განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
330210017001870644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001870644

საქმე №2ბ/661-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

I აპელანტი - შპს „გეო ფიტნესი“

წარმომადგენლები - გიორგი ცერცვაძე, ოთარ მაჩაიძე

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ჯუმბერ ხატიაშვილი, სს „პლაზა ჰოლდინგი“, შპს „პლაზა“, შოთა ხატიაშვილი, ბაქარ გეგელაშვილი, ნათია მეტრეველი

 

II აპელანტი - შპს „პლაზა“

წარმომადგენლები - ლაშა ზურაბიანი, თამთა ივანიშვილი, ქეთევან ქვარცხავა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გეო ფიტნესი“

წარმომადგენლები - გიორგი ცერცვაძე, ოთარ მაჩაიძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს „გეო ფიტნესმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების - შპს ,,პლაზას“, სს ,,პლაზა ჰოლდინგის“, ჯუმბერ ხატიაშვილის, შოთა ხატიაშვილის, ბაქარ გეგელაშვილისა და ნათია მეტრეველის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გეო ფიტნესის“ სარჩელი მოპასუხეების - შპს ,,პლაზას“, სს ,,პლაზა ჰოლდინგის“, ჯუმბერ ხატიაშვილის, შოთა ხატიაშვილის, ბაქარ გეგელაშვილისა და ნათია მეტრეველის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

3.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით (საქმე N2/8906-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3.3. შპს ,,გეო ფიტნესს“ შპს ,,პლაზას“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 5000 ლარის გადახდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გეო ფიტნესმა“ და შპს „პლაზამ“. შპს „გეო ფიტნესმა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შპს „პლაზამ“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის სრულად დაკმაყოფილება.

 

5. აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ისე მიიღო წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, ესწრებოდა თუ არა შპს "გეო ფიტნესის" დირექტორი ლევან გოთუა შპს ,,პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრებას. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა პირდაპირ პასუხს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში და სამართლებრივ შეფასებაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა, კერძოდ:

 

გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 08 ივლისს შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის სს ,,გრინვუდსის“ დირექტორი ბაქარ გეგელაშვილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლაზა ფიტნესის“ მიერ შპს ,,პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნებისა და მის კაპიტალში უძრავ-მოძრავი ქონების შეტანის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ბაქარ გეგელაშვილი და არა ლევან გოთუა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში მიუთითა, რომ სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და თვლის, რომ 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრება ჩატარდა პარტნიორთა 100% მონაწილეობით (იხ. გადაწყვეტილების პარაგრაფი 6.5), რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლოს მიერ ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ,,პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრებას არ ესწრებოდა შპს ,,გეო ფიტნესის'' დირექტორი ლევან გოთუა. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო შპს „გეო ფიტნესის“ იმჟამინდელი დირექტორის, ლევან გოთუას 2016 წლის 14 სექტემბრის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილი, რომლითაც ლევან გოთუა ადასტურებდა, რომ იგი არ ესწრებოდა შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებას და მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

 

ასევე, ყოვლად გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ "მითითებული დასკვნისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო მოსარჩელე მხარის პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მის მიერ მოხდა მხოლოდ იმის მითითება, რომ შპს ,,გეო ფიტნესი“ სათანადო წესით არ ყოფილა ინფორმირებული". მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ შპს "გეო ფიტნესი" არ ესწრებოდა შპს "პლაზა ფიტნესის" 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრებას და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საერთოდ არ იყო ინფორმირებული (იხ. სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ და დადგენილად, რომ შპს ,,გეო ფიტნესის“ დირექტორის დავით ქადაგიძის მიერ 2012 წლის 01 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ბაქარ გეგელაშვილს მიენიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: ,,წარმოადგინოს საზოგადოება შპს ,,პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაუჭიროს განსახილველ საკითხებს და როგორც შპს ,,გეო ფიტნესის“ წარმომადგენელმა ხელი მოაწეროს შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კრების ოქმებს.

 

შპს "პლაზა ფიტნესის" 2015 წლის 08 ივლისს პარტნიორთა კრების ოქმში ცალსახად არის მითითებული, რომ ბაქარ გეგელაშვილი შპს ,,პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებას ესწრებოდა და მოქმედებდა, როგორც სს "გრინვუდსის" წარმომადგენელი და არა, როგორც შპს "გეო ფიტნესის" წარმომადგენელი. თავის მხრივ, კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა შპს "გეო ფიტნესის" წარმომადგენელი ლევან გოთუა. შესაბამისად, რომც ყოფილიყო დაშვებული, რომ ბაქარ გეგელაშვილს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება ემოქმედა (რასაც არ ადასტურებს აპელანტი და ხდის სადავოდ), როგორც შპს "გეო ფიტნესის" წარმომადგენელს, აღნიშნულს წინამდებარე საქმისთვის გადაწყვეტისთვის ვერ ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან, როგორც კრების ოქმიდან დასტურდება ბაქარ გეგელაშვილი არ მოქმედებდა, როგორც შპს "გეო ფიტნესის" წარმომადგენელი, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ შპს "გეო ფიტნესის" დირექტორი იღებდა კრებაში მონაწილეობას, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ სს "გრინვუდსი" კონტროლდებოდა ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ, სს "გრინვუდსის" დაფუძნებისას თავად ჯუმბერ ხატიაშვილი იყო მისი დირექტორი, მოგვიანებით კი, ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ კომპანიის დირექტორად დაინიშნა ბაქარ გეგელაშვილი. სს "გრინვუდსის" აქციონერის - სს „პარკ პლეისის“ და შემდგომში შპს "კოლოს" დირექტორი კი იყო ჯუმბერ ხატიაშვილი, შესაბამისად, სს "გრინვუდსი" იყო ჯუმბერ ხატიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია და ბაქარ გეგელაშვილი მოქმედებდა მისი მითითებების შესაბამისად.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეთა მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, სასამართლოს მიერ არასწორად არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ განხორცილებული ტრანზაქციების შედეგად სადავო უძრავი ქონებები გადავიდა შპს "პლაზას" საკუთრებაში, რომლის დირექტორიც გახლავთ ჯუმბერ ხატიაშვილის შვილი შოთა ხატიაშვილი. შპს "პლაზას" პარტნიორები კი არიან შპს "ეი ბი სი", რომლის 100% ეკუთვნის ჯუმბერ ხატიაშვილის ოჯახს (1% - შვილს შოთა ხატიაშვილს, ხოლო 99% - ცოლს რუსუდან მაჩხანელს) და სს "სი ეი სი", რომელიც ასევე კონტროლდება ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ მალხაზ არბოლაშვილის მეშვეობით (დეტალურად იხ.: მოსარჩელის 2018 წლის 12 თებერვლის შუამდგომლობა). შესაბამისად, ჯუმბერ ხატიაშვილს ამ ტრანზაქციების შედეგად გააჩნდა პირდაპირი ინტერესი ქონებები გადასულიყო იმ კომპანიის საკუთრებაში, რომელსაც თვითონ აკონტროლებდა. სასამართლოს მიერ ასევე არასწორად არ იქნა დადგენილი, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 9 725 454 ლარს. ქონებების ღირებულება, რომელიც შპს "პლაზა ფიტნესისგან" საკუთრებაში გადაეცა შპს "პლაზა ჰოლდინგს", თავად შპს "პლაზა ფიტნესის" (როგორც შპს "პლაზა ჰოლდინგის" დამფუძნებელი პარტნიორის) 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული და შეადგენს 9,725,454 ლარს.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ზოგადი და აბსტრაქტული მსჯელობებით შეეცადა შეექმნა გადაწყვეტილების დასაბუთებულობის იმიტაცია. მის მიერ მითითებული სასამართლო პრაქტიკა, ისევე როგორც სამართლებრივი მსჯელობა, არათუ ვერ აქარწყლებს მოსარჩელის პოზიციას, არამედ პირიქით ამყარებს მას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მოხმობა წინამდებარე საქმის გადაწყვეტისთვის ნაკლებად რელევანტურია.

 

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი და სასამართლო პრაქტიკა, ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ #7---/03, (რომელიც თავის მხრივ უთითებს სასამართლოს მიერ მოყვანილ საერთაშორისო პრაქტიკაზე) რათა თავი აერიდებინა კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისათვის. თუმცა ხაზგასასმელია, რომ მოცემული პრაქტიკა, წინამდებარე დავის ფარგლებში სრულებით არარელევანტურია და სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის საპირისპიროს ადგენს, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯ-ა საქართველოს წინააღდეგ #7----03 ეხება უზენაესი სასამართლოს ბუნდოვან და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და ადგენს შიდა სასამართლო ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტს. თბილისის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ციტირებს გადაწყვეტილებიდან #7---/03 მისთვის სასურველ მხოლოდ ერთ მონაკვეთს, რომლის მიხედვითაც: „თუკი კონვენციის მე-6 (§1) მუხლი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ მათი გადაწყვეტილება, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნა“. თუმცა, ყურადღებას არ ამახვილებს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტს. კერძოდ: „სასამართლო, თავისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განმარტავს, რომ სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების ფარგლები, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს და შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით''. (García Ruiz c. Espagne [GC], no 30544/96, §26, CEDH 1999-I; Ruiz Torija c. Espagne, arrêt du 9 décembre 1994, série A no 303-A, §29 ; Higgins et autres c. France, 19 février 1998, §42, Recueil 1998-I).“

 

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინამდებარე განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ უზენაესმა სასამართლომ, იძულებული იყო რა გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობაში აუცილებელი დაზუსტებების არარსებობის პირობებში მიეღო, ბუნდოვანი და არასაკმარისად დასაბუთებული დასკვნები გამოიტანა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულმა ინსტანციამ ვერ დააკმაყოფილა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა“. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება #7----03 არ აძლევს უფლებას შიდა სასამართლო ინსტანციებს ამორჩევის პრინციპით, სურვილისამებრ თავი აარიდონ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას, არამედ ავალდებულებს სასამართლოებს, სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა განსახილველი დავისთვის (იხ. ECHR Guide on Article 6 of the European Convention on Human Rights (Right to a fair trial), Updated to 31 August 2018, p. 62).

 

აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოთხსენებული სტანდარტი წინამდებარე დავის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა. როგორც ფაქტობრივ უსწორობებში იქნა მითითებული, მან საერთოდ არ მიიღო მხედველობაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, იგნორირება გაუკეთა ისეთი სახის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას (შპს „გეო ფიტნესის“ კრებაში მონაწილეობის საკითხი, ჯუმბერ ხატიაშვილის ოჯახის კომპანიის მიერ ქონებების მიღება), რომლის გარეშეც გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია წინამდებარე დავაზე. გადაწყვეტილების დასაბუთებულობის იმიტაციის შექმნის მიზნით კი, გადაწყვეტილებაში მიუთითა სრულიად არარელევანტური სამართლებრივი განმარტებები და სასამართლო პრაქტიკა, რომლიც არა თუ ვერ აქარწყლებს მოსარჩელის პოზიციას, არამედ ადასტურებს მას.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილია საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც წინამდებარე საქმის დავის საგანთან არაფერ კავშირშია, დისნეის საქმე (Disney Case) და სმიტ ვან გორკომის საქმე (Van Gorkom Case). დისნეის საქმეში მთავარი აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოქმედებდეს ინფორმირებულობის საფუძველზე. უდავოა ის გარემოება, რომ სასამართლოს მოხმობილი პრაქტიკა შინაარსობრივად მსგავსი თუ არ არის განსახილველი საქმისა, პრობლემატიკა მაინც უნდა იყოს იმდაგვარი, რომელიც პირდაპირ უნდა ეხმიანებოდეს სადავო თემას. წინამდებარე საქმეში კი ნათელია, რომ ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ ეფუძნებოდა არაინფორმირებულობას, არამედ პირიქით, მის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენდა მისი არაკეთილსინდისიერი მიზნის განხორციელებას. სმიტ ვან გორკომის საქმეშიც ანალოგიური გარემოებაა, სადაც დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც არ ფლობდა სრულ ინფორმაციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკის არარელევანტურობას.

 

ამასთან, სასამართლოს მიერ აღნიშნულია, რომ თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შპს ,,პლაზა ფიტნესის'' შექმნა პერსპექტიული იყო, რაც შპს ,,გეო ფიტნესის'' ჩართულობით მოხდა, შპს ,,პლაზა ფიტნესის'' მიერ ახალი კომპანიის დაფუძნების მიერ არაკეთილსინდისიერება ნაკლებ სავარაუდოა და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს ,,პლაზა ფიტნესისთვის'' მიყენებული ზიანის დამადასტურებელ უტყუარ გარემოებად (იხ. გადაწყვეტილების გვ. 28). როგორც სასამართლოს აღნიშნული მსჯელობიდან იკვეთება, სასამართლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას აფუძნებს მის ვარაუდს და ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას სათანდოდ არ შეუსწავლია სრულად ის სქემა და მოქმედებები, რომელიც ჯუმბერ ხატიაშვილმა განახორციელა, რითაც მიითვის შპს "პლაზას ფიტნესის" საკუთრებაში არსებული ქონებები.

 

სასამართლოს მითითება, რომ "თუ შპს ,,პლაზა ფიტნესის'' შექმნა პერსპექტიული იყო, რაც შპს ,,გეო ფიტნესის'' ჩართულობით მოხდა, შპს ,,პლაზა ფიტნესის'' მიერ ახალი კომპანიის დაფუძნების მიერ არაკეთილსინდისიერება ნაკლებ სავარაუდოა", ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. შპს "გეო ფიტნესის" მიერ დაფუძნებულ იქნა ახალი კომპანია და მას საკუთრებაში გადეცა უძრავი ქონებები, რათა მას დამოუკიდებლად განეხორციელებინა ბიზნეს აქტივობები ქ. ბათუმში, შესაბამისად, არანაირი საჭიროება ახალი კომპანიის (შპს "პლაზა ჰოლდინგის") დაფუძნების და მისთვის ქონების გადაცემის არ არსებობდა. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ლოგიკური დასაბუთება, რომელიც გაამართლებდა/ახსნიდა შპს "პლაზა ფიტნესის" დირექტორის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნებას და მისთვის კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 უძრავი ქონების გადაცემის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ შპს "პლაზა ჰოლდინგის" დაფუძნებას გააჩნდა ერთადერთი მიზანი, გამოყენებულიყო უძრავი ქონებების მითვისების სქემაში. ამას ადასტურებდა, მისი დაფუძნების შემდგომ განვითარებული მოვლენებიც.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის კიდევ ერთ დასტურს წარმოადგენდა მის მიერვე განვითარებული მსჯელობა, სადაც მიუთითა, რომ ახალი კომპანიის (შპს ,,პლაზა ჰოლდინგი'') დაფუძნება და საწარმოს კაპიტალში სადავო უძრავი ქონების შეტანა, ვერ მიიჩნეოდა საკმარის საფუძვლად, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მიჩნეული ყოფილიყო პირადი დაინტერესებით, კომპანიის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად და საფუძვლად დადებოდა დირექტორისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. სასამართლო ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ზედაპირულად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არ გააანალიზა, რომ საბოლოოდ ამ ტრანზაქციების მეშვეობით აღნიშნული უძრავი ქონებების გადაცემა უსასყიდლოდ მოხდა შპს "პლაზასთვის", რომლის დირექტორიც გახლავთ ჯუმბერ ხატიაშვილის შვილი შოთა ხატიაშვილი. შპს "პლაზას" პარტნიორები კი არიან შპს "ეი ბი სი", რომლის 100% ეკუთვნის ჯუმბერ ხატიაშვილის ოჯახს (1% - შვილს შოთა ხატიაშვილს, ხოლო 99% - ცოლს რუსუდან მაჩხანელს) და სს "სი ეი სი", რომელიც ასევე კონტროლდება ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ მალხაზ არბოლაშვილის მეშვეობით (დეტალურად იხ.: მოსარჩელის 2018 წლის 12 თებერვლის შუამდგომლობა). შესაბამისად, ცალსახაა ჯუმბერ ხატიაშვილის პირადი დაინტერესება, მისი მიერ დაგეგმილი სქემის შედეგად სწორედ მის კონტროლირებად კომპანიის საკუთრებაში გადასულიყო შპს "პლაზა ფიტნესის" ქონება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური შეფასებებით და არ შეისწავლა ის მიზანი, რომლის მიხედვითაც მოქმედება ჯუმბერ ხატიაშვილი. ამასთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხოლოდ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების (შპს ,,პლაზა ფიტნესის'' მიერ შპს ,,პლაზა ჰოლდინგის'' დაფუძნება და შემდგომ შპს "პლაზას" დაფუძნება) საფუძველზე კი არ უნდა ემსჯელა ჯუმბერ ხატიაშვილის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, არამედ სრულად უნდა გაენალიზებინა და შეეფასებინა ქმედებათა ის სრული ჯაჭვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯუმბერ ხატიაშვილის მხრიდან და რომლის მეშვეობითაც ჯუმბერ ხატიაშვილმა მიითვისა უძრავი ქონებები.

 

უდავო გარემოება იყო, რომ შპს ,,პლაზა ფიტნესი'', რომლის დირექტორიც გახლდათ ჯუმბერ ხატიაშვილი და რომელსაც 2015 წლის 7 ივლისის მდგომარეობით გააჩნდა 10 მილიონზე მეტი ქონება და მიმდინარე ბიზნესი, 1 წლის შემდგომ გახდა გადახდისუუნარო და 2016 წლის 31 ოქტომბერს სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლთან მიმართებით, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, საქმეებზე #ას-1307-1245-2014 და #ას-1158-1104-2014.

 

აპელანტი უთითებს, რომ ამოსავალი წერტილი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინამდებარე საქმისთვის, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არის ის, რომ გაფართოვდა მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლის გამოყენების სფერო და დადგინდა, რომ აღნიშნული მუხლის მიხედვით დირექტორის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოების/კომპანიის წინაშე, არამედ მესამე პირსაც (უზენაესი სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში კომპანიის კრედიტორს) შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს დირექტორს მეწარმეთა შესახებ 9.6 მუხლის საფუძველზე.

 

ასევე, საყურადღებოა, რომ მესამე პირის აღნიშნული უფლებამოსილება კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით გამომდინარეობს მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლის მიზნებიდან. შესაბამისად, თუ კომპანიის კრედიტორს მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლის საფუძველზე უფლება აქვს წარუდგინოს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა კომპანიის დირექტორს, თავის მხრივ კომპანიის პარტნიორსაც, რომელიც წარმოადგენს კომპანიის შემადგენელ ნაწილს, უნდა ჰქონდეს უფლება კომპანიის დირექტორისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ პირობებში, როცა:

 

I. ცალსახაა, რომ კომპანიის დირექტორი არღვევს ფიდუციურ ვალდებულებებს, რითაც კომპანიას აყენებს ზიანს;

 

II. კომპანია (შპს ,,პლაზა ფიტნესი") გაკოტრებულია და აღარ არსებობს, როგორც სამართლის სუბიექტი, შესაბამისად შეუძლებელია მის მიერ (ასევე მისი სახელით დერივაციული სარჩელის) სარჩელის წარდგენა;

 

III. კომპანიის პარტნიორი (მოსარჩელე) კომპანიის დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად სრულად კარგავს იმ აქტივს (განსახილველ შემთხვევაში 9,725,454 ლარის ღირებულების აქტივს), რომელიც შეიტანა კომპანიის (შპს "პლაზა ფიტნესის") კაპიტალში.

 

ის, რომ ფიდუციური ვალდებულებები დირექტორებს გააჩნიათ კომპანიის აქციონერების/პარტნიორების წინაშე აღიარებულია სამეცნიერო ლიტერატურაშიც, "აღიარებულია, რომ დირექტორებს როგორც ფიდუციარებს, ვალდებულება აკისრიათ კორპორაციის და არა მასში მონაწილე რომელიმე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის წინაშე. ხშირად ავტორები აზუსტებენ ამ დებულებას და მიუთითებენ, რომ დირექტორს ფიდუციური მოვალეობები ეკისრება კორპორაციის წინაშე, აქციონერების, როგორც ძირითადი ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ" (იხ. ჯუღელი გ., "დირექტორების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე", ქართული სამართლის მიმოხილვა, 2017, გვ. 19.).

 

პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს კომპანიაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება კომპანიის მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებები, საქმეებზე #ას-1307-1245-2014 და #ას-1158-1104-2014). განსახილველ შემთხვევში კი, ჯუმბერ ხატიაშვილის ქმედებების შედეგად მოსარჩელემ სრულად დაკარგა შპს "პლაზა ფიტნესში" განხროციელებული ინვესტიცია.

 

სასამართლოს მხრიდან მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლის სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, შეიქმნება პრეცედენტი, რომელიც კომპანიის დირექტორს აძლევს შესაძლებლობას მიითვისოს კომპანიის კუთვნილი აქტივი, შემდგომ გააკოტროს კომპანია ხელოვნურად, რითაც გამოირიცხება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა, ვინაიდან აღარ იარსებებს სუბიექტი (კომპანია), რომელსაც შეუძლია დირექტორისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედითაც კომპანიის პარტნიორს არ აქვს უფლება 9.6 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დირექტორისგან ზიანის ანაზღაურება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველ რიგში უნდა განემარტა დერივაციული (არაპირდაპირი) სარჩელის სახე და მიუთითა მეწარმეთა შესახებ საქართელოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ,,თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს“.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ მუხლზე მითითება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ვინაიდან დერივაციული სარჩელი მოიაზრებს კომპანიის პარტნიორის მიერ სარჩელის აღძვრას კომპანიის სახელით. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,გეო ფიტნესი'' წარმოადგენდა არასათანადო მხარეს და განიხილა დერივაციული სარჩელის შინაარსი. ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტაციით დასტურდება, რომ კომპანიის პარტნიორი უფლებამოსილია წარუდგინოს სარჩელის კომპანიის დირექტორს იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას არ აქვს ამის ობიექტური შესაძლებლობა.

 

რაც შეეხება დერივაციულ სარჩელს შპს ,,გეო ფიტნესის'' მიერ 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელის საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი უთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელის წარდგენისას შპს ,,პლაზა ფიტნესი", როგორც სამართლის სუბიექტი აღარ არსებობდა, მოსარჩელეს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა აღეძრა დერივაციული სარჩელი. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან დერივაციულ სარჩელზე მითითება უსაფუძვლოა. გარდა მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლისა, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა შეამოწმა სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე, რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, "საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებები, საქმეებზე #ას-1307-1245-2014 და #ას-1158-1104-2014).

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჯუმბერ ხატიაშვილი არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და მას ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელისთვის.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე დადგენილია ოთხი წინაპირობა: 1) მართლწინააღმდეგობა, 2) ბრალი, 3) ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი, რომელიც ქმნის პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს:

 

I. მართლწინააღმდეგობა - ჯუმბერ ხატიაშვილმა დაარღვია მასზე, როგორც დირექტორზე მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9.6 მუხლის გათვალისწინებული ვალდებულებები და მოქმედებდა არა კომპანიის საუკეთესო ინტერესების, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ნათელია, რომ დირექტორმა არ იზრუნა კომპანიაზე სათანადოდ, რათა დაეცვა კომპანიის ქონება, არამედ მის მიერ განხორცილებული ქმედებების შედეგად შპს "პლაზა ფიტნესის" საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადავიდა შპს "პლაზას" საკუთრებაში, რომელსაც სრულად აკონტროლებს ჯუმბერ ხატიაშვილი.

 

II. ბრალი - ნათელია, რომ ჯუმბერ ხატიაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს გააჩნდათ პირდაპირი განზრახვა, მიეღოთ პირადი სარგებელი, შესაბამისად სახეზე არა გაუფრთხილებელი მოქმედება, არამედ პირდაპირი განზრახვა. ამასთან, ჯუმბერ ხატიაშვილის პირდაპირ განზრახვას წარმოადგენა კომპანიის გაკოტრება, რათა დაემალა მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები.

 

III. ზიანი - ცალსახაა შპს ,,გეო ფიტნესისათვის'' მიყენებული ზიანი, რომელიც დადგა მოპასუხეების ქმედებების შედეგად, შპს ,,გეო ფიტნესმა" სრულად დაკარგა მის მიერ შპს "პლაზე ფიტნესში" განხორციელებული ინვესტიცია, მათ შორის 9,725,454 ლარის ღირებულების აქტივი, რაც წინამდებარე დავის საგანია.

 

IV. მიზეზობრივი კავშირი - საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ის ზიანი რაც განიცადა შპს "გეო ფიტნესმა" პირდაპირ გამომდინარეობს მოპასუხეების მოქმედებებიდან, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა შპს "პლაზა ფიტნესის" საკუთრებაში არსებული ქონებების გადატანა შპს "პლაზაში".

 

სამოქალაქო კოდექსი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს სოლიდარულ პასუხისმგელობას, კერძოდ სსკ-ის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის განმარტებით, ერთის მხრივ სახეზე არიან პირები - ბაქარ გეგელაშვილი, ნათია მეტრეველი, შოთა ხატიაშვილი და სს „პლაზა ჰოლდინგი“, რომლებმაც ჯუმბერ ხატიაშვილს ხელი შეუწყვეს უკანონო მოქმედებების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,პლაზა'', რომელმაც ისარგებლა შპს ,,გეო ფიტნესისთვის'' მიყენებული ზიანით და თვითონ მიიღო სარგებელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით "სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა." (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-708-677-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ჯუმბერ ხატიაშვილმა დაარღვია მისი, როგორც დირექტორის კანონისმიერი მოვალეობები, რომელიც დადგენილია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9.6 მუხლით, რითაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. დამდგარი ზიანის მიყენებაში, რაც გამოიხატა შპს „პლაზა ფიტნესის“ კაპიტალში არსებული ქონებების უკანონო გასხვისებაში, მას ხელი შეუწყვეს შოთა ხატიაშვილმა, ნათია მეტრეველმა, ბაქარ გეგელაშვილმა და სს „პლაზა ჰოლდინგმა“.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა, რომ ბაქარ გეგელაშვილმა, რომელიც წარმოადგენდა სს „გრინვუდსის“ დირექტორს, ხელი შეუწყო შპს „პლაზა ფიტნესის“ საკუთრებაში არსებული ქონებების გასხვისებას. კერძოდ, 2015 წლის 8 ივლისის კრების ოქმზე არის მხოლოდ ბაქარ გეგელაშვილის ხელმოწერა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლევან გოთუა, რომელიც შპს „პლაზა ფიტნესის“ 62.41% მფლობელი შპს „გეო ფიტნესის“ დირექტორი გახლდათ, არ ესწრებოდა პარტნიორთა იმ კრებას, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „პლაზა ჰოლდინგის“ დაარსებასა და მის საკუთრებაში 10 სადავო ქონების გადაცემის შესახებ. მტკიცებულებები ნათელყოფენ, რომ ლევან გოთუა არა თუ არ ესწრებოდა კრებას, არამედ წარმოდგენაც არ ჰქონდა ამგვარი კრების გამართვის შესახებ. აღნიშნულ კრების ოქმზე მხოლოდ ბაქარ გეგელაშვილის ხელმოწერის არსებობა მიუთითებს მის განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომ მან ყველანაირად შეუწყო ხელი ჯუმბერ ხატიაშვილს, რომ ლევან გოთუას თანხმობის გარეშე (რომელიც აღსანიშნავია, რომ იმ კომპანიის დირექტორი გახლდათ, რომელიც მნიშვნელოვან წილს ფლობდა შპს „პლაზა ფიტნესში“, და მისი კრებაზე დასწრებისა და თანხმობის გარეშე შპს „პლაზა ჰოლდინგის“ დაარსება და მასში 10 უძრავი ქონების შეტანა ვერ განხორციელდებოდა) დაეარსებინა შპს „პლაზა ჰოლდინგი“. შესაბამისად, ლევან გოთუას კრებაზე დასწრების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, რაც ბაქარ გეგელაშვილის აქტიური მართლსაწინააღმდეგო ქმედებით განხორციელდა.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბაქარ გეგელაშვილი სს ,,გრინვუდსის" დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ და მისი (ბაქარ გეგელაშვილის) დირექტორობის პერიოდში ჯუმბერ ხატიაშვილი წარმოადგენდა სს ,,გრინვუდსის" 100% აქციონერს (ჯერ სს ,,პარკ-პლეისის'', ხოლო მოგვიანებით შპს ,,კოლოს" დირექტორს). შესაბამისად, ბაქარ გეგელაშვილი მოქმედებდა ჯუმბერ ხატიაშვილის მითითებების შესაბამისად და ასრულებდა მის დავალებებს.

 

რაც შეეხება ნათია მეტრეველს, ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ სს „პლაზა ჰოლდინგის“ დირექტორად დაინიშნა ნათია მეტრეველი და სს ,,პლაზა ჰოლდინგი'' ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. სწორედ ნათია მეტრეველის, როგორც სს ,,პლაზა ჰოლდინგის'' დირექტორის, ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს ,,პლაზა ფიტნესის'' დირექტორის და შოთა ხატიაშვილის, როგორც შპს ,,ეი ბი სის'' დირექტორის გადაწყვეტილებით, სს ,,პლაზა ჰოლდინგმა'' შპს ,,ეი ბი სისთან'' ერთად დააფუძნა შპს ,,პლაზა'' და ამ უკანასკნელის კაპიტალში შეიტანა პლაზა ჰოლდინგისთვის პლაზა ფიტნესის მიერ 9,725,454 ლარის ღირებულების გადაცემული ქონება. პლაზას დაფუძნებიდან 9 დღის შემდგომ კი, ნათია მეტრეველმა ხელი მოაწერა სს ,,პლაზა ჰოლდინგს'' და სს ,,სი ეი სის'' შორის დადებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რითაც შპს ,,პლაზა ფიტნესმა'' და შპს ,,გეო ფიტნესმა'' სრულად დაკარგეს კონტროლი 9,725,454 ლარის ღირებულების ქონებაზე და არც ერთ კომპანიას არ მიუღია სარგებელი მიღებული/მისაღები თანხიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს უკანასკნელი აქტიურად თანამონაწილეობდა და ხელს უწყობდა ჯუმბერ ხატიაშვილს ქონებების უკანონო გასხვისება/მითვისებაში პროცესში.

 

რაც შეეხება შოთა ხატიაშვილს, რომელიც ჯუმბერ ხატიაშვილის შვილია, ის ასევე აქტიურად თანამონაწილეობდა ამ უკანონო სქემის განხორციელების პროცესში, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, კერძოდ, 2015 წლის 5 ოქტომბრის შპს „პლაზას“ პარტნიორთა კრების ოქმით, რომლის თანახმადაც, „პლაზა ჰოლდინგისა“ და შპს „ ეი ბი სის“ მიერ დაარსებული შპს „პლაზაში“ სწორედ შოთა ხატიაშვილი განისაზღვრა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ შოთა ხატიაშვილი იკავებდა დირექტორის პოზიციას შპს „ეი ბი სიში“, რომლის 100% წილის მესაკუთრეც არის დედასთან რუსუდან მაჩხანელთან ერთად. შესაბამისად, შოთა ხატიაშვილი მამასთან ჯუმბერ ხატიაშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქონებების მითვისების პროცესში.

 

სს ,,პლაზა ჰოლდინგთან'' მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ სს ,,პლაზა ჰოლდინგი'' გამოყენებული იყო ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ შემუშავებული სქემის განსახორციელბლად, რათა პირველ რიგში ამ კომპანიაში გადასულიყო ქონებები და მისი მეშვეობით მოხვედრილიყო ხატიაშვილების მიერ კონტროლირებად კომპანიაში. აღნიშნული კომპანიის შექმნის დანიშნულება სწორედ ეს გახლდათ, სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, თუ 4 თვის დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც 2015 წლის 08 ივლისს გადაეცა 10 მილიონამდე ღირებულების ქონება, რატომ დააფუძნა ახალი კომპანია 2015 წლის 06 ოქტომბერს და სრულად გადასცა მიღებული ქონება, 9 დღეში კი 3 მილიონად გაყიდა მისი წილი ახალ დაფუძნებულ კომპანიაში.

 

რაც შეეხება სარგებლის მიმღები პირის პასუხისმგებლობის საკითხს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლი უფრო შორს მიდის და შემსრულებელთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს აგრეთვე იმასაც, ვინც სხვისთვის მიყენებული ზიანით შეგნებულად ისარგებლა. ამით სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსხვავდება გერმანული და ფრანგული რეგულაციებისაგან და შესაძებელია ქმნიდეს ერთგვარ გამონაკლისს დელიქტურ ვალდებულებათა ზოგადი წესიდან, რომლითაც უზრუნველყოფილია ვალდებულების არსებობის უფრო მაღალი სტანდარტი “alterum non laedere” (არ მიაყენო ზიანი სხვას). აბსოლუტური დაცვის სისტემამ უფლებებთან ერთად მოიცვა ასევე ფასეულობები, რომლებიც ეკუთვნის უფლებათა დაცვის სფეროს. აღნიშნული სფერო მოიცავს პირის უფლებას და, შესაბამისად, მესამე პირის ვალდებულებას, არ იყოს სხვისთვის ზიანის მიყენების „პასიური მეთვალყურე“ და არ ისარგებლოს ამ ზიანით, თუნდაც ამის თაობაზე მისთვის მოგვიანებით გახდეს ცნობილი. აქედან გამომდინარე, განსახილველ დანაწესში (ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგულისხმება ორი შემთხვევა: (1) პირი, ვინც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო სხვის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას, რადგან სხვისთვის ზიანის დადგომა მას ანიჭებს რაიმე სარგებელს და ეს უმოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული; (2) მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ზიანისა და მისი წარმომშობი მიზეზების თაობაზე, პირმა შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით და ამ შემთხვევაშიც, მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.

 

აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,პლაზა'' არის პირი, რომელმაც შპს ,,გეო ფიტნესისთვის'' მიყენებული ზიანის შედეგად მიიღო სარგებელი. შპს ,,პლაზა დაფუძნდა სს ,,პლაზა ჰოლდინგისა'' და შპს ,,ეი ბი სის'' მიერ, რომლის კაპიტალშიც სს ,,პლაზა ჰოლდინგის'' მიერ შეტანილ იქნა 10 მილიონამდე ღირებულების აქტივი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს შპს ,,პლაზამ'' მისთვის „პლაზა ჰოლდინგისთვის“ მიერ გადაცემული 5 ქონება მიყიდა შპს ,,იბეროტელს'' 3 304 000 ლარად, შესაბამისად, სახეზეა შპს „პლაზას“ მხირდან სარგებლის მიღების ფაქტი. სსკ-ს 998-ე მე-2 მუხლის შესაბამისად, ზიანის უშუალო მიმყენებელს უთანაბრდება ის პირიც, რომელმაც ისარგებლა მიყენებული ზიანით, შესაბამისად სახეზე იყო შპს ,,პლაზასთვის'' პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხის გადასაწყვეტად, თუმცა არსებითად მცდარ გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თითქოსდა დირექტორმა არამართლზომიერად განკარგა მისთვის შპს ,,პლაზა ფიტნესის'' წესდებით მინიჭებული უფლება დაეფუძნებინა ახალი კომპანია და მის კაპიტალში შეეტანა სადავო უძრავი ქონებები, დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოვალეობა იყო, რომ დაწვრილებით აღეწერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელი იყო მისი მოთხოვნის დასამტკიცებლად. აპელანტის მიერ სარჩელში დეტალურად არის მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს ჯუმბერ ხატიაშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების არაკეთილსინდისიერ და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს, რომლის მეშვეობითაც მათ შპს "პლაზა ფიტნესის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები გადაიტანეს შპს "პლაზას" საკუთრებაში. მოპასუხეებმა კი ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ შპს "პლაზა ფიტნესიდან" ქონებების შპს "პლაზაში" გადატანის მიზანი არ ყოფილა ქონებების მითვისება, არამედ გააჩნდა სხვა მიზანი.

 

6. II აპელანტის - შპს „პლაზა“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტის - შპს „პლაზას“ განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გეო ფიტნესს“ შპს ,,პლაზას“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 5 000 ლარის გადახდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური ღირებულებისაგან. საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით და გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ შპს „პლაზას“ მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 12,363.91+8,180.65=20,544.56 ლარს. ამასთან, მოცემული თანხის 20,544.56 ლარის გადახდა დავის მიმდინარეობაში იყო აუცილებელი. დავის საგნის ღირებულება არის თითქმის 10 მილიონი ლარი. სასარჩელო მოთხოვნის თანხის 9,725,454 ლარის 4% შეადგენს 389,018.16 ლარს. შპს „პლაზას“ მხრიდან გაწეულ იქნა ადეკვატური დანახარჯები სასამართლოში სრულფასოვანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად. საქმეში წარდგენილი იქნა რამდენიმე დაზუსტებული სარჩელი და შესაგებელი, მასალების მოცულობა რამდენიმე ტომს შეადგენს, შესაბამისად, ხარჯის სახით 20,544.56 ლარის გაწევა 10 მილიონიან საკორპორაციო სამართლებრივ დავაში აბსოლუტურად გონივრულია. ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „პლაზას“ მოუწევს ხარჯების გაღება სააპელაციო სასამართლოშიც.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

აღნიშნულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 9,725,454 ლარს, გარდა ამისა, მოცემული საქმე გახლავთ საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსური. საქმის სირთულეს ხაზს უსვამს, აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილების მოცულობაც (დაახლოებით 40 გვერდი). დავის საგნის 4 % უტოლდება 389,018.16 ლარს. სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,000 ლარი კი შეადგენს დავის საგნის 0.05 %, რომელიც რამდენჯერმე ნაკლებია 4%-ზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,000 ლარი არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ოდენობად და მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს 20,544.56 ლარი, წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯები სრულად. თბილისის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა დარჩენილი თანხის 15,544.56 ლარის ნაწილში დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,გეო ფიტნესი“ 10.05.2006 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 205150717) საზოგადოების 100% დამფუძნებელ პარტნიორს წარმოადგენს ლინაეუს ქეფითალ ფართნერს ბი.ვი, ნიდერლანდები. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქტიის) გასხვისების ხელშეკრულების დადებამდე (საწარმოს რეგისტრაციიდან 2013 წლის 12 აპრილამდე) საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი იყო შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი“ ს/კ 205126781 (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 159-180); მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

8. 2011 წლის 20 მაისს შპს ,,გეო ფიტნესის“ პარტნიორმა შპს ,,ბაგები სითი ჯგუფმა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ: კრებაზე დაადგინეს, რომ შპს ,,გეო ფიტნესის“ მიერ 100% წილით დაფუძნდეს შპს ,,პლაზა ფიტნესი“, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5 464 858,75 ლარით.

შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ მიერ 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კაპიტალში შეტანილ იქნა შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე:

 

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.503;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.505;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.501;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/2), სართული 5, ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.508;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.506;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.502;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, კომერციული ფართი (SP5/1), სართული 5, ფართი 1319.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.504;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, კომერციული ფართი (R5/1), სართული 5, ფართი 76.82 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.500;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, კომერციული ფართი (B5/1), სართული 5, ფართი 361.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.507;

 

ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დირექტორად დაინიშნა ჯუმბერ ხატიაშვილი (2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 18-19); ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 20-21); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 22-31); მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

9. 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლაზა ფიტნესმა’’ შპს ,,ბათუმი პლაზასგან" (ს/კ 245435901) შეიძინა ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 05.21.51.001.01.533, 05.21.51.001.01.530, 05.21.51.001.01.535, 05.21.51.001.01.528, 05.21.51.001.02.512;

შპს ,,პლაზა ფიტნესმა“ შპს ,,ბათუმი პლაზას“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების კონვერტაცია მოახდინა საზოგადოების კაპიტალში და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბათუმი პლაზას“ გადაეცა შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კაპიტალში 37,59%-იანი წილი.

 

შპს ,,ბათუმი პლაზასა“ და სს ,,გრინვუდსს“ შორის 2014 წლის 26 ნოემბერს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დამფუძნებელი პარტნიორების წილები გამოისახებოდა შემდეგნირად - შპს ,,გეო ფიტნესი“ - 62,41%, სს ,,გრინვუდსი“ - 37,59%.

 

სს ,,გრინვუდსი’’ დაფუძნებული იქნა სს ,,პარკ პლეისის“ მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯუმბერ ხატიაშვილი. 2013 წლის 25 სექტემბერს, სს ,,პარკ პლეისის" გადაწყვეტილებით, სს ,,გრინვუდსის’’ დირექტორად დაინიშნა ბაქარ გეგელაშვილი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 32-41); ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი II, ს.ფ. 42-46); მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

10. 2015 წლის 08 ივლისს შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის სს ,,გრინვუდსის“ დირექტორი ბაქარ გეგელაშვილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლაზა ფიტნესის“ მიერ შპს ,,პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნებისა და მის კაპიტალში უძრავ-მოძრავი ქონების შეტანის შესახებ.

 

შპს ,,პლაზა ფიტნესის“ მიერ 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულების ფარგლებში შპს ,,პლაზა ჰოლდინგის“ კაპიტალში შეტანილ იქნა შემდეგი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ:

 

- ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 05.21.51.001.01.533, 05.21.51.001.01.530, 05.21.51.001.01.535, 05.21.51.001.01.528, 05.21.51.001.02.512;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/2), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.503;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/3), სართული 5, ფართი 57,00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.505;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (Tf/1), ფართი 133.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.501;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, ტექნიკური სათავსი (T5/1), სართული 5, ფართი 1515,50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.506;

- ქ. ბათუმი, ილ. ჭავჭავაძის ქ. N5, კომერციული ფართი (SP6/1), სართული 6, ფართი 3302.50 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.21.51.001.01.502;

- ხელშეკრულების დანართ N1 განსაზღვრული მოძრავი და არამატერიალური ქონება;

 

შპს ,,პლაზა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა ნათია მეტრეველი.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა შპს ,,გეო ფიტნესი“, წარმოდგენილი დირექტორის - ლევან გოთუას სახით და სს ,,გრინვუდსი“, წარმოდგენილი ბაქარ გეგელაშვილის სახით. კრების ოქმი ხელმოწერილი იყო ბაქარ გეგელაშვილის მიერ. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა პატრნიორთა აღნიშნულ კრებაზე მისი წარმომადგენლის მონაწილეობას (2015 08 ივლისის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 184-185); ხელშეკრულების დანართი (ტომი III, ს.ფ. 186-191); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 26-27, 32-33, 38-39, 44-45, 50-51, 60-61, 66-67, 72-73, 80-81, 90-91); ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი III, ს.ფ. 202-203); მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

11. შპს ,,გეო ფიტნესის“ დირექტორის დავით ქადაგიძის მიერ 2012 წლის 01 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ბაქარ გეგელაშვილს მიენიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: ,,წარმოადგინოს საზოგადოება შპს ,,პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაუჭიროს განსახილველ საკითხებს და როგორც შპს ,,გეო ფიტნესის“ წარმომადგენელმა ხელი მოაწეროს შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კრების ოქმებს.

 

2012 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,გეო ფიტნესის“ პარტნიორმა შპს ,,ბაგები სითი ჯგუფმა“ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო შპს ,,გეო ფიტნესის“ მოქმედი დირექტორის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ შპს ,,გეო ფიტნესის“ დირექტორი - დავით ქადაგიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს ,,გეო ფიტნესის“ დირექტორად, წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით, დაინიშნა ივანე გოჩიტაშვილი (მინდობილობა (ტომი III, ს.ფ. 118); 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 168-169); მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

12. 2015 წლის 01 ოქტომბერს სს ,,პლაზა ჰოლდინგის“ აქციონერთა კრებაზე, რომელსაც წარმომადგენლის მეშვეობით ესწრებოდა 100%-ის მფლობელი შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს ,,პლაზა ჰოლდინგის“ მიერ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „პლაზას“ დაფუძნებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებების შეტანის შესახებ. 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს ,,პლაზას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების დამფუძნებლის სს ,,პლაზა ჰოლდინგის“ (წილის 63%-ის მესაკუთრე) დირექტორი ნათია მეტრეველი და შპს ,,ეი ბი სი“-ს (წილის 37%-ის მესაკუთრე), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,პლაზას“ დაფუძნების შესახებ. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შესატანის ოდენობა განისაზღვრა 10 000 000 ლარის ოდენობით (2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, დანართი (ტომი III, ს.ფ. 238-248); 2015 წლის 05 ოქტომბრის შპს ,,პლაზა“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი III, ს.ფ. 250-252); მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

13. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და შპს „გეო ფიტნესის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უნდა მიეთითებინა ის გარემოება, რომ შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ბაქარ გეგელაშვილი, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი და აღნიშნული კრება ჩატარდა პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით. თუმცა, აღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიერ ამომწურავად არის განხილული და სამართლებრივად შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და ცალკე დადგენას აღარ საჭიროებს.

 

14. წინამდებარე განჩინებით, შპს „გეო ფიტნესის“ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ძირითადი მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჩატარდა თუ არა შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრება პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით; ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც საზოგადოების დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას და შპს „პლაზა ფიტნესიდან“ შპს „პლაზაში“ უძრავი ქონებების გადატანის მიზანი იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონებების მითვისება.

 

15. პალატა შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 08 ივლისს გამართულ შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებაზე განხილულ იქნა შპს „პლაზა ფიტნესის“ მიერ ახალი კომპანიის დაფუძნებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შეტანის საკითხი. პარტნიორთა კრებას ესწრებოდა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს სს „გრინვუდსის“ დირექტორი ბაქარ გეგელაშვილი. აღნიშნული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, შპს „პლაზა ფიტნესის“ მიერ დაფუძნდა ახალი კომპანია „პლაზა ჰოლდინგი“ და მის კაპიტალში შენატანის სახით შეტანილ იქნა უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ქონება.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრება ჩატარდა კანონიერად, პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით და ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან მას არ ესწრებოდა შპს „გეო ფიტნესის“ დირექტორი ლევან გოთუა, ხოლო 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმში ცალსახად არის მითითებული, რომ ბაქარ გეგელაშვილი მოქმედებდა როგორც შპს „გრინვუდსის“ წარმომადგენელი და არა, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 01 ოქტომბერს შპს „გეო ფიტნესის“ გენერალური დირექტორის დავით ქადაგიძის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, ბაქარ გეგელაშვილს მიენიჭა უფლებამოსილება შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებებზე წარმოედგინა შპს „გეო ფიტნესი“, მხარი დაეჭირა განსახილველ საკითხებისთვის და ხელი მოეწერა შპს „პლაზა ფიტნესის“ კრების ოქმებზე, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელს (ტომი III, ს.ფ. 118). შესაბამისად, აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბაქარ გეგელაშვილი უფლებამოსილი იყო შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებაში მიეღო მონაწილეობა, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელს და განეხორციელებინა მისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. მართალია, აღნიშნული პარტნიორთა კრების ჩატარების დროს, 2015 წლის 08 ივლისს, შპს „გეო ფიტნესის“ გენერალურ დირექტორს 2012 წლის 10 ოქტომბრიდან აღარ წარმოადგენდა დავით ქადაგიძე და დირექტორი გახლდათ ლევან გოთუა, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ ბაქარ გეგელაშვილის სახელზე გაცემული 2012 წლის 01 ოქტომბრის მინდობილობა გაუქმებული იყო საწარმოს ახალი დირექტორის მიერ და არ წარმოშობდა მასში მითითებულ უფლებებს. აღნიშნული მინდობილობის ძალმოსილებას ადასტურებს ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 01 ივნისის შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც შეტანილ იქნა ცვლილება შპს „პლაზა ფიტნესის“ წესდებაში და მოცემულ კრებას ესწრებოდა და ხელს აწერს ასევე ბაქარ გეგელაშვილი, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი. ამასთანავე, 2016 წლის 15 სექტემბერს, სადავო კრების ოქმის მიღების შემდეგ, შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებას, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი, ესწრებოდა და ხელს აწერდა ბაქარ გეგელაშვილი (ტომი III, ს.ფ. 104; 114). შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დასტურდება, რომ სადავო 2015 წლის 08 ივლისის კრების გამართვამდე და მის შემდგომაც, ბაქარ გეგელაშვილი ახორციელდებდა მითითებული მინდობილობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი და აღნიშნული გარემოება და მისი მონაწილეობით პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები სადავოდ არ გაუხდია მარწმუნებელ კომპანიას - შპს „გეო ფიტნესს“. აღნიშნული გარემოებები ადასტურებენ იმას, რომ პარტნიორთა კრებაში შპს „გეო ფიტნესის“ მონაწილეობის დამკვიდრებული ფორმა იყო შპს „გეო ფიტნესის“ წარმოდგენა ბაქარ გეგელაშვილის მიერ კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობის საფუძველზე. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „გეო ფიტნესი“ სათანადო წესით არ ყოფილა ინფორმირებული პარტნიორთა კრების შესახებ და აღნიშნული კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ზემოთმითითებული მსჯელობის შედეგად დადასტურდა, რომ სადავო კრებას ესწრებოდა ბაქარ გეგელაშვილი, რომელიც წარმოადგენდა შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელს და ნდობით აღჭურვილ პირს და პარტნიორთა კრება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2019 წლის 02 მაისს გამართულ სასამართო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შპს „გეო ფიტნესის“ იმჟამინდელი დირექტორის ლევან გოთუას 2015 წლის 06 აპრილის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილით და თანდართული პარტნიორთა კრების ოქმის სამუშაო ვერსიით (ტომი III, ს.ფ. 96-98) არ დასტურდება „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნების ინფორმირებულობის ფაქტი, ვინაიდან, პარტნიორთა კრების ოქმის სამუშაო ვერსია, რომელიც გადაგზავნილი იქნა ლევან გოთუასათვის არ არის თანხვედრაში იმ კრების ოქმის სამუშაო ვერსიასთან, რომლის საფუძველზეც მოხდა „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნება და მისთვის ათი უძრავი ქონების გადაცემა. პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, შპს „გეო ფიტნესის“ დირექტორის ლევან გოთუას არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2018 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრება ჩატარდა პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით და მას ესწრებოდა შპს „გეო ფიტნესის“ მინდობილი პირი ბაქარ გეგელაშვილი, რომელიც უფლებამოსილი იყო შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა კრებაში მიეღო მონაწილეობა და ხელი მოეწერა კრების ოქმზე, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ საკითხზე მსჯელობა, რომ უშუალოდ დირექტორი ინფორმირებული იყო თუ არა მიზანშეუწონელია, ვინაიდან პარტნიორთა კრებაზე გამოცხადებული იყო საწარმოს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო აღნიშნული მინდობილობის ძალმოსილება მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის მანძილზე სადავო არ გამხდარა და არ არსებობდა მის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოემებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა - შპს „გეო ფიტნესმა“ ვერ დაადასტურა, რომ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების თაობაზე შპს „გეო ფიტნესი“ არ იყო ინფორმირებული და აღნიშნულ კრებაზე წარმოდგენილი ბაქარ გეგელაშვილი არ მოქმედებდა, როგორც შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი. აპელანტს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის უკანონობა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ შპს „გეო ფიტნესის“ გენერალური დირექტორის მიერ 2012 წლის 01 ოქტომბერს გაცემული მინდობილობა არ იყო იურიდიული ძალის მქონე და არ წარმოშობდა მასში მითითებულ უფლებებს.

 

16. პალატა ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც საზოგადოების დირექტორის მხრიდან ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევასთან, ასევე, შპს „პლაზა ფიტნესიდან“ შპს „პლაზაში“ ქონების გადატანასთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით“, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები („ფიდუციური მოვალეობები“) კომპანიის წინაშე, რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

შპს „პლაზა ფიტნესის“ წესდების 4.1. მუხლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს. ამავე წესდების 4.2. მუხლის მიხედვით, დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ის უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის ჯეროვნად არ შეასრულებს აღნიშნულ მოვალეობას, პასუხს აგებს კომპანიის წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პირადად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ხოლო 4.5. მუხლის თანახმად, დირექტორის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოს (პარტნიორთა საერთო კრება) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს - მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2011 წლის 20 მაისს შპს „გეო ფიტნესის“ პარტნიორმა შპს „ბაგები სითი ჯგუფმა“ ხმათა სრული უმრავლესობით მიიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ, კრებაზე დადგინდა, რომ შპს „გეო ფიტნესის“ მიერ 100 % წილით დაფუძნდა შპს „პლაზა ფიტნესი“, რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 5 464 858.75 ლარით. შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში შპს „პლაზა ფიტნესის“ კაპიტალში შეტანილ იქნა ცხრა უძრავი ქონება და ამავე გადაწყვეტილებით შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორად დაინიშნა ჯუმბერ ხატიაშვილი.

 

ასევე, 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,პლაზა ფიტნესმა’’ შპს ,,ბათუმი პლაზასგან" შეიძინა ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N5-ში მდებარე ხუთი უძრავი ქონება. შპს ,,პლაზა ფიტნესმა“ შპს ,,ბათუმი პლაზას“ წინაშე ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების კონვერტაცია მოახდინა საზოგადოების კაპიტალში და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ბათუმი პლაზას“ გადაეცა შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კაპიტალში 37,59%-იანი წილი. შპს ,,ბათუმი პლაზასა“ და სს ,,გრინვუდსს“ შორის 2014 წლის 26 ნოემბერს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პლაზა ფიტნესის“ დამფუძნებელი პარტნიორების წილები დადგინდა შემდეგნირად - შპს ,,გეო ფიტნესი“ 62,41%, სს ,,გრინვუდსი“ 37,59%. სს ,,გრინვუდსი’’ დაფუძნებული იქნა სს ,,პარკ პლეისის“ მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯუმბერ ხატიაშვილი. 2013 წლის 25 სექტემბერს, სს ,,პარკ პლეისის" გადაწყვეტილებით სს ,,გრინვუდსის’’ დირექტორად დაინიშნა ბაქარ გეგელაშვილი. 2015 წლის 06 ოქტომბერს შპს „პლაზა ფიტნესმა“, შპს „პლაზა ჰოლდინგმა“ და შპს „ეი ბი სიმ“ შექმენს შპს „პლაზა“, რომლის დირექტორიც გახლდაც შოთა ხატიაშვილი.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის -აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარადგინა შპს ,,პლაზა ფიტნესის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს ”პლაზა ფიტნესის” ქონება, საიდანაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა ორი უძრავი ქონება, 08 დასახელების მოძრავი ნივთები და 100% წილი სს „პლაზა ჰოლდინგში“. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა ამ ქონების შეფასება და აღნიშნული ქონების რეალიზაცია განხორციელდა მესამე აუქციონზე ლოტებად და ქონება გაიყიდა სრულად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი კომპანიის დაფუძნება და საწარმოს კაპიტალში სადავო უძრავი ქონებების შეტანა არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ჯუმბერ ხატიაშვილი, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.

 

აპელანტის განმარტებით, ტრანზაქციების მეშვეობით აღნიშნული უძრავი ქონებების უსასყიდლოდ გადაცემა მოხდა შპს „პლაზასათვის“, რომლის დირექტორიც გახლდათ ჯუმბერ ხატიაშვილის შვილი შოთა ხატიაშვილი. შპს „პლაზას“ პარტნიორები კი არიან შპს „ეი ბი სი“, რომლის საწესდებო კაპიტალის 100 % ეკუთვნის ჯუმბერ ხატიაშვილის ოჯახს და სს „სი ეი სი“, რომელიც ასევე კონტროლდებოდა ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ და შესაბამისად, ჯუმბერ ხატიაშვილის პირად დაინტერესებას წარმოადგენდა მის მიერ დაგეგმილი სქემის შედეგად, მის კონტროლირებად კომპანიის საკუთრებაში გადასულიყო შპს „პლაზა ფიტნესის“ ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ ზემოაღნიშნულ პოზიციას და ასევე მის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური შეფასებებით და არ შეისწავლა ის მიზანი, რომლის მიხედვითაც მოქმედებდა ჯუმბერ ხატიაშვილი და არ გააანალიზა ქმედებათა ის სრული ჯაჭვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯუმბერ ხატიაშვილის მხრიდან უძრავი ქონებების მითვისების დროს.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები (ფიდუციური მოვალეობები) კომპანიის წინაშე, რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნეს მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ №ას-727-695-2016).

 

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე _ როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-2014, 23 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

აპელანტი - შპს „გეო ფიტნესი“ უთითებს, რომ შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის მიერ მოხდა ახალი კომპანიის - სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნება და მისთვის კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 უძრავი ქონების გადაცემა. აპელანტისვე განმარტებით, შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნებას და მისთვის კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 უძრავი ქონების გადაცემას გააჩნდა ერთადერთი მიზანი - აღნიშნული უძრავი ქონებების მითვისება, ვინაიდან შპს „პლაზა ფიტნესის“ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრებას, რომელზედაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნებისა და მის კაპიტალში შენატანის სახით უძრავი ქონებების შეტანის შესახებ, ესწრებოდა მხოლოდ ბაქარ გეგელაშვილი. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა აღნიშნული კრების ჩატარების კანონიერება და მიჩნეულ იქნა, რომ 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრება ჩატარდა პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით, ნიშნავს იმას, რომ სს „პლაზა ჰოლდინგი“ დაფუძნებულ იქნა არა შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის - ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ, არამედ შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა - შპს „გეო ფიტნესის“ და სს „გრინვუდსის“ მიერ. გამომდინარე იქედან, რომ აპელანტის ძირითადი შედავება ჯუმბერ ხატიაშვილის მიმართ არის სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნება, ანუ ის რაშიც ჯუმბერ ხატიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, პალატისთვის გაურკეველია, კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიაჩნია აპელანტს, რომ ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის მიერ, ადგილი ჰქონდა ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევასა და უძრავი ქონებების მითვისებას.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ შედავებას იმის თაობაზე, რომ ჯუმბერ ხატიაშვილმა შპს „გეო ფიტნესის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის - შპს „პლაზა ფიტნესის“ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება და მისთვის გამოცხადებული ნდობა მხოლოდ კომპანიის საზიანოდ გამოიყენა და მის მიერ დადებული გარიგებები და განხორციელებული ქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ შპს „გეო ფიტნესისთვის“ ზიანის მიყენებასა და უძრავი ქონებების უკანონო მითვისებას, ვინაიდან, აღნიშნული გარემოებები აპელანტის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჯუმბერ ხატიაშვილმა დაარღვია საწარმოს კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მართვის მოვალეობა, ხოლო დანარჩენმა პირებმა - შპს „პლაზამ“, სს „პლაზა ჰოლდინგმა“, შოთა ხატიაშვილმა, ბაქარ გეგელაშვილმა და ნათია მეტრეველმა ხელი შეუწყვეს მას უკანონო მოქმედებების განხორციელებაში და მიითვისეს სადავო უძრავი ქონებები.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შპს ,,პლაზა ფიტნესის“ შექმნა პერსპექტიული იყო, რაც შპს ,,გეო ფიტნესის“ ჩართულობით მოხდა, შპს ,,პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა - შპს „გეო ფიტნესის“ და სს „გრინვუდსის“ მიერ ახალი კომპანიის დაფუძნება ჯუმბერ ხატიაშვილის არაკეთილსინდისიერ ქმედებად ვერ შეფასდება და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შსპ ,,პლაზა ფიტნესისათვის“ მიყენებული ზიანის დამადასტურებელ უტყუარ გარემოებად. მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც სს „პლაზა ჰოლდინგი“ დაფუძნებულ იქნა არა შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის - ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ, არამედ შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორების - შპს „გეო ფიტნესის“ და სს „გრინვუდსის“ გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ და გასაქარწყლებლად კი, აპელანტს - შპს „გეო ფიტნესს“ რელევანტური მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. მართალია, საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს საწარმოს დირექტორის მიერ ვალდებულებების კანონშეუსაბამოდ შესრულება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას დაადასტუროს თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და მართებულობა. განსახილველ შემთხვევაში, შპს „გეო ფიტნესის“ მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ჯუმბერ ხატიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება მის მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის (ფიდუციური მოვალეობის) დარღვევისა და უძრავი ქონებების მითვისების ფაქტი.

 

აპელანტი, ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის მიერ არაკეთილსინდისიერ და კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო მიზანმიმართული ქმედების განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს არა მხოლოდ შპს „პლაზა ფიტნესის“ მიერ სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნებას, არამედ იმასაც, რომ შპს „პლაზა ფიტნესის“ ერთ-ერთ პარტნიორი იყო სს „გრინვუდსი“, რომელსაც აკონტროლებდა ჯუმბერ ხატიაშვილი, ასევე, სს „პლაზა ჰოლდინგის“ მიერ შპს „პლაზას“ დაარსებას, რომელშიც დამფუძნებელი პარტნიორი სს „პლაზა ჰოლდინგთან“ (63 %) ერთად იყო შპს „ეი-ბი-სი“ (37%), რომლის 100 %-ს ფლობდა ჯუმბერ ხატიაშვილის ოჯახი.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოთმითითებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ 2011 წლის 23 მაისს შპს „გეო ფიტნესმა“ დააფუძნა შპს „პლაზა ფიტნესი“, მის დირექტორად დაინიშნა ჯუმბერ ხატიაშვილი და კომპანიის კაპიტალში შეტანილ იქნა ცხრა უძრავი ქონება, მათ შორის შპს „პლაზას“ საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ქონება. 2015 წლის 08 ივლისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, შპს „გეო ფიტნესმა“ და სს „გრინვუდსსმა“ დააარსეს შპს „პლაზა ფიტნესის“ შვილობილი კომპანია - სს „პლაზა ჰოლდინგი“ და მის კაპიტალში შეიტანეს 10 უძრავი ქონება. აღნიშნული პარტნიორთა კრების კანონიერება დადგენილია სასამართლოს მიერ, აღნიშნული კრება ჩატარდა პარტნიორთა 100 %-ის მონაწილეობით. 2015 წლის 01 ოქტომბერს სს „პლაზა ჰოლდინგის“ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა 100 %-ის მფლობელი შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილი წარმომადგენლის მეშვეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს „პლაზა ჰოლდინგის“ მიერ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებების შეტანის შესახებ. 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, შპს „პლაზას“ კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავ-მოძრავი ქონებები. აღსანიშნავია, რომ სს „პლაზა ჰოლდინგი“ დაფუძნებული იქნა შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორების - შპს „გეო ფიტნესის“ და სს „გრინვუდსის“ მიერ და როგორც აღინიშნა, აღნიშნული კომპანიის დაფუძნებაში მონაწილეობა არ მიუღია ჯუმბერ ხატიაშვილს, ხოლო შპს „გეო ფიტნესის“ ძირითად შედავებას ჯუმბერ ხატიაშვილის მიმართ სწორედ სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნება წარმოადგენს. პალატა განმარტავს, რომ ზემოთმითითებული ფაქტები წარმოადგენს დადგენილ ფაქტებს, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტების მოშველიება და მათზე ზეპირი მითითება არ წარმოადგენს ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის მიერ ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.

 

პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თუ შპს „გეო ფიტნესის“ მიერ შპს „პლაზა ფიტნესის“ დაფუძნება იყო კანონიერი, გაურკვეველია, შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა მიერ სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნების, ხოლო შემდეგ სს „პლაზა ჰოლდინგის“ პარტნიორის მიერ შპს „პლაზას“ დაფუძნების ფაქტები რატომ უნდა იქნეს მიჩნეული კანონისაწინააღმდეგო ქმედებად. რაც შეეხება სს „გრინვუდსს“, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული კომპანია შპს „პლაზა ფიტნესის“ 37.59 % წილის პარტნიორი გახდა კანონის შესაბამისი ტრანზაქციების განხორციელების გზით და აღნიშნული გარემოების უკანონობა დადგენილი არ არის. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებდა შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის ჯუმბერ ხატიაშვილის ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევისა და უძრავი ქონებების მითვისების ფაქტს და სადავო პერიოდში მის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას. ასევე, სს „პლაზა ჰოლდინგის“ მიერ შპს „პლაზას“ დაფუძნება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შოს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „პლაზას“ საკუთრებაში სადავო უძრავი ქონებების გადასვლა ემსახურებოდა შპს „გეო ფიტნესის“ მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას და ჯუმბერ ხატიაშვილის ქმედება ატარებდა მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება სათანადო მტკიცებულებების გარეშე პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ მიერ არ არის მითითებული და შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ჯუმბერ ხატიაშვილის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და სადავო უძრავი ქონებების მითვისების თაობაზე, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

პალატა ასევე შეფასებას მისცემს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლებთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სსკ-ს 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფიდუციური მოვალეობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა, ასევე, სახეზე არ არის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი კომპონენტები (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრიობა), კერძოდ:

 

აპელანტი მართლსაწინააღმდეგო ქმედების კომპონენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჯუმბერ ხატიაშვილმა დაარღვია მასზე, როგორც დირექტორზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოქმედებდა არა კომპანიის საუკეთესო ინტერესების, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, შპს „პლაზა ფიტნესის“ საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადავიდა შპს „პლაზას“ საკუთრებაში, რომელსაც სრულად აკონტროლებდა ჯუმბერ ხატიაშვილი. პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოთმითითებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ პალატამ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ დადასტურდა ჯუმბერ ხატიაშვილის მიერ მართლსაწინააღდმეგო ქმედების ჩადენა, ვინაიდან ჯუმბერ ხატიაშვილი საერთოდ არ მონაწილეობდა სს „პლაზა ჰოლდინგის“ დაფუძნებაში და მხოლოდ სხვა ახალი კომპანიის დაფუძნების ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს „პლაზა ფიტნესის“ დირექტორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

აპელანტი ბრალის კომპონენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჯუმბერ ხატიაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს გააჩნდათ პირდაპირი განზრახვა მიეღოთ სარგებელი. ამასთან, ჯუმბერ ხატიაშვილის პირდაპირ განზრახვას წარმოადგენდა კომპანიის გაკოტრება, რათა დაემალა მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა აპელანტმა ვერ შეძლო ჯუმბერ ხატიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედების დადასტურება, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია პალატამ იმსჯელოს სსკ-ს 998-ე მუხლით გათვალისწინებულ სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე. აპელანტი უთითებს, რომ ბაქარ გეგელაშვილის, როგორც სს „გრინვუდსის“ დირექტორის უშუალო და აქტიური მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საშუალებით მოხდა შპს „პლაზა ფიტნესის“ კუთვნილი ქონებების გასხვისება. ასევე, აპელანტი განმარტავს, რომ ნათია მეტრეველის, როგორც სს ,,პლაზა ჰოლდინგის'' დირექტორის, ჯუმბერ ხატიაშვილის, როგორც შპს ,,პლაზა ფიტნესის'' დირექტორის და შოთა ხატიაშვილის, როგორც შპს ,,ეი ბი სის'' დირექტორის გადაწყვეტილებით, სს ,,პლაზა ჰოლდინგმა'' შპს ,,ეი ბი სისთან'' ერთად დააფუძნა შპს ,,პლაზა'' და ამ უკანასკნელის კაპიტალში შეიტანა სს „პლაზა ჰოლდინგისთვის“ შპს „პლაზა ფიტნესის“ მიერ 9,725,454 ლარის ღირებულების გადაცემული ქონება. შპს „პლაზას“ დაფუძნებიდან 9 დღის შემდგომ კი, ნათია მეტრეველმა ხელი მოაწერა სს ,,პლაზა ჰოლდინგს'' და სს ,,სი ეი სის'' შორის დადებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რითაც შპს ,,პლაზა ფიტნესმა'' და შპს ,,გეო ფიტნესმა'' სრულად დაკარგეს კონტროლი 9,725,454 ლარის ღირებულების ქონებაზე და არც ერთ კომპანიას არ მიუღია სარგებელი მიღებული/მისაღები თანხიდან. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული გარემოებები აპელანტის მიერ სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. გარდა იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა ჯუმბერ ხატიაშვილის მხრიდან ზრუნვისა და კეთილსინდისიერი მოვალეობის დარღვევისა და მის მიერ მართლსაწინააღმდეგო და კომპანიის საზიანო ქმედებების არსებობის ფაქტი, ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება ზემოთმითითებული პირების - ნათია მეტრეველის, ბაქარ გეგელაშვილის და შოთა ხატიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის თანამონაწილეობა შპს „პლაზა ფიტნესის“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაში. რაც შეეხება კომპანიის გაკოტრებას, აპელანტს არ მიუთითებია ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯუმბერ ხატიაშვილმა მიზანმიმართულად გააკოტრა შპს „პლაზა ფიტნესი“.

 

რაც შეეხება აპელანტის პოზიციას ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის კომპონენტებთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს შპს „გეო ფიტნესის“ მითითებას იმის თაობაზე, რომ მან სრულად დაკარგა მის მიერ შპს „პლაზა ფიტნესში“ განხორციელებული ინვესტიცია, მათ შორის 9 725 454 ლარის ღირებულების აქტივი და საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული ზიანი, რაც განიცადა აპელანტმა, გამომდინარეობდა მოპასუხეთა მოქმედებებიდან, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა შპს „პლაზა ფიტნესის“ საკუთრებაში არსებული ქონებების გადატანა შპს „პლაზაში“. პალატა განმარტავს, რომ 9 725 454 ლარი წარმოადგენს 2015 წლის 08 ივლისის შპს „პლაზა ჰოლდინგის“ პარტნიორთა კრების ოქმში მითითებულ თანხას, რომლითაც განისაზღვრა კომპანიის საწესდებო კაპიტალში შესატანის ოდენობა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სს „პლაზა ჰოლდინგის“ კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის გადაწყვეტილება მიღებული იქნა შპს „პლაზა ფიტნესის“ პარტნიორთა - შპს „გეო ფიტნესის“ და სს „გრინვუდსის“ გადაწყვეტილებით. ამდენად, პალატისთვის გაურკვეველია, თუ რატომ უთითებს შპს „გეო ფიტნესის“ წარმომადგენელი ინვესტიციის დაკარგვაზე, როდესაც ამის შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ შპს „გეო ფიტნესის“ მონაწილეობით იქნა მიღებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, თუმცა, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენის ფაქტი და ასევე, ის გარემოება, რომ შპს „გეო ფიტნესის“ მიერ სადავო იყო 2015 წლის 08 ივლისის შპს „პლაზა ჰოლდინგის“ პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერება.

 

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს მიადგა თუ არა პირს ზიანი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად და არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჯუმბერ ხატიაშვილის ქმედებები პალატის მიერ არ იქნა შეფასებული, როგორც მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, შესაბამისად, მისი ქმედება ვერ მიაყენებდა ზიანს შპს „გეო ფიტნესს“. ამდენად, ამ კომპონენტშიც აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი კომპონენტის - მართლწინააღდეგობის, ბრალის, ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა და ასევე, აღნიშნული კოდექსის 998-ე მუხლით განსაზღვრული სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის - შპს „გეო ფიტნესის“ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ სამართლებრივ ჭრილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7---/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

18. რაც შეეხება შპს „პლაზას“ სააპელაციო საჩივარს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სრულად დაკისრების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც განმარტებულია, რომ პრეცენდენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „გეო ფიტნესს“ შპს „პლაზას“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 5 000 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, პალატას მოცემული საქმის სირთულის, მისი განხილვის ვადებისა და წარმომადგენლის მიერ მასზე გაწეული საქმიანობის დროის გათვალისწინებით, გონივრულ და ადეკვატურ ოდენობად სწორედ სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობა მიაჩნია და ასკვნის, რომ არ არსებობს შპს „პლაზას“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შპს „გეო ფიტნესისათვის“ საადვოკატო მომსახურების ხარჯის სრულად - 20 544.56 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს არ მიუთითებიათ ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ წარმოუდგენიათ ისეთი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტების პრეტენზიას და ასკვნის, რომ უსაფუძვლოა შპს „გეო ფიტნესის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების, ხოლო შპს „პლაზას“ მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯის სრულად 20 544.56 ლარის დაკისრების თაობაზე და ისინი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროთ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „გეო ფიტნესის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „პლაზას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. სამოქალაქო საქმეზე №2/8906-17, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

4. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა