განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001286665
№1/ბ-388-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ლ---- მ---------ის
ადვოკატის - პ----- ბ---–----ის მონაწილეობით
გამართლებულის - ნ-------- ჩ--–----ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ზ------ის ძე ჩ--–----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კ------ეში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-------- ჩ--–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 1300 საათის შემდგომ, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N4-ში მდებარე აფთიაქში, ქურდობისათვის ნასამართლევი ნ-------- ჩ--–----ე ე----- ქ-------ის ხელჩანთიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საფულეს, რომელშიც ე----- ქ-------ე ინახავდა 30 ლარს, პირადობის მოწმობასა და სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ნ-------- ჩ--–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ადილარ წირღვავას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ნ-------- ჩ--–----ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა:
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ გამოძიებაში ნ-------- ჩ--–----ემ აღიარა თუ როგორ დაეუფლა ე----- ჩ--–----ის საფულეს ფარულად და მიისაკუთრა ფულადი თანხა. ამის სემდეგ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ნ-------- ჩ--–----ის მითითებით ამოღებულ იქნა ე----- ქ-------ის საფულე შიგ არსებული პლასტიკური ბარათებითა და პირადობის მოწმობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ნ. ჩ--–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტ მხარეს, პროკურორ ლ---- მ---------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ნ-------- ჩ--–----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ----- ბ---–----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული (დაზარალებული) ე----- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, შვილიშვილი თ-------ე ქ-------ე გაუხდა ავად, რომელიც დააწვინეს ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში. ამავე დღეს წამლების საყიდლად იმყოფებოდა ,,ფარმადეპოს'' აფთიაქში, სადაც იყიდა წამლების ნაწილი, რის შემდეგ მას დაუბრუნეს პირადობა, 20 ლარიანი და ორი ხუთლარიანი, რომლებიც ჩადო ჩანთაში და გადავიდა გვერდით მდებარე აფთიაქში, სადაც აღმოაჩინა, რომ საფულე აღარ ედო ჩანთაში. ამის შემდეგ, დაბრუნდა ,,ფარმადეპოს'' აფთიაქში და დაათვალიერა ვიდეო თვალის კადრები, რომელშიც ჩანს მასთან ახლოს მდგომი ნ-------- ჩ--–----ე, რომელმაც ჩანთიდან ამოაცალა ნაცრისფერი, შავზოლებიანი საფულე. მასში ჩადებული იყო პირადობის მოწმობა, კრედო ბარათი, ორი რეცეპტი, თანხა 30 ლარი და ინტერნეტ ბარათი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩა N4-ში მდებარე „ფარმადეპოს’’ აფთიაქში, 2016 წლის 03 თებერვლის 1300 საათიდან 1345 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი ორი სხვადასხვა ვიდეოთვალის ჩანაწერი. ერთ-ერთ კადრში ჩანს ნ-------- ჩ--–----ე, რომლსაც ტანზე აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის ქურთუკი, ხოლო თავზე ახურავს სპორტული ქუდი. იგი მცირე ხნით დგას სალარო აპარატთან ე----- ქ-------ის გვერდით. შემდეგ ტრიალდება და სწრაფი ნაბიჯით მიდის გასასვლელისაკენ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად, დავით აღმაშენებლის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოში, ნ-------- ჩ--–----ის მიერ მითითებული ადგილიდან, ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, თეთრი და ყავისფერი ნახატი ფიგურებით, ე----- ქ-------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა პ/ნ 0----------, ,,ლიბერთი ბანკის’’ საპენსიო ბარათი, ლაი-ლაის ბარათი, გადახდის ქვითრები და ქაღალდის ნაგლეჯები ტელეფონების ნომრებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე ასევე დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციებიც ირიბ ჩვენებებია. ამ სახის ჩვენებების არასანდოობაზე და მათ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შეუძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, მაგრამ ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-------- ჩ--–----ე, რომელიც აფთიაქში დგას ე----- ქ-------ის გვერდით, ,,მარჯვენა ხელის მოძრაობით აკეთებს რაღაც გაურკვეველ მოქმედებას, ტრიალდება და ხელში უჭირავს მოშავო ფერის პატარა ზომის საფულეს მსგავსი ნივთი“, რადგან სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება 2016 წლის 03 თებერვალს, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N4-ში მდებარე ,,ფარმადეპოს“ აფთიაქში ნ-------- ჩ--–----ის ყოფნის ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება მისი მხრიდან აფთიაქში ქურდობის ჩადენის ფაქტი.
მომხდარი ფაქტის საილუსტრაციოდ პალატა განსაკუთრებით ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ე----- ქ-------ის ჩვენებას, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია 2016 წლის 03 თებერვალს, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N4-ში მდებარე ,,ფარმადეპოს“ აფთიაქში, დაახლოებით 1300 საათიდან 1345 საათამდე დროის მონაკვეთში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ე----- ქ-------ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ,,გამყიდველს მივეცი პირადობა და ფული. მომცეს წამლები. დაბრუნებული პირადობა, 20 ლარიანი და ორი ხუთლარიანი ჩავდე ჩანთაში, რის შემდეგ მოხდა ქურდობა“. ხოლო ვიდეო ჩანაწერში გარკვევით და ნათლად ჩანს, რომ აფთიაქში მყოფ ე----- ქ-------ეს ხელში უჭირავს პირადობის მოწმობა, ხოლო ნ-------- ჩ--–----ე ამ დროს უკვე გასულია აფთიაქის შენობიდან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა საფულე და სხვა ნივთები, მათ შორის პირადობის მოწმობა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული ვერ ადასტურებს ნ-------- ჩ--–----ის მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს და საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ “in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე დასკვნის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ნ-------- ჩ--–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უტყუარ, დამაჯერებელ, აშკარა და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მათ საფუძველზე უტყუარად დაადგინოს ბრალდების მხარის მიერ ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბთუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურატურის ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი ნ-------- ჩ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ნ-------- ჩ--–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნ-------- ჩ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განემარტოს გამართლებულ ნ-------- ჩ--–----ეს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევასი.
ნივთმტკიცება - ე----- ქ-------ის საფულე დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება - ვიდეოთვალის ჩანაწერი, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე