განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
100210019002770502
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210019002770502

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-350-19 04 ივნისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(შეგებებული სარჩელით მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(შეგებებული მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - მ-------- კ------- ნ--- ღ--------–---–- კ---- ბ---------- ნ-----–---- კ------

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 03 ნოემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე მ-------- კ-------სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ი-----–- ბ---------- (დაბ. 15.10.2000 წელს) და მ-–---- ბ---------- (დაბ. 07.11.2006 წელს).

მ-------- კ------- გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ხოლო დაბრუნების შემდეგ, აღარ ისურვა ოჯახთან ერთად ცხოვრება. ამჟამად, ცხოვრობს ქ. ჭიათურაში, ისე რომ შვილებთან ურთიერთობა არ აქვს და არც ყურადღებას იჩენს მათ მიმართ.

ამ გარემოებებზე მითითებით, შეგებებულმა მოსარჩელემ მოთხოვა მოპასუხე მ-------- კ-------ს დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილების, ი-----–- ბ----------- (დაბ. 15.10.2001 წელს) და მ-–---- ბ----------- (დაბ. 07.11.2006 წელს) სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით, ჯამში 300 ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ მიუტოვებია თავის შვილები. იგი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაოდ და საჭირო თანხებს უგზავნიდა ოჯახს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იძულებული გახდა დაეტოვებია ოჯახი. გარდა ამისა, მოსარჩელემ ბავშვები აიძულა უარი ეთქვათ დედასთან ცხოვრებაზე. იგი მზადყოფნას გამოთქვამს თავისი შვილების აღზრდასა და პატრონობაზე და უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. N2/461-2018 წ. საქმეზე არსებული, კ---- ბ----------- შეგებებული სარჩელი მ-------- კ-------- მიმართ, ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მ-------- კ-------ს (პ.ნ. 3----------) სარჩელის აღძვრის დღიდან, 2018 წლის 31 დეკემბრიდან, თავისი არასრულწლოვანი შვილების, ი-----–- ბ----------- ( პ.ნ.3---------- დაბ:15.10.2001 წ) და მ-–---- ბ----------- (პ.ნ.3----------; დაბ: 17.11.2006 წ.) სარჩენად, კ---- ბ----------- (პ.ნ. 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს, თითოეულ ბავშვზე თვეში 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის, ჯამში 170 (ასსამოცდაათი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე. 3. მ-------- კ-------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, 61 ლარისა და და 20 თეთრის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. კ---- ბ----------ს და მოპასუხე მ-------- კ-------ს, ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2001 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ი-----–- ბ---------- და 2006 წლის 07 ნოემბერს დაბადებული მ-–---- ბ----------. 2.2. მ-------- კ------- და კ---- ბ---------- ერთად აღარ ცხოვრობენ. სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მათ შორის მიღწეული მორიგება ქონების გაყოფისა და განქორწინების ნაწილში. არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან-კ---- ბ----------სთან, რომელიც ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ს------–--------–-. 2.3. ამჟამად, მ-------- კ------- ცხოვრობს ქალაქ ჭ---------–---------------------ში, იგი დასაქმებული არ არის. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, მ-------- კ-------- მიერ, 2018-2019 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. 2.4. მ-------- კ-------- განმარტებით, იგი ჯანმრთელია, ხანდახან მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე. გარკვეული დროით საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ და იქ მიღებული შემოსავლით შეიძინა ბინა ქ. ჭიათურაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1122-ე მუხლებზე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლებზე და განმარტა: არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. 2.6. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება, მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მეტი მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვები ცხოვრობენ მამასთან. მართალია, დედას არა აქვს სტაბილური სამუშაო, მაგრამ არის ჯანმრთელი და გარკვეული შემოსავალი ჰქონდა წარსულში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ხოლო რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას, გონივრულ ოდენობად განისაზღვრა 85 ლარი თითოეულ ბავშვზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი რეალური მატერიალური მდგომარეობა, როდესაც წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები მისი შემოსავლის და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. იგი შვილების ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებს, მაგრამ არავითარი საშუალება არ გააჩნია გადაიხადოს დაკისრებული თანხა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. 3.2.,,ბავშვის უფლებათა კონვენცია"-დან გამომდინარე, გაუგებარია სასამართლოს მითითება რომ დედა ახდენს ბავშვების უფლების შელახვას და დისკრიმინაციას. პირიქით, მოწინააღმდეგე მხარის იძულებით, ბავშვები იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან მამა უკრძალავს მასთან ურთიერთობას. მ.კ-------ს სისტემატიური ურთიერთობა აქვს სკოლასთან, სადაც მისი შვილები სწავლობენ. მოწინააღმდეგე მხარე კი, პედაგოგებსაც უკრძალავს, რომ არ შეატყობინონ მისი შვილების შესახებ ინფორმაცია და მშობელთა კრების დრო დედას. აღნიშნული გარემოოება არის საფუძველი იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, რადგანაც ალიმენტი მოწინააღმდეგე მხარისათვის დამცირებისა და შანტაჟის საშუალებაა და არა შვილებზე ზრუნვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს, კ---- ბ----------- შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1122-ე მუხლები, „ბავშვის უფლებათა კონვენცია” და აპელანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილის რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდევინებაში. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, აქვს თუ არა მ-------- კ-------ს შემოსავალი და მისგან გამომდინარე განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა. 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულის მიზნით უნდა მიუთითონ ფაქტებზე და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. მხარის მიერ მითითებული გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 4.5. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2/461-18 სამოქალაქო საქმეზე, ამავე მხარეთა შორის მიმდინარე დავაზე, 2019 წლის 01 თებერვალს, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, დამტკიცდა მორიგება ქონების გაყოფის და განქორწინების ნაწილში. აღნიშნული განჩინების თანახმად, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მ-------- კ------- ვალდებულია კ---- ბ----------ს, 8 თვის განმავლობაში გადაუხადოს 2150 აშშ დოლარი, ხოლო კ---- ბ---------- სანაცვლოდ, მ-------- კ-------ს საკუთრებაში გადაუფორმებს უძრავ ქონებას, მდებარე - ჭ----------------------------------------------------. (იხ. განჩინება, ს/ფ 98-100) ამდენად, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მორიგებაში გამოხატული ნება, თავის მხრივ ქმნის პრეზუმფციას მ-------- კ-------- შემოსავლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მას შემოსავალი არ გააჩნია, გაზიარებული ვერ იქნება. 4.7. სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე მუხლების საფუძველზე, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლოს მიერ მშობლისათვის ალიმენტის დაკისრება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის, არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ი-----–- და მ-–---- ბ----------ების ასაკის გათვალისწინებით, მათი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მ-------- კ--------ათვის ყოველთვიურად 85-85 ლარის, ჯამში 170 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება გონივრულია და ვერ გახდება ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ალიმენტის ეს ოდენობა არ აღემატება საქსტატის მიერ დადგენილი, საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმს, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (13.02.2019 წ.) შეადგენდა 179,1 ლარს. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, კ---- ბ----------- შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ მ-------- კ-------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------- კ-------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე