განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
330100117002005932
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002005932

საქმე №1ბ/962-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული: ხ---- ბ-----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, რ-------------------ში.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ------- ქ------–აძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულ ხ---- ბ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მისთვის სათანდო სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: ხ---- ბ-----ეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქარებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორები გ------ ლ------ე და ლ-–- ფ-----–--ა მიუთითებენ, რომ ისინი პირველი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნასვამი ხ---- ბ-----ე და მისი და - მ--- ბ-----ე, რომელიც იმყოფებოდა სხვა ოთახში, რომლის კარი იყო დაკეტილი და გარედან მიდგმული ჰქონდა ტუმბო, რომელზეც იდგა ტელევიზორი. მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაადგილეს ნივთები და მ--- ბ-----ემ დატოვა ოთახი, მან განაცხადა, რომ მისი ძმა - ხ---- ბ-----ე ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, ცემითა და დასახიჩრებით. ამასთან, ხ---- ბ-----ე მ--- ბ-----ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას პატრულ-ინპექტორების იქ ყოფნის პერიოდშიც აყენებდა. აპელანტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მ--- ბ-----ეს აქვს ფსიქიკური დაავადება, ექსპერტების განმარტებით, მას მაინც შესწევს უნარი ცალკეულ შემთხევვებში სწორად აღიქვას და გადმოსცეს გარემოებები. მ--- ბ-----ემ სამ სხვადასხვა პირს მინიმუმ ოთხჯერ უამბო ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომ მისი ძმა, ხ---- ბ-----ე, დამუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ადასტურებს მისი ნათქვამის სისწორეს. დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა დასტურდება იმ გარემოებებით, რომ მან თავად გამოიძახა საპატრულო პოლიცია დასახმარებლად და ცდილობდა მათ მისვლამდე ძმისგან განცალკავებული ყოფილიყო. პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებით დასტურდება, რომ იგი იყო აღელვებული და შეშინებული. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება მოწმედ გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. აღნიშნულის გამო მ--- ბ-----ე ვერ დაიკითხა სასამართლოში, რისი გათვალისწინებითაც ვერ მოხდა მისი ინტერესების სრულყოფილი დაცვა. ბრალდების მხარე აპელირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება დასაშვებია და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამგვარი გამონაკლისია სახეზე. გაზიარებული უნდა იქნეს ირიბი ჩვენებები და გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები ნაწილობრივ არის პირდაპირი, რადგან ისინი გახდნენ კონფლიქტის თვითმხილველები. აპელანტის აზრით, წარმოდგენილია მტკიცებულებათა შეთანხმებული ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ხ---- ბ-----ის ბრალეულობას, რისი გათვალისწინებითაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ---- ბ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–------------ს, თბილისში, რ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ---- ბ-----ე ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ ცემით და დასახიჩრებით დაემუქრა მის დას - მ--- ბ-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ---- ბ-----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდებულმა ხ---- ბ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორ ლ-–- ფ-----–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–------------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღებულ იქნა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მეწყვილე - გ------ ლ------ესთან ერთად გამოცხადდა რ---ს ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში, სადაც დაზარალებული მ--- ბ-----ე დახვდათ ოთახში ჩაკეტილი. ამ უკანასკნელმა ოთახის კარი მხოლოდ მას შემდეგ გააღო და გამოვიდა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მ--- ბ-----ე იყო აგრესიული, შეშინებული, კანკალებდა და ტიროდა. მან განაცხადა, რომ ძმამ - ხ---- ბ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა ცემით და სექსუალური ხასიათის ძალადობით. ხ---- ბ-----ე იმყოფებოდა იქვე, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მათი თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას მ--- ბ-----ის მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის საფუძველზე, მათ ხ---- ბ-----ე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე, ასევე იმყოფებოდა მათი ძმა - მ---- ბ-----ე, რომელმაც, გასაუბრებისას დაადასტურა და-ძმას შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორმა გ------ ლ------ემ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მ---------------------–--- საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა, დ----- მ--------ემ განმარტა, რომ 2----–-–------------ს, შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური კონფლიქტის დროს განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხ---- ბ-----ის მიმართ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დახვდა გამოძახების ინიციატორი - მ--- ბ-----ე, რომელიც იყო შეშინებული და აღელვებული. მ--- ბ-----ის განმარტებით, ოჯახური კონფლიქტის დროს ძმამ, ხ---- ბ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ცემით, დასახიჩრებით და სექსუალური ძალადობით. იგი გაესაუბრა მ---- ბ-----ესაც, რომელმაც დაადასტურა და-ძმას შორის კონფლიქტის არსებობა და ხ---- ბ-----ის მიერ მ--- ბ-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ დაზარალებულ მ--- ბ-----ეს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც დანიშნული იქნა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივნისის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ მ--- ბ-----ე დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით (კოდი - F20.3; დავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მ--- ბ-----ეს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

 

ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი პირის - მ--- ბ-----ის ფსიქიკური და სააზროვნო ფუნქციების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულის ავადმყოფობა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამახსოვრებას არ გამორიცხავს, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს გადმოცემული ინფორმაციის სანდოობას, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს მ--- ბ-----ის ილუზორული წარმოდგენებით.

 

ხ---- ბ-----ის მხრიდან მ--- ბ-----ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით 2----–-–------------ს გაცემული იქნა N------ შემაკავებელი ორდერი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ხ---- ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ხ---- ბ-----ის მიერ მ--- ბ-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ხ---- ბ-----ის მიერ თავისი დის - მ--- ბ-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. ვინაიდან მ--- ბ-----ეს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ფსიქიკური მდგომარეობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, შეუძლებელია იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ხ---- ბ-----ის მიერ მ--- ბ-----ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას ადგილი, აღიქვა თუ არა ამ უკანასკნელმა რეალურად ძმის სიტყვები და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო სხვა მტკიცებულებით იმის დადასტურება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხისშემცველი შეუძლებელია.

 

პალატას განმარტავს, რომ რადგან მ--- ბ-----ე ვერ იქნა დაკითხული სასამართლო სხდომაზე, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები არ ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ---- ბ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პატრულ-ინსპექტრორების ჩვენებების შეფასება ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2----–-–------------ს მართლაც ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს ადგილი, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება მიჩნებული ხ---- ბ-----ის მიერ მისი დის - მ--- ბ-----ის მიმართ მუქარის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. ვინაიდან ლ-–- ფ-----–--ა, გ------ ლ------ე და დ----- მ--------ე არ არიან მ--- ბ-----ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტის შემსწრენი (თვითმხილველები), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ხ---- ბ-----ის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუქარის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორები წარმოადგენენ ნაწილობრივ პირდაპირ მოწმეებს, რადგან მათი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ისინი თვითმხილველნი გახდნენ ხ---- ბ-----ის მხრიდან მისი დის მიმართ განხორციელებული აგრესიული ქცევის და შეურაცხყოფის მიყენების, თუმცა არცერთი მათგანი არ მიუთითებს, რომ შეესწრო ხ---- ბ-----ის მიერ მ--- ბ-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ხ---- ბ-----ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ---- ბ-----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი ხ---- ბ-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ------- ქ------–აძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ------- ქ------–აძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ხ---- ბ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ხ---- ბ-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ხ---- ბ-----ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე