განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001853626
საქმე №3ბ/1166-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ნ----------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------);
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბ------ ს--------–--ე (პ/ნ 0----------);
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------) და ბ------ ს--------–--ე (პ/ნ 0----------)
ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------) და მოპასუხე ბ------ ს--------–--ე არ გამოცხადდნენ სასასმართლოს სხდომაზე (სასამართლო სხდომის თარიღი და დრო ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,მ–------–ი
2----ის“ (ს/ნ 4--------) და ბ------ ს--------–--ეს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 01/05/2013), შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------)-ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 12.01.2011 წელი. იურიდიული მისამართი: თბილისი, ვ----ს----------–ოს რ------, ფ--–--–---–ი/მ----–---–ი ქ.N85/24. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბ------ ს--------–--ე (პ/ნ 0----------) ვალდებულება: გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: 1----------- 19.03.2013 საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N-------, 19.03.2013წ. (იხ. ს.ფ. 28-29);
4.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------)-ს შედარების აქტის (01.01.2017-20.03.2017) თანახმად, შპს ,,მ–------–ი 2----ის’’ (ს/ნ 4--------)-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა - ძირითადი: 147001.04 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 144786.3 ლარი. (იხ.ს.ფ. 18);
4.3. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 19.05.2014 წლის N------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,მ–------–ი 2----ის’’ (ს/ნ 4--------)-ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
4.4. დასაქმებული პირის საძიებო (მიღებული შემოსავლის) ამონაწერის მიხედვით, ბ------ ს--------–--ეს შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------)-იდან 17.06.2013-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 71206 ლარი. 2014-2015 წლის პერიოდში ხელფასი გაცემული არ არის. (იხ.ს.ფ. 20);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ განმარტა, რომ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
5.2. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეებად დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლის მიხედვით, ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ამასთან, აღნიშნული გარემოება, იმავდროულად არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთან, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
5.3. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირის განსხვავება, ერთიმეორისგან და ისინი გამოყენებულნი იქნენ გადასახადის გადამხდელის შპს „მ–------–ი 2----ის" მიერ, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური არის მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის 100%-ის მფლობელი, ერთპიროვნული დამფუძნებელი, დირექტორი და როგორც დასაქმებულმა პირმა მიიღო ხელფასი, არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
6.სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბ------ ს--------–--ე წარმოადგენს შპს „მ–------–ი 2----ის“ 100 % წილის მფლობელსა და დირექტორს, რომელიც ფაქტობრივად მართავდა საზოგადოების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობას, იგი წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ------ ს--------–--ე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ინსტიტუტს და არ მოქმედებდა საწარმოს საუკეთესო ინტერესებისათვის, რაც გამოიხატება ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების უგულებელყოფაში.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს პირთა ცრუმაგიერად აღიარება, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშობა სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხივ გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. კონსტიტუციის მე-19 მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 94-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.
პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება, თანხვედრაში მოდის თუ არა იგი გადამხდელის სურვილთან/მიზანთან - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. თუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინებისთვის მის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის პირობებს.
ამდენად, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------)-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 291 787,34 ლარი. 19.03.2013 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, 19.05.2014 წ. გამოიცა N------- ბრძანება შპს ,,მ–------–ი 2---’’ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ბ------ ს--------–--ეს შპს ,,მ–------–ი 2----იდან’’ (ს/ნ 4--------) 17.06.2013-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 71206 ლარი. 2014-2015 წლის პერიოდში ხელფასი გაცემული არ არის. შედარების აქტის (01.01.2017-20.03.2017) თანახმად, შპს ,,მ–------–ი 2----ის’’ აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა - ძირითადი: 147001.04 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 144786.3 ლარი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ------ ს--------–--ე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ინსტიტუტს და არ მოქმედებდა საწარმოს საუკეთესო ინტერესებისათვის, რაც გამოიხატება ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების უგულებელყოფაში.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს აპელანტს, რომ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე დაუშვებელია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------) და ბ------ ს--------–--ე (პ/ნ 0----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლის მიხედვით, ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ამასთან, აღნიშნული გარემოება, იმავდროულად, არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთან, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირის განსხვავება, ერთიმეორისგან და ისინი გამოყენებულნი იქნენ გადასახადის გადამხდელის შპს „მ–------–ი 2----ის" მიერ, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე დასახელებმულმა ფიზიკური არის მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის 100%-ის მფლობელი, ერთპიროვნული დამფუძნებელი, დირექტორი და როგორც დასაქმებულმა პირმა მიიღო ხელფასი, არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
პალატა აპელანტის ყურადღებას კიდევ ერთხელ გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ------ ს--------–--ეს შპს ,,მ–------–ი 2---’’ (ს/ნ 4--------)-იდან 17.06.2013-ში შპს-შე განხორციელებული სამუშაოსათვის მიღებული აქვს ხელფასი და არა დივიდენდი. ხელფასის გაცემა (დივიდენდისაგან განსხვავებით) კავშირში არ არის ქონების გარიდებასთან.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -