განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002449132 (N3ბ/683-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ფ------ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ------ ფ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოსარჩელე მ------ ფ------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 სექტემბრის განჩინების (საქმე N6020), თანახმად ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა მ------ ფ------ას დაკავების შესახებ დაკმაყოფილდა. მ------ ა--------ს ასული ფ------ა (დაბადებული 1958 წლის 3-----ს, პირადი ნომერი 0----------, მცხოვრები ქ. თბილისი ა-----–-------–-ს გამზირი N55, კორპუსი 2, ბინა 117) დაკავებულ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინების თანახმად (საქმე N10დ-5477-14) პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის რონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ მ------ ფ------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პირადი თავდებობა. სასმართლომ გაითვალისწინა უამრავი დახასიათებები, ის რომ მ------ ფ------ა, კვლავ მუშაობს სამინისტროში, წარსულში არ ყოფილა შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში და არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 19-20);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 24-31);
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენის (საქმე N1/7042-14) თანახმად, მ------ ფ------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
მითითებული განაჩენის (საქმე N1/7042-14) მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N 2---- ბრძანებით მოსარჩელე მ------ ფ------ას დაინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
მოსარჩელე მ------ ფ------ას განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან იგი განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 19 სექტემბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 32-35);
- მ------ ფ------ას განმარტება (იხ.სასამართლოს სხდომის ოქმები).
სასამართლომ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ------ ფ------ამ მიმართა ამბულატორიას 08.10.-12.10.2014 წელს. ძირითადი დაავადება; მითითებულია თანმხლები დაავადება მითითებულია. (დანართი ერთვის). ასევე არდი" დაზღვევის" 10.05 2018 წლის ინფორმაციის თანახმად, დაზღვეული მ------ ფ------ას მიერ 01.04.2013 წლიდან 01.04.2018 წლის პერიოდში გამოყენებული იქნა თანხები შესაბამის პოლისებზე და ლიმიტებზე. (დანართი ერთვის).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფორმა N100 (იხ.ს.ფ. 37-42).
- ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 43-50)
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1. მუხლით, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის 4.2.. მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), კერძოდ: ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
მითითებული ნორმის (ზაკ-ის 208.1. მუხლი) მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, კერძოდ: ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
მითითებული ნორმის (სკ-ის 1005.1. მუხლი) მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით,, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
სასამართლომ აგრეთვე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 სექტემბრის განჩინების თანახმად (საქმე N1/6020) მოსარჩელე მ------ ფ------ა დაკავებულ იქნა, ხოლო ამავე სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინების (საქმე N10დ-5477-14) მიხედვით, მოსარჩელე მ------ ფ------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პირადი თავდებობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენის (საქმე N1/7042-14) თანახმად, მ------ ფ------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ამასთან, დაკავებამდე, მ------ ფ------ა მუშაობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და საიდანაც განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2014 წლის სექტემბრის ბოლოს. მოსარჩელე წლების განმავლობაში მსახურობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანოანო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზრაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უკანონოდ დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამავდროულად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიიჩნია, რომ მ------ ფ------ას უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამ კოდექსის 17.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება (ხელფასის ცნობა, ადვოკატის ხარჯები და ა. შ.), რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისათვის, მის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულზე და სარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი მატერიალური ზიანის 8038.59 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია.
სისხლის სამართლის დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებებინ ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. აპელანტი მიუთითებს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა), „კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (აღნიშნულ საქმეში აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 ევრო), „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მანძილზე). აპელანტი ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.
აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ------ ფ------ამ პატიმრობაში გაატარა 3 დღე. სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა თითქმის სამი წელი და 7 თვე. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 000 ლარი, ფაქტობრივი გარემოებებისა, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად ეთქვას უარი მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს მათზე, თუმცა არ ეთანხმება მას მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში; ანუ, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაცვლელია, თუმცა შეცვლის საჭიროება განპირობებულია მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კუთხით, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება კანონიერია.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 სექტემბრის განჩინების (საქმე N6020), თანახმად ქ. თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა მ------ ფ------ას დაკავების შესახებ დაკმაყოფილდა. მ------ ა--------ს ასული ფ------ა (დაბადებული 1958 წლის 3-----ს, პირადი ნომერი 0----------, მცხოვრები ქ. თბილისი ა-----–-------–-ს გამზირი N55, კორპუსი 2, ბინა 117) დაკავებულ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინების თანახმად (საქმე N10დ-5477-14) პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის რონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ მ------ ფ------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პირადი თავდებობა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენის (საქმე N1/7042-14) თანახმად, მ------ ფ------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, სადავო პეროდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე-7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.
საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნათა პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადგენს პირის უფლებას უკანონო მსჯავრდების/ბრალდების პირობებში დაექვემდებაროს კომპენსირებას.
სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებების არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, თავისთავად ის გარემოება, რომ მ------ ფ------ამ პატიმრობაში გაატარა 3 დღე და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა თითქმის 3 წელი და 7 თვე ფორმალურად კანონიერი საპროცესო აქტების საფუძველზე, არ ნიშნავს იმას, რომ სახეზე არ არის პირის მარეაბილიტირებელი გარემოებები. რეაბილიტაციის საფუძველს ქმნის არა ცალკეული საპროცესო დოკუმენტი, არამედ მათი ერთობლიობით დამდგარი შედეგი - პირის უკანონო ბრალდების ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა.
სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ბრალის სავალდებულობის თაობაზე და თვლის, რომ წარმოდგენილი პოზიცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსს. მითითებული მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;
მ------ ფ------ას მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განაჩენით. ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც მ------ ფ------ას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული არ ყოფილა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გადაჭარბებულია. სააპელაციო პალატა მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან მიმართებით ითვალისწინებს ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას და განმარტავს, რომ მორჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 4 000 (ოთხი ათასი) ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ქმნის ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
5. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე მ------ ფ------ას სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე მ------ ფ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი