განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
330100119002932831
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002932831

საქმე №1ბ/916-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის გ--–--------------------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------–---------–-----------------------–---–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ბ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ე--------------–---–ი და ბ--------------ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის ივნისის თვეში, ქ------–-–-------------–------------------------------–- ბ--------------მა ყოფილ მეუღლეს - ე--------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ბალიში ორჯერ ჩაარტყა თავში, ასევე თმებში მოქაჩა ძლიერად და ძირს დააგდო. შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ--------------ისთვის სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რეალური მოხდით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და პიროვნებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ--------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, რეალური მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც უწევს მატერიალურ მხარდაჭერას (ტაქსის მძღოლია და აქვს საკუთარი შემოსავალი), აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა ბ--------------ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი და იგი პირველად განხორციელდა და მსჯავრდებულის განმარტებითა და საქმეში არსებული დოკუმენტაციით, იგი დღეის მდგომარეობით იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში სხვა პირთან, შესაბამისად, ცხოვრობს დაზარალებულისგან განცალკევებით და აღარ აპირებს მასთან ურთიერთობას, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაზარალებულის მიმართ ძალადობის განმეორების რისკს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ბ--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ--------------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი