განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
020100117002042751
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100117002042751

საქმე №1/ბ-174-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - ლ--- ბ---–--ს,მსჯავრდებულის - ზ---- შ-----ს,ადვოკატების - რ----- მ-----–-ას, გ------ ს------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- ჯ-------ის ძე შ-----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ხობის რაიონის სოფელი ზემო ქ---–---ი.

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- შ-----მ ჩაიდინა:

- ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა

- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის 25 ივნისს დღის მეორე ნახევარში ზ---- შ----- თავს დაესხა ქ. სენაკში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ,,ს’’ ე-–---------------ის მაღაზიას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მიშვერისა და გადატენვის შემდეგ მოსთხოვა მაღაზიის მეპატრონე მ----- ც------–---–ს მისთვის ფულადი თანხის გადაცემა. მ----- ც------–---–მა მას გაუწია წინააღმდეგობა და ზ---- შ-----სთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ წაართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ძიძგილაობის შედეგად მ----- ც------–---–ს სახეზე ეტყობოდა დაზიანება და სდიოდა სისხლი. ავტომატის წართმევის შემდეგ ზ---- შ-----მ ამოიღო ხელყუმბარა და სცადა მისი გახსნა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. აღნიშნულის შემდეგ ზ---- შ----- განრიდებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

- ზ---- შ-----მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ ,,1947 წლის ნიმუშის ,,A--’’ მოდელის 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი И------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A--’’ მოდელის ავტომატისთვის განკუთვნილ 1943 წლის ნიმუშის 7,67 მმ კალიბრის 31 ცალი ვაზნა, ერთი ცალი ხელყუმბარა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

- ზ---- შ----- 2017 წლის 25 ივნისს ქ. სენაკის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ 1947 წლის ნიმუშის ,,A--’’ მოდელის 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს И------, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A--’’ მოდელის ავტომატისთვის განკუთვნილ 1943 წლის ნიმუშის 7,67 მმ კალიბრის 31 ცალ ვაზნას, ერთ ცალ ხელყუმბარას.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ---- შ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ზ---- შ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ---- შ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 ივნისიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

მსჯავრდებულ ზ---- შ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატები გ------ ს------ა და რ----- მ-----–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი ზ---- შ-----ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და ამ ეპიზოდში იგი გამართლებულ იქნას; ზ---- შ-----ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---- შ-----ს განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს მსჯელობა ზ---- შ-----ს მიერ ყაჩაღობის ჩადენაზე მცდარია, ის არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში ზ---- შ----- ხსენებული კვალიფიკაციით, რისი დამადასტურებელი უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და მამხილებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება ყოველგვარი შეფასების გარეშე. სასამართლო მოცემულ საქმეზე მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას ემსჯელა ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ---- შ-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მიუხედავად აღნიშნულისა, სრულიად უსაფუძვლოდ ცნო იგი დამნაშავედ და უფრო მეტიც, სასჯელის ზომად განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი, მაშინ როდესაც რაიმე კანონით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობდა.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებას, დაცვის მხარეს ამ ნაწილში განაჩენი სრულიად დასაბუთებულად მიაჩნია, თუმცა დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან ზ---- შ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ოჯახში აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და ამ ფონზე ნორმის სანქციით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა არის უსამართლო.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ--- ბ---–-- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი, ზ---- შ-----ს მიმართ.

 

3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ზ---- შ-----ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულბებს:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ------–------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მის მაღაზიაში შემოვიდა უცნობი წვერებიანი ადამიანი, რომელიც არასდროს უნახავს მანამდე. სიცხე იყო, თუმცა ბრალდებულს ქურთუკი ეცვა და ქუდი ეხურა, რაც გაუკვირდა. მსჯავრდებულმა გახსნა ქურთუკი, ამოიღო ავტომატი, გადატენა, დაუმიზნა მას და მუქარა დაიწყო: მოგკლავ, ფულიო. ავტომატის ლულას ჩაეჭიდა, ცდილობდა, მისკენ არ მიემართა ის და წაერთმია. დაიწყო შებრძოლება. ტრიალებდნენ ჩხუბის დროს. მსჯავრდებული ამბობდა, რომ მსროლელი იყო, რომ გრანატებსაც ააფეთქებდა. იარაღს როცა ართმევდა, მსჯავრდებულმა ორჯერ გაისროლა. 1 ტყვია იატაკს მოხვდა, მეორე - ტექნიკას, ბ------------ს მცირედით ასცდა. მაღაზიაში მყოფი ბ------------ც ეცადა დახმარებოდა, ჩაება ძიძგილაობაში, მაგრამ შემდეგ გავარდა გარეთ. თვითონაც ტრიალით გარეთ გავიდნენ, სადაც აგრძელებდა ავტომატის წართმევას. მაღაზიას შიგნით და გარეთ აკონტროლებს 3 ვიდეოკამერა. ძიძგილაობის დროს ეუბნებოდა ზ. შ-----ს, რომ კამერები უყურებდა, პატრული ხშირად დადის იმ ადგილებში და გაქცევისკენ მოუწოდებდა, თან არწმუნებდა, რომ წართმეული ავტომატიდან არ ესროდა. ზ. შ----- ეუბნებოდა, ავტომატი მომეცი და წავალო, თუმცა ავტომატი არ დაუბრუნა. ძიძგილაობაში დაიღალნენ და ავტომატი მის ხელში აღმოჩნდა.

 

ამის შემდეგ ზ. შ-----მ ხელყუმბარა ამოიღო, ხსნიდა ბეჭედს. მისთვის ავტომატი არ დაუმიზნებია. ამასობაში მათთან მივიდა მ--–---- ყ-----–---–ი და წაართვა მას ხელყუმბარა, სანამ მოხსნიდა ბეჭედს. ამის მერე კი ზ. შ----- გაიქცა. ამასობაში პატრულმაც გამოიარა.

 

დაზარალებულის ჩვენებით, იგი მაღაზიის გვერდით ლომბარდსაც ამუშავებს, თუმცა ზ. შ-----სთან არასოდეს ჰქონია შეხება. ლომბარდში რომ ყოფილიყო პრობლემა ზ. შ-----სთან დაკავშირებით, ვინმე მოვიდოდა, დაელაპარაკებოდა, იკითხავდა, რა ხდებაო, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. ლომბარდში ძალიან იშვიათად ხდება ოქროს გაყიდვა, თითქმის არ ხდება. ვინმე კ--–-----–---–ის ოქროს გაყიდვა არ ახსოვს. ყუმბარა იმიტომ გახსნა მსჯავრდებულმა, რომ ავტომატის დაბრუნება უნდოდა. ტყვია შემთხვევით გავარდა თუ გამიზნულად, არ იცის. მისგან ვიდეოჩანაწერი წაიღო გამომძიებელმა გამოძიების მსვლელობისას. მისთვის არავის უთქვამს, რომ ნათესავის ოქროს გაყიდვის გამო იყო განაწყენებული ზ. შ-----.

 

მოწმე ლ---–- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა დაზარალებული როგორ ართმევდა ზ. შ-----ს იარაღს. ახლოს მივიდა მათთან, რა დროსაც მსჯავრდებულმა ხელყუმბარა ამოიღო, თუმცა ის წაართვეს იარაღთან ერთად, რის შემდეგაც ზ. შ----- გაიქცა. ამის შემდეგ მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები. მსჯავრდებული დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ავტომატის დაბრუნებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქებით იმუქრებოდა. მ--–---- ყ-----–---–მა დააგდებინა მას ხელყუმბარა. ლომბარდში ოქროს გაყიდვის გამო პრეტენზიებით არავინ მოსულა. მისი მეუღლე იყო ჩასისხლიანებული. ზ. შ----- გარბოდა ვახანიას ქუჩაზე.

 

მოწმე თ----- თ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაინახა ხელყუმბარა მსჯავრდებულის ხელში. ყუმბარა დავარდა ძირს. დაზარალებული და მსჯავრდებული ჭიდაობდნენ. დაზარალებულმა იარაღი წაართვა და დააგდო ძირს. დაზარალებული სისხლიანი იყო.

 

მოწმე მ--–---- ყ-----–---–ის ჩვენების თანახმად, დაზარალებული ვიღაც კაცს ,,ეჯიკავებოდა’’. მან ისინი გააშველა. მთვრალი იყო და დეტალები არ ახსოვს. ყუმბარის მსგავსი ნივთი ეგდო ძირს. ზ. შ----- ითხოვდა იარაღის დაბრუნებას. დაზარალებულს ხელში ეჭირა ავტომატი

.

მოწმე თ---------- ლ-–--ას ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნივთების ამოღებაში მიიღო მონაწილეობა. ამოღებულ იქნა ავტომატი, რომელიც მჭიდთან ერთან მაღაზიაზე იყო მიყუდებული. მის გვერდით იდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი, შავი ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო 2 ფეხსაცმელი, ხელბორკილი, შავი ნიღაბი. ისინი ამოიღეს და დალუქეს. მაღაზიიდან ამოღებულ იქნა ასევე შავი ფერის ყუთი, რომელიც ვაზნით იყო დაზიანებული, 2 მასრა. მაღაზიის იატაკიც დაზიანებული იყო და კომპიუტერიც.

 

მოწმე ლ------ ხ----–--–--ას ჩვენებით, მან დაინახა დაზარალებული როგორ ეჭიდავებოდა ავტომატიან კაცს.

 

მოწმე გ------ პ--------ას ჩვენებით ირკვევა, რომ სროლის ხმა გაიგო, ნახა, რომ დაზარალებული ექაჩებოდა წვერიან კაცს, ეუბნებოდა, წადი ბიჭო აქედანო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როცა მოვიდნენ, ნახა, რომ ავტომატი იყო მიყუდებული მაღაზიასთან.

 

მოწმე ი--–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაიგო ხმაური. ნახა, რომ დაზარალებული და ერთი პირი ერთმანეთთან ჭიდაობდნენ. რამდენიმე წუთში ქალის ხმა გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა.

 

მოწმე კ--------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულის მაღაზიაში ზ. შ----- შემოვიდა მშვიდად, ქურთუკიდან რაღაც გამოაძრო, დაზარალებულს უთხრა მოდი აქ, ეხლა სად წამიხვალ, ფულიო. დაზარალებული იჯდა და რაღაცას ქექავდა, წამოდგა, უპასუხა, რატომ მოხვედიო და წავიდა მსჯავრდებულისკენ და აირია ვითარება. ზ. შ----- მშვიდად ესაუბრებოდა დაზარალებულს, მისთვის არაფერი უთქვამს. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ რაღაცას, დაიწყეს ჭიდაობა, რა დროსაც ტყვია გავარდა. ტყვიები მისკენ მიფრინავდა. სამივე ჭიდაობდნენ, რის შემდეგაც გამოვარდნენ გარეთ. დაზარალებულმა ავტომატი წაართვა მსჯავრდებულს. ამ უკანასკნელს რა უნდოდა, ვერ გაიგო. დაზარალებული ეკითხებოდა, რა გინდაო, იგი პასუხობდა, მოდი აქ, შენიო. მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ მას ოქროს ფული ჰქონია მისატანი ლომბარდში, თანხა გადაუცილებია და ამის გამო მოხდა ეს. შთაბეჭდილება დარჩა, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა დაზარალებულისგან გაიგო, რომ ის ზ. შ-----ს არ იცნობდა.

 

მოწმის ჩვენებით, დაზარალებული გაბრაზებული ეუბნებოდა, წადი, მომშორდი, თორემ დაგიჭერენ, რას აკეთებო. სხვა არაფერი უთქვამს. ზ. შ-----ს აკმ-ის ავტომატი ეკავა. მაღაზია ვიწროა, სიგრძე 3 მეტრი იქნება. ავტომატი რომ წაართვა დაზარალებულმა, ზ. შ-----მ უთხრა, მომეცი, თორემ არ ვიცი რას გიზამო და ამოიღო ხელყუმბარა. მრგვალი, ფიგურებიანი ლიმონკა ამოიღო, რაც გამოგლიჯა ხელიდან ახლადმოსულმა კაცმა. ამის შემდეგ ზ.შ----- ჩვეულებრივი ნაბიჯებით წავიდა, თითქოს დაზარალებული აძალებდა წასვლას, არაფერი გამოუვიდა და წავიდა.

 

მოწმე ს-------- ბ------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, რა დროსაც ამოიღო ავტომატი, ხელყუმბარა, ვაზნები. შემთხვევის ადგილზე ასევე მასრები და დაზიანებული ნივთები აღმოაჩინეს. მანვე ამოიღო ვიდეო მოწყობილობა ინფორმაციის მოსაპოვებლად.

 

მოწმე მ------ კ-------ს ჩვენების თანახმად, მან ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, ოქმის მთლიანობა არ იყო დალუქული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი წარმოადგენს სტანდარტულ-ქარხნული წესით დამზადებულ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც გადაკეთებული არ არის, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 27 ცალი ვაზნა, ავტომატის ლულიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნა და ხელჩანთის გარეთა ჯიბიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის, კარაბინისთვის, ხელი ტყვიამფრქვევებისთვის და სხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ ვაზნებს, რომლებიც გადაკეთებული არ არის, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

მოწმე თ-- შ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ არის ზ. შ-----ს მეუღლეს. მათ შვილს შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა და დასჭირდათ თანხა, რის გამოც ფული სთხოვეს ზ. შ-----ს დას. ვინაიდან მას თანხა არ აღმოაჩნდა, ზ. შ-----მ ითხოვა ოქროს ბეჭდების დალომბარდება, რაზეც ნივთის მესაკუთრე დათანხმდა. ლომბარდის თანხას იხდიდა 3 თვე, რის შემდეგაც ვერ შეძლო თანხის გადახდა. მაისის ბოლოს, როცა მესაკუთრემ მოიკითხა მისი ნივთი, დაზარალებულს უთქვამს, რომ ის იყიდებოდა. ამის გამო ზ. შ-----მ თხოვა, მისულიყო დაზარალებულთან და მოეგვარებინა ეს საკითხი. მოწმემ დააზუსტა, რომ შვილს ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა 1999 წელს, 2016 წელს და 2017 წელს, ხოლო ოქრო დაალომბარდეს 2015 წლის გაზაფხულზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ოქრო დაალომბარდეს არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ სწავლისთვის.

 

მოწმე ს-----–--- კ--–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---- შ----- არის მისი სიძის ბიძა. შვილს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და მის ოჯახს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სთხოვეს ფული. რადგან ფული არ ჰქონდა, შესთავაზა ოქროს დალომბარდება. 2015 წლის გაზაფხულზე ლომბარდიდან მიღებული თანხა ზ. შ-----ს მისცა და დაუმატა თავისი თანხაც. ყოველთვიურად 7 თუ 8 ლარი იყო შესატანი. 2 თვისა თვითონ გადაიხადა. შემდეგ ზ. შ-----ს ოჯახმა გადაიხადა და იფიქრა, რომ ისინი იხდიდნენ. როცა მოიკითხა მისი ბეჭდები 2017 წლის ივნისში, ლომბარდში უთხრეს, რომ გაყიდული იყო, აგდებულად ესაუბრნენ, 2 წელია ფული არ გადაგიხდია და ეხლა მოიკითხეო? დაზარალებული ზოგადად უხეში ადამიანია, მას არ ჰქონდა შეტყობინების გარეშე ოქროს გაყიდვის უფლება. ამის გამო გაბრაზებულმა დაურეკა ზ. შ-----ს მეუღლეს და გამოხატა უკმაყოფილება. აღიშნილის გამო ზ. შ-----ს მეუღლეს - თ-- შ-----ს ქმართან მოუვიდა კონფლიქტი. 2-3 დღეში გაიგო ზ. შ-----ს დაკავების შესახებ. ლომბარდის ხელშეკრულება დაეკარგა და არ გააჩნია.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი არის ქ. სენაკი, ჭ---------------------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია. დათვალიერებების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი მჭიდით და მასში მოთავსებული 27 ცალი ვაზნით, ავტომატის ლულაში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, ხელყუმბარის მსგავსი საგანი, მასზე მორგებული მეტალის საგანი ,,ფალია’’, შავი ფერი ნაჭრის ქუდი, შავი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული წყვილი ფეხსაცმელი, რკინის ხელბორკილი, პოლიეთილენის პარკი, მინის ფლაკონი მასში მოთავსებული სითხით, შავი ფერის კეპი, ერთი ცალი ვაზნა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რკინის ყუთში აღმოჩენილი ორი ცალი მეტალის საგანი, ორი ცალი მასრა.

 

მსჯავრდებულ ზ. შ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნათესავის ოქროს ბეჭდები ჩააბარეს ლომბარდში მისი თხოვნით, ხოლო თანხა მას მისცეს. ეგონა, მისი ოჯახის წევრები ლომბარდის ფულს იხდიდნენ, თურმე არ ყოფილა გადახდილი. მას ამოძრავებდა ქალბატონების მისამართით უხეშად მოქცევის გამო დაზარალებულთან მისვლის სურვილი, უნდოდა ეთქვა, რომ ბეჭდები არ დამიკარგოთ, გადავიხდი და დამიბრუნეთო. პასუხად მიიღო, რომ ბეჭდები გაყიდული იყო. ხელმეორედ მივიდა, თუმცა მაშინაც უარით გაისტუმრა. მან ვერ მოითმინა მისი ასე აგდება, ყანიდან გამოვიდა ფეხით, მივიდა სენაკში, შევიდა მაღაზიაში, დაზარალებულს მიმართა, ვინ ხარ შენ, შენი ასაგდების... და შეიგინა, შეეკითხა, რას შვები, მღუპავო იმის მერე, რაც გააკეთეო? იარაღით იყო, იგი დაზარალებულზე იყო გაბრაზებული, ვინაიდან მან მისი ოჯახი აბუჩად აიგდო, ამიტომ მასთან ვაჟკაცურად მივიდა. მისი საქციელიდან გამომდინარე, დაზარალებული უარესის ღირსი იყო.

 

გარდა სასამართლოში გამოკველული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეს თან ერთვის მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ, ბრალდებულისგან ნიმუშის აღების ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან.

 

ყაჩაღობის მთავარ და განმსაზღვრელ ობიექტად აღიარებ---–-- პიროვნების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ყაჩაღობის მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაძლეულ იქნას დაზარალებულის წინააღმდეგობის უნარი, რათა დამნაშავე დაეუფლოს მის ნივთს.

 

ამდენად, ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია, იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორივე ობიექტი ძირითადია.

 

სუბიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რამეთუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს.

 

ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდასხმა ნიშნავს დაზარალებულისათვის უეცარ, მისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებ---–-- ძალადობასთან. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს სწრაფ აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ.

 

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებების) ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელი პირის თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ, დაზარალებულ მ----- ც-----–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა თავდასხმას, რა დროსაც ზ---- შ----- მესაკუთრის ნებართვის გარეშე, შეიჭრა მაღაზიაში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მიშვერისა და გადატენვის შემდეგ მოსთხოვა მაღაზიის მეპატრონე მ----- ც------–---–ს მისთვის ფულადი თანხის გადაცემა. მ----- ც------–---–მა მას გაუწია წინააღმდეგობა და ზ---- შ-----სთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ წაართვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მ----- ც------–---–ს სახეზე ეტყობოდა დაზიანება და სდიოდა სისხლი. ავტომატის წართმევის შემდეგ ზ---- შ-----მ ამოიღო ხელყუმბარა და სცადა მისი გახსნა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. აღნიშნულის შემდეგ ზ---- შ----- განრიდებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ. ც-----–---–ის და ფაქტის უშუალოდ შემსწრე კ. ხ----ას ჩვენებებს, საიდანაც ირვევა, რომ ზ---- შ-----მ მაღაზიაში შესვლისთანავე უეცრად ამოიღო ავტომატი და მიუშვირა დაზარალებულს და წარმოთქვა სიტყვები - ,,მოდი აქ, სად წამიხვალ, შენი, ფულიო ’’... მათი ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია მსჯავრდებულს, რა დროსაც მან მიიღო გარკვეული დაზიანებები. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ზ---- შ-----მ ხეყუმბარაც ამოიღო და მის მოხსნას აპირებდა, თუმცა აღნიშნული ხელყუმბარა მას მ--–---- ყ-----–---–მა წაართვა. მოწმე კ. ხ----ას ასევე ჩვენებით დასტურდება, რომ ზ. შ----- მაღაზიაში მშვიდად შევიდა, შემდეგ კი ქურთუკიდან რაღაც გამოძრო და დაზარალებულს უთხრა, მოდი ახლა მიანც სად წამიხვალ, ფულიო... მოწმის ჩვენებით, მას აკმ-ის ავტომატი ეკავა, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა წაართვა მას ავტომატი, მან ხელყუმბარა ამოიღო, რაც მოულოდნელად გამოგლიჯა ხელიდან მაღაზიაში ახლადშესულმა კაცმა.

 

მოწმეების თ. თ-------ს, მ. ყ-----–---–ის, ლ. ხ----–--–--ას, გ. პ--------ას და ი. შურღაიას ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ დაინახეს დაზარალებული მ. ც-----–---–ი, რომელიც ეჭიდავებოდა მათთვის უცნობ ადამიანს, რომელიც იყო შეიარაღებული.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიზანი იყო არა სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრება, არამედ ნათესავის ოქროს დაბრუნება. აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, უფრო მეტიც, თუ ყურადღებას მივაპყრობთ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს, აღნიშნული ჩვენებები არ გამორიცხავენ ყაჩაღობის სუბიქტურ შემადგენლობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებილებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა მოითხოვა ფული და არა ოქრო. საქმეში დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ ნივთი გაყიდული იყო, რადგან მათ ლომბარდში სწორედ ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც ასევე ცნობილი იყო თვით მსჯავრდებულისთვის და შესაბამისად მანაც იცოდა, რომ ნივთს უკან ვეღარ დაიბრუნებდა. ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. შ-----ს დაზარალებულისათვის საუბარი არ გაუბამს მაღაზიაში, სულ რამდენიმე სიტყვა წამოძახა. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ჭიდილი მალე დაიწყო.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მოწმეები კი არ უარყოფენ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას, პირიქით, ხსნიან, თუ რამ გამოიწვია მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისაგან თანხის მოთხოვნა იარაღის მუქარით.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ზ---- შ-----მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების შემდეგ დაზარალებულს მოსთხოვა ფული - ზ---- შ----- მოქმედებდა სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტით დასტურდება, რომ ზ---- შ-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით; შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით ზ---- შ-----ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ამ კვალიფიკაციით ზ---- შ-----ს გამართლების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

აქვე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ---- შ-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შერაცხულ მსჯავრს დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ მიიჩნევს, აღნიშნული მსჯავრდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებ---–-- საქმეში წარმოდგენილ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ასევე უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება ზ---- შ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილ გარემოებებს - დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, დაავადებ---–-- с ჰეპატიტით, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიური პირობები და სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მიზანშეწონილად მიიჩნევს მას შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, მუხლის სანქციის ფარგლებში შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიც და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში ზ---- შ-----ს მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება:

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ---- შ-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, გ------ ს------ას და რ----- მ-----–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ზ---- შ----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ზ---- შ-----ს განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---- შ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 25 ივნისიდან - დღიდან დაკავებისა.

 

ნივთმტკიცებები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოხდეს ავტომატის, მჭიდების, ვაზნების, მასრების საპროცესო კონფისკაცია; დივიარი მაუსით და კვების ბლოკი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დანა, ხელბორკილი, სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ფეხსაცმელი, ხელჩანთა, ქუდი, კეპი, ფლაკონი სითხით, შარვალი, ქურთუკები, ნაჭერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ზ---- შ-----ს ოჯახს; დვდ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე