განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002218696
№1/ბ-285-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა---- მ------იას
ადვოკატის - ლ-–- რ-------ის მონაწილეობით
მსჯავრდებულის - პ----- მ–------ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- ა-–---------ეს ძე მ–------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. პირადი ნომერი: 6---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ოჩხამური, დ-------–-----–ის ქ.№5-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა, რომ პ----- მ–------ემ ჩაიდინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 28 ოქტომბერ,ს შპს „მ-----ს“ და რ----–-- მ--–------–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „მ-----მ“ რ----–-- მ--–------–ისათვის შეიძინა ლიზინგის საგანი - BMW X5-ის მარკის ავტომანქანა 6 765 ლარად. 2015 წლის 25 დეკემბერს, შ. პ.ს. „მ-----ს“, რ----–-- მ--–------–სა და პ----- მ–------ეს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 28 ოქტომბრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ სალიზინგო სამართლებრივ ურთიერთობაში რ----–-- მ--–------–ის ადგილი დაიკავა პ----- მ–------ემ და მას გადაეცა ლიზინგის მიმღების ყველა უფლება და ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 ოქტომბერი, ხოლო ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 279,14 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ლიზინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის გადახდამდე შეძენილი ავტომანქანა გადავიდა შპს „მ-----ს“ საკუთრებაში, ხოლო სარგებლობის, ფლობისა და შემდგომში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა პ----- მ–------ეს. ამ უკანასკნელმა ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტომანქანა გაფლანგა - 2016 წლის მაისის თვეში გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე შპს „მ-----ს“ უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად, რითაც შპს „მ-----ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენით პ----- მ–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------ე ძ-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული განაჩენის გამკაცრება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ა---- მ------იას, რომელმაც მოთხოვნა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ პ----- მ–------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ლ-–- რ-------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ----- მ–------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ---–-------–----–------------–------–------–--------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2015 წლის 28 ოქტომბრის სალიზინგო ხელშეკრულებით - შ.პ.ს ,,მ-----სა'' და რ----–-- მ--–------–ს შორის, 2015 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით შ. პ. ს ,,მ-----ს,'' რ----–-- მ--–------–ს და პ----- მ–------ეს შორის, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის მაისის განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ პ----- მ–------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, განაჩენი კანონიერია და დასაბუთებული.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მოცემულ შემთხვევაში სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის ზიანის აუნაზღაურებლობა, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წლის 7 ივნისის № 1019აპ-09 გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
პ----- მ–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
პ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე