განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002135821
N1/ბ-460-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე
პროკურორის - დარიკო ვადაჭკორიას
მსჯავრდებულის - დარინა ხოშტარიას
ადვოკატის - ესმა ნორაკიას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დარინა ჯემალის ასული ხოშტარიას მიმართ პ/ნ 62001024111, დაბადებული 1983 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ქ.ქუთაისი, შერვაშიძის ქ.N53/60-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად დარინა ხოშტარიამ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 06 სექტემბერს ქუთაისში, ხარებავას ქუჩა N52-ში მდებარე ეკატერინე პატარიძის საცხოვრებელ ბინაში შელაპარაკებისას დარინა ხოშტარიამ ორსულ სალომე ბაღდასაროვს ხელი დაარტყა ყურის არეში, შემდეგ კი სახისა და გულმკერდის არეში. დაზარალებულმა აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით დარინა ხოშტარია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დანაშაულთა ერთობლიობით, დარინა ხოშტარიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - დარინა ხოშტარიას მიერ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან: წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ გამოძიება დაწყებულ იქნა გაუქმებული მუხლით, დაზარალებულმა და მოწმეებმა მისცეს ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები და საქმეზე არ გამოკვლეულა მტკიცებულებათა გარკვეული ნაწილი, რომლებზეც მითითებულია გასაჩივრებულ განაჩენში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან კანონდარღვევას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
- აპელანტს, მსჯავრდებულ - დარინა ხოშტარიას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ესმა ნორაკიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
- სახელმწიფო ბრალმდებელს - დარიკო ვადაჭკორიას, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული (დაზარალებული) სალომე ბაღდასაროვას ჩვენებით დადგენილია, რომ დ.ხოშტარია გაიცნო დეიდასთან ეკატერინე პატარიძესთან, შემთხვევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. 2017 წლის 6 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, სტუმრად იყო დეიდასთან. სახლში დეიდის გარდა იყვნენ მისი დეიდაშვილები - ბელა და ლუკა ნანავები. ამის შემდეგ შემოვიდა დარინა ხოშტარია ბავშვთან ერთად, ხელში თეფშიც ეკავა. ის დარინაზე იყო ნაწყენი, რადგან იცოდა რომ ცოტა ხნის წინ მისი გარდაცვლილი შვილის სურათის წინ ცეკვა-თამაში გაუმართია, ამის გამო საყვედური უთხრა დარინას. დარინამ უპასუხა: ,,არ მაინტერესებს შენი გარდაცვლილი შვილიო“. ამის შემდეგ მოწმემ მას სთხოვა ამდგარიყო და გარეთ გასულიყო, თუმცა უშედეგოდ. სალომემ ასევე დარინას მოუწოდა ბავშვი არ დაეტოვებინა უყურადღებოდ და არც მათ სახლში შესულიყო, რადგან მასზე ცუდი ხმები დადიოდა. დარინამ ყვირილი დაიწყო, ამ დროს სალომე 5 თვის ორსულად იყო და ეტყობოდა კიდევაც, რაც დარინამ იცოდა მანამდეც და ჩხუბის დროს ეკატერინე პატარიძემაც უთხრა, რომ ორსულადაა სალომე და დაანებე თავიო. დარინამ მარჯვენა მხარეს ყურის, კისრის და გულმკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც მან იგრძნო ტკივილი, დაკაწრული იყო. დარინა ბელა ნანავამ გაიყვანა სახლიდან.
მოწმე ეკატერინე პატარიძის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ სალომე ბაღდასაროვის დეიდა. დარინა ხოშტარია მათ ბინაში იყო ნაქირავებში. მათ სართულზე ცხოვრობდა შვილთან ერთად და ბავშვს ხშირად ტოვებდა მათთან. მოწმე ბავშვის დატოვებაზე წინააღმდეგი არ ყოფილა არასდროს, უბრალოდ დარინამ მის შვილს შესთავაზა თუ სამსახურს ვიშოვი ბავშვს შენ ჩაგაბარებ და თანხასაც გადაგიხდიო. ის ამის წინააღმდეგი იყო, იმიტომ, რომ მის შვილს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს და მთელი დღით ბავშვის დატოვება არ სურდა. 2017 წლის 6 სექტემბერს ეკატერინე პატარიძე იყო სახლში, მისი დისშვილი სალომე იყო მასთან სტუმრად. დარინა ერთი შემოსვლა მასთან შევიდა, შემდეგ კიბეებზე შეხვდა, ნაგავი მიჰქონდა ქვემოთ და უთხრა ახლავე ამოვბრუნდები და შემოვალ შენთანო. კიბეებზე შეხვედრის შემდეგ მალევე შევიდა დარინა მათთან, რადგან მისი შვილი იქ იყო. მისი დისშვილიც ობოლია, შვილსაც მარტო ზრდის და დარიგებები დაუწყო, ესე არ გააკეთო დარინა, სხვასთან ნუ ტოვებ, ბავშვი სულ ახლოს გყავდესო, შენ გვერდითო. დარინამ უთხრა: შენ რას მასწავლი ჩემი შვილის გაზრდასო. მოწმის განმარტებით, ერთ დღეს მისი მეუღლე მივიდა სახლში ნასვამი. ძალიან ნასვამი იყო, მუსიკები ჩართო, ცეკვა დაიწყო. დარინაც აყვა მის მეუღლეს. ეს რომ სალომემ გაიგო, არ ესიამოვნა. 9 თვის ბავშვი ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. ბავშვის სურათიც წინ იდო სადაც ცეკვავდნენ, ეს ყველაფერი 6 სექტემბრამდე მოხდა დაახლოებით ერთი თვით ადრე. მოწმეს ნასვამი მეუღლისა და დარინას ცეკვაზე და მუსიკებზე დარინასთვის საყვედური არ უთქვამს, ქმარს უთხრა მხოლოდ. მომხდარი სალომე ბაღდასაროვს ბავშვებმა უამბეს ტელეფონზე საუბრისას. 6 სექტემბერს, როცა სალომე დარინას ესაუბრებოდა ბავშვის აღზრდაზე და მან უხეშად მიმართა, სალომემ უთხრა: ,,შენ ამას წინათ მთვრალ ბიძაჩემს რომ აჰყევი და ჩემი გარდაცვლილი ბავშვის სურათის წინ ცეკვავდით, რა საქციელიაო. ოჯახს პატივი არ ეცი, რადგან ჩემი შვილი ამათთვის ძაან ახლობელი იყოო”. სალომე ყველაზე მეტად იმან გააბრაზა როცა დარინამ უთხრა: ,,სულ მკიდია შენი შვილი და ყველა ფეხებზე, მე სადაც მინდა და რასაც მინდა იმას გავაკეთებო“. ამის შემდეგ სამჯერ მაინც უთხრა სალომემ სიტყვიერად, დატოვე ეს სახლიო. დარინა ისევ აგრძელებდა ასეთ საუბრებს. შემდეგ წამოდგა სალომე, ხელი მოჰკიდა დარინა ხოშტარიას, რომელსაც შვილი ხელში ეჭირა და სულ ჯიკავ-ჯიკავით მიიყვანა კარებამდე: ,,გადი აქედან ნერვები არ მომიშალოო “. ამ დროს სალომე ფეხმძიმედ იყო. კარებამდე, რომ მიიყვანა სალომემ დარინა, დარინა შემოუტრიალდა და ჩაარტყა სალომეს. მოწმის განმარტებით, სალომე ბაღდასაროვს ჩასისხლიანებული ჰქონდა სულ კისერი. როგორც ახსოვს სამ-ოთხ ადგილზე ჰქონდა ჩაქცევა. სალომეს ხელი არ დაურტყამს.
მოწმე თეიმურაზ ცხადაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2017 წლის 06 სექტემბერს დარინა ხოშტარიას მიერ გაკეთდა შეტყობინება განყოფილებაში, გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო შემდეგ ბრალი წარედგინა 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა აქვს მიღებული, კერძოდ, მან გამოიკითხა სალომე ბაღდასაროვი და ეკატერინე პატარიძე, დაინიშნა ექსპერტიზები, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო დაზარალებულს, ხოლო ბრალის შესახებ დადგენილება ბრალდებულს, რის შემდეგაც გამოკითხა დარინა ხოშტარია, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება. დარინა ხოშტარია მოწმის სახით დაკითხა ილია ხაფავამ, ხოლო ბრალდებულის სახით - უშუალოდ მან. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო და გამოიკითხა მოწმეები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005226917 დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:48-19:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. დარინა ხოშტარიას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.09.17წ. 18:48-19:00 სთ-ზე ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე აცხადებს უარს. მოქ. დარინა ხოშტარიას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005228717 დასკვნით დადგენილია, რომ 06.09.17წ. 18:30-18:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. სალომე ბაღდასაროვას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
გიორგი გრიგოლაშვილმა სრულად დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
დარინა ხოშტარიამ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ჰყავს 2 წლის შვილი. რაც შეეხება ეკატერინე პატარიძეს, მის მეზობლად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ჰყავს 5 შვილი. დარინა როგორც ეკატერინეს ასევე მის მეუღლესაც კარგად იცნობს, მათ დარინა ხოშტარიასთვის არასდროს უთქვამთ, რომ მათ სახლში არ შესულიყო. პირიქით, მის დახმარებასაც ცდილობდნენ სამსახურის მხრივ. რაც შეეხება მოწმის მიერ ეკატერინე პატარიძისათვის შვილის დატოვების საკითხს, დარინა ხოშტარიამ განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ დაუტოვა მათ ბავშვი, როდესაც ბინის ქირას ვერ იხდიდა და ცდილობდა სამსახური ეშოვნა. 1 დღე იმუშავა და მიღებული 10 ლარიც ეკატერინეს მისცა. შეთანხმდნენ, რომ, თუკი დარინა შეძლებდა და იმუშავებდა, ბავშვს დაიტოვებდნენ და სანაცვლოდ თანხასაც მიიღებდნენ. სალომე ბაღდასაროვი კონფლიქტამდე ერთხელ ჰყავდა ნანახი. გაცნობის მიზნით ეკატერინე პატარიძემ და მისმა მეუღლემ დაპატიჟეს მათთან, ისაუბრეს გაერთნენ მთელი ოჯახი მხიარულობდა და ცეკვავდა, ისიც აცეკვეს, დარინა ხოშტარიას განმარტებით, იმ დღეს არავის უთქვამს, რომ რაიმე დაშავდა ამით. არც სალომეს გარდაცვლილი ბავშვის შესახებ იცოდა რაიმე. ერთ დღეს დილით ეკატერინემ გააღვიძა და უთხრა მასთან გასულიყო ყავის დასალევად, თან ფული სთხოვა თუ ჰქონდა რაიმე, რაზეც ბრალდებულმა უარი უთხრა, ვინაიდან ნამდვილად არ ჰქონდა არაფერი. ეკატერინეს უთხრა, რომ ცოტახანში შევიდოდა მასთან, რადგან ბავშვს ეძინა. ამის შემდეგ ადგა, მაღაზიაში ჩავიდა საჭმლისთვის და ბავშვის გაკეთებული საჭმლიანი თეფშით შევიდა ეკატერინე პატარიძესთან. ბავშვი სკამზე დაისვა და აჭმევდა. იქ დახვდა სალომე. ჯერ მოიკითხა, შემდეგ სალომემ უთხრა: აქ ბავშვს რატომ ტოვებო. მან ახსნა სცადა, თუმცა არ დააცადა: აქ საერთოდ ნუ შემოდიხარო, ცუდი სახელი გაქვს მეზობლებში და შენნაირი ვეგონებით ვინმესო, „მკვდარი ბავშვი მყავს მე და შენ აქ ტაშ-ფანდური გაგიმართიაო“. ამ სიტყვებზე დარინა ანერვიულდა, ეწყინა და იმდენად მოულოდნელი იყო ვერაფერი ვერ უთხრა, მხოლოდ ჰკითხა რის საფუძველზე აყენებდა ესეთ შეურაცხყოფას, ოჯახის უფროსი ეკატერინე იყო და სალომე რატომ საუბრობდა მის მაგივრად. სალომემ კი უთხრა, რომ ისიც ოჯახის წევრი იყო და ჰქონდა აზრის თქმის უფლება. დარინა ხოშტარიამ ბავშვი აიყვანა ხელში და შეპასუხება დააპირა. შემდეგ სალომემ ხელი გაუშალა, გაათრიეთ ეს ახლა აქედანო, თმებში ჩაავლო ხელი. ამის შემდეგ დეიდამისი და დეიდაშვილი ჩაერთნენ და გააშველეს. ბავშვი ხელში ჰყავდა ამ დროს, ბავშვს შეეშინდა და ბოლო ხმაზე კივილი დაიწყო. დღემდე ეშინია მარტო დარჩენის და დიდი ემოციური სტრესი მიიღო. სალომეს დეიდაშვილს ბელა ჰქვია, 16 წლისაა. ის და ეკატერინე შეესწრნენ ამ ინციდენტს. დარინა ხოშტარიამ დარეკა პოლიციაში, დააფიქსირა რომ უმიზეზოდ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მალევე მივიდა პოლიციის ეკიპაჟი, ერთი თანამშრომელი დარინასთან მივიდა, მეორე სახლში შევიდა, რომელმაც შემდეგ დარინა ხოშტარიას ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა სალომეს ნაკაწრი. აღნიშნულმა კითხვამ დარინაც გააკვირვა, რადგან განმარტავს, რომ თითიც არ დაუკარებია სალომესთვის. ამავდროულად აღნიშნა, რომ სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერანაირად ვერ მოახერხებდა.
N2140586 შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 06 სექტემბერს 15:18 საათზე ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაში საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების “125“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ. ქუთაისში, ხარებავას ქუჩა N52-ში მცხოვრებ დარინა ხოშტარიას, მეზობლის ქეთევან მატარიძის სტუმარმა ვინმე სალომემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სააპელაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას დარინა ხოშტარიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნები დარინა ხოშტარიას უდანაშაულობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დარინა ხოშტარიას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მომხდარი შემთხვევის ირგვლივ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებას, რომელთა მიხედვითაც დგინდება შემდეგი: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის სალომე ბაღდასაროვას ჩვენების მიხედვით, ,,დარინამ მარჯვენა მხარეს ყურის, კისრის და გულმკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც მან იგრძნო ტკივილი“. ეკატერინე პატარიძის ჩვენების მიხედვით ,,დარინა შემოუტრიალდა და ჩაარტყა სალომეს. მოწმის განმარტებით, სალომე ბაღდასაროვს ჩასისხლიანებული ჰქონდა კისერი. როგორც ახსოვს სამ-ოთხ ადგილზე ჰქონდა ჩაქცევა“. ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005228717 დასკვნის თანახმად სალომე ბაღდასაროვას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დარინა ხოშტარიას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაცვის მხარის გაცხადებული არგუმენტაცია მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას, ვინაიდან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №005226917 დასკვნით დადგენილია, რომ დარინა ხოშტარიას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით დარინა ხოშტარიას ჩვენების ნაწილი, სადაც აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სალომე ბაღდასაროვას ცემის ფაქტს უარყოფს, არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის კრიტერიუმს. მისი ეს ვერსია მოსალოდნელი პასუხისმგებლისგან თავის არიდების მიზნით არის მოგონილი და სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დარინა ხოშტარიას მიერ სალომე ბაღდასაროვას ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსულის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლის თანახმად სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულ დარინა ხოშტარიას მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დარინა ხოშტარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დარინა ხოშტარია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დანაშაულთა ერთობლიობით, დარინა ხოშტარიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დარინა ხოშტარიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ CD- R დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე