განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
080100117001969846
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001969846

№1/ბ-195-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ-------ი ჩ-------ის

მსჯავრდებულის - ი-----ო დ------ის

ადვოკატის - ი-----–ი მ-------ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----ო ვ--–-----ის ძე დ------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 6---------- უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ-----------, მე-2 შესახვევი, კორპუსი №4, ბინა №35.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----ო დ------ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისში, ნიკეას ქ.N2-ში მდებარე, შპს „მისო რიკო ექსპრესი“-ის მოლარე-ოპერატორმა ი-----ო დ------ემ, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა 2013 წლის 18 მარტიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2016 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დასახელებული საწარმოს 2050 აშშ დოლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ი-----ო დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებუ-ლი დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - დ-------ი ჩ-------ის მიერ, რომლითაც ითხოვა ი-----ო დ------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინა შესაგებელი, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ დ-------ი ჩ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მსჯავრდებულ ი-----ო დ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–ი მ-------ეს, რომელებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----ო დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ზეპირი შეტყობინების მიღების ოქმით, ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ-----------–--ას გამოკითხვის ოქმით, ი-----ო დ------ის გამოკითხვის ოქმებით, ცნობით ი-----ო დ------ის ნასამართლობის შესახებ, მიმართვის წერილით შპს „რიკო ექსპრესს“, მომართვის წერილით შპს „რიკო ექსპრესიდან“, ი-----ო დ------ის დანიშვნის ბრძანებებით, დადგენილებით კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ, მომართვის წერილით, ნ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დისკით და მასზე არსებული ვიდეო ჩანაწერებით, ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმით, დაზარალებულ ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულისათვის ინფორმაციის მიწოდების და საქმის მასალების გაცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის არგუმენტს ზიანის აუნაზღაურებლობის გამო სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, რაც ასევე განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წლის 7 ივნისის № 1019აპ-09 გადაწყვეტილებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----ო დ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ი-----ო დ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - დ-------ი ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ი-----ო დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი-----ო დ------ეს 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

ი-----ო დ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 01 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე