განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.07.2019
საქმის ნომერი
330310017002185600
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1307-19

N330310017002185600

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო-–----------------ა

წარმომადგენელი - გ--------–------ა

 

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ო-–----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1----- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო-–----------------ას მიმართ.

 

1.2 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

1.2.1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3---- ბრძანებით, ქ. თბილისში, ა-----–--------------–----------–---–-----------ში მდებარე შენობა-ნაგებობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ტ.1, ს.ფ. 13-22).

 

1.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის ამონაწერის მიხედვით უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ა-----–-------------------–----------–---–----------ში მდებარე ბინა N2 და სარდაფი, საკადასტრო კოდი 0----------------------, დაზუსტებული ფართობი 1239.00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ზ---------------–---–ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის 8----------- 13.08.2015 წ.) მიხედვით უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ა-----–-------------------–----------–---–----------ში მდებარე ბინა N2 - ფართი 75 79 კვ.მ. და საცხოვრებელი ფართი, სარდაფის სართული - 73.76 კვ.მ ფართის, საკადასტრო კოდი 0----------------------, დაზუსტებული ფართობი 1239.00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ო-–----------------ა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 22.06.2015 წლის ურთიერთშეთანხმება უძრავი ქონების გადაფორმების შესახებ; 2015 წლის 10 ივნისის N2--------- სააღსრულებო ფურცელი და 2015 წლის 16 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს N2--------- განჩინება (ტ.1, ს.ფ. 81-84).

 

1.2.3. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებით ქ.თბილისში, ა-----–------------ში მოქალაქე ზ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა, ხოლო 2014 წლის 15 სექტემბერს გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა Nნ----------, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე, საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვალდებულებით (ტ.1, ს.ფ. 228-230).

 

1.2.4. 2015 წლის 21 ივლისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს განცხადებით მიმართეს ო-–----------------ამ და ხ-------------–--ემ და განმარტეს, რომ ზ---------------–---–მა მცხ. ქ.თბილისი, ა-----–-----------ში დაიწყო უკანონო მშენებლობა, მის სახელზე დარეგისტრირებულია ბინა N2-ის ზემოთ მყოფი სხვენი, ასევე 2015 წლის 25 ივნისამდე ბინა N2-ს მესაკუთრედაც რეგისტრირებული იყო ზ---------------–---–ი. იმის გამო, რომ ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ მოხდა ეზოს მხრიდან აივანის მიშენება და ასევე უკანონოდ აწარმოებს ბინა N2-ის თავზე სამშენებლო სამუშაოებს, ითხოვენ მდგომარეობის ადგილზე შესწავლას, უკანონო მშენებლობის დემონტაჟს და კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის გატარებას (ტ.1, ს.ფ. 27).

 

1.2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 02 თებერვლის NA-------- განცხადებით მიმართა ო-–----------------ამ და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებაში ცვლილებების შეტანა, ნებართვის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 თებერვლის N2------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის Nნ---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მფლობელად ზ---------------–---–ის ნაცვლად დაფიქსირდა ო-–----------------ა (ტ.1, ს.ფ. 85-87).

 

1.2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს NA-------- განცხადებით მიმართა ო-–----------------ამ და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის Nნ---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 სექტემბრის N2------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის Nნ---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და წინადადება - ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 სექტემბრამდე შეიცვალა წინადადებით - ნებართვა ძალაშია 2017 წლის 15 სექტემბრამდე (ტ.1, ს.ფ. 88-90).

 

1.2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილ იქნა N0----- მითითება ო-–----------------ას მიმართ, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ა-----–-----------ში ო-–----------------ას მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლის - საცხოვრებელი სახლის (საკ.კოდი N0----------------------) რეკონსტრუქცია განხორციელებულია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით. კერძოდ, ,,1-2“ ფასადზე შეცვლილია ვიტრაჟებისათვის განკუთვნილი ღიობების გაბარიტები. ,,2-1“ ფასადზე შეცვლილია ვიტრაჟის გაბარიტები და ვიზუალი. ,,2-2“ ღერძთან დამატებით მოწყობილია საკომუნიკაციო მილები. არსებული საფეხურებისა და აივნის ფილის სიგანე არ შეესაბამება პროექტში ასახულს. შემცირებულია შენობის სიგანე და სიმაღლე. ,,11-11“ ღერძთან ,,დ-გ“ მონაკვეთში შეცვლილია ნიშის გაბარიტი. ,,11-11“ და ,,დ-დ“ ღერძების კვეთაზე კოლონა შებრუნებულია. შენობაში ,,1-1“ ღერძზე და ,,გ-ბ“ მონაკვეთში კედელში დამატებით მოწყობილია ნიშა. ,,გ-ბ“ მონაკვეთში არსებული კარი არ შეესაბამება პროექტში ასახულ არსებულ კარის ღიობს. ,,გ-დ“ მონაკვეთში შეცვლილია ტიხრების მასალა და მდებარეობა, ასევე შეცვლილია აღნიშნულ ტიხარში მოწყობილი კარის ღიობის მდებარეობა. შენობაში არსებულ კართან ორის ნაცვლად მოწყობილია ერთი საფეხური. სველი წერტილის თავზე დამატებით მოწყობილია სათავსი. შიდა კედლების და იატაკის ნაწილი მოპირკეთებულია, ასევე აღნიშნული კედლები შეფუთულია თაბაშირ-მუყაოთი. შეცვლილია კოლონების ადგილმდებარეობა. დამატებით მოწყობილია რიგელები. გადახურვის ფილაში დამატებით მოწყობილია ღიობები. ვერ მოხერხდა სარდაფის სართულის დათვალიერება, რადგან აღნიშნულ სარდაფში ჩასასვლელი ღიობი დალუქულია. ამავე მითითებით აღნიშნული სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით, ო-–----------------ას დაევალა 25 კალენდარული დღის ვადაში მოეხდინა ობიექტის მოყვანა პროექტთან შესაბამისობაში (ტ.1, ს.ფ. 136-138).

 

1.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ო-–----------------ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილი N0----- მითითების პირობები ო-–----------------ას მიერ არ იქნა შესრულებული (ტ.1, ს.ფ. 139-140).

 

1.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2017 წლის 18 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ო-–----------------ა და მისი წარმომადგენელი მ-----–------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტეს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ზ---------------–---–ის მიერ, რომელიც წარმოადგენდა წინა მესაკუთრეს და მშენებლობის დამკვეთს. დღეისათვის, დამკვეთს წარმოადგენს ო-–----------------ა, რომლის მიერაც არ განხორციელებულა სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, მხარეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ფარღვევებზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის წინა მესაკუთრე ედავება ო-–----------------ას, როგორც საკუთრების უფლებას, ასევე დამკვეთის სტატუსს. მათ მიმართული ჰქონდათ არქიტექტურის სამსახურისათვის კორექტირებაზე და ზედამხედველობის სამსახურის წარმოების გამო ეთქვათ უარი. დარღვევის ადგილზე გამოსწორება წარმოუდგენელია (ტ.1, ს.ფ. 147-148).

 

1.2.10. 2017 წლის 03 თებერვლის ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N0---- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც მოქალაქე ო-–----------------ა დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის (ტ.1, ს.ფ. 126-128).

 

1.2.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0---- დადგენილება ო-–----------------ას წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 27 თებერვლის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 ოქტომბრის N1----- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ო-–----------------ას 2017 წლის 27 თებერვლის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0---- დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 13-22).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამასთან, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირების უფლება. ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ 2015 წლის 02 აპრილის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით კი სამინისტრომ აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების კონტროლისა და ზედამხედველობის ვალდებულება გააჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

 

სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოების ჩატარების საფუძვლად კანონი იმპერატიულად მიიჩნევს სათანადო ნებართვას, რომლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონსტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურზე. შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ო-–----------------ას მიმართ 2016 წლის 07 ნოემბერს შედგენილ იქნა მითითება №0----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა-----–-------------–----------–---–--------------ში მოქალაქე ო-–----------------ას საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ო-–----------------ას დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ო-–----------------ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 07 ნოემბრის №0----- მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე - მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; დადგენილია, რომ 2017 წლის 03 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ო-–----------------ა დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი), ბ) რეკონსტრუქცია, გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას), დ) დემონტაჟი, ე) ლანდშაფტური მშენებლობა, ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა- ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია– შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. აღნიშნული კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს, აგრეთვე შეცვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24-ე მუხლის მე-15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებაში ბს-215-213(კ-კს-12) განმარტა, რომ ,,უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას''. ამავე გადაწყვეტილებაში საკსაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა, იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მის აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა''.

 

წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული წარმოების დროს ო-–----------------ას მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოკვლეულია საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ,- მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მას არ უწარმოებია მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების გამოცემის დროისათვის იგი წარმოადგენს სადავო ობიექტის მესაკუთრეს. არამედ ნებართვის გარეშე სარეკონტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია წინა მესაკუთრის ზ---------------–---–ის მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ იქნა დადგენილი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შესაბამის მტკიცებულებებზე დაყდნობით არ არის მითითებული ო-–----------------ა რატომ იქნა მიჩნეული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელ პირად და ამასთან მის მიერ კონკრეტულად რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იქნა განხორციელებული. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მტკიცებულებები - 2015 წლის 21 ივლისის განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ო-–----------------ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ითხოვა ზ---------------–---–ის მიერ კანონმდებლობით ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ნოემბერს გაცემულ №0----- მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ა-----–-------------–----------–---–-------------, ბინა N2-ში ო-–----------------ას მიერ განხორციელებულია საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. ამავე მითითებით, მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტის მოყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო 2017 წლის 03 თებერვალს მიღებულ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ №0----- დადგენილების თანახმად კი, ო-–----------------ა დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის ზუსტად განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ არის ზუსტად დადგენილი რა სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა უშუალოდ ო-–----------------ამ, აღნიშნულის გამოკვლევა კი არსებითი მნიშვნელობის არის, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია განხორციელებულია ობიექტის წინა მესაკუთრის ზაურ გოგატიშვილის მიერ. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ო-–----------------ას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. ამასთან, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1----- ბრძანება ო-–----------------ას წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იმსჯელოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო-–----------------ას მიმართ, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1----- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იმსჯელოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე, შესაბამისად, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე.

 

1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში.

 

აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ა-----–------------ში, ზ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის სარეკონსტუქციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი. ამასთანავე, 2014 წლის 15 სექტემბერს გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა N6----------, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე, საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვალდებულებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2 თებერვლის N1------ განაცხადით მიმართა ო-–----------------ამ და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებაში ცვლილების შეტანა, ნებართვის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 თებერვლის N2------ ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის N5/09/12/293 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მფლობელად, ზ---------------–---–ის ნაცვლად დაფიქსირდა ო-–----------------ა. წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებასთან და 2014 წლის 15 სექტემბრის N6---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობასთან ერთად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 15 აგვისტოს N1------ განცხადებით მიმართა ო-–----------------ამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის N6---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 სექტემბრის N2------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის N6---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და "ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 სექტემბრამდე" შიცვალა „ნებართვა ძალაშია 2017 წლის 15 სექტემბრამდე“. ო-–----------------ას მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 7 ნოემბრის N0----- მითითების შედგენით, რომლითაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ა-----–------------ში ო-–----------------ას მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - საცხოვრებელი სახლის (ს/კ 0----------------------) რეკონსტრუქცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N4---- ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით, კერძოდ, დაფიქსირდა, რომ „1-2“ ფასადზე შეცვლილია ვიტრაჟებისათვის განკუთვნილი ღიობების გაბარიტები. „2-1“ ფასადზე შეცვლილია ვიტრაჟის გაბარიტები და ვიზუალი. „2-2“ ღერძთან დამატებით მოწყობილია საკომუნიკაციო მილები. არსებული საფეხურებისა და აივნის ფილის სიგანე არ შეესაბამება პროექტში ასახულს. შემცირებულია შენობის სიგანე და სიმაღლე. „11-11“ ღერძთან „დ-გ“ მონაკვეთში შეცვლილია ნიშის გაბარიტი. „11-11“ და „დ.დ“ ღერძების კვეთაზე კოლონა შებრუნებულია. შენობაში „1-1“ ღერძზე „გ.ბ“ მონაკვეთში კედელში დამატებით მოწყობილია ნიშა. „გ-ბ“ მონაკვეთში არსებული კარი არ შეესაბამება პროექტში ასახულ არსებულ კარის ღიობს. „გ-დ“ მონაკვეთში შეცვლილია ტიხრების მასალა და მდებარეობა, ასევე შეცვლილია აღნიშნულ ტიხარში მოწყობილი კარის ღიობის მდებარეობა. შენობაში არსებულ კართან ორის ნაცვლად მოწყობილია ერთი საფეხური. სველი წერტილის თავზე დამატებით მოწყობილია სათავსი. შიდა კედლების და იატაკის ნაწილი მოპირკეთებულია, ასევე აღნიშნული კედლები შეფუთულია თაბაშირ-მუყაოთი. შეცვლილია კოლონების ადგილმდებარეობა. დამატებით მოწყობილია რიგელები. გადახურვის ფილაში დამატებით მოწყობილია ღიობები. ვერ მოხერხდა სარდაფის სართულის დათვალიერება, რადგან აღნიშნულ სარდაფში ჩასასვლელი ღიობი დალუქულია. ზემოაღნიშნული მითითებით ო-–--- ხომენკოვას როგორც სამართალდამრღვევს, დაევალა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში ობიექტის მოყვანა პროექტთან შესაბამისობაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის N0----- შემოწმების აქტით დაფიქსირდა 2016 წლის 7 ნოემბრის N0----- მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 თებერვლის N0----- დადგენილების საფუძველზე, ო-–----------------ა დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ა-----–---------------------–---–-----------ში, საცხოვრებელი სახლის (კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლის - ს/კ 0----------------------) პროექტის დარღვევით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის.

 

აპელანტის განმარტებით, უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისში, ა-----–---------------------–---–-----------ში მდებარე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3---- ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 მარტის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა-----–---------------------–---–----------ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ო-–----------------ას საკუთრებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის N7----17 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის N1----- ბრძანება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული წარმოების დროს ო-–----------------ას მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ რატომ იქნა მიჩნეული ო-–----------------ა სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელ პირად და ამასთან, მის მიერ კონკრეტულად რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იქნა განხორციელებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილს N91 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ 2015 წლის 2 აპრილს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, სამინისტროს მიერ განხორციელდა „თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება თბილისისთვის“.

 

ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს ჩატარების საფუძვლად კანონი იმპერატიულად მიიჩნევს სათანადო ნებართვას, რომლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებაც სწორედ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებშია გამოცემული. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 2 000 ლარით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში. მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სამართალდამრღვევ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, ო-–----------------ას პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების დამკვეთ პირს. დადგენილია ის გარემოება, რომ ო-–----------------ას 2016 წლის 2 თებერვლის N1------ განაცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 თებერვლის N2------ ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის N6---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მფლობელად ზ---------------–---–ის ნაცვლად დაფიქსირდა ო-–--- ხომენკოვა. შესაბამისად, ქ. თბილისში, ა-----–---------------------–---–-----------ში საცხოვრებელ სახლზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ს/კ 0----------------------) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დამკვეთს წარმოადგენს ო-–----------------ა. მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციული ორგანო ასკვნის, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა და სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტად ო-–----------------ას არსებობის ფაქტი. ასევე დადასტურებული გარემოებაა, რომ მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ, არ მოიყვანა ობიექტი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში.

 

აპელანტი მიუთითბს, რომ ქ. თბილისში, ა-----–---------------------–---–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაფიქსირებული დარღვევები წინა მესაკუთრის - ზ---------------–---–ის მიერ არის განხორციელებული, რადგან საცხოვრებელ სახლზე ზ---------------–---–ი აგრძელებდა უძრავი ქონების ფლობასა და სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოებას, მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის პერიოდშიც. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, სამშენებლო ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება ეკისრება საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულ დამკვეთს. შესაბამისად, დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისათვის პასუხისმგებლობაც მასვე უნდა დაეკისროს. მოცემულ შემთხვევაში, ო-–----------------ა არის დამკვეთი, რომელსაც აქვს სანებართვო პირობების შესრულების ვალდებულება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, დაეკისრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45.1 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მხრიდან სწორად მოხდა სამართალდამრღვევი სუბიექტის განსაზღვრა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზებას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რომლებითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ერთი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რაც შეიძლება გამხდარიყო სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით, შეიძლება ჩატარდეს რეკონსტრუქცია. 47.1 მუხლის თანახმად კი, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რაც ამავე დადგენილების 36.2 მუხლის შესაბამისად, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. მითითებული დადგენილების 3.50 მუხლით, რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, ხოლო 3.5. მუხლის თანახმად, ახალ მშენებლობად მიიჩნევა მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 01.10.2017წ. №3---- ბრძანებით, ქ. თბილისში, ა-----–--------------–----------–---–-----------ში მდებარე შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამ მისამართზე მდებარე N2 ბინის და სარდაფის (ს/კ 0----------------------, დაზუსტებული ფართობი 1239.00 კვ.მ.) მესაკუთრეს, 2015 წლის 25 ივნისამდე წარმოადგენდა ზ---------------–---–ი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 15.09.2014წ. N4---- ბრძანებით, თბილისში, ა-----–------------ში, ზ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდი. 25.06.2015წ. მითითებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ო-–----------------ას საკუთრების უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23.02.2016წ. N2------ ბრძანებით, ო-–----------------ას მოთხოვნის საფუძველზე, ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 15.09.2014წ. Nნ---------- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მფლობელად, ზ---------------–---–ის ნაცვლად დაფიქსირდა ო-–----------------ა. ამავე პირის მოთხოვნის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.09.2016წ. N2------ ბრძანებით ცვლილება შევიდა 15.09.2014წ. Nნ---------- სანებართვო მოწმობაში და წინადადება - „ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 სექტემბრამდე“, შეიცვალა წინადადებით: „ნებართვა ძალაშია 2017 წლის 15 სექტემბრამდე“.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

მითითებული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 45.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ო-–----------------ას მიმართ 07.11.2016წ. შეადგინა მითითება №0----. მითითების მიხედვით, ქ. თბილისში, ა-----–-------------–----------–---–--------------ში მდებარე, მოქალაქე ო-–----------------ას საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დარღვევის გამოსწორების მიზნით, ო-–----------------ას დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 05.12.2016წ. შედგენილი №0----- შემოწმების აქტით დგინდება, რომ ო-–----------------ამ არ შეასრულა 07.11.2016წ. №0----- მითითებით დადგენილი პირობები. 03.02.2017წ. №0----- დადგენილებით ო-–----------------ა დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. ამდენად, კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოქმედება. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სუს 06.06.2015წ. ბს-215-213(კ-კს-12) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას''. ამავე გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით არის დენადი სამართალდარღვევა, იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მის აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა''.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ დადგინდა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, იმ პირობებში, როდესაც ო-–----------------ა მიუთითებს რომ მართალია, იგი სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის წარმოადგენს სამშენებლო ობიექტის მესაკუთრეს, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მას არ უწარმოებია, ნებართვის გარეშე სარეკონტრუქციო სამუშაოები ნაწარმოებია უძრავი ქონების წინა მესაკუთრის - ზ---------------–---–ის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი ზ---------------–---–ი მოწვეული და გამოკითხული არ ყოფილა, იმის დასადასტურებლად, რომ დადგენილიყო მისი შესაძლო მონაწილეობა შესაძლო სამართალდარღვევაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზ---------------–---–ს ცალსახად, მხოლოდ ო-–----------------ას მითითების საფუძველზე არ მიიჩნევს სამართალდარღვევის ჩამდენ პირად, თუმცა მისი მოწვევა და გამოკითხვა ადმინისტრაციული წარმოებისას სავალდებულოა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყდნობით არ არის მითითებული: ო-–----------------ა რატომ იქნა მიჩნეული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელ პირად და მისი მხრიდან კონკრეტულად რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იქნა განხორციელებული, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი 21.07.2015წ. განცხადების მიხედვით, ო-–----------------ამ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსთხოვა ზ---------------–---–ის მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არის ზუსტად განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, საქმის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს მტკიცებულებები და ჩაატაროს სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურა, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1----- ბრძანება ო-–----------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმსჯელოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლომ ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.10.2017წ. №1----- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე მსჯელობა, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2017 წლის 03 თებერვლის N0----- დადგენილების კანონიერებაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი