განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002460774
საქმე №2ბ/7253-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი მაკა ბიუღლიშვილი
აპელანტი - ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–ია.
წარმომადგენელი - მ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ-------–----------------ი“
წარმომადგენელი - გ----------–-----ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირგსამატეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 25 იანვარს ერთი მხრის ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა ს----------–----------------------–-–იასა (შემსყიდველი) და მეორე მხრივ შპს „ნ-------–---------------ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტი იყო დანართი N1-ით განსაზღვრული საკვები პროდუქტები. 3.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 95 900 ლარს, ხოლო 4.1 მუხლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო პროდუქცია მიეწოდებინა დანართი N1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ, კერძოდ, 11.4 მუხლის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ხარისხი, ვადა) შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით. 13.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
2. ხელშეკრულების N1 დანართის მიხედვით მიმწოდებელს პროდუქცია უნდა მიეწოდებინა მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
3. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 354,83 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 11 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 479,50 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 9 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,60 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 16 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 172,62 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 15 ნოემბერს 14 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,60 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 20 ნოემბერს 15 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2017 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,6 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 29 ნოემბერს 29 დღის დაგვიანებით.
4. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევამ ჯამში შეადგინა 92 დღე, რის გამოც მიმწოდებელს ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო - ჯამში 13234,2 ლარი. მიმწოდებელს პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ ეცნობა 17.01.2018 წლისა 24.01.2018 წლის წერილებით და განესაზღვრა ორი კვირის ვადა თანხის გადასახდელად.
5. 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ 2017 წლის 24 ოქტომბრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ნ-------–----------------ის“ ერთობლივი ღონისძიებების (მანქანა დანადგარებიდან ჩამონარეცხებისა და სასმელი წყლის სინჯების აღება) გამო დროებით შეჩერდა პროდუქციის წარმოება. რის გამოც მიმწოდებელმა ითხოვა ნებართვა, წარმოების განახლებამდე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა რკ „ჩ----------ის“ პროდუქციით. შემკვეთი დათანხმდა მწარმოებლის ჩანაცვლებას და 2017 წლის 20 ნოემბერს მხარეებს შორის შედგა შესაბამისი შეთანხმება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იამ და მოითხოვა შპს „ნ-------–----------------ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს სახით 13 234,20 ლარის დაკისრება.
6.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მოსარჩელესთან გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------ ხელშეკრულება. მოპასუხეს 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 354,83 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 11 დღის დაგვიანებით. 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 479,50 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 9 დღის დაგვიანებით. 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,60 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 16 ნოემბერს 16 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 172,62 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 15 ნოემბერს 14 დღის დაგვიანებით. 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,60 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 20 ნოემბერს 15 დღის დაგვიანებით. 2017 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 383,6 ლარის ღირებულების ყველი, რომელიც მიაწოდა 2017 წლის 29 ნოემბერს 29 დღის დაგვიანებით. მოსარჩელემ აგრეთვე განმარტა, რომ მოპასუხეს, ხელშეკრულების შესაბამისად, დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%. ვადაგადაცილებამ, როგორც მოსარჩელემ აღნიშნა, შეადგინა 92 დღე, ხოლო პირგასამტეხლომ - ჯამში 13234,2 ლარი.
7. მოპასუხის შესაგებელი:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შპს „ნ-------–----------------ის“ მიერ ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოხდა წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების დეზინფექცია-დერატიზაცია, რის შემდეგაც აიღეს ჩამონარეცხების მიკრობიოლოგიური ანალიზები. ანალიზის პასუხი სტანდარტულად გაიცემა 5-7 დღის ვადაში. ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში წარმოება არ ფუნქციონირებდა, მოპასუხემ წერილობით მიმართ მოსარჩელეს და შეთავაზა, რომ ღონისძიებების დასრულებამდე მათი წარმოებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა რ.კ. „ჩ----------ის“ მიერ წარმოებული პროდუქციით. პროდუქციის ჩანაცვლებისათვის საჭიროა ლაბორატორიული ანალიზის აღება. ანალიზის აღებასა და ჩანაცვლების ოქმის შედგენას დასჭირდა 21 დღე, რის შემდეგაც მოპასუხემ გააგრძელა პროდუქციის მიწოდება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ნ-------–----------------ს“ ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 4441,4 ლარის გადახდა. ასევე, შპს „ნ-------–----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 132 ლარის გადახდა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
9.1. შპს „ნ-------–----------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული
9. 2. ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: აპელანტის განმარტებით სასამართლომ პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ შეამცირა.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.) სსკ 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
12. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1,2,3,4, და მე-5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს:
13. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დადგენილია, რომ აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს (გამყიდველს) ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უნდა მიეწოდებინა მის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტები მოსარჩელისათვის (იხ. ხელშეკრულების 3.1.1-3.1.2 პუნქტები). სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. უდავოა რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების შერულების ვადა ამასთან, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რომ ვადის გადაცილება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
16. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
18. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 11.4 მუხლის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ხარისხი, ვადა) შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
19. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარატავს რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015). განსახილველ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულება შესრულდა, ვადაგადაცილების ხანგრძლივობას (საუბარია თითოეულ მიწოდებაზე რამდენიმე დღით ვადის დარღვევაზე), ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს, კერძოდ, იმ პირობას, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად შეამცირა სამჯერ - 4441,4 ლარამდე
20. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
21. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება, აგრეთვე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს----------–----–------ ს----------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი