განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
030210019002508397
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210019002508397

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-531-2019 18 ივნისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ლ---- ც--–---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ხ----–--ე, კ--- უ-------–--ე

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ---- ც--–---–--ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ლ---- ც--–---–--ე და მოპასუხეები თ----- ხ----–--ე და კ--- უ-------–--ე არიან მეზობლები, ცხოვრობენ ქ. ფოთი, ა---–---------ი გ----ის ქუჩა N1-----ში. მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნული ფართის მესაკუთრეს, ცხოვრობს მე-5 სართულზე. 2.2. თ----- ხ----–--ე ცხოვრობს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის ქვევით (ქ. ფოთი, გ----ის ქუჩა 1-----ში, მე-4 სართულზე), ხოლო კ--- უ-------–--ე კი მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით (ქ. ფოთი, გ----ის ქუჩა N1-----ში, მე-5 სართულზე). 2.3. მოპასუხეებს თავიანთ ბინებში დამონტაჟებული აქვთ გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. 2.5. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. 2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. 2.7. სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერდა მოსარჩელის ბინა, ასევე მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები, კერძოდ: შპს „ს-----------------------ს“ სერთიფიცირებული თანამშრომლები, მენეჯერი დ-------–------ე და მთავარი ოსტატი ი-----–---------–--, რომლებმაც მოსარჩელის მიერ მითითებული ბინის ყველა წერტილიდან, სათანადო აპარატურის მეშვეობით შეამოწმეს მოპასუხეთა ბინებიდან გაზის გამათბობელისა და წყლის გამაცხელებლებიდან შესაძლო გამონაბოლქვის ან გაზის გაჟონვის საფრთხეები, მათი განმარტებით, აღნიშნული ტექნიკიდან მოსარჩელის ბინაში CO-ს და მეთანის გაჟონვის საფრთხე ნულის ტოლია. მათ მიერ განხილულ იქნა ნებისმიერ საფრთხე, კერძოდ, ჩართულ იქნა მოპასუხეთა გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, გაღებულ იქნა მოსარჩელის ბინის აივნის კარები და ფანჯრები, რა დროსაც დასახელებული მავნე ნივთიერების შემადგენლობა აპარატზე 0% დაფიქსირდა, გარდა ამისა აღნიშნეს, რომ შემოწმდა მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, რომლებიც დამონტაჟებულია მათი სერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ წესების სრული დაცვით და ამ ტექნიკიდან მოსარჩელეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ახორციელებდა ადგილზე დათვალიერებას სპეციალისტების და მხარეთა მონაწილეობით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გრძნობდა მოპასუხეთა ბინებიდან გაზისა და გამონაბოლქვის სუნს, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა, ხოლო ამ დროისთვის მავნე ნივთიერების შემადგენლობა აპარატზე 0% ფიქსირდებოდა. 2.8. დ-------–------ემ და ი-----–---------–--მ სხდომაზე განმარტეს, რომ ლ---- ც--–---–--ემ ადრეც რამოდენიმეჯერ განახორციელა ზარი, როგორც 112-ში, ასევე მათ ცხელ ხაზზე და ყველა გამოძახებაზე შემოწმდა როგორც მისი ბინა, ასევე მოპასუხეთა ტექნიკა, მაგრამ დარღვევა ან რაიმე სახის მავნე ნივთიერების გაჟონვა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. 2.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოსარჩელეს სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო განხილული და გამოკვლეული მტკიცებულებებით ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები მოსარჩელეს ზიანს აყენებს ან მათი მონტაჟი განხორციელებულია წესების დარღვევით, არ დასტურდება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ---- ც--–---–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც მოპასუხეებს თავიანთ ბინებში გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები დამონტაჟებული აქვთ წესების დარღვევით და მათი გამონაბოლქვი და გაზის გამონაჟონი ზიანს აყენებს მოსარჩელის ჯანმრთელობას, რადგან სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რითაც საშუალება მიეცათ თვალნათლივ დაენახათ, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს ბინის პროექტის დარღვევას, ვინაიდან მათ მიერ გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები დამონტაჟებულია არა პროექტით გათვალისწინებულ, არამედ მათ მიერ თვითნებურად შერჩეულ ადგილებზე, ორი მეზობლის გამყოფ და ზიარ კედელზე, მისაღები ოთახის აივანზე და ა.შ. 3.2. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის ბინის დათვალიერებაში მოწვეული სპეციალისტების მიერ შემოწმდა მოპასუხეთა ბინებიდან გაზის გამათბობელისა და წყლის გამაცხელებლებიდან შესაძლო გამონაბოლქვის ან გაზის გაჟონვის საფრთხეები, მათი განმარტებით კი აღნიშნული ტექნიკიდან მოსარჩელის ბინაში „ცეო“ და მეთანის გაჟონვის საფრთხე 0-ის ტოლია და რომ შემოწმების პროცესში მათ ვერ იგრძნეს ვერანაირი სუნი, ვინაიდან აპელანტი არ ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ მოპასუხეების უკანონო საქციელის გამო მხოლოდ უსიამოვნო სუნი აწუხებს, არამედ ასაბუთებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მოპასუხეებს ეს ტექნიკა დამონტაჟებული აქვთ არასწორ ადგილას, საცხოვრებელი კორპუსის პროექტის გვერდის ავლით, რამაც გამოიწვია მათი ნორმალური ექსპლუატაციის პირობების დარღვევა და შესაბამისად გამართულად ფუნქციონირების შესაძლებლობაც, რის გამოც მის ჯანმრთელობას ადგება ზიანი. 3.3. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა მიერ არასწორად დამონტაჟებული ტექნიკიდან სერიოზული ზიანი ადგება აპელანტის ჯანმრთელობას, გაზის გაჟონვის გამო, რომელიც გროვდება აპელანტის ბინაში, აქვს თავის ტკივილები, ალერგიული გამონადენი ცხვირიდან და ნერწყვიანობა, ხოლო გაზგამონაბოლქვით - ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემა ეცემა 45-მდე. ჩატარებული მკურნალობა ყოველთვის უშედეგოა, ვინაიდან ისევ იმავე პირობებში უწევს ცხოვრება და ყველაფერი იწყება თავიდან, აპელანტის სახლი საცხოვრისად, პრაქტიკულად, უვარგისი ხდება. ასევე სასამართლომ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ თითქოსდა ამ ტექნიკიდან არ ხდება გაზის გამინაბოლქვის და გაზის გაჟონვა და საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეების გაზისა და წყლის გამათბოლები დამონტაჟებული არ არის კანონით განსაზღვრულ ადგილზე, რაც თავისთავად იწვევს მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევას. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.2. პუნქტში უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მუხლის ამ ნაწილიდან ნათლად ირკვევა, რომ გაზის, ორთქლის, სუნის და ა.შ. ზემოქმედება ხელს არ უნდა უშლიდეს მესაკუთრეს, ან მისი ზემოქმედება იყოს უმნიშვნელო, აპელანტის კონკრეტულ შემთხვევაში კი მთელი საქმის წარმოების მანძილზე ამტკიცებს, რომ აღნიშნულით ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მისთვის ჯანსაღ გარემოში ყოფნა აუცილებელია, რომ მოპასუხეთა უკანონო ქმედების გამო მისი საკუთრება, საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად უვარგისია და რომ სხვა წასასვლელი არ გააჩნია, რადგან ეს არის მისი ერთადერთი თავშესაფარი, აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. სასამართლო არასწორად იყენებს აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 ნაწილსაც, რომლითაც იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა, რადგან მოპასუხეების მხრიდან ადგილი არ აქვს ქონებით ჩვეულებრივ სარგებლობას, ვინაიდან მათ თავიანთი გაზისა და წყლის გამათბობელი საშუალებები დამონტჟებული აქვთ უკანონო ადგილას, იქ სადაც არაა გათვალისწინებული ბინის პროექტით, აპელანტი არ ვითხოვს და არც ითხოვდა ამ ტექნიკის მონტაჟის აკრძალვას, შესაბამისად არ უზღუდავს მათ გათბობის საშუალებით სარგებლობას, არამედ მისი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გამათბობელები დამონტაჟებული იქნას სწორ, კანონით (ბინის პროექტით) გათვალისწინებულ ადგილას, სადაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია მათი ნორმალური ფუნქციონირება, შესაბამისად აღარ გამოიწვევს არცერთ იმ ზიანს, რომელიც ადგება და მათი ოჯახებიც ჩვეულებრივად ისარგებლებენ გათბობით. 3.5. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა შემდეგი კანონები: საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტი, რომლის თანახმად მოქალაქეს უფლება აქვს: ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი. ამის სანაცვლოდ იგი შემოიფარგლა შეჯიბრებითობის პრინციპეპზე ზოგადი მითითებით, მითუმეტეს რომ მოპასუხეთა შესაგებელი რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ლ---- ც--–---–--ე (აპელანტი), თ----- ხ----–--ე და კ--- უ-------–--ე (მოპასუხეები) არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ. ფოთში, გ----ის ქ. N---ში. 4.2. აპელანტს ეკუთვნის სახლის მე-5 სართულზე მდებარე ბინა N--. 4.2. თ----- ხ----–--ე ცხოვრობს მე-4 სართულზე, აპელანტის ბინის ქვევით, ხოლო კ--- უ-------–--ე კი - მე-5 სართულზე, აპელანტის ბინის გვერდით. 4.3. მოპასუხეებს თავიანთ ბინებში დამონტაჟებული აქვთ გაზგამათბობელი მოწყობილობები. 4.4. ამ მოწყობილობების გამწოვი წერტილები განთავსებული არის საცხოვრებელი სახლის კედელზე. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მოპასუხეთა ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედება ეთმინა. 4.6. პალატის აზრით, იმ საკითხის კვლევას, თუ არის თუ რა დამონტაჟებული მოპასუხეთა კუთვნილი გამწოვი წერტილები „კანონით განსაზღვრულ ადგილზე“, დავის საგანთან კავშირი არა აქვს. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მხარემ სასამართლოს შეიძლება სარჩელით მიმართოს მხოლოდ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად. 4.6.2. აპელანტის უფლება კი შეიძლება გამწოვი წერტილიდან გამომავალი აირით და არა თავად მათი დამონტაჟების ადგილით ირღვეოდეს. 4.6.3. ამიტომ, აპელანტის პრეტენზია სადავო ნივთების არასწორი მონტაჟის თაობაზე უსაფუძვლოა. 4.6.4. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, შპს ს-----------------------ს 2018 წლის 12 ივნისის წერილით იკვევა, რომ მოპასუხეთა კუთვნილი გაზდანადგარები გაზის სისტემის უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვით, ე.ი. მართებულად არის დამონტაჟებული. 4.7. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ აპელანტმა მის კუთვნილ ქონებასა ანდა თავად მასზე მოპასუხეთა კუთვნილი გაზდანადგარებიდან გამომდინარე აირის ზემოქმედების ფაქტი ვერ დაამტკიცა. 4.7.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ქსელის წესების 70-ე, 71-ე და 76-ე მუხლების თანახმად, პირდაპირი მომხმარებლის მიერ გაზის მოწყობილობების გამოყენებაზე ზედამხედველობას ტრანსპორტირების ლიცენზიანტი ახორცილებს. 4.7.2. შპს ს-----------------------ს ზემოხსენებული წერილიდან კი ცალსახად დგინდება, რომ გაზიფიცირების ქსელის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, აპელანტის საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელობისათვის მავნე (საშიში) აირების გამოყოფა გამორიცხულია. 4.7.3. იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები გაზმომარაგების სისტებას არასწორად იყენებენ, აპელანტს არ მიუთითებია. მისი პრეტენზია თავად ამ სისტემის არსებობის წინააღმდეგაა მიმართული, ის კი, როგორც აღინიშნა, აპელანტის საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელობისათვის მავნე (საშიში) აირებს არ გამოყოფს. 4.7.4. აპელანტის პოზიცია არ დადასტურდა არც სასამართლოს მიერ სპეციალისტების, შპს ს-----------------------ს წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული ადგილის დათვალიერებითაც. 4.7.5. სპეციალისტებმა მოსამართლისა და მხარეთა მონაწილეობით, სპეციალური აპარატით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეამოწმეს მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან აპელანტის ბინაში გამონაბოლქვის მოხვედრის შესაძლებლობა და დაადგინეს, რომ აღნიშნული შეუძლებელი იყო. 4.8. ამის შესაბამისად, აპელანტის სარჩელი დაუსაბუთებელია. 4.9. სამედიცინო ცნობით დგინდება, რომ აპელანტი ქრონიკულად არის ავად არტერიული ჰიპერტენზიითა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევებით, თუმცა საქმეში არ არის არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც მის ავადმყოფობასა და გაზმომარაგების სისტემას შორის კავშირის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. 4.10. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ლ---- ც--–---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე