განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
130100119002924488
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119002924488

საქმე №1ბ/946-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ხ-–-------------–-------------–---–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ-–----–---------–-------------–---–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ------------–---–მა თავისი ძმის ა-–-----------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას; ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს გარდა იმისა, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, შუბლზე და მარჯვნივ თვალბუდის ქვემოთ დაუდგინდა ნაკაწრი ჭრილობა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, ლ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით).

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ძმის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N---------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით), პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილს და ინანიებს; დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია - მან საქმის განხილვისას დაადასტურა ძმასთან შერიგების ფაქტი; აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტამდე და არც მას შემდეგ, მისი მხრიდან ძმის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

ლ-----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი