განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002324494
№1/ბ-465-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ფ--–--- ჯ--–--------ს
ადვოკატების - მ----–-- კ-------ის, ა-–---------- ნ--------ს
გამართლებულის - ი--- კ----------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი--- მ--------ს ასული კ----------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, პ/ნ 0----------, მცხოვრები: ქ.ფოთი, კ--------ის დასახლებაში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 1800 საათზე, ი--- კ---------- ქ. ფოთში, მ--–-----ის ზღვის სანაპიროზე ბულვართან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კუთვნილი 20 ლარად ღირებული ბეტონის ორი ცალი ფილის ფარულ დაუფლებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენით ი--- კ---------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ე---–---- ბ------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ი--- კ----------ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილეს - ფ--–--- ჯ--–--------ს რომლებმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ი--- კ----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ----–-- კ-------ის და ა-–---------- ნ--------ს რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო პროცესზე ი--- კ----------მ განმარტა, რომ ძველით ახალი წლის საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, თავის შვილს თხოვა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი მშენებლობიდან ნარჩენი ქვის ფილების აღებაში დახმარებოდა. ფილები, ბულვარის ირგვლივ, ღიად, წლების განმავლობაში მიმოფანტულია და ჩაფლულია მიწაში. მას განზრახული ჰქონდა, აღნიშნული ფილების ეზოს შესასვლელში დაწყობა, რადგან, იქ წვიმის დროს ტალახი დგება. მისი თქმით, ადგილი, სადაც ფილების დადება ჰქონდა განზრახული, სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს, ის ისევ იმ ტერიტორიის ნაწილია, სადაც ეს ფილები თავდაპირველად იდო. ფილების გადაადგილებით აღნიშნული ქონება არ აღმოჩნდებოდა ბრალდებულის ან ვინმე სხვა პირის გამგებლობაში ან მფლობელობაში. მან მეზობლისგან ურიკა ითხოვა და თავის შვილთან ერთად ქვების ასაღებად წავიდა. მისმა შვილმა, ამოთხარა ფილები, აღნიშნული ხდებოდა დღისით, არა მალულად ან ფარულად და ხალხიც ხედავდა. ამ დროს მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი ქმედება იყო ქურდობა. ის შეეცადა, აეხსნა პოლიციელისთვის, რომ ქურდობა მიზნად დასახული არ ჰქონდა, რომ მისი მიზანი არ იყო აღნიშნული ქვების ფარულად (მალულად) დაუფლება და მისაკუთრება. მისი განზრახვა იყო, მხოლოდ, ქვების გადაადგილება, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით, უბრალოდ, იმ ადგილას, სადაც ტალახი დგებოდა და გადაადგილებისას ხალხი წუხდებოდა, ანუ ქვები ისევ ქუჩაში რჩებოდა. მან უთხრა, რომ ქვების ჯამური ღირებულება 8 ლარს აღემატებოდა, რომ ამისთვის ადამიანის დაჭერა არ ღირდა და თუ მისი ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, მაშინ ის ქვებს არ აიღებდა და დატოვებდა, გ------- ლ-------მ, მას უთხრა, რომ თუ ის მას მიაწოდებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ გაქურდა მეზობლის სახლი, მაშინ მას გაათავისუფლებდა. მან უთხრა, რომ არაფერი იცოდა ხსენებული ქურდობის შესახებ, მას მიაჩნია, რომ გ------- ლ------- დაინტერესებლი იყო აღეძრა საქმე. მან გამომძიებელსაც უთხრა, რომ ფილების ქურდობის განზრახვა არ ჰქონდა, სურდა მისი გადაადგილება და იმ ადგილზე დაწყობა, სადაც ტალახიანი წყალი დგებოდა.
ნივთმტკიცება ხელის ურიკა და ორი ცალი ქვის ფილა, დალუქეს მისი თანდასწრებით და დატოვეს ფოთის საქალაქო სამმართველოს ეზოში. მართალია, მან ხელი მოაწერა ლუქს. თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილ ლუქზე გაკეთებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
არასრულწლოვანი მოწმის რ--------- გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წელს ზუსტი თარიღი არ ახსოვს, საღამოს, დედასთან ერთად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე წავიდა, ორი ცალი ქვის ფილის ასაღებად. მათი მიზანი იყო აღნიშნული ფილების გადაწყობა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, რადგან, იქ წვიმის დროს ტალახი დგებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფილები არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რადგან, წლების განმავლობაში, ეყარა უპატრონოდ, უკვე მიწაშიც კი იყო ჩაფლული. ამდენად, მათ არ უფიქრიათ, რომ ფილები ვინმეს საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, მათ არ ჰქონდათ განზრახული ფილების მისაკუთრება. მხოლოდ, თავდაპირველი ადგილიდან, ისევ იმავე ტერიტორიაზე, რამდენიმე მეტრის მოშორებით სურდათ დაწყობა. მათ არ უცდიათ დაემალათ მათი ქმედება, რადგან, ბოროტი განზრახვა არ ამოძრავებდათ.
მოწმის გ------- ლ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2018 წლის 14 იანვარს, მიიღო ინფორმაცია ქ. ფოთში, მ--–-----ის სანაპიროზე, გზაჯვარედინზე ქვის ფილების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე გამოცხადებისას, ნახა ი--- კ---------- თავისი შვილით, რომლებსაც ხელის ურიკით ქვის ფილები საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მიჰქონდათ. როცა, გაიგო, რომ ფილების აღების თაობაზე, ი--- კ----------ს ნებართვა არ ჰქონდა აღებული მოსთხოვა, ფილები ადგილზე დაებრუნებინა. თუმცა, ი---მ მას უკმეხად უპასუხა, რომ ფილები საღორესთვის სჭირდებოდა, ის ხვალაც წაიღებდა ფილებს და ის მას ხელს ვერ შეუშლიდა. მოწმის განმარტებით მოგვიანებით ის დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს, ადგილზე გამოცხადდა გამომძიებელი ე----------–----ია. გამომძიებელმა ი--- კ----------ს გააცნო თავისი უფლებები და ნებაყოფლობით ამოიღო ქვის ფილები და ხელის ურიკა.
მოწმის ე----------–----იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანავრს, დაფიქსირებული შეტყობნების საფუძველზე, ის შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ქ. ფოთში, მ--–-----ის სანაპიროზე გავიდა, შემთხვევის ადგილზე, მას დახვდა ი--- კ---------- და თავისი შვილი რ--------- გ--------. იქვე იდგა ხელის ურიკა და ორი ცალი ქვის ფილა. მან აღნიშნული ნივთები ნებაყოფლობით ამოიღო. იმ დღესვე გამოიკითხა ი--- კ----------. პირადი საუბრისას, რომელიც ოქმში არ წერია, ი--- კ---------- აცხადებდა, რომ ფილები საღორესთვის სჭირდებოდა.
მოწმის ა-–---------- შ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–-----ის ბულვარის ტერიტორიაზე ბულვარის სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, პირველი ეტაპი 2017 წელს დასრულდა და სამუშაოები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა. პროექტის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული ერთი ქვის ფილის ღირებულება დაახლოებით, ათი ლარია. ფილებზე რამე ლუქი არ შეუნიშნავს და გამომძიებელს დოკუმენტი არ შეუდგენია.
მოწმის ლ--–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 იანვარს გამოძიება დაიწყო ქვის ფილების ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით, ქ. ფოთში, მ--–-----ის სანაპიროზე გავიდა. დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
მოწმის გ------- მ---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანი რ--------- გ-------- გამოკითხა. აღნიშნულ გამოკითხვას ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი ი----- ე--------ე. მოწმეს განემარტა თავისი უფლებები და რ--------- გ--------მ თანხმობა განაცხადა, გამოკითხვაზე.
საქმეში არსებული ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 იანვარს ქ. ფოთი, კ--------ის დასახლების ტერიტორიის ახალი ბულვარის შესასვლელთან ი--- კ----------საგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხელის ურიკა და მასზე მოთავსებული ორი ცალი ბეტონის ფილა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩაატარა დეტექტივ-გამომძიებელმა ე----------–----იამ. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 14 იანვარს 2145 საათზე და დამთავრდა 2210 საათზე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტი ლ--–------- და განყოფილების უფროსის მოადგილე გ------- ლ-------. დათვალიერება მიმდინარეობა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს - ქ. ფოთში, მ--–-----ის უბანში კ--------ის დასახლების ჩასახვევსა და ახალი ბულვარის დასაწყისის გზაჯვარედინზე. ახალი ბულვარის საავტომობილო სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტი. აღნიშნულ საავტომობილო სავალ ნაწილს მარჯვენა მხარეს მთელს სიგრძეზე გაყვება ქვეითად მოსიარულეთა ბილიკი, რომელიც მოასფალტებულია. აღნიშნული ბილიკი მთელს სიგრძეზე ორივე მხარეს მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით, ბილიკს მთელს სიგრძეზე გაყვება რკინის ბოძები, რომელზეც დამაგრებულია ლამპიონები. სავტომობილო სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს, კ--------ის დასახლების შესასვლელთან, ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკთან მიწაზე მიმოფანტულია მართკუთხედის ფორმის ბეტონის ფილები, მიწას ორ ადილას აღენიშნება იქვე მიმოფანტული ბეტონის ფილების ზომის მართკუთხედის ფორმის დატკეპნილი ჩაღრმავება.
2018 წლის 25 თებერვლის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ე----------–----იამ, ექსპერტ ლ--–-------ს მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 1220 საათზე და დამთავრდა 1250 საათზე. საგამოძიებო მოქმედების დროს ციფრული ფოტოკამერა „ნიკონით“ მოხდა ფოტოგადაღება, რაც დაერთო საქმეს. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში. დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ქ. ფოთი, კ--------ის დასახლების ტერიტორიაზე. ქ. ფოთში, მ--–-----ის ზღვის სანაპირო ზოლის ახალ შესასვლელთან მისასველ საავტომობილო გზიდან მარჯვენა მხარეს მოასფალტებული საავტომობილო გზის ტერიტორიაზე, მარჯვენა მხარეს ერთმანეთის გვერდით დგას ორი ხუთსართულიანი კორპუსი, ხოლო მარცხენა მხარეს ქუჩის თავიდან დაახლოებით 120 მეტრის მოშორებით დგას ორსართულიანი ბარაკის ტიპის საცხოვრებელი კორპუსი. საავტომობილო მოასფალტებული გზიდან გაყვანილია ბარაკის ტიპის ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი დაახლოებით ორი მეტრი სიგანისა და რვა მეტრის სიგრძის ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც უერთდება საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარეს, მთელს ხედს გასწვრივ დაახლოებით 1,5 მეტრის სიგანის ბეტონის საფარის მოედანს. საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარეს, აღნიშნული ბეტონის მოედანზე დასხმულია ბეტონის დიდი ზომის საფეხური, რომელიც არის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი რკინის კონსტრუქციის კიბის პირველი საფეხური. გარდა ზემოაღნიშნული კიბისა საცხოვრებელი კორპუსის არცერთ მხარეს სხვა კიბე არ გააჩნია. საცხოვრებელი კორპუსის მარჯვენა, მარცხენა და უკანა მხარეს ესაზღვრება ღია ტერიტორია, სადაც მავთულბადით შემოკავებულ ეზოებში განთავებულია შინაურ ცხოველთა და ფრინველთა სადგომები. საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს გააჩნია პირველი და მეორე სართულის ღია აივნები. პირველი სართულის აივანი არის მოასფალტებული. მეორე სართულის აივანს კიბე არ გააჩნია.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არსებული მასალების მიხედვით ვერ დგინდება ი--- კ----------ს მირ ქურდობის მცდელობის ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განზრახვა არ წარმოადგენს ბრალის ფორმას, არამედ იგი ქმედების შემადგენლობის ელემენტია ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედების შემადგენლობის დადგენის დროს დგინდება განზრახვა ფაქტობრივი გარემოებების ცოდნისა და სურვილის სახით, რაც შეეხება მართლწინააღმდეგობის შეგნებას, რომელიც ასევე განზრახვის კომპონენტია, დგინდება ბრალის ეტაპზე. განზრახვა ბრალის ეტაპზე წარმოადგენს არა ფსიქიკურ დამოკიდებულების მომენტს, არამედ მხოლოდ ინდივიდუალ-ური გაკიცხვის კრიტერიუმს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით განზრახვა სამი კომპონენტიანია, რომელიც ზოგადად შეიძლება შემდეგი ფორმულით გამოიხატოს; ცოდნა იმისა რასაც სუბიექტი აკეთებს, სურვილი იმისა რასაც აკეთებს და მართლწინაარმდეგობის შეგნება. ამ სამი კომპონეტიდან პირველი ორი დგინდება ქმედების შემადგენლობის ეტაპზე, რადგან ცოდნა და სურვილი ფაქტობრივი გარემოებისადმი გააჩნია არა მარტო დამნაშავეს, არამედ პირს, ვინც მოქმედებს მართლზომიერად. პირდაპირი განზრახვისათვის დამახასიათებელია ის, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მალთწინა-აღმდეგობა და სურვილი აქვს ასეთი შედეგის დადგომისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ქურდობა, არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების დროს ყურადღებას მიაპყრობს როგორც ი--- კ----------ს ასევე მისი არასრლწლოვანი შვილის ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ი--- კ----------ს მიზანი იყო მხოლოდ აღნიშნული ფილების გადაწყობა, რამდენიმე მეტრის მოშორებით - საცხოვრებელი სახლის მისასვლელთან, ვინაიდან იქ წვიმის დროს ტალახი დგებოდა და მას მიაჩნდა, რომ ფილები არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით ნათელია, რომ ი--- კინტირაის ბრალდების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება, მათ შორის რაიმე სახის პირდაპირი, მითუმეტეს ერთმანეთთან შეჯერებული მტკიცებულება არ არსებობს და შესაბამისად ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ იძლევა ი. კ----------ს მიერ მარტივი ქურდობის მცდელობის ელემენტარულ მონაცემებს, ხოლო პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ი--- კ----------ს საქციელი არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინაღმდეგო და ბრალეულ ქმედებად, რადგან თუ გავითვალისწინებთ გამართლებულის და ამ უკანასკნელის არასსრლწლოვანი შვილის ჩვენებებს, რისი გაბათილება ბრალდების მხარემ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო, მისი ქმედება ვერ იქნება შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო კონსტრუქციით განსაზღვრულ ქურდობის ნორმით განსაზღვრულ განმარტებასთან, რომლის მიხედვით ხსენებული დანაშაულის ჩადენის დროს სახეზე უნდა იყოს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამასთან ამ დანაშაულისათვის უპირობო მოცემულობაა ქმედების სუბიექტის განზრახვაში მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობა. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ი--- კ----------ს ქმედებაში არ იკვეთება ქურდობის მცდელობის ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნები და მისი განზრახვა უნდა ჩაითვალოს მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მაშინაც კი თუ გამართლებულ - ი--- კ----------ს ქმედებას მიეცემოდა სამართლებრივი შეფასება - სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საქმეში არსებული მტკიცებულების მიხედვეთ მაინც საეჭვო იქნებოდა მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავეთ ცნობისათვის, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი არაა მ--–-----ის ბულვარის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხსენებული ობიექტის ჩაბარების შემდეგ ობიექტზე დატოვებულ ორ ცალ ბეტონის ფილას, რომელიც შემთხვევის დღეს - 2018 წლის 14 იანვარს ამოღებული იქნა ი--- კ----------ს ურიკიდან, იმ მომენტისათვის გააჩნდათ თუ არა რაიმე მატერიალური ღირებულება. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში გაცხადებული ერთი ცალალი ბეტონის ფილის ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ ფოთის მერიის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ა-–---------- შ-----ს ჩვენების საფუძველზე, რომელიც უთითებს ბეტონის ფილების ხარჯთაღვრიცხაში წინათ არსებულ სავარაუდო ღირებულებას, მაშინ როდესაც ამოღებულ ბეტონის ფილებზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რისი ჩატარების შემთხვევაშიც ცნობილი გახდებოდა ხსენებული ბეტონის ფილების მატერიალური ღირებულება და იმავდროულად გაირკვეოდა ხომ არ ჰქონდათ მათ დაკარგული პირვანდელი სახე - ვარგისი იყო თუ არა სამშენებლო დანიშნულებისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ექსპერტიზის მიერ დადგინდებოდა აღნიშნული ბეტონის ფილების უმნიშვნელო ღირებულება, მაშინ ი--- კ----------ს ქმედება შესაძლებელია არ ყოფილიყო ბრალეული, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.
პალატის შეხედულებით იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არარის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლის-სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განაჩენი ი--- კ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
ი--- კ---------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ი--- კ----------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ნივთმტკიცება: ხელის ურიკა და ბეტონის ორი ცალი ფილა, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დ ადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე