განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2571-18
N330310116001281737
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბ------ ჭ----–---
წარმომადგენელი - ბ--–-------–----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ--------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ------ ჭ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილებით ბ------ ჭ----–--- 10000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ქ------–---–-ს ქუჩა N2-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის. ამავე დადგენილებით ბ------ ჭ----–---ს ქალაქ თბილისში, ქ------–---–-ს ქუჩა N2-ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, კერძოდ, ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა (ტ.1, ს.ფ. 24-26).
1.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილება ბ------ ჭ----–---ს მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე - თბილისში, ქ------–---–-ს ქუჩა N2-ში 2016 წლის 15 იანვარს გაეგზავნა, სადაც მისი ოჯახის წევრს 2016 წლის 21 იანვარს ჩაბარდა. ოჯახის წევრმა გზავნილი ბ------ ჭ----–---ს 2016 წლის 21 იანვარს გადასცა (ტ.1, ს.ფ. 219-222; 229; 231-234).
1.2.3. 2016 წლის 14 მარტს ბ------ ჭ----–---მ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიას 2016 წლის 13 აპრილს გადაეგზავნა (ტ.1, ს.ფ. 228-234).
1.2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანებით ბ------ ჭ----–--ის 2016 წლის 14 მარტის N8------- ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა. აღნიშნული ბრძანებით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიეთითა მასზე, იგი წარდგენილი იყო კანონით განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დარღვევით (ტ.1, ს.ფ. 161-166).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
მითითებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნდა თუ არა ქ. თბილისის მერიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილებაზე ბ------ ჭ----–--ის მიერ 2016 წლის 14 მარტს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის 21-ე და 22-ე ნაწილების მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კოდექსით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილება ბ------ ჭ----–---ს 2016 წლის 21 იანვარს ჩაბარდა (პუნქტი 3.2). ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ------ ჭ----–---მ მითითებული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი 2016 წლის 14 მარტს წარადგინა. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, დასტურდება, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივარი კანონით განსაზღვრულ 15-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანების კანონიერება გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, შეაფასოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილება, რამეთუ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შესაბამისი სარჩელის განხილვაზე.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქოს სასამართლომ საქმე არ შეისწავლა სრულყოფილად, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სარჩელით მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ივნისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ 2000 წლის 31 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ქ-----–---–ის N2-ში, ბ------ ჭ----–---მ შეიძინა ერთ სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართი, 33 კვ.მ.-ს ოდენობით. 2005 წელს რეკონსტრუქცია გაუკეთდა ბინას, პარამეტრების შეუცვლელად. შიდა და გარე კედლების შეცვლის შედეგად, გაიზარდა ფართი და გახდა 39,8 კვ.მ., რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2007 წლიდან. 2006 წელს დასრულდა მეორე სართულის დაშენება და 2008 წელს მოხდა მისი ლეგალიზება, რის შემდეგაც, შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში. სააბოლოოდ, საჯარო რეესტრში ბ------ ჭ----–--ის სახელზე, პირველ სართულზე რეგისტრირებულია 39,8 კვ.მ და მეორე სართულზე 49,64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. 2015 წლის 11 სექტემბერს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა აქტი, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად, მითითებულ იქნა, თითქოს პირველ სართულზე გაკეთებულია მიშენება და შემინული ფასადი ამოშენებულია. ზედამხედველობის სამსახური ითხოვდა შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. აქტში მითითებული დარღვევები ბ------ ჭ----–---მ გამოასწორა. რაც შეეხება მიშენებისა და შემინული ფასადის ამოშენების საკითხს, დარჩა შეუცვლელი, ვინაიდან მიშენებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ფასადის მოხსნა გამოიწვევს შენობის ნგრევას, ამასთანავე, რეკონსტრუქცია მოხდა 2005 წელს და იმავე მდგომარეობით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვარს N0----- დადგენილებით, მითითების შეუსრულებლობისათვის ბ------ ჭ----–--- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2016 წლის 18 თებერვლის ბრძანებით ძალაში დარჩა სადავო დადგენილება.
აპლანტის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომელის მისაღებადაც იგი გამოიცა. 2015 წლიდან ბ------ ჭ----–--- ითხოვდა ქ. თბილისში, ქ-----–---–ის N2-ში მდებარე, უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზებას, რომელიც განხორციელებული იყო 2005 წელს, მის განცხადებასთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რა დროსაც შეცდომით დაფიქსირდა, თითქოს ბ------ ჭ----–---მ მიშენება განახორციელა 2008 წელს, სინამდვილეში კი, მოახდინა კარის, ფანჯარისა და ფასადის ფერის შეცვლა, აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის, რომ მეორე სართულის დაშენება ვერ მოხერხდებოდა 2006 წელს, თუ პირველ სართულზე აღნიშნული მიშენება არ იქნებოდა განხორციელებული. ბ------ ჭ----–---მ გამოიყენა ერთჯერადად გასაჩივრების უფლება, ამასთანავე, მიმართა სასამართლოს, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ფაქტობრივად, არ შეისწავლა სადავო დადგენილების კანონიერება.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძლად დაედოს ისეთი გარემოება და ფაქტები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, ამ საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებაში მითითებული დარღვევები ნებართვას არ საჭიროებენ. თუ აღნიშნული დადგენილების აღსრულება განხორციელდება, დაირღვევა კონსტიტუციურად გარანტირებული საკუთრების უფლება, ვინაიდან აპელანტს კანონიერ საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომლის დემონტაჟსაც მერია ითხოვს. აღნიშნული ქონების დემონტაჟის შემთხვევაში, ბ------ ჭ----–--ის მიმართ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეში ფაქტობრივი მტკიცებულებები არ იქნა შესწავლილი, ასევე სასამართლომ არ გამოიკვლია, რამდენად კანონიერად მოხდა ბ------ ჭ----–---ზე სადავო დადგენილების ჩაბარება, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სადავო დადგენილება ჩაბარდა ბ------ ჭ----–--ის სიდედრს, რომელიც არ წარმოადგენს ბ------ ჭ----–--ის ოჯახის წევრს და არც მასთან მუდმივად მცხოვრები პირია, შესაბამისად, სიდედრზე დადგენილების ჩაბარების დღიდან, სასამართლოს არ უნდა დაეწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა და აღნიშნულის გამო არ უნდა მიეჩნია, რომ ბ------ ჭ----–--ის მიერ გაშვებული იყო ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების ვადა. ხანდაზმულობის ვადის გაშვების მოტივით სასამართლომ არ იმსჯელა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, რაც წარმოადგენს აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ბ------ ჭ----–--- 10000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ქ------–---–-ს ქუჩა N2-ში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის. მოსარჩელე ასევე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც განუხილველად დარჩა ადმინისტრაციული საჩივარი, 08.01.2016წ. N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით. აღნიშნული კოდექსის 25.21 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო 25.22 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო 58.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილება ბ------ ჭ----–---ს ჩაბარდა 2016 წლის 21 იანვარს (აღნიშნული თარიღით სადავო დადგენილების ჩაბარების ფაქტს თავად ბ------ ჭ----–---ც ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 26.04.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე (ტ.1, ს.ფ. 231-232)). ასევე დადგენილია, რომ ბ------ ჭ----–---მ მითითებული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა 14.03.2016წ. ამრიგად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივარი კანონით განსაზღვრული 15 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ივლისის N1----- ბრძანების კანონიერება გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, შეაფასოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N0----- დადგენილების კანონიერება, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლიდან გამომდინარე, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შესაბამისი სარჩელის განხილვაზე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ ჭ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე