განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001367549 (3ბ/2107-16)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივლისი, 2017 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გვანცა ნიკოლიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ატ-–-----------–---------------–--------------–----------------------------–-------------------–ი
წარმომადგენელი - ე-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა---–-- ქ-------–ის (კანონიერი წარმომადგენლები ჰ------------თ ქ-------–ი, ჯ-ნ ქ-------–ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---–-- ქ-------– დაიბადა 2----–-–------------–- (2---------წ.), კატარის სახელმწიფოში, არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მშობლები: დედა - ჰ------------თ ქ-------–, მამა - ჯ-ნ ქ-------–, არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ასევე მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
2.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 მარტს წარედგინა ჰ------------თ ქ-------–ისა და ჯ-ნ ქ-------–ის N---------- განცხადება მათი შვილის ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადების განხილვისას შეისწავლა ა---–-- ქ-------–ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი.
2.4. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 11 მარტს N------------ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
2.5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის M---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მას ა---–-- ქ-------–ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
2.6. ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხი ასევე განხილული იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის კომისიის 2016 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი N----).
2.7. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის, ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე პასუხებით კომისიამ გამოარკვია, რომ ა---–-- ქ-------–ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაიბადა 2015 წელს, ყატარის რესპუბლიკაში. ჰყავს საქართველოს, ამასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მშობლები. მოქალაქეობის საკითხთა კომისიაზე მოწვეული პირის - ც-------------–--------ის (განმცხადებლის წარმომადგენელი) სხვა დამატებითი ინფორმაცია ა---–-- ქ-------–ის შესახებ უცნობი იყო. ამგვარად, კომისიამ გასაუბრებაზე დაიბარა არასრულწლოვნის ერთ-ერთი მშობელი, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. კომისია ასევე დაუკავშირდა ი------------ს (განმცხადებლის რეკომენდატორი, წარმომადგენელი), რომელმაც განაცხადა, რომ ა---–-- ქ-------–ი, მშობლებთან ერთად ცხოვრობს ყატარის რესპუბლიკაში, შესაბამისად, ვერც ერთი მშობელი ვერ გამოცხადდებოდა კომისიის გასაუბრებაზე.
2.8. გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქის ა---–-- ქ-------–ის მიმართ არ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები.
2.9. 2016 წლის 20 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა N---------- დასკვნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ამასთანავე, სააგენტომ დაადგინა, რომ არარსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N---------- დასკვნა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხის მიმართ, რომლითაც განხორციელდება ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.
2.14. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
2.15. თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
2.16. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
2.17. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.
2.18. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობა გამორიცხავს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების შესაძლებლობას, კერძოდ ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის მომზადებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად სააგენტოს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
2.20. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 მარტს წარედგინა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა---–-- ქ-------–ის (დაბადებული 1--------- წელს, კატარის სახელმწიფოში) კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის განცხადება, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადების განხილვისას შეისწავლა ა---–-- ქ-------–ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი.
2.21. 2016 წლის 20 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა N---------- დასკვნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ამასთანავე, სააგენტომ დაადგინა, რომ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
2.22. საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2.23. იმავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ადგენს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი დასაბუთებული იქნება.
2.24. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხლვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
2.25. დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით - საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან წარუდგინონ სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 6 დღეში. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის ინფორმაციის წარსადგენად, შესაბამისი ორგანო ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სააგენტოს, რის შემდეგაც მას განესაზღვრება ორდღიანი დამატებითი ვადა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში სახელმწიფო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში.
2.26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 11 მარტს N------------ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და თხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის M---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ა---–-- ქ-------–ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
2.27. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’ დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი უწყებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თუ პირის მიმართ არარსებობს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები ან საქმის მასალების გადაგზავნიდან შესაბამის ვადაში არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიმართ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები და საკითხის განხილვა გაგრძელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია იხილავს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ კომისია დაადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას და 3 დღეში აცნობებს განმცხადებელს, ხოლო თუ კომისიის მიერ დადგინდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა, სააგენტოს მოტივირებული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
2.28. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ა---–-- ქ-------–ის განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქე ა---–-- ქ-------–ი არ აკმაყოფილდებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წის 20 აპრილის N---------- დასკვნით ა---–-- ქ-------–ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ის არ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.
2.29. საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხლვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის პროცესში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე.
2.30. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თუ სახელმწიფოს უზენაესი ნორმატიული აქტი რაიმე საკითხის გადაწყვეტას მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებად, უნდა ჩაითვალოს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად სახელმწიფოს ფართო დისკრეციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა (რომლებიც ასევე სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ამავე ფართო დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს.
2.31. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
2.32. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლბამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
2.33. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. ამდენად, აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას - საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. ამასთან, ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულმა ჩანაწერმა აშკარად გამოხატა კანონმდებლის ნება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებით აღჭურვის თაობაზე. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს – სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასოს, რამდენად განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინაშე, რამდენად გამომდინარეობს მისთვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან და მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეობის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
2.34. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზემოთმითითებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე აღჭურვილია ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მოტივირებული დასკვნის მომზადებისათვის. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ ა---–-- ქ-------–ის განცხადების განხილვის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინა, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილდებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, რომლის შესაბამისადაც სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა დასკვნა ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---–-- ქ-------–ის სახელზე გაცემული დასკვნა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.
2.35. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.36. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---–-- ქ-------–ის (კანონიერი წარომომადგენლები ჰ------------თ ქ-------–ი, ჯ-ნ ქ-------–) სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით, საქმეში მთავარი და არსებითი გარემოება იყო ის, რომ ა---–-- ქ-------–ი არის მცირეწლოვანი (2 წლამდე), მისი მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ხოლო თავად ა---–-- ქ-------–ზე მოქალაქეობის მიუნიჭებლობა მშობლებს გაუმართლებლად და მნიშვნელოვნად უზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და პრივილეგიების გამოყენებას. სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სამართლებრივად არ შეუფასებია. სარჩელი დიდწილად ეყრდნობოდა ა---–-- ქ-------–ისა და მისი ოჯახის მთლიანობის დაცვის ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის კონსტიტუციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესი. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე ამ უფლებასთან მიმართებით.
3.2. აპელანტის განმარტებით, ა---–-- ქ-------–ი წარმოადგენს ბავშვს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენციის გაგებით. საქართველო აღნიშნულ კონვენციას მიერთებულია, შესაბამისად, სახელმწიფოს ევალება ამ კონვენციის დაცვა. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.“ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს ნორმატიულ აქტს და აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა სახელმწიფოს ქმედება კონკრეტული საერთაშორისო ნორმით აღებულ ვალდებულებას. აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.’’ საქალაქო სასამართლოს კი საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ ნორმაზე. ასევე, მოსარჩელის მიერ წარდგენილ არცერთ არგუმენტზე ნამსჯელი არაა, შესაბამისად, მხარისათვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმით არ გაითვალისწინა სასამართლომ მხარის პოზიცია და შესაბამისად გადაწყვეტილება არაა იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
3.3. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ აქტით გათვალისწინებული „უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად სააგენტოს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.“ სასამართლო ასევე ეყრდნობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-ე მე-7-ე მუხლებს, რომელთა თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობით სასამართლო იზიარებს, რომ საქმის განხილვა უნდა მოხდეს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად. არ შეიძლება ა---–-- ქ-------–ის საქმე განხილულ იქნეს კონტექსტიდან ამოვარდნილად, ვინაიდან ის მხოლოდ ორი წლისაა, ასაკიდან გამომდინარე იმყოფება მოწყვლად მდგომარეობაში, შესაბამისად, მის მიმართ საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს კონტექსტურად მისი მშობლების მდგომარეობაც, ასევე მისი როგორც ბავშვის უფლებები, ასევე ოჯახის ერთიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების შეფასებისას. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის იმ კანონიერ უფლებებზე და ინტერესებზე, რომელზეც საუბარია სარჩელში და რომლებიც მნიშვნელოვნად და დაუსაბუთებლად ირღვევა.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელეების უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანისა და მოქალაქის უფლებებთან, ისევე როგორც საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებეთან, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. აღნიშნული უფლება, ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, აბსოლიტური უფლებაა და სახელმწიფოს არ შეუძლია ხელოვნური ბარიერები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსასვლელად, აქ დასაფუძნებლად და საცხოვრებლად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს პრეროგატივაა იმსჯელოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამ უფლების შემზღუდავ მოქმედებად სახელმწიფოს მხრიდან. საქმეში არსებული სადაო საკითხი სწორედ ასეთ ბარიერს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ჯ-ნ ქ-------–ისა და ჰ------------ ქ-------–ის მიმართ, ვინაიდან თუ მათ ერთი წლის შვილს არ ექნება საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების კანონიერი საფუძველი, ბუნებრივია თავად ისინიც ვერ შეძლებენ საქართველოში დიდი ხნით შემოსვლასა და ცხოვრებას, რაც წარმოადგენს მათი მოქალაქეობრივი უფლებების უხეშ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება არაა აბსოლიტური და გათვალისწინებულია მისი შეზღუდვის შესაძლებლობა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასეთი შეზღუდვის აუცილებლობა არ იკვეთება საქმის მასალებით, შესაბამისად, ჰ------------თ ქ-------–ისა და ჯ-ნ ქ-------–ის მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლება, კერძოდ კი უფლება თავისუფლად გავიდნენ საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეებისათვის ქვეყნიდან თავისუფლად გასვლა შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე გასცემენ ვიზებს ან კანონიერად შესვლის, ან ცხოვრების სხვა სახის ნებართვებს. მშობლები ვერ ისარგებლებენ სრულად ამ უფლებებით, თუ მათზე და მათ შვილებზე სხვადასხვა ქვეყნების მიმართ სხვადასხვა საემიგრაციო რეჟიმები იქნება გატარებული, რაც წარმოადგენს სერიოზულ დამაბრკოლებელ გარემოებას მათთვის თავისუფლად დატოვონ საქართველოს ტერიტორია როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა, ის მაინც შეიცავს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების ელემენტებს, სულ მცირე იმ სახით, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას ოჯახის წევრებს იცხოვრონ ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ოჯახის კეთილდღეობის უპირველესი საძირკველია. 1 წლის შვილისათვის მშობლების შესაბამისი მოქალაქეობის ნებართვის მიცემაზე უარის თქმა კი სწორედ ოჯახის ერთიანობისა და კეთლიდღეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს.
3.5. აპელანტის მოსაზრებით, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ზემოაღნიშნული დასკვნა ა---–-- ქ-------–ის მიმართ ასევე წინაანღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, კერძოდ, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ბავშვისათვის იმ ქვეყნის მოქალაქეობის არ მიცემა, რომლის მოქალაქეც მისი ორივე მშობელია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების აბსოლიტურ უგულვებელყოფას. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. სახელმწიფოს ვალდებულებაში უზრუნველყოს ოჯახური ურთიერთობა, სულ მცირე შედის ვალდებულება უზრუნველყოს ბავშვისათვის იმავე ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება, რომელიც მშობლებს აქვთ, ვინაიდან მათ გარეშე შეუძლებელი იქნება ბავშვის და მშობლების ურთიერთობის ნორმალური განვითარება, ვინაიდან ისინი სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები თუ იქნებიან, მათ მიმართ ხშირად გავრცელდება სხვადასხვა რეგულაციები.
3.6. აპელანტი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნული მუხლის განმარტებებს აკეთებს თავის პრაქტიკაში, სადაც აყალიბებს როგორ უნდა მოხდეს ამ მუხლით დაცული ოჯახური ურთიერთობების პატივისცემა, მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილი ამონარიდები არაა ნათქვამი ისეთ საქმეებზე რომლებიც პირდაპირ მსგავსი იქნება აღნიშნული საქმისა, მათში გაწერილია ის ვალდებულებები რაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას. საქმეზე კიგანი ირლანდიის წინაანღმდეგ (Keegan v. Ireland; No. 16969/90) სასამართლომ განაცხადა, რომ „იქ სადაც დადგინდება ოჯახის კავშირი ბავშვთან, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ მოხდეს აღნიშნული კავშირის განვითარება და უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, დაბადების მომენტიდან ბავშვის ინტეგრაციას ოჯახში. “ ამავე კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი ადგენს: „1. ყველას ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს უფლება ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებისა. 2. ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის, საკუთარი ქვეყანა.“ ამ მუხლის მეორე ნაწილი საქმეზე პინი და ბერტრან, მანერა და ატრიპალდი რუმინეთის წინააღმდეგ (Pini and Bertani, Manera and Atipaldi v. Romania; Nos. 78028/01და 78030/01) განიმარტა როგორც პირის უფლების შემცველი, წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში თავისი სურვილისამებრ, სადაც მას დაუშვებენ. სასამართლომ დასაშვებად ცნო განმცხადებლის საჩივარი, რადგანაც რუმინეთში მცხოვრები ბავშვების შვილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბავშვებს არ მიეცათ რუმინეთის დატოვების საშუალება, რითაც დაირღვა 2(2) მუხლი.
3.7. აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აპელანტის მითითებით, სადავო დასკვნამ გამოიწვია მოსარჩელეებისათვის გარანტირებული (ზოგიერთი აბსოლიტური) მრავალი უფლების შეზღუდვა. ხოლო რაც შეეხება დასაბუთებას, დასკვნაში მათზე არაფერი არაა ნათქვამი, კერძოდ დასკვნაში ნათქვამია, რომ: „განცხადების განხილვისას სააგენტომ შეისწავლა ერთი მხრივ, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის არსებობის საკითხი." ასევე: "2016 წლის 19 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი N-----4-) მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა და შეაფასა ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის განმცხადებელთან/წარმომადგენელთან/რეკომენტატორთან გასაუბრების შედეგები და დაადგინა, რომ მის მიმართ არ არსებობს აქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.“ აპელანტის მოსაზრებით, დასკვნაში არსად არაა საუბარი, თუ რა რელევანტური ფაქტორები გახდა იმის საფუძველი, რომ ა---–-- ქ-------–ის შემთხვევა კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოდ გამოცხადდა, დასაბუთებად ვერ ჩაითვლება, რომ მათ შეაფასეს გასაუბრების შედეგები, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს პროცესის ფორმალისტურ აღწერას და არა დასაბუთებას და არგუმენტების მოყვანას იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა საბოლოო შედეგის დადგომა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში, დასკვნაში საერთოდ არაა საუბარი იმაზე, რომ ა---–-- ქ-------–ის ორივე მშობელს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, არც ბავშვის ასაკზეა ყურადღება გამახვილებული, ასევე საერთოდ არაა მოყვანილი ის არგუმენტები, რამაც უარყოფითი დასკვნის მიღება გამოიწვია. აპელანტისათვის ასევე გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება არ გამომდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები ნამდვილადაა მისი მოქალაქეების კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა, კერძოდ, დაუსაბუთებელი დასკვნა მიიჩნია კანონიერად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---–-- ქ-------– დაიბადა 2----–-–------------–- (2---------წ.), კატარის სახელმწიფოში, არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მშობლები: დედა - ჰ------------თ ქ-------–, მამა - ჯ-ნ ქ-------–, არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ასევე მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
4.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 მარტს წარედგინა ჰ------------თ ქ-------–ისა და ჯ-ნ ქ-------–ის N---------- განცხადება მათი შვილის ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადების განხილვისას შეისწავლა ა---–-- ქ-------–ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი.
4.4. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 11 მარტს N------------ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
4.5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის M---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მას ა---–-- ქ-------–ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
4.6. ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხი ასევე განხილული იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის კომისიის 2016 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი N----).
4.7. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის, ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე პასუხებით კომისიამ გამოარკვია, რომ ა---–-- ქ-------–ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაიბადა 2015 წელს, ყატარის რესპუბლიკაში. ჰყავს საქართველოს, ამასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მშობლები. მოქალაქეობის საკითხთა კომისიაზე მოწვეული პირის - ც-------------–--------ის (განმცხადებლის წარმომადგენელი) სხვა დამატებითი ინფორმაცია ა---–-- ქ-------–ის შესახებ უცნობი იყო. ამგვარად, კომისიამ გასაუბრებაზე დაიბარა არასრულწლოვნის ერთ-ერთი მშობელი, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. კომისია ასევე დაუკავშირდა ი------------ს (განმცხადებლის რეკომენდატორი, წარმომადგენელი), რომელმაც განაცხადა, რომ ა---–-- ქ-------–ი, მშობლებთან ერთად ცხოვრობს ყატარის რესპუბლიკაში, შესაბამისად, ვერც ერთი მშობელი ვერ გამოცხადდებოდა კომისიის გასაუბრებაზე.
4.8. გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქის ა---–-- ქ-------–ის მიმართ არ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები.
4.9. 2016 წლის 20 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა N---------- დასკვნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ამასთანავე, სააგენტომ დაადგინა, რომ არარსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ მართალია სწორად მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე, მაგრამ გარკვეულწილად არასწორად განმარტა ისინი და რაც მთავარია, არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს იგი ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.12. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
4.13. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. მითითებული ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობა გამორიცხავს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების შესაძლებლობას, კერძოდ, ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ კანონმდებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის მომზადებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად სააგენტოს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ, ,,იმისათვის, რათა შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებული წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება’’. იმავე საქმეში საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ,,გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა მიზანშეწონილობის საკითხი. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისა უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება’’ (უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე ბს-566-561 (2კ-16), 24.01.2017 წელი). განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის 20 აპრილს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა N---------- დასკვნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა არის დაუსაბუთებელი. მასში მითითებული არ არის ის ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მცირეწლოვან ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მიზანშეუწონლად, მაშინ, როდესაც მის ორივე მშობელს მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთებულად და მიზანშეწონილობის კუთხითაც უნდა ემსჯელა იმის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცირეწლოვან ა---–-- ქ-------–-------ს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რატომ არ გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან, იმ პირობებში, როდესაც მის ორივე მშობელს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, იმავდროულად მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით ხომ არ ირღვევა ოჯახის ერთიანობის პრინციპი და ხომ არ ილახება როგორც მცირეწლოვან ა---–-- ქ-------–ის, ასევე მისი მშობლების უფლებები და კანონიერი ინტერესები.
4.15. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებში მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა ა---–-- ქ-------–-------ს დადებითი დასკვნის გაცემაზე. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს ამგვარ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლბამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ასევე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ დაუსაბუთებია, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გათვალისწინებით, ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი რატომ იყო აუცილებელი და ამ შემთხვევაში უარის თქმის საჯარო ინტერესი რატომ აღემატებოდა მოქალაქეობის მინიჭების კერძო ინტერესს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ა---–-- ქ-------–ი წარმოადგენს მცირეწლოვან ბავშვს, ხოლო მის ორივე მშობელს მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ (რომელიც საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი; აღიარებენ, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. იმავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. იმავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. იმავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ ზემოაღნიშნული ნორმები და ასევე ამ კონვენციის სხვა მუხლებიც განმსჭვალულია მშობლებისა და ბავშვის ერთიანობის სულისკვეთებით. შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს იმის შესახებაც, მცირეწლოვან ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით, მაშინ, როდესაც მისი ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა, დაუსაბუთებელი ზიანი ხომ არ მიადგებათ როგორც ა---–-- ქ-------–ის, ასევე მისი მშობლების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს იმით, რომ მათ მიმართ მთელ რიგ შემთხვევებში იარსებებს განსხვავებული რეგულაციები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებს უფლებას ანიჭებს დაუბრკოლებლად შემოვიდნენ საქართველოში. თუ ა---–-- ქ-------–ის მშობლები გადაწყვეტენ საქართველოში შემოსვლას, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა თავიაანთი შვილი ასევე თავისუფლად შემოიყვანონ საქართველოში შესაბამისი ნებართვების გარეშე, ვინაიდან იგი არ არის საქართველოს მოქალაქე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა იმსჯელოს, ასეთ და სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, სხვადასხვა სამართლებრივი რეგულაციების პირობებში, ა---–-- ქ-------–-------ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით ხომ არ დაირღვევა ა---–-- ქ-------–ის, ასევე მისი მშობლების (საქართველოს მოქალაქეები) მიმართ საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ოჯახის ერთიანობის პრინციპი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N---------- დასკვნა ,,ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით’’ და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით და კანონით დადგენილ ვადაში, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარის) და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის), საერთო ჯამში 250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის N---------- დასკვნა ,,ა---–-- ქ-------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით’’ და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით და კანონით დადგენილ ვადაში, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–-- ქ-------–ის კანონიერი წარმომადგენლების ჰ------------თ ქ-------–ის და ჯ-ნ ქ-------–ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარის) და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის), საერთო ჯამში 250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე