან, გადაწყვეტილების საბოლოო ნაწილში ეს ყოველივე არ არის დეტალურად გაწერილი, მიიჩნევს, რომ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაძლებელია ისევ გამოსცეს ბრძანება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დარღვევით, რაც სავარაუდოდ ისევ სასარჩელო წესით დავის საგანი გახდება და რითაც არსებითად დაირღვევა მისი უფლებები.

 

საჩივრის ავტორი აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაქუმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას სრულად.

 

3.2. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ ლ---- ჩ-------ი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს MIA 7-------- ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების სპეციალური კონტროლის ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობიდან. ზემოაღნიშნული ბრძანება ბათილად ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და გამოსცა ახალი ბრძანება N MIA2---------- ადმინისტრაცული წარმოების პროცედურული წესების სრული დაცვით და საქმის გარემოებათა შეფასების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო აქტი N MIA2---------- მიღებულ იქნა ისე, რომ 2019 წლის 8 იანვრამდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგები და განმარტავს, რომ მათ მიერ საქმის მასალებში წარდგენილია 2018 წლის 21 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომელიც გაცემულია ლ---- ჩ-------ის უშუალო ხელმძღვანელის მიერ და იგი უარყოფითად ხასიათდება, რის გამოც აღარ განიხილებოდა შემდგომ მისი შრომითი მოწყობის შესახებ საკითხი.

 

აპელანტის განმარტებით, 2019 წლის 8 იანვრის შეფასების აქტის მიხედვით, ლ---- ჩ-------ი ხასიათდება უარყოფითად, ვინაიდან, იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჯეროვნად არ ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას, ასევე უფროსის ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, უჭირდა კომუნიკაცია როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასითდებოდა უარყოფითად. ზოგადად, ის ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს, რასაც ასევე ადასტურებს ლ---- ჩ-------ის 2019 წლის 28 იანვარის N 2----- განცხადება, რომელშიც ის უთითებს, რომ მისი ქმედებები გამომდინარეობს მისივე ,,სამართლებრივი განათლების, ინტელექტის, კვალიფიციურობის და მაღალი თვითშეგნებით" და ცხადია, რომ არ სურს დაცვის პოლიციაში მუშაობა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ლ---- ჩ-------ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვინაიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტისა (მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო) და 50-ე მუხლის (გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ლ---- ჩ-------ის გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ დამოკიდებული იყო შეფასების აქტის მახასიათებლებზე, რაც საფუძველს წარმოადგენს გათავისუფლების ან დანიშვნის ბრძანების გამოცემისა. ამდენად, ხსენებული წესი პირდაპირ ავალდებულებს დეპარტამენტს გამოსცეს შესაბამისი ბრძანება და დისკრეციული უფლება ამ შემთხვევაში არ გააჩნია.

 

აპელანტი ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ განმარტებას, რომ სადავო აქტი არ არის დასაბუთებული. მიიჩნევს, მოსამართლემ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაავალა ისეთი ქმედების განხორციელება, რაც უკვე ჯეროვნად შესრულდა დეპარტამენტის მხრიდან, ვინაიდან, სადავო აქტი გამოიცა დასაბუთებით, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევით და მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე არ იზიარებს სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სადავო აქტის გამოცემით ირღვევა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომითი უფლებები.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ლ---- ჩ-------ის ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 1--------ის №MIA 2------------ ბრძანება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს და ფინანსური წახალისების ანაზღაურება 2018 წლის 2---------ოდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს (ფინანსური წახალისების) ყოველთვიური ოდენობით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე რომლის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, "პოლიციის შესახებ", ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლით დადგენილია სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

 

აღნიშნული წესის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით. მე-2 ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ - ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

 

მითითებული წესის 50-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.

 

პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ - ერთი საფუძველი გამოსაცდელი ვადის გასვლისას მოსამსახურის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგის არსებობაა. ამდენად პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლი ამავე წესის მე-14 და 50-ე მუხლებთან ერთობლიობაში უნდა განიმარტოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1----------–ის ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით მოსარჩელე ლ----ი ჩ-------ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების სპეციალური კონტროლის ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანებით, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი 2018 წლის 1--------ოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) საფუძველზე.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 1--------ის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 2----------ოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50 მუხლის საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი, ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით, რომ არ არსებობდა მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე დასაბუთებული დასკვნა. უფრო მეტიც, მუშაობის პერიოდში, მოსარჩელე ლ---- ჩ-------ზე გაიცა დახასიათება, რომლის მიხედვით, იგი რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად რაიმე სახის დისციპლინური დევნის საკითხი მის მიმართ არ დამდგარა. აღნიშნული დახასიათება ხელმოწერით დაადასტურეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსმა, იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს.

 

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2019 წლის 1---------ს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 2---------ოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50-ე მუხლის საფუძველზე. ამრიგად, პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 იანვრამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგები. შესაბამისად, მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, იგი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მითითებული საფუძვლით 2019 წლის 8 იანვრამდე.

 

პალატა განმარტავს, რომ გამოსაცდელი ვადის მიზანი არის პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ - ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობის შემოწმების საშუალება დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. მე-14 მუხლში განმარტებულია, რომ მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. ხოლო მე-3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 50-ე მუხლში იმპერატიულად არის გაწერილი, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.

 

ზემოთმითითებული ნორმებით რეგულირებულია ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება - სამსახურში გამოსაცდელი ვადით აყვანილი პირის მიმართ გამოსაცდელი ვადის დასრულებისას, შეადგინოს წერილობითი დოკუმენტი - შეფასების აქტი, რომლის გათვალისწინებითაც უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობაზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შეფასების განხორციელება და შესაბამისი აქტის შედგენა თანაბრად სავალდებულოა ორივე ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობისას, როგორც გამოსაცდელი ვადის გასვლის, ასევე ამ ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების და ასევე სპეცშემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში. ამდენად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, უნდა შეაფასოს ლ---- ჩ-------ის მიერ ნამსახურები პერიოდი და ამის თაობაზე შეადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების აქტი და აღნიშნული შეფასების შედეგების გათვალისწინებით იმსჯელოს სამსახურიდან მის გათავისუფლებაზე; აღნიშნულის განხორციელება კი მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება და კომპეტენციაა, რაც ცალსახად სასამართლოს მიერ აქტის არა არსებითად, არამედ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველია.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს აპელანტის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგემლის იმ განმარტებაზე, რომ საქმის მასალებში წარდგენილია 2018 წლის 21 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომელიც გაცემულია ლ---- ჩ-------ის უშუალო ხელმძღვანელის მიერ და იგი უარყოფითად ხასიათდება, რის გამოც აღარ განიხილებოდა შემდგომ მისი შრომითი მოწყობის შესახებ საკითხი. აღნიშნული პოზიციის მიუხედავად პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სავალდებულო იყო შეფასების აქტის შედგენა, რომელიც სავარაუდოდ დასაბუთდებოდა შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქ-------ის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს, აღნიშნულით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, 2019 წლის 8 იანვრამდე, ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგების შეფასებამდე გაეთავისუფლებინა იგი მითითებული საფუძვლით.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

პალატა ასევე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, პალატა მოცემულ შემთხვევაში მსჯელობს მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრებში აღნიშნულ გარემოებებს, რადგან მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სავალდებულო იყო შეფასების აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს არ ქონდა შეფასებული მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგები, როგორც მოცემული შრომითი ურთიერთობის ერთ - ერთი ცენტრალური კომპონენტი და მისი შეუდგენლობა და ასევე ის გარემოება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2019 წლის 1---------ს გამოიცა ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 1--------ოს ბრძანება სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 2---------ოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50 მუხლის საფუძველზე, მაშინ როდესაც 2019 წლის 8 იანვრამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის შედეგები. აღნიშნული მიიჩნევა ისეთ შემთხვევად, როდესაც აქტი გამოცემულია საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. ხოლო რადგან პალატა ეთანხმება და იზიარებს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობას და ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამგვარად პალატა ვერ გაიზიარებს ლ---- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას აქტის არსებითად ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არ მომხდარა ლ. ჩ-------ის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მისი მუშაობის შეფასება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს ლ. ჩ-------ის სასასარჩელო მოთხოვნა.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო კვლავ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა.

 

პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილეის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პირინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ დაბალანსებაში. აღნიშნული პრინციპების რეალიზების პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში შეჭრა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა.

 

პალატა განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტთან მიმართებაში სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე - კანონიერებაზე, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ვინაიდან, სადავო აქტის მიზანშეწონილობის საკითხი სცილდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს აქტის მიზანშეწონილობის საკითხზე. სასამართლო ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის მუშაობის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია, მისი მუშაობის პერიოდში გაცემული ერთი დასკვნა, რომელიც დადებითად აფასებს მის საქმიანობას, ხოლო გამოსაცდელი ვადის გასვლის, სამსახურიდან გათავისუფლების და მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემდგომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეადგინა მისი მუშაობის თაობაზე უარყოფითი შეფასების აქტი და მის საფუძველზე უკუძალა მიანიჭა სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს და ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, აგრეთვე არადამაკმაყოფილებელი შედეგების არ არსებობის პირობებში, როგორ უნდა გათავისუფლებულიყო პირი თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.

 

ასევე სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას სამსახურში აღდგენაზე უარის და განაცდური ანაზღუარებაზე უარის თქმის ნაწილშიც, მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

პალატა ასევე მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც მართებულად განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ლ---- ჩ-------ის სასარგებლოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან განაცდური ხელფასის და ფინანსური წახალისების ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ შესრულდა, აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით, უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც ის უფლებამოსილია შეფასება მისცეს ფაქტებს მხოლოდ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას ჰქმნის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ჩ-------ისა და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი