განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
330210014656445
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014656445

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1374-15 30 იანვარი, 20158 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – ს----------–----------–----------------------------ო

წარმომადგენელი - დ-------------ა, ნ----- მ------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა-–----------“

წარმომადგენელი - ს---------------ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს----------–----------–----------------------------ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შპს ,,ა-–---------ს” ს----------–----------–----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2----–-–-----------ის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო - 3679.2 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო - 225.75 ლარის ოდენობით.

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. 2----–-–-----------ს ს----------–----------–----------------------------ოსა და შპს ,,ა-–---------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–----------–----------------------------ოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შემსყიდველისათვის საჭირო 65 ცალი სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის (მაგიდის კომპიუტერი) შესყიდვა. ხელშეკრულების დანართით, მხარეები შეთანხმდნენ შესასყიდი ობიექტის ზუსტ აღწერილობაზე.

 

2.2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 49 054.85 ლარით.

 

2.2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის 4.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების დანართის შესაბამისი საქონლის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში.

 

2.2.4. შპს ,,ა-–---------მა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ს----------–----------–----------------------------ოს არ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპიუტერული ტექნიკა.

 

2.2.5. 2----–-–-----------------ს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ს----------–----------–----------------------------ოსა და შპს ,,ა-–---------ს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ა-–---------ს” ს----------–----------–----------------------------ოსთვის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, უნდა მიეწოდებინა კომპიუტერული მოწყობილობები (2 ერთეული მაგიდის კომპიუტერი, 1 ერთეული ლეპტოპი და 13 ერთეული პრინტერი). აღნიშნული ტექნიკა, ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, შპს ,,ა-–---------ს” უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

2.2.6. 2----–-–-----------------ს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენს 8600 ლარს.

 

2.2.7. შპს ,,ა-–---------მა” არ შეასრულა 2----–-–----------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში არ მიაწოდა ს----------–----------–----------------------------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:

 

2.2.8. 2----–-–------------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

 

2.2.9. 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოა 49 054.85 ლარის 0.5%, რაც შეადგენს 245.28 ლარს. 2014 წლის 22 ივლისიდან _ 2014 წლის 19 სექტემბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) გადაცილებულ 60 დღეზე - 14 716.80 ლარს.

 

2.2.10. 2----–-–----------------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.2.11. 2----–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 2014 წლის 09 ოქტომბრიდან _ 30 ოქტომბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) პერიოდში შეადგენს 903 ლარს (8600 ლარის 0.5% - 21 დღეზე).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

2.3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

2.3.14. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,ა-–----------ს” წარმომადგენლის პოზიცია და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელისთვის სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხავი გარემოება;

 

კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, 2014 წლის 06 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2. პუნქტით განსაზღვრული პასუხისგებლობის დაკისრება დამოკიდებული არ არის მწარმოებლის მიერ შესაბამისი მოდელის მონიტორების მიწოდებაზე.

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მწარმოებლისაგან მიღებული წერილის შედგენის თარიღად მითითებული იყო 2014 წლის 14 იანვარი, ხოლო წერილის ბოლოს მითითებულია 14 აგვისტო; ამასთან, წერილის შინაარსიდან ცალსახად არ დგინდებოდა, თუ როდიდან შეწყვიტა კომპანია ,,ლ-----ომ“ შესაბამისი მოდელის მონიტორების წარმოება და როდის გახდა ცნობილი ამის შესახებ მოპასუხისათვის. გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო წარმოების დროებით შეწყვეტის შესახებაც.

 

2.3.15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას; შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება; შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ერთ შემთხვევაში მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველდღიურად.

 

სასამართლოს შეფასებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 14 716.80 ლარისა და 903 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-დან 0.125%-მდე უნდა შემცირებულიყო და 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 3679.2 ლარით, ხოლო 2----–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 225.75 ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.5 პუნქტში სასამართლომ დაუსაბუთებლად იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად სასამართლომ აღიარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული მხარის უფლება _ პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის თაობაზე და მეორეს მხრივ, თავადვე შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა ისე, რომ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა.

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 49 054.85 ლარს შეადგენდა, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა - ჯამში 15 619.8 ლარს, რომელიც აბსოლუტურად მისაღებ ოდენობას წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან, ს----------–----------–----------------------------ოს წინაშე დარღვეულ ვალდებულებასთან მიმართებით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და ამდენად, უგულვებელყო ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა, განსახილველი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე,რ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, შემცირდა შპს ,,ა-–----------სთვის“ დარიცხული პირგასამტეხლო 0.05%-მდე და 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3679.2 ლარით, ხოლო 2----–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა - 225.75 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც განხორციელდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული, შეუსრულებელი სამუშაოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05%-მდე.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2----–-–-----------ს ს----------–----------–----------------------------ოსა და შპს ,,ა-–---------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–----------–----------------------------ოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შემსყიდველისათვის საჭირო 65 ცალი სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის (მაგიდის კომპიუტერი) შესყიდვა. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შესასყიდი ობიექტის ზუსტ აღწერილობაზე, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 49 054.85 ლარით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის 4.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართის შესაბამისი საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში. დადგენილია, რომ შპს ,,ა-–---------მა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ს----------–----------–----------------------------ოს არ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპიუტერული ტექნიკა.

 

4.3. უდავოდაა დადგენილი ის გარმოებაც, რომ 2----–-–-----------------ს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში ს----------–----------–----------------------------ოსა და შპს ,,ა-–---------ს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ა-–---------ს” ს----------–----------–----------------------------ოსთვის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, უნდა მიეწოდებინა კომპიუტერული მოწყობილობები (2 ერთეული მაგიდის კომპიუტერი, 1 ერთეული ლეპტოპი და 13 ერთეული პრინტერი). აღნიშნული ტექნიკა ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, შპს ,,ა-–---------ს” უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 8600 ლარს. დადგენილია, რომ შპს ,,ა-–---------მა” არც 2----–-–----------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა ს----------–----------–----------------------------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა.

 

4.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–------------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 49 054.85 ლარის 0.5% - 245.28 ლარს; ამასთან, 2014 წლის 22 ივლისიდან _ 2014 წლის 19 სექტემბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) გადაცილებულ 60 დღეზე - 14 716.80 ლარს.

რაც შეეხება 2----–-–----------------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას, მისი მე-14 მუხლის 14.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2----–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 2014 წლის 09 ოქტომბრიდან _ 30 ოქტომბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) პერიოდისთვის შეადგენს 903 ლარს.

 

4.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შესაბამისი წინაპირობების არსებობა; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა _ ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა; პირგასამტეხლოს მიზანია _ ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, ცხადია, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია; ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს; თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება - შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს; კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ ფუნქცია და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს, ვალდებულების დარღვევის ხასიათზე, მოვალის ბრალეულობასა და ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ა-–---------ა” ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, თუმცა, არა იმ ხარისხითა და მოცულობით, რაც მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს სრულად დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებული სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის განსაზღვრა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ოდენობას წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს. პირგასამტეხლო კარგავს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის მექანიზმად. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის, მისი სიმძიმის, სიხშირის, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით დარიცხვის წინაპირობა; კერძოდ, 2----–-–-----------ის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო - 3679.2 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო - 225.75 ლარის ოდენობით.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–----------–----------------------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/