განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001009388
N2ბ/1044-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - აკ--- ხმ--–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი აკ--- ხმ--–-ძის მიმართ, დაკმაყოფილდა. აკ--- ხმ--–-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 3452,4 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 22 მაისის ბრძანებით აკ--- ხმ--–-ძე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბატალიონის მსუბუქი მანქანების ასეულის ოცეულის მძღოლად.
2.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა სატრანსპორტო საშუალება WOLKSVAGEN TUAREG, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც 2012 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით მიმაგრებული იყო აკ--- ხმ--–-ძეზე.
2.3. 2013 წლის 26 აპრილს, თბილისში, ცაგერის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სატრანსპორტო საშუალება WOLKSVAGEN TUAREG, სახელმწიფო ნომრით V------, რომელსაც მართავდა აკ--- ხმ--–-ძე შეეჯახა გი------ ონ----ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - WOLKSVAGEN PASSAT. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორივე სატრანსპორტო საშუალება. 2013 წლის 2 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე WOLKSVAGEN TUAREG-სა და WOLKSVAGEN PASSAT-ზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად.
2.4. მძღოლებს შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებიათ, შესაბამისად არცერთი მათგანის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ შედგენილი არ არის. მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ გი------ ონ---ს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აკ--- ხმ--–-ძეს არც დისციპლინური სახდელი დადებია.
2.5. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ, 2013 წლის 2 მაისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე, რაც 2014 წლის 1 აპრილის დადგენილებით დაკვალიფიცირდა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება). იმავე რიცხვის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სსკ-ის მე-400 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
2.6. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG აღდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკუთარი ხარჯებით არ მომხდარა. დღეისათვის სატრანსპორტო საშუალება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღარ ირიცხება და 2013 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა შპს „ქ-------------------------ინ ქო----ის“.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა სატრანსპორტო საშუალება WOLKSVAGEN TUAREG საჭის საკისარის დეფექტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით სადავო არ იყო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლამ, რასაც მოპასუხე უკავშირებდა საჭის საკისარის დაზიანებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი იყო მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება. ის გარემოება რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალით შედიოდა მოპასუხის მტკიცების საგანში, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა მისი პასუხისმგებლობის სფეროში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა გამახვილებულიყო იმ გარემოებაზე, თუ რამდენად იზრუნა მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ მტკიცებულებების მოპოვებაზე.
ის გარემოება, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არ მიუთითებდა მოპასუხის არაბრალეულობაზე და არ გამორიცხავდა მოპასუხის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ შემთხვევის დროს თავად არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა მომხადარიყო ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პირველადი მტკიცებულების მოპოვება. ის გარემოება რომ მოპასუხეს, როგორც თავად განმარტავს, უშუალო უფროსისგან ჰქონდა მითითება, რომ მისი ნებართვის გარეშე არ განეხორციელებინა რაიმე ქმედება, სასამართლომ არ განიხილა დასაბუთებულ არგუმენტად და მხედველობაში არ მიიღო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მიუთითებდა კიდევ ერთ მტკიცებულებაზე-ფოტოსურათზე, რომელიც მისი განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ გადაიღო და რომლითაც დასტურდებოდა საჭის საკისარის დაზიანება. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან მტკიცებულება წარადგინა სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა გამოთხოვილ საქმის მასალებით არ ირკვევოდა მოწმის (აკ--- ხმ--–-ძის) დაკითხვის ოქმზე სურათის წარდგენა. გამოთხოვილი მასალების მიხედით მოპასუხე მხოლოდ მიუთითებდა ფოტოსურათის მომავალში წარდგენაზე, ამასთან რეალურად წარდგენის ფაქტი ვერ დაადასტურა.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის გი------ ონ----ს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებას, სასამართლომ აღნიშნული საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, რათა გამოერიცხა მოპასუხის პასუხისმგებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აკ--- ხმ--–-ძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ავტომანქანა საკუთარი ინიციატივით, ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანა ნაცნობ ხელოსანთან, სადაც მისივე განმარტებით მოხდა გატეხილი საკისარის შედუღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ამ შემთხვევაშიც ვერ იზრუნა იმ მტკიცებულების შექმნაზე, რომელიც გამორიცხავდა მის ბრალეულობას. მოპასუხეს ავტომანქანა შემთხვევის შემდგომ დაუყოვნელივ უნდა გადაეცა მესაკუთრისთვის, რათა მომხადარიყო ფაქტის დაფიქსირება.
სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში დაცული 2013 წლის 2 ივლისის ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG-ის საჭის მართვის მექანიზმი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო. თუმცა, როდის მოხდა განივი წევის ბერკეტის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევამდე, თუ შემთხვევის შემდეგ, ექსპერტიზისთვის ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო, მასზე აღინიშნებოდა საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისთვის დამახასიათებელი კვალი.
ამდენად, აღნიშნული დასკვნაში არ იყო აღნიშნული, რომ საჭის მექანიზმი დაზიანებული იყო ავტოავარიამდე და ავტოავარია მოხდა საჭის მართვის მექანიზმის გაუმართაობის გამო, აღნიშნული შინაარის დასკვნის გაკეთება ვერ მოხდა ავტომანქანის დეტალზე ჩატარებული საშემდუღებლო სამუშაოების გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს იმაზე მეტად არ უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი, ვიდრე ეს მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, როგორც მიუთითებს თავისი ინიციატივით მოახდინა დაზიანებული საკისარის შედუღება, ავტომანქანაზე ზემოქმედების გამო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, თუ როდის მოხდა საკისარის დაზიანება, შესაბამისად მტკიცების ტვირთი შეუმსუბუქდა მოსარჩელეს და უფრო მეტად მოპასუხეზე გადავიდა. ის ფაქტი რომ მოპასუხემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მოხდა შეჯახება სხვა ავტომანქანასთან, ასევე, ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა შემთხვევის შედეგად დაზიანდა, საქმის მასალებით დგინდებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და ისინი მიეთითება მათ მიერ. საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენდა 3452,4 ლარს. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 ივლისის დასკვნის თანახმად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დასკვნაში მითითებული იყო, რომ ავტომანქანას დაუზინდა: წინა მარცხენა ფრთის წინა კუთხე, წინა ბამპერის მარცხენა კუთხე, წინა მარცხენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა მოსაპირკეთებელი პლასტმასის ცხაური, მარცხენა ფრთის მოსაპირკეთებელი პლასტმასის კანტი, მარცხენა ფრთის საშხეფურის წინა ნაწილი, ტურბო დაბერვის სისტემის გაგრილების მარცხენა რადიატორი, საბურავის დისკოს საღებავის საფარი, წინა მარცხენა განივი წევა. აღნიშნული დასკვნის თანახმად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენდა 3452,4 ლარს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია და მისი შპს ”ქ-------------------------ინ ქო----ი”-სთვის გადაცემის დროს არ მომხდარა ღირებულების შემცირება, არ არსებობდა აღდგენითი ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლიც ითვალისწინების ზიანის ანაზღაურების დროს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას, აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ არ გაიზაირა მოპასუხის მითითება, რომ ავტომანქანას არ მიუღია საგზაო შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები და არ შემცირებულა მისი საბაზრო ღირებულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 1 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა საორიენტაციოდ 67 000 ლარს, ხოლო ნარჩენი საბაზრო ღირებულება, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და შეფასების დროისთვის თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით - 62 000 ლარს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს თავად არ შეუკეთებია ავტომანქანა, მან ავტომანქანა არსებული დაზიანებებით გადასცა შპს ”ქ-------------------------ინ ქო----ი”-ის, 2013 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ მისი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 63750 ლარს, 2017 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისთვის ხარჯის გაწევა, თუმცა აღდგენითი ხარჯის გათვალისწინებით ავტომანქანა უფრო ნაკლებ ფასად გადაეცა დაინტერესებულ პირს, შესაბამისად ზიანი (ქონებრივი სიკეთის შემცირება) სახეზე იყო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
2.11. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე მუხლების, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანას მართავდა აკ--- ხმ--–-ძე, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ შემთხვევა არა მისი ბრალით, არამედ სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობით მოხდა. მისი ქმედებით კი ზიანი მიადგა მოსარჩელეს, შემცირდა სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება და ზიანის ოდენობამ შეადგინა 3452,4 ლარი. ამდენად, ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია აკ--- ხმ--–-ძის ქმედებამ, რაც პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა იყო. მოპასუხის განცხადება, რომ მან საჭე ვერ დაიმორჩილა საკისარის დაზიანების გამო, არ გულისხმობს უდავოდ დადგენას, რომ საგზაო შემთხვევა მის გამო მოხდა. ამ საქმეზე არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია აკ--- ხმ--–-ძის ქმდებით და დამდგარ ზიანთან მას მიუძღვის ბრალი.
3.2. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენდა 3452,4 ლარს (დაზიანებები: წინა მარცხენა ფრთის წინა კუთხე, წინა ბამპერის მარცხენა კუთხე, წინა მარცხენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა მოსაპირკეთებელი პლასტმასის ცხაური, მარცხენა ფრთის მოსაპირკეთებელი პლასტმასის კანტი, მარცხენა ფრთის საშხეფურის წინა ნაწილი, ტურბო დაბერვის სისტემის გაგრილების მარცხენა რადიატორი, საბურავის დისკოს საღებავის საფარი, წინა მარცხენა განივი წევა).
3.3. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია კომისიის 2013 წლის 18 სექტემბრის ტექნიკური შემოწმების აქტი N180, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანა ტექნიკურად გამართულია და დაკომპლექტებულია სრულად. აღნიშნული კომისია შედგება 4 წევრისაგან და შეფასების აქტს ხელს აწერს მოსარჩელე მხარის 5 თანამდებობის პირი.
აპელანტის განმარტებით, თუკი დაშვებული იქნება, რომ 2013 წლის 26 აპრილს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ივლისის თვის დასკვნაში ჩამოთვლილია მთელი რიგი დაზიანებები, ხოლო, ამ ფაქტებს შემდეგ მოსარჩელე მხარის თანამდებობის პირები ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო საშუალება დაკომპლექტებულია სრულად და ტექნიკურად გამართულია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია, რომ ავტომანქანას აპელანტის ქმედების შედეგად დაუზიანდა დასკვნაში მითითებული ნაწილები. რადგან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 26.04.2013 წელს, ქ. თბილისში, ცაგერის ქუჩაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება WOLKSVAGEN TUAREG, სახელმწიფო ნომრით V------, რომელსაც მართავდა აკ--- ხმ--–-ძე (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბატალიონის მსუბუქი მანქანების ასეულის ოცეულის მძღოლი, რომელზეც მიმაგრებული იყო მითითებული სატრანსპორტო საშუალება 06.12.2012 წლის ბრძანებით) შეეჯახა გი------ ონ----ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას -WOLKSVAGEN PASSAT;
4.2. სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორივე ა/მანქანა. ამ გარემოებას, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმის დაკითხვის ოქმისა, ასევე ადასტურებს 2013 წლის 02 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე WOLKSVAGEN TUAREG-სა და WOLKSVAGEN PASSAT-ზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად (ტომი 1; ს/ფ 107-110);
4.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ავტოავარიის დროს არც აკ--- ხმ--–-ძის და არც გი------ ონ----ს მიერ, შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის გამოძახება არ მომხდარა. შესაბამისად, არცერთი მათგანის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ, შედგენილი არ არის;
4.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გი------ ონ---ს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია;
4.5. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აკ--- ხმ--–-ძეს დისციპლინური სახდელი არ დადებია. ამასთან, დადგენილია, რომ 2014 წლის 1 აპრილის დადგენილებით, 2013 წლის 02 მაისს, აკ--- ხმ--–-ძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სსკ-ის მე-400 მუხლის პირველი ნაწილით (მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;
4.6. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG აღდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკუთარი ხარჯებით არ მომხდარა;
4.7. სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღარ ირიცხება; 2013 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სატრანსპორტო საშუალება გადაეცა შპს „ქ-------------------------ინ ქო----ის“;
4.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 ივლისის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენს 3452,4 ლარს. (დასკვნის თანახმად, ავტომანქანას დაუზინდა: წინა მარცხენა ფრთის წინა კუთხე, წინა ბამპერის მარცხენა კუთხე, წინა მარცხენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა მოსაპირკეთებელი პლასტმასის ცხაური, მარცხენა ფრთის მოსაპირკეთებელი პლასტმასის კანტი, მარცხენა ფრთის საშხეფურის წინა ნაწილი, ტურბო დაბერვის სისტემის გაგრილების მარცხენა რადიატორი, საბურავის დისკოს საღებავის საფარი, წინა მარცხენა განივი წევა) (ტომი 1; ს/ფ 11-120);
4.9. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს აკ--- ხმ--–-ძისათვის მის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის, 3452,4 ლარის ანაზღაურებას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხე მხარისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიყენებული ზარალის 3452,4 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016).
ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 26.04.2013 წელს, ქ. თბილისში, ცაგერის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება WOLKSVAGEN TUAREG, სახელმწიფო ნომრით V------, რომელსაც მართავდა აკ--- ხმ--–-ძე შეეჯახა გი------ ონ----ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - WOLKSVAGEN PASSAT, რამაც ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოიწვია. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლობა, არ გამორიცხავს მოპასუხის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ხმ--–-ძემ შემთხვევის დროს თავად არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა მომხადარიყო ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პირველადი მტკიცებულების მოპოვება. ამასთან, ა. ხმ--–-ძე სადავოდ არ ხდის, რომ გი------ ონ---ს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია; შესაბამისად ცალსახაა, რომ არა აპელანტის გაუფრთხილებელი ქმედება - მოძრაობის წესების დარღვევა, რაც გამოიხატა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, არ მოხდებოდა შეჯახება და შესაბამისად, არც მისი მართვის ქვეშ არსებული მანქანა დაზიანდებოდა. ამიტომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ზემოთჩამოთვლილი წინაპირობები განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
4.10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ ადგილი ჰქონდა ბრალის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა ავტოსატრანსპორტო საშუალების (WOLKSVAGEN TUAREG) საჭის მექანიზმის გაუმართაობამ, რაც გამოწვეული იყო საჭის საკისარის დეფექტით.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) სადავო გარემოების სამტკიცებლად თავად შეუშალა ხელი მტკიცებულებათა მოპოვებას, არ იზრუნა ზემოაღნიშნული, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად, მტკიცებულებათა შექმნაზე, რაც უპირველესად, გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ შემთხვევის დროს თავად არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა მომხადარიყო ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პირველადი მტკიცებულების შექმნა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ავტომანქანა საკუთარი ინიციატივით, ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანა ნაცნობ ხელოსანთან, სადაც მისივე განმარტებით მოხდა გატეხილი საკისარის შედუღება, მაშინ, როდესაც შეეძლო ავტომანქანა დაუყოვნელივ გადაეცა მესაკუთრისთვის, რათა მომხადარიყო ფაქტის და საჭის საკისარის დეფექტის დაფიქსირება.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სისხლის სამართლის საქმის მასალებში დაცული 2013 წლის 2 ივლისის ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG-ის საჭის მართვის მექანიზმი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო, თუმცა, თუ როდის მოხდა განივი წევის ბერკეტის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევამდე, თუ შემთხვევის შემდეგ, ექსპერტიზისთვის ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ მასზე აღინიშნებოდა საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისთვის დამახასიათებელი კვალი. ამდენად, მითითებულ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ საჭის მექანიზმი დაზიანებული იყო ავტოავარიამდე და ავტოავარია მოხდა საჭის მართვის მექანიზმის გაუმართაობის გამო, აღნიშნული შინაარის დასკვნის გაკეთება ვერ მოხდა ავტომანქანის დეტალზე ჩატარებული საშემდუღებლო სამუშაოების გამო (ტომი 1; ს/ფ 107-110);
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, და თავისი ინიციატივით მოახდინა დაზიანებული საკისარის შედუღება, ავტომანქანაზე ზემოქმედების გამო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, თუ როდის მოხდა საკისარის დაზიანება. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დადასტურა სადავო გარემოება (სსსკ-ის 4.1., 102-ე, 103.1. მუხლები). ხოლო, ის ფაქტი რომ მოპასუხემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მოხდა შეჯახება სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან, რის გამოც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, დადასტურებულია საქმის მასალებით.
ის გარემოება, რომ აკ--- ხმ--–-ძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ გადაიღო ფოტო, რომლითაც დასტურდებოდა საჭის საკისარის დაზიანება და ეს მტკიცებულება (ფოტოსურათი), წარადგინა სისხლის სამართლის საქმეზე, საქმის მასალებით არ დასტურდება. გამოთხოვილ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ ირკვევა აკ--- ხმ--–-ძის მიერ გამოძიებისათვის სურათის წარდგენა. მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ ფოტოსურათის მომავალში წარდგენაზე, რაც არ წარუდგენია. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლის გი------ ონ----ს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებას, აღნიშნული მტკიცებულება მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
4.11. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მისი დაუსაბუთებლობის გამო. მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს თუ რა სახისა და მოცულობის ზიანი განიცადა ავტოსარტანსპორტო შემთხვევის შედეგად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად მოსარჩელემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 ივლისის დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენს 3452,4 ლარს. დადგინდა, რომ რომ ავტომანქანას დაუზინდა: წინა მარცხენა ფრთის წინა კუთხე, წინა ბამპერის მარცხენა კუთხე, წინა მარცხენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა მოსაპირკეთებელი პლასტმასის ცხაური, მარცხენა ფრთის მოსაპირკეთებელი პლასტმასის კანტი, მარცხენა ფრთის საშხეფურის წინა ნაწილი, ტურბო დაბერვის სისტემის გაგრილების მარცხენა რადიატორი, საბურავის დისკოს საღებავის საფარი, წინა მარცხენა განივი წევა. აღნიშნული დასკვნის თანახმად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენდა 3452,4 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ექსპერტიზის დასკვნით გაკეთებული დასკვნა რელევანტურია და შეესაბამება ექსპერტის მიერ გამოყენებულ მეთოდს, დასკვნაში მოყვანილი დაზიანებების მხედველობაში მიღებით, განსაზღვრული ზიანის საორიენტაციო ოდენობა არ არის გადაჭარბებული ან/და არაგონივრული.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტმა მხარემ ეჭვქვეშ დააყენა წარდგენილი დასკვნის ვალიდურობა და განაცხადა, რომ ავტომანქანას არ მიუღია საგზაო შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები და არ შემცირებულა მისი საბაზრო ღირებულება. აპელანტის (მოპასუხის) მითითებით, ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია და მისი შპს ”ქ-------------------------ინ ქო----ი”-სთვის გადაცემის დროს არ მომხდარა ღირებულების შემცირება, არ არსებობდა აღდგენითი ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა მიუთითებს 2013 წლის 1 ივლისის ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების WOLKSVAGEN TUAREG საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა საორიენტაციოდ 67 000 ლარს, ხოლო ნარჩენი საბაზრო ღირებულება, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და შეფასების დროისთვის თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით - 62 000 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავად არ შეუკეთებია ავტომანქანა, მან ავტომანქანა არსებული დაზიანებებით გადასცა შპს ”ქ-------------------------ინ ქო----ი”-ის, 2013 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ მისი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 63750 ლარს, 2017 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისთვის ხარჯის გაწევა, თუმცა აღდგენითი ხარჯის გათვალისწინებით ავტომანქანა უფრო ნაკლებ ფასად გადაეცა დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, ზიანი (ქონებრივი სიკეთის შემცირება) სახეზეა.
4.12. აპელანტი მხარე საკუთარი პოზიციის დაცვის დროს, ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, მას სარჩელის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, როლითაც იგი საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა, გაქარწყლება მოპასუხის მტკიცების ტვირთია, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაძლეული, რადგან აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებებისა და მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა.
4.14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნ--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აკ--- ხმ--–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია